რუს ჟურნალისტს ტელეგრამში “ფეიკის” გავრცელების ბრალდებით პატიმრობა შეუფარდეს
28.04.2022
სანკტ-პეტერბურგის სასამართლომ რუს ჟურნალისტს მარინა პონომარენკოს “ფეიკების” კანონით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში ჟურნალისტს თავისუფლების 10 წლამდე აღვეთა ემუქრება.

რა მოხდა? რუსული მედიასაშუალების Rosnews-ის ჟურნალისტს მარინა პონომარენკოს რუსეთის არმიის შესახებ მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავებიან.

ჟურნალისტი 23 აპრილს დააკავეს. მომდევნო დღეს სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს მისი სახლი და გამოკითხეს მარინა პონომარენკოს 16 წლის შვილი.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ხელისუფლება ცდილობს ქვეყანაში ინფორმაციული ვაკუუმი შექმნას, ჩაახშოს დამოუკიდებელი მედია და ყველა მისთვის არასასურველი ინფორმაცია, რომელიც რუსეთის უკრაინაში ქმედებებს ეხება.

  • ამავე მიზანს ემსახურება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მიღებული ე.წ. “ფეიკების კანონიც, რომლის მიხედვითაც იკრძალება უკრაინის ომის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას ეწინააღმდეგება.

ბრალდების თანახმად: ჟურნალისტმა 17 მარტს ტელეგრამის არხზე სახელით “Цензуре нет” ( “არა ცენზურას”) დაწერა, რომ უკრაინაში მარიუპოლის თეატრი რუსულმა ძალებმა დაბომბეს.

  • სანკტ-პეტერბურგის სასამართლოს პრესსამსახურის განცხადებით, ჟურნალისტმა იცოდა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად უარყოფს მარიუპოლის თეატრზე თავდასხმებს.
  • მარინა პონომარენკო ტელეგრამის არხთან კავშირს უარყოფს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით: ჟურნალისტს წინასწარი დაკავების იზოლატორში 22 ივნისამდე დატოვებენ.

მოსამართლე მიიჩნევს, რომ სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა პონომარენკოს დასწრების უზრუნველყოფა მომდევნო სხდომებზე.

“ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი”, რომელიც ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციაა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს:
  • ჟურნალისტს დაუყოვნებლივ მოუხსნას ბრალდება
  • გაათავისუფლოს პატიმრობიდან
  • შეწყვიტონ პრესის წარმომადგენლების გასამართლება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესახებ “ფეიკების” გავრცელების ბრალდებით.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ