RSF-ის რუკაზე საქართველო დევნილი რუსი ჟურნალისტების თავშესაფარ ქვეყნებს შორისაა
28.06.2023
მოკლედ: საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც რუსეთიდან იძულებით მიგრირებული ჟურნალისტები თავშესაფრისთვის მიემართებიან, — წერია ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (*RSF) კვლევაში, სახელწოდებით — "დევნილი ჟურნალისტების რუკა: გაქცევა ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში".
თუმცა,
  • RSF-ის კვლევაში არ არის აღნიშნული იმ ცალკეული შემთხვევების შესახებ, როდესაც საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ, დასაბუთების გარეშე, საზღვრის გადმოკვეთაზე უარი უთხრა კრემლის მიმართ კრიტიკულად განწყობილ რუს და უკრაინელ ჟურნალისტებს.
რუსეთი, “დევნილი ჟურნალისტების რუკაზე”, ისეთი ქვეყნებს შორისაა, როგორიცაა:
  • ავღანეთი, ბელარუსი, ირანი, ნიკარაგუა, სუდანი, მიანმარი, ჰონგ-კონგი (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი) და სხვა.

RSF-ის გენერალური მდივნის, კრისტოფ დელოარის თქმით,
  • ასეულობით რუს ჟურნალისტს მოუწია ქვეყნის დატოვება დაპატიმრების საფრთხის გამო, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის ომთან დაკავშირებული თემების პირდაპირი, თუ ირიბი გაშუქების გამო ექმნებათ.
  • "ბევრმა მათგანმა თავშესაფარი იპოვა მეზობელ საქართველოში, ასევე, ბალტიისპირეთის ქვეყნებში (ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა), პოლონეთში, გერმანიასა და საფრანგეთში და ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებში", — ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
სტრიქონებს შორის:
  • რუსი ჟურნალისტების იძულებითი მიგრაცია დაკავშირებულია საკანონმდებლო ცვლილებებთან, რომელიც პუტინმა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად, უკრაინაში შეჭრის შემდეგ აამოქმედა.
  • ამას მოჰყვა იმ მედიასაშუალებების დახურვა, რომლებსაც კრემლისტური გავლენებისგან დამოუკიდებლობა სურთ. მეტი
ფართო სურათში: "დევნილი ჟურნალისტების რუკა" RSF-ის ბიუროების მიერ, ბოლო ხუთ წელში შეგროვებულ მონაცემებს ეყრდნობა და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჟურნალისტების იძილებითი მიგრაციის პრობლემის მასშტაბურობას აჩვენებს.

რას გაურბიან ჟურნალისტები? კვლევის მიხედვით: კრიტიკული, დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ არსებულ მტრულად განწყობილ პოლიტიკურ გარემოს, და ასევე, შეიარაღებული კონფლიქტებით გამოწვეულ საფრთხეებს.

მაგალითად:
  • ავღანეთი: 2021 წლის აგვისტოს შემდეგ, როდესაც ქვეყანა კვლავ თალიბანის უღელქვეშ მოექცა, ქვეყნიდან გაქცევა ასობით ჟურნალისტს მოუხდა.
  • მიანმარი: იძულებით დატოვა ქვეყანა ასობით ჟურნალისტმა 2021 წლიდან, მას შემდეგ, რაც ძალაუფლება სამხედრო ხუნტამ ჩაიგდო ხელში.
  • ჰონგ-კონგი: გასულ სამ წელიწადში სულ მცირე, ასი ჟურნალისტი გაიქცა. მედიაგარემო განსაკუთრებით დაამძიმა “უსაფრთხოების კანონის” მიღებამ, რასაც დემოკრატიული პროცესების მხარდამჭერი გავლენიანი გამოცემის, Apple Daily-ის დახურვა მოჰყვა. მისი დამფუძნებელი, ჯიმი ლაი კი ერთ-ერთია კანონის მიღების შემდეგ დაკავებულ ათ ჟურნალისტს შორის.
  • ნიკარაგუა: 2022 წელს, პრეზიდენტად დანიელ ორტეგას მეოთხე ვადით არჩევის შემდეგ, ჟურნალისტები იძულებული გახდნენ, გაქცეულიყვნენ ქვეყანაში არსებული მზარდი ავტოკრატიის გამო.
კვლევის ძირითადი მიგნებები:
  • ჟურნალისტები თავშესაფრისთვის მეტწილად, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში (აშშ, კანადა) მიემართებიან.
  • სატრანზიტოდ იყენებენ მეზობელ ქვეყნებს, პოლიტიკურად უფრო სტაბილურ ქვეყნებში გადასასვლელად, რაც, ზოგ შემთხვევაში, საფრთხისშემცველია: ორგანიზაციას "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ამის მაგალითად მოჰყავს ავღანეთიდან პაკისტანში და სირიიდან თურქეთში გაქცეული ჟურნალისტების შემთხვევა.
  • "შესაძლოა, ზოგჯერ, თავშესაფარი საშიში გახდეს", — წერია კვლევაში ბელარუსელი ჟურნალისტების მაგალითზე, რომლებიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ლუკაშენკოს რეჟიმს უკრაინაში გაექცნენ. 2022 წელს უკრაინაში რუსეთმა ომი დაიწყო.

საერთაშორისო ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" გამოქვეყნებულ მასალაში აღნიშნავს, რომ დევნილი ჟურნალისტების დახმარება მათი ერთ-ერთი პრიორიტეტია. რომ:
  • 2022 წლიდან გაცემული 363 საგრანტო პროექტების 70% გადასახლებულ ჟურნალისტებზე გასცეს;
  • ორგანიზაციამ, ქვეყნიდან გაქცეული ჟურნალისტებისთვის ვიზისა და თავშესაფრის მინიჭების მოთხოვნის მხარდასაჭერად ასობით მიმართვა მოამზადა.

ავტორი : გიორგი გიორგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ