ანდერსონ კუპერი - პრივილეგია, ტრაგედია და წარმატება
02.08.2019

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი ამერიკელი ჟურნალისტი ანდერსონ კუპერი CNN-ის სახე და გადაცემა "360 გრადუსი ანდერსონ კუპერთან" წამყვანია. კუპერმა კარიერა 1992 წელს დაიწყო და მას შემდეგ პროფესიული მოვალეობა 40-ზე მეტ ქვეყანაში შეასრულა. მას გაშუქებული აქვს მსოფლიოში მიმდინარე თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა და არაერთი პრესტიჟული ჯილდო აქვს მიღებული.


პრივილეგია და ტრაგედია

ანდერსონ კუპერი დაიბადა 1967 წლის 3 ივნისს ნიუ-იორკში. ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ამერიკელი ბიზნესმენის კორნელიუს ვანდერბილტის მემკვიდრის - დიზაინერისა და არტისტის გლორია ვანდერბილტისა და მწერალ ვაიეტ ემორი კუპერის მეორე ვაჟია.

alt გლორია ვანდერბილტი შვილებთან: ანდერსონ კუპერთან (მარცხნივ) და კარტერ ვანდერბილტ კუპერთან, 1972  

გავლენიანი ოჯახის გამო კუპერი ადრეული ასაკიდან საზოგადოების ყურადღების ცენტრში იზრდებოდა. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის იყო, როდესაც ფოტოგრაფმა დაიან არბუსმა ჟურნალ Harper's Bazaar-ისთვის გადაიღო. 10 წლიდან კუპერი ბავშვი მოდელი იყო და სხვადასხვა სარეკლამო კამპანიაში, მათ შორის Macy's-სა და Ralph Lauren-ის პროექტებში მონაწილეობდა. 13 წლისამ მოდელობა შეწყვიტა, როგორც კუპერმა წლების შემდეგ განაცხადა ამის მიზეზი კაცი ფოტოგრაფის მიერ ფულის სანაცვლოდ სექსუალური შეთავაზება გახდა.



alt კუპერების ოჯახი, 1972  


კუპერების ოჯახის ტრაგედია 1978 წელს დაიწყო, როცა ანდერსონის მამა ვაიეტ კუპერი გულის ოპერაციის დროს დაიღუპა. ტრაგედიას 10 წლის შემდეგ კუპერის ძმის კარტერის სუიციდი მოჰყვა. მომხდარმა კუპერი და დედამისი უფრო დააახლოვა.

მოგვიანებით ანდერსონ კუპერმა ოჯახის ტრაგედია თავისი პროფესიის არჩევას დაუკავშირა. "დამაინტერესა გადარჩენის შესახებ კითხვებმა: რატომ რჩებოდა ზოგიერთი ადამიანი ცოცხალი და ზოგიერთი არა... ომების გაშუქება ლოგიკურად ჩანდა."

1980-იანი წლების ბოლოს ანდერსონ კუპერი მანჰეტენის კერძო ინსტიტუტში დალტონის სკოლაში ჩაირიცხა. 1985 წელს ,ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო ჟურნალისტიკაზე იელის უნივერსიტეტში, რომელიც 1989 წელს დაამთავრა.

ამ პერიოდის განმავლობაში კუპერმა სტაჟირება აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოში (CIA) გაიარა.


კარიერის დასაწყისი - პრესის გაყალბებული ბარათი

სწავლის დასრულების შემდეგ ანდერსონ კუპერს რეპორტიორის სამსახურის პოვნა გაუჭირდა. ის თავდაპირველად Channel One-ისთვის ფაქტჩეკერად (ფაქტების გამდამმოწმებლად) მუშაობდა, თუმცა ყოველდღიური რუტინული სამსახურისგან მოწყენილმა პრესის ყალბი ბარათი დაამზადა და მიანმარში გაემგზავრა, სადაც ტაილანდის საზღვართან ლტოლვილებისა და სამთავრობო ძალების დაპირისპირება გადაიღო.

alt
Channel One-მა კუპერის გადაღებული კადრები შეიძინა და ის კორესპონდენტად დააწინაურეს, რის შემდეგაც კუპერი ბოსნიაში, კამბოჯაში, ჰაიტიში, ისრაელში, მიანმარში, რუსეთში, რუანდაში, სომალსა და სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე კონფლიქტებს აშუქებდა.

altკუპერის მუშაობამ ყურადღება მიიქცია და დაახლოებით 4 წლის შემდეგ 1995 წელს ჟურნალისტი ABC News-მა რეპორტიორად და მსოფლიოს ახალი ამბების (World News Now) თანაწამყვანად დაიქირავა.


გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო კუპერმა ახალი ამბებისგან შესვენება გადაწყვიტა და 2000 წელს ABC-ის ახალი რეალითი შოუს The Mole-ის წამყვანი გახდა. თუმცა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ანდერსონ კუპერი კვლავ მიმდინარე მოვლენების გაშუქებას დაუბრუნდა.

"ABC-ში ჩემი მუშაობის ბოლო წელს ღამით ახალი ამბების წამყვანად ვმუშაობდი, დღისით კი გადაცემა 20/20-ისთვის, 2-4 საათს მეძინა და ძალიან დაღლილი ვიყავი. ცვლილება, გონების გასუფთავება და ახალი ამბებისგან ცოტათი ჩამოშორება მინდოდა და დავინტერესდი რეალითი შოუთი. ორი სეზონი საკმარისი იყო, 9/11 მოხდა და ვიფიქრე, საჭირო იყო ახალ ამბებს დავბრუნებოდი", - აცხადებდა კუპერი.


alt

 ანდერსონ კუპერი კონგოში ABC News-ისთვის, 1997 

CNN-ის სახე 

2001 წლის იანვარში კუპერმა მუშაობა CNN-ზე შაბათ-კვირის ახალი ამბების წამყვანად დაიწყო, 2003 წელს ერაყის ომის შემდეგ პრაიმტაიმიც დაიკავა. ამავე წლის 8 სექტემბერს კი მისი შოუს "360 გრადუსი ანდერსონ კუპერთან" დებიუტი შედგა.

გარდა საავტორო გადაცემისა კუპერი აშუქებდა მნიშვნელოვან სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებს, მათ შორის აშშ-ის 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, ქარიშხალ კატრინასა და სხვ. წლების განმავლობაში ანდერსონ კუპერი იმდენად ცნობილი გახდა, რომ მის პაროდიებს გადაცემა Saturday Night Live-ში უამრავი მაყურებელი ჰყავდა.

alt

2007 წელს კუპერმა ომის ზონებში მუშაობის გამოცდილების შესახებ წიგნი (Dispatches from the Edge) გამოაქვეყნა.

წარმატებული კარიერის მქონე ჟურნალისტი პირად ცხოვრებაზე წლების განმავლობაში არ საუბრობდა. კუპერი 2005 წელს New York magazine-თან ინტერვიუში ამბობდა, რომ პირად ცხოვრებაზე საუბარი საზოგადოების ყურადღებას გაფანტავდა მასზე, როგორც რეპორტიორზე. მიუხედავად ამისა, 2012 წელს კუპერმა საჯაროდ განაცხადა, რომ გეია. მისი თქმით, სექსუალობის შესახებ კითხვაზე თავის არიდება უფრო მეტად ზიანს მოიტანდა.

"ჩემთვის უფრო ცხადი გახდა, რომ პირადი ცხოვრების ზოგიერთ ასპექტზე ჩუმად ყოფნის გამო ზოგერთს დავუტოვე მცდარი შთაბეჭდილება თითქოს ვცდილობ დავმალო ისეთი რამ, რაც დისკომფორტს მიქმნის, რისიც მრცხვენია და მეშინია, ეს სიმართლე არ არის", - წერდა კუპერი.

ანდერსონ კუპერს CNN-სა და CBS-ის "60 წუთზე" მუშაობისას ემის 16 ჯილდო, პიბოდის ორი და ედვარდ მუროუს ერთი ჯილდო აქვს მიღებული.

გარდა ამისა, ანდესრონ კუპერი 2003 წლიდან ახალი წლის ღამის პირდაპირი ეთერის უცვლელი თანამწამყვანია. კუპერს ახალი წლის ღამე 10 წლის განმავლობაში მსახიობ კეტი გრიფინთან ერთად იქამდე მიჰყავდა, სანამ გრიფინს ტრამპის სისხლიანი თავის ფიგურასთან გადაღებული ფოტოს გამო კონტრაქტი შეუჩერეს.

alt
გრიფინის ფოტოს კუპერმა შეუფერებელი უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ კეტი გრიფინთან მაინც მეგობრობდა და მას ყველაფერს საუკეთესოს უსურვებდა. გრიფინმა მოგვიანებით განაცხადა, რომ მასსა და ანდერსონ კუპერს შორის მომხდარის შემდეგ მეგობრობა დასრულდა. კეტი გრიფინი კი ენდი ქოენმა ჩაანაცვლა.

2016 წელს ანდერსონ კუპერმა კიდევ ერთი წიგნი (The Rainbow Comes and Goes) გამოაქვეყნა, რომელიც დედამისთან ერთად მათ ურთიერთობისა და ცხოვრების შესახებ დაწერა.

იმავე წელს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის პერიოდში კუპერი ყველა მნიშვნელოვან მომენტს აშუქებდა. ის სამჯერ იყო დონალდ ტრამპისა და ჰილარი კლინტონის დებატების მოდერატორი.

alt

ჟურნალისტური საქმიანობის მიღმა კუპერი ცნობილ სახედ ჩამოყალიბდა. ის თავის ცნობილ მეგობრებთან ერთად ესწრება ნიუ-იორკის მოდის კვირეულებსა და სხვა ღონისძიებებს.  2011 წელს ანდერსონ კუპერის ცვილის ფიგურაც შექმნეს.

ანდერსონ კუპერის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ეთერი 2019 წლის 17 ივნისს იყო, როდესაც კუპერმა დედამისს გლორია ვანდერბილტს, რომელიც 95 წლის ასაკში გარდაიცვალა, პატივი მიაგო. "აქამდე ვერასდროს ვხვდებოდი როგორი ჩრდილოეთის ვარსკვლავი იყო ჩემთვის. ყველაფერი ნაკლებად კაშკაშა და ჯადოსნური ჩანს მის გარეშე. მამაჩემი გარდაიცვალა მაშინ, როცა 10 წლის ვიყავი, ჩემი ძმა მაშინ, როცა 21 წლის ვიყავი. დედაჩემი იყო ჩემი ოჯახის ბოლო წევრი, ადამიანი, რომელიც თავიდანვე მიცნობდა. ახლა ყველა წავიდა და ძალიან მარტოსულად ვგრძნობ თავს. იმედი მაქვს, რომ ისინი ერთად მაინც არიან", - განაცხადა კუპრმა. 




52 წლის ანდერსონ კუპერი დღესდღეობით აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანია. მისი ქონება $110 მილიონს შეადგენს. კუპერმა დედამისისგან მემკვიდრეობა საკუთარი სურვილით არ მიიღო. Variety-ის ინფორმაციით, ჟურნალისტი CNN-იდან ყოველწლიურად $12 მილიონს გამოიმუშავებს.


თეგები : ბიოგრაფია;
ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ