საქართველო
კატეგორია - საქართველო
ტელეკომპანია “რუსთავი2-ზე” სტრუქტურული რეორგანიზაცია იგეგმება. არხის დირექტორის თქმით, ცვლილებები შეეხება სამაუწყებლო ბადეს, გუნდის წევრების უფლებამოვალეობებს და დიდი ალბათობით, გუნდის შემადგენლობასაც. დირექტორი ირწმუნება, რომ მასობრივ შემცირებებს არ გეგმავენ.

“რუსთავი 2-ში” მოსალოდნელი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ონლაინგამოცემა “ტაბულამ” გაავრცელა. გამოცემამ მოპოვა დირექტორის ხელმოწერილი ბრძანება, რომელშიც ნათქვამია, რომ “კოვიდ-პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების, სარეკლამო ბაზრის მოცულობის შემცირებისა და სატელევიზიო არხის რეიტინგის კლების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია არხზე გაუმჯობესდეს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციონირება და კომპანიაში დასაქმებული ადამიანური რესურსის ოპტიმიზაცია”.

მაუწყებლის გენერალური დირექტორი პაატა სალია “მედიაჩეკერთან” ამბობს, რომ რეორგანიზაციის მთავარი მიზანი საეთერო ბადის განახლება და არხის სტრუქტურულად დახვეწაა.

“ცალსახად მინდა გითხრათ, რომ ეს არ გულისხმობს იმას, რომ მაუწყებლობას რაიმე საფრთხე ემუქრება, პირიქით - ვფიქრობთ, გავზარდოთ ეთერში არსებული პროდუქტების რაოდენობა და უფრო მეტად ორგანიზებული იყოს სტრუქტურა, ეს არის ამოცანა. ყველა ადამიანს ჰქონდეს გაწერილი თავისი პოზიციის შესაბამისი ვალდებულებები, უფლებამოვალეობები და ა.შ. რომ მოვიდეს შესაბამისობაში მათი სამსახურეობრივი უფლებამოვალეობები, აღრიცხვის წესი, სამუშაო საათები და ა.შ. ჩვენი სტრუქტურა საჭიროებს დახვეწას”.

მისივე თქმით, შარშანდელი წელი ძალიან დატვირთული იყო და, ძირითადად, მობილიზებულნი იყვნენ, რომ სატელევიზიო ბადე შეევსოთ და ეთერში პოლიტიკური ტოქშოუ დაემატებინათ: “აქამდე ვერ მოვიცალეთ ამისთვის და ახლა ვფიქრობთ, რომ არის შესაბამისი დრო და, ალბათ, ერთ თვეში ამ ყველაფერს დავალაგებთ. გამოვყავით შიდა ჯგუფი, რომელიც მუშაობს იმაზე, რომ მოვახდინოთ სწორად დაგეგმარება.”

ჩვენს კითხვაზე, რეორგანიზაცია შეეხებათ თუ არა მაუწყებლის თანამშრომლებს და იგეგმება თუ არა გუნდის შემცირება ან პირიქით - გაზრდა, პაატა სალია გვპასუხობს, რომ არ გამორიცხავს, გარკვეული ცვლილებები მოხდეს სტაფის შემადგენლობაში, თუმცა, ეს არ იქნება რაიმე განსაკუთრებული:

“მასობრივი გათავისუფლება არ იგეგმება, საუბარი იყო თანამშრომლების გარკვეულწილად დამატებაზეც, ოღონდ ვნახოთ, ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. არ არის განზრახვა, რომ ვინმე სამსახურიდან გავუშვათ”.

მაუწყებლის დირექტორი ამბობს, რომ რეორგანიზაცია სამაუწყებლო ბადეში ცვლილებებსაც მოიაზრებს:

“ბადეში ცვლილებები ისედაც იგეგმება იქიდან გამომდინარე, რომ დეკემბრის ბოლოს კომედი ჯგუფმა დაგვტოვა და გადავიდა სხვა არხზე. შესაბამისად, ვფიქრობთ, ამ ჟანრის გადაცემები შეიძლება დავამატოთ, გასართობი გადაცემები. ამ ეტაპზე ჩვენი ბადე საჭიროებს გადახალისებას, გამრავალფეროვნებას და სწორედ ამაზე ვმუშაობთ. ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში დავაანონსებთ ახალ გადაცემებს და გაიგებს ამის შესახებ მაყურებელი, თუ რითი შეივსება ჩვენი სამაუწყებლო ბადე. შეიძლება ერთი-ორი თვე დასჭირდეს ამ ყველაფერს. უკვე ვმუშაობთ გარკვეულ პროექტებზე”.

ორგანიზაციული ცვლილებების ბრძანებაში წერია, რომ მიზეზი პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები და სატელევიზიო არხის რეიტინგის კლებაა. ჩვენს კითხვაზე, რას უკავშირებს რეიტინგების კლებას და რას გეგმავენ ფინანსური რესურსის გასაუმჯობესებლად, სალია გვპასუხობს:

“მას შემდეგ, რაც არხი ორად გაიყო, რეიტინგიც, ფაქტობრივად, ორად გაიყო. დღეს რომ შეხედოთ რეიტინგებს, “იმედი” დარჩა პირველ ადგილზე და, შესაბამისად, მეორე ადგილზე არის კონკურენცია ჩვენსა და “მთავარს” შორის. ფაქტობრივად, ორად გაიყო არხი და მივიღეთ ორად გაყოფილი რეიტინგი, რაც თავისთავად ამცირებს სარეკლამო შემოსავალს. ისედაც შემცირდა შემოსავალი კოვიდპანდემიიდან გამომდინარე და, შესაბამისად, შემცირდა ის ფინანსური რესურსიც, რომლის მოზიდვაც შეგვიძლია კომპანიაში. აქედან გამომდინარე, ვგეგმავთ ისეთი გადაცემების შემუშავებას და ისე დალაგებას სტრუქტურის, რომ ნაკლები დანახარჯით მეტი ეფექტი მივიღოთ.”

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მოწვდილი ინფორმაციის მიხედვით, ბოლო წლებში სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი შემცირდა. 2020 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ტელევიზიებმა ჯამში 42,204,809 ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს. ამ პერიოდში ყველაზე მეტად, 9.4 მილიონი ლარით შემცირდა “რუსთავი 2”-ის სარეკლამო შემოსავალი და 7,689,254 ლარი შეადგინა.

"რუსთავი 2-ში" ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც 18 ივნისს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიასთან დაკავშირებით წარმართულ სასამართლო პროცესში არც ერთი სადავო უფლების დარღვევა არ დადგინდა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, არხის მფლობელად ქიბარ ხალვაში დარეგისტრირდა, რომელმაც თანამდებობიდან გადააყენა გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და მისი ადგილი პაატა სალიამ დაიაკავა. რის შემდეგაც ტელევიზია, პროტესტის ნიშნად, ტელევიზიის თანამშრომლების დიდმა ნაწილმა დატოვა.
კატეგორია - საქართველო
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშში "თავისუფლება მსოფლიოში 2021" ქართული მედია გარემო "პლურალისტურად, მაგრამ მიკერძოებულადაა" შეფასებული.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ოლიგარქიული გავლენა ზემოქმედებას ახდენს მედია გარემოზე, ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებსა და გადაწყვეტილებებზე. პოლიტიზება ძირს უთხრის კანონის უზენაესობას და სამოქალაქო თავისუფლებები არათანმიმდევრულადაა დაცული.

მედიალანდშაფტის აღწერისას ანგარიშში ნახსენებია საზოგადოებრივი მაუწყებელი, "რუსთავი 2", "მთავარი" და Facebook-ის მიერ ყალბი მედია ანგარიშების წაშლა. მედიაში მიმდინარე მოვლენების მოკლე მიმოხილვისას აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ხელისუფლებისადმი მიკერძოებულობაში ადანაშაულებენ. ასევე ნახსენებია 2020 წლის მარტ-ივლისში "აჭარის ტელევიზიასა და რადიოში" მიმდინარე საკადრო ცვლილებები და თანამშრომლების გათავისუფლება, რასაც წინ "ქართული ოცნების" მიერ მაუწყებლის სარედაქციო პოზიციის კრიტიკა უძღოდა. Freedom House-ის პუბლიკაციაში ხაზგასმულია გათავისუფლებული თანამშრომლების მხრიდან მედიის საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი და მოგვიანებით სამსახურში თანამშრომლების აღდგენა.

წლევანდელ ანგარიშში კიდევ ერთხელ მოხვდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება "რუსთავი -ის" საქმეზე. ანგარიშში ნათქვამია, რომ "ტელეკომპანია გადაეცა ყოფილ მფლობელს, რომელიც "ქართული ოცნების მიმართ სიმპათიით იყო განწყობილი." ნახსენებია ისიც,რომ ახლადდანიშნულმა დირექტორმა გაათავისუფლა წამყვან პოზიციებზე მყოფი თანამშრომლები. არხზე დასაქმებულების დიდმა ნაწილმა კი ტელეკომპანია დატოვა და ახალ არხს "მთავარს" შეუერთდა, რომელმაც მაუწყებლობა 2019 წლის სექტემბერში დაიწყო. მასალაში ხაზგასმულია, რომ "მთავარი" არხის დამფუძნებელი, გიორგი რურუა, იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააკავეს და 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რაც პოლიტიკურად მოტივირებულად არის მიჩნეული.

მედიის ნაწილში საუბარია Facebook-ის მიერ 2019 წლის დეკემბერში სოციალურ ქსელში შექმნილი იმ ასობით ქართული ანგარიშისა და გვერდის წაშლის შესახებ, რომლებიც თავს მედიასაშუალებებად და ახალი ამბების ორგანიზაციებად ასაღებდნენ. მათი კონტენტი კი პროსამთავრობო შინაარსის იყო. Facebook-მა ანგარიშები "ქართული ოცნების" ხელისუფლებასა და სარეკლამო სააგენტო „პანდას" დაუკავშირა. Freedom House-ის ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ სოციალურ ქსელში არაავთენტური პროსახელისუფლებო აქტივობა ISFED-მა 2020 წლის მაისშიც გამოავლინა.

Freedom House-ის წლევანდელი ანგარიშის მიხედვით, საქართველო "ნაწილობრივ თავისუფალია" და 100-დან 60 ქულა აქვს მინიჭებული, რაც წინა წლის რეიტინგთან შედარებით ერთი ქულით ნაკლებია.
კატეგორია - საქართველო
2003 წლის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-მა თავი “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად” გამოაცხადა.

ტელევიზიას მართლაც ჰქონდა ლომის წვლილი იმაში, რომ ხელისუფლება ხავერდოვანი რევოლუციის გზით შეიცვალა, რადგან აქტიურად აკრიტიკებდა მაშინდელ ხელისუფლებას და ამხელდა მის მანკიერებებს.

მაგრამ “ვარდების რევოლუციის” და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიამ” თანდათან შეწყვიტა ხალხის, ანუ აუდიტორიის მსახურება, რომ მისთვის კრიტიკული, მიუკერძოებელი და დაბალანსებული ინფორმაცია მიეწოდებინა.

ჰოდა, ასე თანდათან, ყოველდღიურად, თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიისგან” მივიღეთ მხოლოდ ხელისუფლების რუპორი და პროპაგანდისტული მანქანა.

ტელევიზიაში ერთმანეთის მიყოლებით იცვლებოდნენ მფლობელები, უცვლელი რჩებოდა ხელისუფლების მსახურების მისია, დაქოქილი პროპაგანდისტული მანქანა.

ხელისუფლების მსახურებაში გადანაცვლებული “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის” ეპოქის წიაღში იშვა ტელეკომპანია “იმედი”, რომელმაც ტელევიზიებისგან დავიწყებული ხალხის მსახურების მისია მოირგო - შეუდგა აუდიტორიის ინფორმირებას და ხელისუფლების მხილებას.

მაშინდელმა ხელისუფლებამ კრიტიკული ტელევიზიის ჩახშობა გადაწყვიტა და 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია “იმედის” მაუწყებლობა სპეცოპერაციის გზით ჩაახშო. მოგვიანებით კი ეთერში დაბრუნებული ტელეკომპანია ისევე დაიმორჩილა, როგორც მანამდე “გამარჯვებული ხალხის ტელევიზია” - ტელევიზიას მფლობელები შეუცვალა, მერე კი სარედაქციო პოლიტიკის ტრანსფორმაციაც არ გართულებულა.

წლების შემდეგ, როდესაც საქართველოში, როგორც იქნა, ხელისუფლება დემოკრატიულად, არჩევნების გზით შეიცვალა, იმის შანსიც გაჩნდა, რომ ხალხისთვის წართმეული ეს ტელევიზიები ისევ ხალხისთვის, აუდიტორიის მსახურებაში დაებრუნებინათ.

ჰო, გაჩნდა შანსი იმისა, რომ “რუსთავი 2” მისი დამფუძნებლებისთვის დაუბრუნებინათ, რომლებმაც მოახერხეს ერთ პატარა ქალაქში გახსნილი მაუწყებლისგან თანამედროვე, აუდიტორიისთვის, ხალხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კრეატიული და კრიტიკული ტელევიზია შეექმნათ.

გაჩნდა შანსი, რომ არა “გამარჯვებული ან დამარცხებული ხალხის”, არამედ უბრალოდ ხალხის ტელევიზია მიგვეღო, რომელიც შეასრულებდა მედიის მთავარ ამოცანას - შეექმნა ხალხისთვის მნიშვნელოვანი, საინტერესო, კრიტიკული და კრეატიული კონტენტი. მაგრამ ეს შანსი გამოუყენებელი დარჩა. საბოლოოდ, როდესაც “რუსთავი 2”-ის მფლობელების ირგვლივ დავა ისე დასრულდა, რომ მისი მფლობელი შეიცვალა, მაგრამ არ დაბრუნებია დამფუძნებლებს, მივიღეთ სლოგანი, რომ მისგან შექმნიდნენ “გამარჯვებული ჟურნალისტების ტელევიზიას”. გამარჯვებული ან დამარცხებული ჟურნალისტების ჯგუფისთვის კი, თავშივე ცხადია, რომ შეუძლებელია მიუკერძოებელი, დაბალანსებული, მრავალმხრივი კონტენტის წარმოება.

2012 წელს განხორციელებული სახელისუფლებო ცვლილებების შემდეგ შანსი გაუჩნდა ტელეკომპანია “იმედსაც”, როდესაც ის ძველ მფლობელს დაუბრუნდა, მაგრამ ამჯერად მას შეეყარა “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის” სინდრომი, სინდრომი, რომელიც მთლიანად შთანთქავს ჟურნალისტიკას, აშავთეთრებს ფერად ეკრანს - თეთრად წარმოაჩენს “გამარჯვებულებს” და შავად - “დამარცხებულებს”.

“იმედი” ღიად იქცა არჩევნებში დამარცხებული ხელისუფლების “გაშავებისა” და გამარჯვებული ხელისუფლების ხოტბისთვის პროპაგანდისტულ მანქანად. ეს თავად ტელევიზიის დირექტორმა ნიკა ლალიაშვილმაც დაადასტურა, როდესაც მისმა ყოფილმა თანამშრომელმა ტელევიზიაში შეხვედრის ამსახველი ფარული აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა.

ლალიაშვილმა განაცხადა: “არხს აქვს პოზიცია, ეს პოზიცია არის ანტი-ნაციონალური მოძრაობის პოზიცია, ძალიან მკაფიო პოზიციაა რა“.

“გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის” სინდრომი გადამდები აღმოჩნდა სხვა მაუწყებლებისთვისაც. რამდენიმე კვირის წინ მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვლმა განაცხადა, რომ უბრუნდებოდა "POSTV“-ის ხელმძღვანელის პოზიციას, რათა ტელევიზიამ “მეტი შეუპოვრობით დაიცვას 2012 წლის პირველი ოქტომბრის მონაპოვარი”. ანუ ტელევიზიის ხელმძღვანელმა პირდაპირ გამოუცხადა აუდიტორიას, რომ მისი მთავარი მიზანი იქნება არსებული ხელისუფლების პიარი.

მოგვიანებით კი ლაშა ნაცვლიშვილმა აუდიტორიას აუწყა, რომ "POSTV“-მ მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა წინა ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიური პროპაგანდისთვის.

“ჟურნალისტი, პირველ რიგში, ამ ქვეყნის მოქალაქეა და აქვს უპირობო ვალდებულება, გააკეთოს მკაფიო არჩევანი კეთილსა და ბოროტს შორის. ნაციონალური სიმსივნე, რომელიც ოცი წელია ჯიჯგნის ჩვენი სამშობლოს სხეულს, უნდა ამოიკვეთოს, ხოლო მისი მეტასტაზები - განეიტრალდეს, რათა დამშვიდდეს ქვეყანა და ნორმალური, დემოკრატიული განვითარების საშუალება მიეცეს. წილი ნაყარია! „POSTV“ ამ ბრძოლაში წინა ხაზზე იქნება!” - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ზოგადად, მნიშვნელოვანი პრობლემაა საქართველოში ის, რომ წლების მანძილზე ვერ ხერხდება პოლიტიკური პარტიების უშუალო გავლენებისგან თავისუფალი მძლავრი მაუწყებლების ჩამოყალიბება, რაც ტელევიზიებს იმთავითვე აქცევს მხარედ, აქტორად და არა მხარეებისა და აქტორების მოდარაჯე ნაგაზად.

ეს პროცესი მძიმედ აზიანებს ხალხს, რომლისთვისაც ტელევიზია ჯერ კიდევ ინფორმაციის მიღების მთავარი წყაროა მაშინ, როცა ყველაზე ფართო აუდიტორიის მქონე ტელევიზიები მას ინფორმაციის ნაცვლად პროპაგანდას აწვდიან.

მეორეს მხრივ, “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის” სინდრომი გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ტელეჟურნალისტიკის განვითარების პროცესს ქვეყანაში, რადგან იქ სადაც პროპაგანდაა, ჟურნალისტიკა აღარ არსებობს.
კატეგორია - საქართველო
"სახელმწიფო პროპაგანდის მანქანა კრიტიკულ მედიას პოლიტიკურ ოპონენტებად ნათლავს და მათ მიმართ შეუწყნარებლობას უწყობს ხელს", - დღეს, 27 თებერვალს, ტელეკომპანია “ფორმულას” პირდაპირ ეთერში მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ტელეწამყვან ვახო სანაიას სოლიდარობა გამოუცხადეს და  ხელი მოაწერეს მანიფესტს, რომლითაც ხელისუფლებას მოუწოდეს შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები ჟურნალისტების წინააღმდეგ და უზრინველყოს ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოში მუშაობა.

მანიფესტში ნათქვამია, რომ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას და მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები სიძულვილის ენით, აგრესიით და ბოიკოტით პასუხობენ მედიის კრიტიკულ კითხვებს.

“სახელმწიფო პროპაგანდის მანქანა კრიტიკულ მედიას პოლიტიკურ ოპონენტებად ნათლავს და მათ მიმართ შეუწყნარებლობას უწყობს ხელს. პოლიტიკურად პოლარიზებულ საზოგადოებაში მედიისადმი ასეთი დამოკიდებულება ახალისებს მორიგ თავდასხმებს. მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოება მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანო პოლიტიზებულია და ცენზურის დაწესებას ცდილობს”, - ვკითხულობთ მანიფესტის ტექსტში.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებსა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მოუწოდეს:

  • უზრუნველყონ ჟურნალისტებზე თავდასხმების სწრაფი გამოძიება და საზოგადოების ინფორმირება
  • შეწყვიტონ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები
  • შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ
  • შეწყვიტონ კრიტიკული მედიის ბოიკოტი და აღადგინონ მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმი
  • შეწყვიტონ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გამოყენება პოლიტიკური მიზნით

ვახო სანაიას მხარდამჭერ აქციას ქუთაისში და ბათუმში რეგიონული მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ და მანიფესტს ხელი მოაწერეს. მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების აქცია და მანიფესტზე ხელმოწერა ტელეკომპანია “ფორმულას”, “TV პირველის”, “მთავარისა” და “კავკასიას” პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

შეგახსენებთ, 25 თებერვალს ტელეკომპანია “ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. ჟურნალისტი მომხდარს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ თავდამსხმელებს აგრესია მის, როგორც მედიის წარმომადგენლის, მიმართ ჰქონდათ.
კატეგორია - საქართველო
ტელეკომპანია "ფორმულას" ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმაზე ბრალდებულებს, აღმკვეთი ღონიძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, 26 თებერვალს გამოაცხადა.

ბრალდებულები ბრალდებას არ აღიარებენ. დაცვის მხარე ბრალდებულებისთვის 2 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას, ხოლო პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სამივე ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, 25 თებერვალს ტელეკომპანია “ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. ჟურნალისტი მომხდარს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ თავდამსხმელებს აგრესია მის, როგორც მედიის წარმომადგენლის, მიმართ ჰქონდათ.

“კრიტიკული მედიის მიმართ მმართველი პარტიის აგრესიული დამოკიდებულების სამწუხარო შედეგი”, “ხელისუფლების აგრესიული და სიძულვილით სავსე რიტორიკის გამოძახილი”, “პოლიტიკური გარემოს პოლარიზების, ოპონენტების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების და ჟურნალისტების მიმართ აგრესიული საჯარო რიტორიკის შედეგი” - ასე აფასებენ საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები “ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს.
კატეგორია - საქართველო

ტელეკომპანია "ფორმულას" ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმისთვის პროკურატურამ სამ პირს ბრალი შეუწყნარეობლობის მოტივით მუქარის ფაქტზე წარუდგინა. აღნიშნული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს, 26 თებერვალს იმსჯელებს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიენად პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 25 თებერვალს, თბილისში, წყნეთის ქუჩაზე, ვ.გ., გ.ს. და ს.ს. ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს ვახტანგ სანაიას, მისი პროფესიული საქმიანობის გამო თავს დაესხნენ.  ბრალდებულებმა ვახტანგ სანაია ჯერ წააქციეს, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადეს, რა დროსაც ჟურნალისტს მისი პროფესიული საქმიანობის გამო შეურაცხყოფას აყენებდნენ და უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ, ხოლო ვ.გ. ვახტანგ სანაიას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედებით, ვახტანგ სანაიამ თავის და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო.

უწყებისვე ცნობით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ს.ს-მ ძალადობა განახორციელა ვახტანგ სანაიას თანმხლებ ნ.მ-ს მიმართ.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, 25 თებერვალს ტელეკომპანია “ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ.  იგი თავდასხმას მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. ვახო სანაიას მონაყოლის მიხედვით, თავდამსხმელები მას თავდაპირელად მოყინულ გზაზე მოცურებული მანქანის გასწორებაში ეხმარებოდნენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც პირბადე მოიხსნა და იცნეს ვინ იყო, მისი მისამართით აგრესიულები გახდნენ. 

სანაია ამბობს, რომ თავდამსხმელებს აგრესია ტელეკომპანიების "ფორმულასა" და "ტვ პირველის" მიმართ ჰქონდათ. იგი ამ ფაქტს კრიტიკული ტელევიზიების მისამართით ხელისუფლების აგრესიულ რიტორიკას უკავშირებს. ასე შეაფასა მომხდარი არასამთავრობო სექტორმაც. 

კატეგორია - საქართველო

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) კომუნიკაციების კომისიის ააიპ-ისგან, “მედიააკადემიისგან” საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, თუმცა ვერ მიიღო.  ორგანიზაციამ უარი ჯერ კომუნიკაციების კომისიაში გაასაჩივრა, მათგანაც უარის მიღების შემდეგ კი სასამართლოს მიმართა.  25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ IDFI-ს სასარჩელო მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა და  “მედიააკადემიას”, საჯარო ინფორმაციის გაცემა დაავალა.

 IDFI-მ “მედიააკადემიიდან” სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, „მედიააკადემიის“ თანამშრომლების საშტატო ნუსხა, „მედიააკადემიაში“ მოქმედი „მედიალაბის“, „მედიაკრიტიკისა“ და „მედიასკოლის“ ფუნქციების განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტების ასლები, მათ მიერ განხორციელებული აქტივობები დანახარჯების მითითებით, მათი ბიუჯეტი და სხვა 2020 წლის 24 იანვარს გამოითხოვა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, “მედიააკადემიამ” უარი განაცხადა ინფორმაციის მოწოდებაზე იმ საფუძვლით, რომ ის არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს არც ორგანიზაციულ-სამართლებრივი და არც ფუნქციონალური გაგებით და მასზე არ ვრცელდება სზაკ-ის მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნები.

2020 წლის 28 თებერვალს, IDFI-მ უარი კომუნიკაციების კომისიაში გაასაჩივრა, ვინაიდან, ორგანიზაციის განმარტებით, კომისია წარმოადგენს ამ ორგანიზაციის დამფუძნებელ და ზედამხედველ ორგანოს, რომლის წინაშეც “მედიააკადემია” არის ანგარიშვალდებული. “მედიააკადემიის” წესდების თანახმად, კომისია განსაზღვრავს მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ადგენს სტრატეგიული განვითარების გეგმას, ამტკიცებს მის ბიუჯეტს, საშტატო ნუსხასა და ორგანიზაციულ სტრუქტურას. კომისიის თავმჯდომარეს კი აქვს “მედიააკადემიის” აღმასრულებელი დირექტორის ერთპიროვნულად დანიშვნის უფლებამოსილება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კომისიამ უარი განაცხადა ადმინისტრაციული საჩივრის საფუძვლიანად განხილვაზე იმ მოტივით, რომ ის არ წარმოადგენდა „მედიააკადემიის“ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს.

2020 წლის 7 აპრილს IDFI-მ “მედიააკადემიის” წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეიტანა. ორგანიზაციამ 2020 წლის 24 იანვრის წერილით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის მოპასუხისათვის დავალდებულება მოითხოვა, გამომდინარე იქედან, რომ ის არის ადმინისტრაციული ორგანო ფუნქციონალური გაგებით. 

2021 წლის 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნათია ბუსკაძემ IDFI-ს სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა და მოპასუხე მხარეს მოთხოვნილი ინფორმაციის მოსარჩელისათვის მიწოდება დაავალა.

„სასამართლო დავის აღნიშნული გადაწყვეტა მეტად მნიშვნელოვანია პრაქტიკის პოზიტიურად განვითარების თვალსაზრისით, რადგან ეს გახლავთ მკაფიო გზავნილი საჯარო დაწესებულებების მიმართ, რომ საკუთარ უფლებამოსილებათა კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე დელეგირების გზით ისინი ვერ აირიდებენ საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობასა და საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებას“, - აცხადებენ IDFI-ში.

კატეგორია - საქართველო

თავდასხმა ჟურნალისტებზე არასასურველი კითხვების პასუხად, კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიის დისკრედიტაციის მცდელობები და უფრო მეტიც - ღია მუქარა მედიამენეჯერების მისამართით და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მოთხოვნა - ბოლო 2 კვირის განმავლობაში სახელისუფლებო რიტორიკა მედიის მისამართით განსაკუთრებულად აგრესიული იყო.

22 თებერვალს, ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, არარაობა და კრიმინალი უწოდა.

“ერთ-ერთი გამოკვეთილი დამნაშავე, კრიმინალი, არარაობა გვარამია გვევლინება მედიის მამად და ტელევიზიის დირექტორად. პროკურორი კაცი, რომლის დროსაც იმედის ძალადობრივი გზით დახშობა მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა. ამაზეა საუბარი, დღესაც აქ ვართ, სად გვინდა, რომ ვიყოთ ხვალ?", - თქვა ღარიბაშვილმა.

მანვე „დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან პარტიული ტელევიზიები“ პროპაგანდის გზით საზოგადოების მიზანმიმართულ მოტყეუბაში დაადანაშაულა და იქვე დასძინა, - „მალე ამ შესაძლებლობასაც გამოვართმევთ ხელიდან, ვინდაიდან ჩვენ ყველა ამ სიცრუეს დავუპირისპირებთ სიმართლეს“.

17 თებერვალს „პარტიული ტელევიზიები“ ტელესერიალებით „ბილწსიტყვაობის“ დამკვიდრებასა და „საკუთარი ენის შეურაცხყოფაში“ დაადანაშაულა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

იქამდე, 16 თებერვალს, “ქართული ოცნების” კიდევ ერთმა წევრმა გია ვოლსკიმ თქვა, რომ ჟურნალისტები “კონსპირაციული, დეზინფორმაციული, საბოტაჟური სახის მოქმედებების დაგეგმვაში მონაწილეობენ”.

აქვე, უნდა გავიხსენოთ პარლამენტში “პატრიოტთა ალიანსის” სიით შესული დეპუტატის ავთანდილ ენუქიძის განცხადებაც, რომელმაც „მედიის გარკვეული ნაწილის მიერ“ მოსახლეობის ნაწილის ლანძღვისა და დეზინფორმაციის გავრცელების პრევენციისთვის საპარლამენტო ტრიბუნიდან კანონმდებლებს ცილისწამების შესახებ კანონის მიღებისკენ მოუწოდა . 

პოლიტიკოსების მხრიდან მედიისა და ჟურნალისტების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება რომ საშიშია და ეს პრაქტიკა მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობასა და აგრესიას ახალისებს, ამაზე უფლებადამცველებმა არაერთხელ მიუთითეს. მსგავსი მავნე პრაქტიკის ერთ-ერთი ასეთი ბოლო გამოვლინება, 24 თებერვალს, ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვან ვახო სანაიასა და მისი ოჯახის წევრებზე თავდასხმა იყო.

როგორც ჟურნალისტი ყვება, გუშინ, გვიან ღამით, სამი პირი მას თავს იმ დროს დაესხა, როდესაც იგი ოჯახის წევრებთან ერთად შინისკენ მიმავალი მოყინულ გზაზე მოცურებული მანქანის გასწორებას ცდილობდა. სანაია მასზე თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს.

„პირდაპირ აგრესია ჰქონდათ ჩემ მიმართ, როგორც მედიის წარმომადგენლის, მიცნეს და ამის შემდეგ დაიწყეს პროვოცირება. დაიწყეს გინება ჩვენ მიმართ, ტვ პირველის მიმართ, საერთოდ ტელევიზიების მიმართ ჰქონდათ აგრესია... თავზე მაქვს დაზიანება, ხელებზეც, ფეხზეც. ამ დროს ჩემი მეუღლე და ჩემი რძალი გადმოვიდნენ მანქანიდან, რძალსაც აქვს დაზიანებები, მასაც დაარტყეს“, - ამბობს იგი.

სანაიაზე თავდასხმა ხელისუფლების აგრესიული რიტორიკის გამოძახილად შეაფასა არასამთავრობო სექტორმა. მომხდარზე განცხადება გაავრცელა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ და ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ჟურნალისტებზე ძალადობის ყველა სხვა ფაქტიც დაუყოვნებლივ გამოიძიოს.

ხელისუფლებამ კი, დღეს, სანაიაზე თავდასხმის კომენტირებისას, ხელი კვლავ მედიისკენ გაიშვირა. 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ მომხდარი „შემაშფოთებელი და შემაძრწუნებელია“, თუმცა „არ შეიძლება საკითხს მივუდგეთ ისე, რომ ერთი მხარე არის ვალდებული ყოველთვის ითმინოს და მეორე მხარეს საერთოდ არ აქვს არანაირი პასუხისმგებლობა იმაზე, თუ რა შეურაცხყოფებს, რა სიძულვილის ენასაც იყენებს“.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ვარ ამ რეჟიმში, როდესაც ვეჯიბრებით ერთმანეთს, ვინ უფრო მეტ სიძულვილს გადმოაფრქვევს. არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა“, - თქვა მან.

კატეგორია - საქართველო

ტელეკომპანია "ფორმულას" ტელეწამყვან ვახო სანაიას ტვინის შერყევა აქვს - ამას ფეისბუკზე მისი ცოლი თამუნა ყურაშვილი წერს. სანაიამ დაზიანება მას შემდეგ მიიღო, რაც მას გუშინ, გვიან ღამით, თბილისში, წყნეთის ქუჩაზე, სამი პირი დაესხა თავს, მაშინ, როდესაც ცოლთან, მცირეწლოვან შვილთან და ახლობელთან ერთად სახლში ბრუნდებოდა. 

ვახო სანაია თავდასხმას მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. მისი მონაყოლის მიხედვით, თავდამსხმელები მას თავდაპირველად მოყინულ გზაზე მოცურებული მანქანის გასწორებაში ეხმარებოდნენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც პირბადე მოიხსნა და იცნეს ვინ იყო, მისი მისამართით აგრესიულები გახდნენ.

სანაია ამბობს, რომ თავდამსხმელებს აგრესია ტელეკომპანიების "ფორმულასა" და "ტვ პირველის" მიმართ ჰქონდათ. იგი ამ ფაქტს კრიტიკული ტელევიზიების მისამართით ხელისუფლების აგრესიულ რიტორიკას უკავშირებს. 

 


NGO-ები მიიჩნევენ, რომ ეს თავდასხმა ხელისუფლების აგრესიული რიტორიკის შედეგია 

ვახო სანაიაზე მომხდარ თავდასხმას, რომელშიც ძნელია მხოლოდ ერთ ჟურნალისტზე თავდასხმა დაინახო, არასამთავრობო სექტორის, სახალხო დამცველის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" მყისიერი გამოხმაურება მოჰყვა. ყველა ორგანიზაციის განცხადებაში ერთი და იგივე გზავნილი იკითხება - რომ ეს არის საშიში ტენდენცია, ბოლო პერიოდის ხელისუფლების აგრესიული და სიძულვილით სავსე რიტორიკის გამოძახილი და დაუსჯელობის შედეგი. 

"
მოვუწოდებთ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, გაიაზრონ მათი როლი ამ პროცესში, შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა კრიტიკული მედიის მიმართ, საჯაროდ დაგმონ ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ფორმის ძალადობა და უზრუნველყონ მედიის საქმიანობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა”, - ვკითხულობთ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" განცხადებაში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ამბობენ, რომ მედიის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკა უარყოფითად აისახება ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე.  "ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით შეშფოთება „ქართული ოცნების“ წევრების რიტორიკის გამო, რომლითაც საქართველოში იქმნება ტოქსიკური გარემო მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტების თავისუფალი მუშაობისათვის", - აცხადებენ "კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის" წევრი ორგანიზაციები. 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში (EMC) ჟურნალისტებზე თავდასხმის სხვა შემთხვევებზე არაეფექტიანი გამოძიების პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ მსგავსი ფაქტები ახალისებს დაუსჯელობის გარემოს და ქმნის მტრულ საინფორმაციო და სოციალურ კლიმატს. "უფლებები საქართველო" საგანგაშოდ აფასებს ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებულ თავდასხმებს და მზად არის სამართლებრივი მხარდაჭერა გაუწიოს დაზარალებულებს. “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RSF) კი ხელისუფლებას გამჭვირვალე და დამოუკიდებელი გამოძიებისკენ მოუწოდებს.

 




საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოს ხელისუფლებას ჟურნალისტებზე თავდასხმების ყველა ფაქტის მყისიერი გამოძიებისკენ მოუწოდა. "ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღნიშნულ საქმესთან ერთად, სრულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ძალადობის სხვა გაუხსნელი საქმეები", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა უკიდურესად შემაშფოთებელია და  ამ ტიპის ქმედებებზე სახელმწიფოს პასუხი მკაცრი უნდა იყოს: "თუკი ჟურნალისტს თავს ესხმიან მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ეს დანაშაულებრივი ქმედება ადეკვატურ და მკაცრ რეაგირებას საჭიროებს, რათა სამომავლოდ თავიდან იქნას აცილებული მსგავსი შემთხვევები".


სანაიაზე თავდასხმას ოპოზიცია კრიტიკული ხმის ჩახშობის მცდელობად აფასებს


ვახო სანაიაზე  მომხდარ თავდასხმას მყისიერი გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც. ისევე, როგორც არასამთავრობო სექტორის შემთხვევაში, ოპოზიციაშიც გზავნილები ერთნაირი აღმოჩნდა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ეს შემთხვევა არის კრიტიკული აზრის ჩახშობის მცდელობა, ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდის შედეგი და დაუსჯელობის გამოძახილი. 

“განსაკუთრებით საშიშია, როცა ამგვარი ძალადობა ჟურნალისტის მიმართ ხდება. ხელისუფლების მხრიდან ძალადობის ორგანიზება ან წახალისება, ისედაც პოლარიზებული გარემოს მეტად რადიკალიზებას იწვევს. პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური პარტიების ამოცანა ამ პოლარიზების შემცირებაა და არა პირიქით”, - ნათქვამია ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაში, რომელასაც 20 ოპოზიციური პარტია და 3 დამოუკიდებელი დეპუტატი აწერს ხელს.

“როცა ოპოზიციური არხის ჟურნალისტს ასე ესხმიან ქუჩაში თავს, ეს შემთხვევით არ ხდება. ის, რომ ოპოზიციური მედია ივანიშვილის სამიზნეა, დიდი ხანია ვიცით. ვხედავთ რა პროცესები მიმდინარეობს მფლობელების, მენეჯერების მიმართ. ყველანაირი მეთოდით ცდილობს, რომ ჩაახშოს ოპოზიციური ხმა. სწორედ ამ პროცესის გაგრძელებაა ის, რაც მოხდა ვახო სანაიასთან დაკავშირებით. ახლა უკვე პიროვნულად გადავიდნენ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე", - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი.

 

ხელისუფლება - არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა  

ოპოზიციის მსგავსად, მომხდარი მყისიერად დაგმეს ხელისუფლებაშიც და პირობაც დადეს, რომ დამნაშავეები მკაცრად დაისჯებიან, თუმცა, ოპონენტებისგან განსხვავებით, მათ თავიანთი ბრალეულობა მომხდარში არ დაუნახავთ.  პირიქით, მაგალითად, "ქართული ოცნების" წევრმა მაკა ბოჭორიშვილმა “ფორმულას” ჟურნალისტის კითხვას - ვახო სანაიაზე თავდასხმა ხომ არ განაპირობა მმართველი გუნდის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ სიძულვილის ენის ხშირად გამოყენებამ, ასე უპასუხა: “ნუ დავინახავთ კონკრეტულ ფაქტებს კონტექსტიდან ამოგლეჯილს. ზოგადად, სიძულვილის ენა ამ ქვეყანას არ აკლია. ძალიან სამწუხაროა, რომ ვართ ამ რეჟიმში ვინ უფრო მეტ სიძულვილს გადმოაფრქვევს. არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა. ჩემთვის სასურველია, ასეთ რეჟიმში არ მიმდინარეობდეს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება არც ერთი მხრიდან". 

"წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ამაში ხელისუფლებას რაიმე ფორმის ჩარევა ქონდეს", - თქვა “ქართული ოცნების” კიდევ ერთმა წევრმა ირმა ზავრადაშვილმა. 

“ჩვენ კრიტიკას, დიდი ბოდიში და, უარს ვერ ვეტყვით, იმიტომ, რომ ისეთივე მოქალაქეები ვართ ამ ქვეყნის სრულუფლებიანი, როგორიც თქვენ ხართ", - განაცხადა გია ვოლსკიმ და დაამატა, - "თქვენი კრიტიკა ხშირ შემთხვევაში და უმეტეს შემთხვევაში აბსოლუტურად უსაფუძვლოა. დამოკიდებულება, ადამიანურიდან დაწყებული დამთავრებული საქმიან დამოკიდებულებაზე, ვერანიარ კრიტიკას ვერ უძლებს".

მომხდარს ყველაზე გვიან გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც შსს-ს მადლობა გადაუხადა თავდამსხმელების ოპერატიულად დაკავებისთვის და თქვა, რომ "სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს". 





ჩვენ ვართ მრავალფეროვანი მედიის მომხრე, განსაკუთრებით საქართველოში - ევროპარლამენტარი

"თავდასხმა ჟურნალისტებზე, თავდასხმა თავისუფალ მედიაზე მიუღებელია ნებისმიერ ქვეყანაში", - ამბობს ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბარში ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.

"მნიშვნელობა არ აქვს, კრიტიკული მედიის წარმომადგენელი ხარ თუ არა - თუკი პროფესიულ სტანდარტებს იცავ, უნდა გქონდეს თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა, კრიტიკულად მუშაობის შესაძლებლობა. ჩვენ ვართ მრავალფეროვანი მედიის მომხრე, განსაკუთრებით საქართველოში", - განაცხადა ევროპარლამენტარმა, რომელმაც მომხდარს შემაშფოთებელი უწოდა.


ვინ არიან სანაიაზე თავდამსხმელები - რა გამოიკვეთა დღის ბოლოს


დღის ბოლოს გაირკვა, რომ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები არიან კორცხელის ინციდენტის ერთ-ერთი, ყველაზე აქტიური ფიგურანტის ვაჟა გიგაურის ნათესავი და მისი ორი მეგობარი. ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, ამას მათ მიერ მოპოვებული ფოტომასალა ადასტურებს. თავად სანაიაც ყვება, რომ ეს პირი (საუბარია გიგაურის ნათესავზე) განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. ის ხმამაღლა აგინებდა ჟურნალისტსაც და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებსაც.

"ფორმულასვე" ინფორმაციით, ბრალდებულები ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის უბნელები და მეზობლები არიან. გეგეშიძე  "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სპორტსმენია. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობამდე, ის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის უფროსი იყო.

ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე სამი პირია დააკავებული.

 
კატეგორია - საქართველო
“კრიტიკული მედიის მიმართ მმართველი პარტიის აგრესიული დამოკიდებულების სამწუხარო შედეგი”, “ხელისუფლების აგრესიული და სიძულვილით სავსე რიტორიკის გამოძახილი”, “პოლიტიკური გარემოს პოლარიზების, ოპონენტების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების და ჟურნალისტების მიმართ აგრესიული საჯარო რიტორიკის შედეგი” - ასე აფასებენ საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები “ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში” (TI) მიიჩნევენ, რომ ჟურნალისტზე თავდასხმა ხელისუფლების იმ აგრესიული და სიძულვილით სავსე რიტორიკის გამოძახილია, რომელიც მიმართულია კრიტიკული მედიის, ჟურნალისტების თუ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ. შედეგად კი, მსგავსი სახის ძალადობის წახალისება ხდება, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

“ხელისუფლებას აკისრია ვალდებულება უზრუნველყოს ჟურნალისტების საქმიანობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, რაც პირველ რიგში კრიტიკული აზრის გამოხატვას და თავისუფლად გავრცელებას გულისხმობს. მოვუწოდებთ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, გაიაზრონ მათი როლი ამ პროცესში, შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა კრიტიკული მედიის მიმართ, საჯაროდ დაგმონ ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ფორმის ძალადობა და უზრუნველყონ მედიის საქმიანობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა”, - ვკითხულობთ TI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ამბობენ, რომ მედიის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკა უარყოფითად აისახება ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე. “კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები კი აცხადებენ, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმა წარმოადგენს კრიტიკული მედიის მიმართ მმართველი პარტიის აგრესიული დამოკიდებულების სამწუხარო შედეგს.

“ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით შეშფოთება „ქართული ოცნების“ წევრების რიტორიკის გამო, რომლითაც საქართველოში იქმნება ტოქსიკური გარემო მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტების თავისუფალი მუშაობისათვის. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჟურნალისტების პოლიტიკურ ოპონენტებად გამოცხადება და მათ მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება ახალისებს ისედაც პოლარიზებული საზოგადოების ნაწილს, რომ თავს დაესხან ჟურნალისტებს სიტყვიერად ან ხელი შეუშალონ პროფესიულ საქმიანობაში.”

მედიაკოალიციის მსგავსად, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში (EMC) ჟურნალისტებზე თავდასხმის სხვა შემთხვევებზე არაეფექტიანი გამოძიების პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ მსგავსი ფაქტები ახალისებს დაუსჯელობის გარემოს და ქმნის მტრულ საინფორმაციო და სოციალურ კლიმატს.

“ჩვენი აზრით, მსგავსი შემთხვევები პოლიტიკური გარემოს პოლარიზების, ოპონენტების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების და ჟურნალისტების მიმართ აგრესიული საჯარო რიტორიკის შედეგია, რომელიც ძალადობის და დაპირისპირების რისკებს მიკრო-სოციალურ დონეებზეც აჩენს და არაუსაფრთხო და მტრულ გარემოს ქმნის პოლიტიკური, სამოქალაქო და მედია აქტორებისთვის.”

„უფლებები საქართველოშიც“ საგანგაშოდ აფასებენ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმების გახშირებას და მოუწოდებენ შესაბამის უწყებებს, დროულად და ეფექტიანად წარმართონ გამოძიება ამ და მსგავს მიმდინარე საქმეებზე. ორგანიზაცია მზადყოფნას გამოხატავს, სამართლებრივი მხარდაჭერა გაუწიოს დაზარალებულ პირებს.

ცოტა ხნის წინ ვახო სანაიაზე თავდასხმას ტვიტერზე გამოეხმაურა მედიის თემებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RSF) და ხელისუფლებას გამჭვირვალე და დამოუკიდბეელი გამოძიებისკენ მოუწოდა.

დღეს, 25 თებერვალს ტელეკომპანია “ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. ჟურნალისტი მომხდარს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ თავდამსხმელებს აგრესია მის, როგორც მედიის წარმომადგენლის, მიმართ ჰქონდათ.
კატეგორია - საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას სრულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ძალადობის გაუხსნელი საქმეები.

საელჩოს ეს განცხადება ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს მოჰყვა.

"აშშ-ის საელჩო გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას. ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღნიშნულ საქმესთან ერთად, სრულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ძალადობის სხვა გაუხსნელი საქმეები", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს, 25 თებერვალს ტელეკომპანია “ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. ჟურნალისტი მომხდარს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ თავდამსხმელებს აგრესია მის, როგორც მედიის წარმომადგენლის, მიმართ ჰქონდათ.

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა უკიდურესად შემაშფოთებელია და ამ ტიპის ქმედებებზე სახელმწიფოს პასუხი მკაცრი უნდა იყოს.  სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და ბოლო პერიოდის საშიში ტენდენცია - საჯარო მოხელეების მხრიდან აგრესიული რიტორიკის გამოყენება მედიის მისამართით, მთავარი აქცენტია სანაიაზე თავდასხმის შესახებ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც.  

ვახო სანაიასა და მისი ოჯახის წევრებზე დღეს, 25 თებერვალს მომხდარ თავდასხმას მყისიერი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ოპოზიციური პარტიების, ასევე მმართველი პარტია “ქართული ოცნების” წევრების მხრიდან. თუმცა, ამ გამოხმაურებების აქცენტები განსხვავებული აღმოჩნდა. თუ ოპოზიცია ჟურნალისტებზე ძალადობის გახშირებულ ფაქტებს მედიის მისამართით ხელისუფლების ბოლო პერიოდის აგრესიული რიტორიკის გამოძახილად მიიჩნევს, “ქართული ოცნების” წევრები ფიქრობენ, რომ ეს შემთხვევა არაფრით არის კავშირში ხელისუფლებასთან.

კატეგორია - საქართველო
განსაკუთრებით საშიში, ხელისუფლების მხრიდან წახალისებული, დაუსჯელობის შედეგი, ოპოზიციური ხმის ჩახშობის მცდელობა - ეს არის მთავარი გზავნილები ოპოზიციური პარტიების მხრიდან ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაზე, მაშინ, როცა მმართველი გუნდის ზოგი წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ “არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა”, წარმოუდგენელია ამ თავდასხმაში ხელისუფლების ხელი ერიოს და დარწმუნებულია, რომ ძალადობის ჩამდენი მკაცრად დაისჯება.

ვახო სანაიასა და მისი ოჯახის წევრებზე დღეს, 25 თებერვალს მომხდარ თავდასხმას მყისიერი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ოპოზიციური პარტიების, ასევე მმართველი პარტია “ქართული ოცნების” წევრების მხრიდან. თუმცა, ამ გამოხმაურებების აქცენტები განსხვავებული აღმოჩნდა.

თუ ოპოზიცია ჟურნალისტებზე ძალადობის გახშირებულ ფაქტებს მედიის მისამართით ხელისუფლების ბოლო პერიოდის აგრესიული რიტორიკის გამოძახილად მიიჩნევს, “ქართული ოცნების” წევრები ფიქრობენ, რომ ეს შემთხვევა არაფრით არის კავშირში ხელისუფლებასთან.

“განსაკუთრებით საშიშია, როცა ამგვარი ძალადობა ჟურნალისტის მიმართ ხდება. ხელისუფლების მხრიდან ძალადობის ორგანიზება ან წახალისება, ისედაც პოლარიზებული გარემოს მეტად რადიკალიზებას იწვევს. პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური პარტიების ამოცანა ამ პოლარიზების შემცირებაა და არა პირიქით”, - ნათქვამია ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაში, რომელასაც 20 ოპოზიციური პარტია და 3 დამოუკიდებელი დეპუტატი აწერს ხელს.

alt“ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ ვახო სანაიაზე თავდასხმა პირდაპირი შედეგია იმ მიზანმიმართული სიძულვილისა, რასაც ხელისუფლება და სახელისუფლებო მედია ყოველდღიურად აფრქვევს პოლიტიკური ოპონენტების თუ კრიტიკული მედიის მიმართ”, - წერს დავით ზურაბიშვილი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, რომელიც ფიქრობს, რომ ეს არის პირდაპირი შედეგი იმისაა, რომ ხელისუფლებას საკუთარ სამსახურში ჰყავს ჩაყენებული ეს ე. წ. შპანა, უბნის ხულიგნები და კრიმინლური ბანდები, რეგულარულად იყენებს მათ არჩევნების და არა მარტო არჩევნების დროს, - “ეს არის პირდაპირი შედეგი იმის, რომ ქვეყნის პრემიერ მინისტრი ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც ნახევარ მილიონზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, საპარლამენტო ტრიბუნიდნ ერის და ქვეყნის მტრებს ეძახის და დეპუტატებად წოდებული უპრინციპო კონფორმისტები მას ტაშს უკრავენ”.

alt“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას, მსგავსი ძალადობა ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისა და მსგავსი ძალადობის ჩამდენი პირების დაუსჯელობის შედეგად მიაჩნია:

"ის ატმოსფერო, რომელსაც ქმნის ივანიშვილის პროპაგანდა წლების განმავლობაში, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, როდესაც [ირაკლი] ღარიბაშვილის მსგავსი ფიგურა გამოდის წინა პლაზე და აქვს ის გზავნილი, რაც აქვს - სიძულვილის, ქვეყნის დაყოფის, დაპირისპირების, ძალადობის და რეპრესიების, ეს ამის პირდაპირი შედეგია. ჩვენ გვაქვს ამ ტიპის ძალადობაზე დაუსჯელობის ისტორია”.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი ვარაუდობს, რომ ეს შესაძლოა წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყოს და მცდელობა, ჩაახშონ ოპოზიციური ხმა:

alt“როცა ოპოზიციური არხის ჟურნალისტს ასე ესხმიან ქუჩაში თავს, ეს შემთხვევით არ ხდება. ის, რომ ოპოზიციური მედია ივანიშვილის სამიზნეა, დიდი ხანია ვიცით. ვხედავთ რა პროცესები მიმდინარეობს მფლობელების, მენეჯერების მიმართ. ყველანაირი მეთოდით ცდილობს, რომ ჩაახშოს ოპოზიციური ხმა. სწორედ ამ პროცესის გაგრძელებაა ის, რაც მოხდა ვახო სანაიასთან დაკავშირებით. ახლა უკვე პიროვნულად გადავიდნენ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე".

“ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე “ტვ პირველთან” ამბობს, რომ ეს, ფაქტობრივად, არის გალაშქრება იმ პოზიციაზე, რომელიც იმ ტელევიზიას აქვს, რომელშიც ვახო სანაია მუშაობს.

alt“ეს ფაქტი გამომდინარეობს იქიდან, რომ ქვეყანაში “ქართულმა ოცნებამ” დაამკვიდრა საზოგადოების დაყოფის სტანდარტი. ოცნების სტანდარტია, როგორ გაყოს საზოგადოება და როგორ დააპირისპიროს ისინი და თუ ვინმე რამე კრიტიკულ აზრს გამოთქვამს მათი პოლიტიკის მიმართ, იმ წუთშივე მიაწებონ რაღაც ჯგუფს, შერაცხონ ისინი რადიკალებად და ა.შ”.

alt“ეს არის შედეგი ხელისუფლების მიერ სიძულვილის ენისა და აგრესიის წახალისების, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ან ჯგუფების მიმართ”, - ამბობს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე და შესაბამის უწყებებს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებს, - “რათა ხელისუფლების უყურადღებობისა და წახალისებების შედეგად, ქვეყანაში არ გახშირდეს სხვა მსგავსი დანაშაულებრივი ან ძალადობრივი აქტები!”

alt“გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია წერს, რომ ვახო სანაიას და მის ოჯახს, უნდა ჰქონდეთ უფლება ამ საქმისთვის, მათთვის სანდო პროკურორი შეარჩიონ: “და არც ერთ პროკურორს არ უნდა ჰქონდეს დაზარალებულების გარეშე, მოძალადესთან რამეზე გარიგების უფლება, მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიტევება უნდა იყოს გათავისუფლების საფუძველი”.

“არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა”, - ამბობს “ქართული ოცნების” წევრი მაკა ბოჭორიშვილი “ფორმულას” ჟურნალისტის კითხვას - ვახო სანაიაზე თავდასხმა ხომ არ განაპირობა მმართველი გუნდის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ სიძულვილის ენის ხშირად გამოყენებამ:

alt“ნუ დავინახავთ კონკრეტულ ფაქტებს კონტექსტიდან ამოგლეჯილს. ზოგადად, სიძულვილის ენა ამ ქვეყანას არ აკლია. ძალიან სამწუხაროა, რომ ვართ ამ რეჟიმში ვინ უფრო მეტ სიძულვილს გადმოაფრქვევს. არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა. ჩემთვის სასურველია, ასეთ რეჟიმში არ მიმდინარეობდეს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება არც ერთი მხრიდან. ვახო სანაიას ფაქტი ნამდვილად არის შემაშფოთებელი და უნდა იყოს გამოძიებული”.

“ქართული ოცნების” სხვა წევრების კომენტარები ერთმანეთის მსგავსია, ყველა ერთხმად გმობს მომხდარ ძალადობას და აქცენტს დროულ გამოძიებაზე აკეთებს.

alt“ამ ინციდენტზე დროული და ეფექტური რეაგირება მკაფიო გზავნილი უნდა იყოს მათთვის, ვინც გამოსავალს ძალადობაში ხედავს”, - ამბობს “ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტის თავმჯდოარე არჩილ თალაკვაძე.



alt"ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ ნებისმიერ ძალადობას ვგმობ სასტიკად. ეჭვიც არ მეპარება, რომ სასწრაფოდ მოძებნიან ვინც ეს გააკეთა და ძალიან მკაცრად დაისჯება. წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ამაში ხელისუფლებას რაიმე ფორმის ჩარევა ქონდეს. ისეთი გავბრაზდი ახლა, ვერც კი წარმოგიდგენიათ. ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია ჩემთვის, ეჭვიც არ მეპარება, რომ სასწრაფოდ იქნება გამოძიებული", - ამბობს “ქართული ოცნების” წევრი ირმა ზავრადაშვილი ფორმულასთან ინტერვიუში.



alt“ჩვენ კრიტიკას, დიდი ბოდიში და, უარს ვერ ვეტყვით, იმიტომ, რომ ისეთივე მოქალაქეები ვართ ამ ქვეყნის სრულუფლებიანი, როგორიც თქვენ ხართ, მაგრამ თქვენი კრიტიკა ხშირ შემთხვევაში და უმეტეს შემთხვევაში აბსოლუტურად უსაფუძვლოა. დამოკიდებულება, ადამიანურიდან დაწყებული დამთავრებული საქმიან დამოკიდებულებაზე, ვერანიარ კრიტიკას ვერ უძლებს”, - ამბობს “ქართული ოცნების” წევრი გია ვოლსკი.



“ქართული ოცნების” კიდევ ერთი წევრი რატი იონათამიშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმას დეპუტატ ანრი ოხანაშვილზე თავდასხმასთან ამსგავსებს.

alt“სამწუხაროდ, მახსოვს, როცა ანრი ოხანაშვილის მიმართ მოხდა ძალადობრივი პროვოკაცია, ბევრი იცავდა მოძალადეს. არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ ღირს ამად და იმედია, ამ შემთხვევაში მაინც გვექნება ყველას საერთო პოზიცია. სოლიდარობას ვუცხადებ ვახო სანაიას და მადლობა სამართალდამცავებს, რომ მყისიერად მოახდინეს რეაგირება და მოძალადეები დააკავეს შემთხვევის ადგილზე”, - ამბობს იგი.

შეგახსენებთ, დღეს, 25 თებერვალს ტელეკომპანია “ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. ჟურნალისტი მომხდარს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ თავდამსხმელებს აგრესია მის, როგორც მედიის წარმომადგენლის, მიმართ ჰქონდათ.

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა უკიდურესად შემაშფოთებელია და ამ ტიპის ქმედებებზე სახელმწიფოს პასუხი მკაცრი უნდა იყოს.

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და ბოლო პერიოდის საშიში ტენდენცია - საჯარო მოხელეების მხრიდან აგრესიული რიტორიკის გამოყენება მედიის მისამართით, მთავარი აქცენტია სანაიაზე თავდასხმის შესახებ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც. ქარტიაში ამბობენ, რომ მედიის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკა უარყოფითად აისახება ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე.