უკრაინაში ომს კიდევ ორი ჟურნალისტი ემსხვერპლა
03.04.2022
უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომში მედიის კიდევ ორი წარმომადგენელი დაიღუპა. ლიეტუველი დოკუმენტალისტი მანტას კვედარავიჩიუსი და უკრაინელი ფოტოგრაფი მაკსიმ ლევინი.

მანტას კვედარავიჩიუსი უკრაინის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტება მაშინ მოკლეს, როცა ის ქალაქ მარიუპოლის დატოვებას ცდილობდა.

45 წლის ლიეტუველ რეჟისორს გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმი “მარიუპოლისი”, ასევე “ბარზახი”, რომელიც რუსეთის ჩეჩნეთში ომის შესახებაა. ფილმმა 2011 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე “ამნესთი ინთერნეიშენალის” პრიზი მიიღო.

მაკსიმ ლევინი - უკრაინული საინფორმაციო მედიასაშუალება LB.ua-სთვის მუშაობდა და 2013 წლიდან სააგენტო “როიტერის” კონტრიბუტორი იყო. ფოტოგრაფის ცხედარი კიევთან ახლოს ერთ-ერთ სოფელში 1 აპრილს ნახეს. ის მუშაობის დროს შუიარაღებელი იყო და პრესის ჟილეტი ეცვა.

40 წლის ლევინის გაუჩინარების შესახებ ცნობები 22 მარტს გავრცელდა. ფოტოგრაფს ცოლი და 4 შვილი დარჩა.

ფოტოგრაფის ნამუშევრები უკრაინიდან ნახეთ ამ ბმულზე.

დაღუპული ჟურნალისტები

უკრაინის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, 26 მარტის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის დაწყებულ ომში 12 ჟურნალისტი დაიღუპა, დაშავდა 10.

უკრაინის გენერალური პროკურორი ამბობს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დანაშაულები მედიის 56 წარმომადგენლის მიმართ ჩაიდინეს.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჟურნალისტებისა და მედიის წინააღმდეგ 148 უკანონო ქმედება განხორციელდა.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ