საქართველო
კატეგორია - საქართველო
თანამშრომელთა გათავისუფლებას აჭარის ტელევიზიაში, გამოძიების დაწყებას „მთავარ არხზე“ გასულ რეპორტაჟზე და ცვლილებებს კანონში, რომელიც კომუნიკაციების კომისიას უფლებას აძლევს კომუნიკაციების სფეროში სპეციალური მმართველი დანიშნოს - ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch მედიის თავისუფლების შეზღუდვის შემაშფოთებელ მცდელობებად აფასებს. 

აჭარის ტელევიზიის საქმე


Human Rights Watch-ის 2021 წლის ანგარიშის  იმ ნაწილში, რომელიც მედიის თავისუფლებას ეხება, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენებს საკმაოდ ვრცელი ადგილი ეთმობა. 

ანგარიშში მოხვდა გასული წლის თებერვალში, მაუწყებლის თანამშრომელთა მდუმარე პროტესტი. შეგახსენებთ, 2020 წლის 28 თებერვალს, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რომ აჭარის მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციიდან გაათავისუფლა შორენა ღლონტი, მაუწყებლის ჟურნალისტების ნაწილმა, მთავარი საინფორმაციო გამოშვების დასასრულს, პირდაპირ ეთერში, ერთწუთიანი დუმილით და მესიჯით - "აჭარის მაუწყებელში სუსია" პროტესტი გამოუცხადა ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს. და, ეს არ იყო თანამშრომელთა პირველი საპროტესტო აქცია. 

alt
"აჭარის მაუწყებელში სუს-ია" - მდუმარე აქცია პირდაპირ ეთერში. 2020 წ. 28 თებერვალი. აჭარის ტელევიზია.

გარდა ამისა, ანგარიშში მოხვდა მაუწყებლიდან მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის თეონა ბაკურიძისა და ასევე, ტოქშოუ "ჰეშთეგის" წამყვანისა და აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარის მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლების ამბავიც. 

თეონა ბაკურიძე ტელევიზიიდან 2020 წლის 13 მარტს გაათავისუფლეს. გათავისუფლების საფუძვლად, დირექტორის ბრძანებაში მითითებული იყო რომ, "თეონა ბაკურიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა შრომითი ხელშეკრულებისა და შრომის შინაგანაწესის პირობების აშკარა უხეშ დარღვევას".  გათავისუფლებას წინ უსწრებდა მისი დროებით მოხსნა ეთერიდან საინფორმაციო სამსახურის ახალდანიშნულ უფროსთან გიორგი აბაზაძესთან კამათის გამო (9 მარტს იგი ჯერ ეთერიდან მოხსნეს, შემდეგ კი საქმის მოკვლევა მისი გათავისუფლებით დაასრულეს).

რაც შეეხება მალხაზ რეხვიაშვილს, ტელევიზიის მენეჯმენტმა იგი სამსახურიდან ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გაათავისუფლა.  გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული იყო, რომ რეხვიაშვილის პოსტით მაუწყებლის დისკრედიტაცია მოხდა. საუბარია რეხვიაშვილის სტატუსზე, რომლითაც იგი ეხმიანებოდა მაუწყებლის თანამშრომლის, თეონა თურმანიძისთვის საქმიანობის შეზღუდვას ასევე ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტის გამო. 

"30 ივლისს ახალმა მენეჯმენტმა კიდევ სამი თანამშრომელი გაათავისუფლა, მათ შორის ალტერნატიული პროფკავშირის ორი აქტიური წევრი, რომელთა ორგანიზებითაც 4 დღით ადრე აქცია მოეწყო სარედაქციო პოლიტიკაში ახალი მენეჯმენტის ჩარევის გასაპროტესტებლად. ისინი სამსახურში მოგვიანებით აღადგინეს, მას შემდეგ, რაც აჭარის ტელევიზიის 280-მა თანამშრომელმა ასეთი მოთხოვნით შედგენილ პეტიციას მოაწერა ხელი", - ვკითხულობთ ამავე ანგარიშში.


აჭარის ტელევიზიის პასუხი ანგარიშზე


ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აჭარის ტელევიზიამ საპასუხო წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც არხი Human Rights Watch-ს უზუსტობებზე, ზედაპირულ დამოკიდებულებასა და სრულიად უსამართლო შეფასებებზე უთითებს.

"როგორც ჩანს, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც განსაკუთრებული ავტორიტეტითა და სანდოობით სარგებლობს, სამწუხაროდ, დაეყრდნო მხოლოდ ცალმხრივ, ანგაჟირებული პირების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რასაც, სიმართლესთან არავითარი კავშირი არ აქვს", - ნათქვამია საპასუხო წერილში.

ამავე წერილში განმარტებულია, რომ თეონა ბაკურიძე სამსახურიდან გათავისუფლდა "მის მიერ განხორციელებული სამსახურებრივი ბულინგის, მობინგისა და სამუშაო პროცესის ჩაშლის გამო, რის შედეგადაც, ერთი თანამშრომლის სტაციონარში, სამკურნალოდ გადაყვანაც კი გახდა საჭირო". მალხაზ რეხვიაშვილის გატავისუფლების მიზეზი გახდა "არა მაუწყებლის დისკრედიტაცია, რაც თავისთავად არის ორგანიზაციის დებულების უხეში დარღვევა, არამედ ტელეწამყვანის მხრიდან, მის მიერ გავრცელებული ყალბი (ფეიკ) ინფორმაციის გასწორებაზე უარის თქმა".

რაც შეეხება 30 ივლისს გათავისუფლებულ და შემდეგ აღდგენილ თანამშრომლებს, ტელევიზიის მენეჯმენტის საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ ეს მტკნარი სიცრუეა: "წარმოუდგენელია ძალადობა, ფიზიკური დაპირისპირება, ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა ვინმეს ეპატიოს პეტიციითა და თუნდაც ასეულობით ადამიანის მოთხოვნით. ფიზიკური ძალადობის ჩამდენი თანამშრომლები საბოლოოდ ჩამოშორდნენ დაკავებულ თანამდებობებს. მათ გაუფორმდათ შრომითი ხელშეკრულებები დოკუმენტური ფილმების წარმოებაზე. გვინდა გვჯეროდეს, რომ ძალადობის წახალისება “ ჰუმან რაითს ვოჩ”–ის მიზანს არ ემსახურება". 



"მთავარი არხის" სიუჟეტის საქმე

ანგარიში ასევე ეხება 2020 წლის ივლისში ოპოზიციურ “მთავარ არხზე” გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოძიების დაწყებას.

შეგახსენებთ, 2020 წლის 2 ივლისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება,  რომელშიც ნათქვამი იყო, რომ "2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „შაბათის მთავარში“ გავიდა გამოგონილ და განზრახ დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტი, რომელიც მასობრივ მაყურებელს აუწყებდა წინასწარ შეცნობით ყალბ ამბავს, რომ თითქოს, მარნეულის მუნიციპალიტეტში პანდემიის პერიოდში სხვადასხვა დაავადებებისგან გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს, ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონავირუსის დასახელების სანაცვლოდ სთავაზობდნენ გარკვეულ ფულად თანხებს, 3000-დან 10000 ლარამდე ოდენობით". 

სუს-ი არხისგან ამ სიუჟეტის დაუმონტაჟებელი, ე.წ. შავ მასალას ითხოვდა. "მთავარმა არხმა" ეს ქმედება მათი დაშინების მცდელობად შეაფასა. მომხდარს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა მედიის საკითხებზე მომუშვე ორგანიზაციების მხრიდან. 

"ორგანიზაციებმა ეს გამოძიება გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის სახიფათო პრეცედენტად შეაფასეს, განსაკუთრებით იმ ნეგატიური დამოკიდებულების გათვალისწინებით, რომელსაც ხელისუფლება „მთავარი არხის“ სარედაქციო პოლიტიკის მიმართ ავლენდა", - ვკითხულობთ Human Rights Watch-ის ანგარიშში. 


ცვლილებები კომუნიკაციების შესახებ კანონში

2020 წლის ივლისში პარლამენტმა მიიღო ცვლილებები „საქართველოს კანონში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, რითიც მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელ ორგანოს, „კომუნიკაციების კომისიას“, უფლებამოსილება მიენიჭა, დანიშნოს „სპეციალური მმართველი“ ელექტრონული კომუნიკაციების ნებისმიერ იმ კომპანიაში, რომელიც ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილებების შესრულებას.

"ასეთ „სპეციალურ მმართველს“ კანონი უფლებამოსილებას ანიჭებს, მიიღოს ნებისმიერი მმართველობითი გადაწყვეტილება გარდა კომპანიის აქციების გასხვისებისა. ადგილობრივ ორგანიზაციათა გაერთიანებამ - „მედიის ადვოკატირების კოალიციამ” და „რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“ ეს კანონი გააკრიტიკეს სამაუწყებლო მედიის თავისუფლების შეზღუდვის გამო. „კომუნიკაციების კომისიის“ თქმით, კანონი მხოლოდ მობილური და ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლებს ეხება და არა მედიას ან მაუწყებლებს", - ვკითხულობთ ანგარიშში.


კატეგორია - საქართველო
13 წლის შემდეგ, ჟურნალისტი, ყოფილი დეპუტატი მაგდა ანიკაშვილი ტელეკომპანია “იმედზე" ბრუნდება. იგი არხზე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ტოქშოუს წაიყვანს. პირველი გადაცემა ეთერში, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს გავა.

როგორც მაგდა ანიკაშვილმა “მედიაჩეკერს” უთხრა, ამ ეტაპზე გადაცემის ფორმატზე მუშაობენ. დამატებითი დეტალები კი საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი.

“მედიაჩეკერის” კითხვაზე, როდის უნდა ელოდოს მაყურებელი ეთერში ტოქშოუს გასვლას, ანიკაშვილი ამბობს, რომ პირველი გადაცემა, სავარაუდოდ, თვის ბოლოს გავა.

მაგდა ანიკაშვილი ტელეკომპანია “იმედში” აქამდეც მუშაობდა. 2006 წლიდან ორი წლის განმავლობაში იგი არხზე ტელეწამყვანი იყო. ანიკაშვილმა “იმედი” 2008 წელს დატოვა და პარტია “გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატებში” გაწევრიანდა. იგი საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

2003 წლიდან 2019 წლამდე, სხვადასხვა პერიოდში, მაგდა ანიკაშვილი მუშაობდა “მეცხრე არხში”, რუსთავი 2-ში”, საზოგადოებრივ მაუწყებლში, “იმედსა” და „მაესტროში“. 2019 წლიდან იყო პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, მოგვიანებით კი პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი.

მაგდა ანიკაშვილის “იმედზე” დაბრუნების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად On.ge-მ გაავრცელა.
კატეგორია - საქართველო
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგმა, რომლის ფარგლებშიც მონიტორები 12 მაუწყებელს აკვირდებოდნენ, აჩვენა, რომ წინასაარჩევნო მედიაგარემო იყო პლურალისტური, თუმცა მკვეთრად პოლარიზებული, გაზრდილი პროფესიული ეთიკის დარღვევის და მანიპულირების შემთხვევებით.

რაში გამოიხატებოდა მაუწყებელთა მკვეთრი პოლარიზებულობა და ორპოლუსიანობა და რა ტიპის ეთიკური დარღვევები გაიზარდა წინა საარჩევნო წლებთან შედარებით -“მედიაჩეკერი” სატელევიზიო ახალი ამბების მონიტორინგის ხელმძღვანელს ნანა ბიგანიშვილს ესაუბრა.

- უპირველეს ყოვლისა, ზოგადი მიმართულებები რომ გამოვკვეთოთ, რა აჩვენა სატელევიზიო ახალი ამბების მონიტორინგმა?

წინასაარჩევნო მონიტორინგმა აჩვენა, რომ მედიაგარემო იყო პლურალისტური, თუმცა მკვეთრად პოლარიზებული, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ტელევიზიების ნაწილი ხელისუფლებისადმი იყო მიკერძოებული, ნაწილი კი ოპოზიციისადმი. არასასურველი პოლიტიკური პარტია ან საარჩევნო სუბიექტი შუქდებოდა ნეგატიურ ტონში.

თუკი, მაგალითად, ბოლო პერიოდში მაუწყებლების მხრიდან მიკერძოება გამოიხატებოდა იმაში, რომ კონკრეტულ პარტიას დადებით კონტექსტში წარმოაჩენდნენ, ახლა პირიქით. გარკვეულწილად შეიცვალა ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკა და მიკერძოება უკვე არასასურველი პოლიტიკური პარტიის ნეგატიური ტონით გაშუქებაში გამოიხატება. ეს ტენდენცია 2016-2017 წლიდან დაიწყო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უკვე კულმინაცია იყო და პოლიტიკური პროცესები მკვეთრად ნეგატიურ ტონში შუქდებოდა.

- შეგვიძლია დავასახელოთ კონკრეტული არხები, სადაც კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების მიმართ მკვეთრად მიკერძოებული დამოკიდებულება გამოჩნდა? ან დავაჯგუფოთ ამავე ნიშნით - მაგალითად, არხები, რომელთა სარედაქციო პოლიტიკა მკვეთრად მსგავსია?

კონკრეტული მაუწყებლების რაოდენობრივი და შინაარსობრივი მონაცემები დეტალურად ანგარიშში მოცემული, ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობდა ორი პოლუსი, ერთი მათგანი ოპოზიციის მიმართ იყო ლოიალური, მეორე კი - საპირისპირო დამოკიდებულებას იჩენდა.

რეალურად, მეტ-ნაკლებად დაბალანსებული, შეიძლება ითქვას, რომ იყო რამდენიმე არხი, თუმცა გარკვეულ თემებთან მიმართებით ისინიც გამოხატავდნენ მიკერძოებას შესაბამისი პოლიტიკური სუბიექტების მიმართ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულად მიუკერძოებელი არცერთი მაუწყებელი იყო და მაინც ორპოლუსიანობა იკვეთებოდა.


«ტელევიზიებმა ხელი შეუწყეს უფრო მეტ რადიკალიზაციას და მაყურებლისთვის მრავალფეროვანი ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით, განსხვავებული არაფერი შეუთავაზებიათ» 


- თქვენც თქვით, რომ მედიაგარემო იყო პლურალისტური, მედიაბაზარზე რამდენიმე ახალი ტელევიზია გამოჩნდა. ამის გათვალისწინებით, მაყურებლისთვის თუ შეიცვალა რამე მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით?

მიუხედავად ტელევიზიების სიმრავლისა, ჩვენი დაკვირვებით, მაყურებლისთვის ინფორმაციის მრავალფეროვნების თვალსაზრისით დიდად არაფერი შეცვლილა. მეტიც, ამ ტელევიზიებმა ხელი შეუწყეს უფრო მეტ რადიკალიზაციას და მაყურებლისთვის მრავალფეროვანი ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით, განსხვავებული არაფერი შეუთავაზებიათ.

- მედიამონიტორინგის ანგარშში ნათქვამია, რომ წინა წლებთან შედარებით გაიზარდა ეთიკური დარღვევების ფაქტები? რა ტიპის დარღვევებს გულისხმობთ?

ხშირი იყო მანიპულაციის ფაქტები და წინა წლებისგან განსხვავებით, გადაუმოწმებელი, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელების, ასევე ბალანსის დარღვევის შეთხვევები. წელს ამგვარი ფაქტების მკვეთრი სიმრავლე გამოიკვეთა.

აგრეთვე, 2020 წელს ადგილი ჰქონდა მოსაზრების ფაქტად გავრცელების შემთხვევებს. კონკრეტული მედიასაშუალებები მაყურებელს დაუზუსტებელ ინფორმაციას როგორც ფაქტს, ისე სთავაზობდნენ. ხშირად ფაქტისა და მოსაზრების ერთმანეთისგან გამიჯვნა სჭირდა. ამგვარი შემთხვევების რიცხვი წლევანდელი მონიტორინგის დროს მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი. აგრეთვე, ხშირად გამოიყენებოდა არანორმატიული ლექსიკა, უხამსი, მადისკრედიტებელი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები და ეს წლევანდელ მონიტორინგში განსაკუთრებულად სჭარბობდა.

- გასული წლების არჩევნებზე, განსაკუთრებით საპრეზიდენტო არჩევნებზე, მედიის გაშუქების მთავარი ხაზი გადიოდა არასასურველი პოლიტიკური სუბიექტის დისკრედიტაციაზე. 2020 წლის არჩევნებზეც თუ იყო ეს ტენდენცია?

დიახ, ეს ტენდენცია 2020 წელსაც გაგრძელდა. მკვეთრად იყო გაზრდილი პოლიტიკური სუბიექტების დისკრედიტაციის შემთხვევები. ტელევიზიების ნაწილი ხელისუფლების დისკრედიტაცის ცდილობდა, ნაწილი ოპოზიციის.

მაგალითად, ოპოზიციისადმი ლოიალური ტელევიზები ხელისუფლების კრიმინალებთან თანამშრომლობაში დადანაშაულებით ცდილობდნენ მმართველი გუნდის იმიჯის შელახვას. თუმცა ამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები მაყურებელისთვის არ შეუთავაზებიათ.

ხელისუფლებისადმი მიკერძეული ტელევიზიები კი - განსაკუთრებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხიელ სააკაშვილისა და ასევე ყოფილი სახელისუფლებო პარტიის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დისკრედიტაციას ცდილობდნენ. “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირის გამო, იყო სრულად ოპოზიციური სპექტრის დისკრედიტაციის მცდელობაც.

 


«მთავარი რაც შეგვიძლია საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვთქვათ, არის ის, რომ
იგი არ არის კრიტიკული ხელისუფლების მიმარ»



- განსაკუთრებით წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მედიის მისამართით არის ხოლმე პრეტენზია, რომ ისინი ამბებს ზედაპირულად აშუქებენ. რა მოიაზრება ზედაპირულ გაშუქებაში და რა აჩვენა წლევანდელმა მონიტორინგმა ამ მიმართულებით?

ტელევიზიების მხრიდან ახალი ამბების გაშუქების დროს ზედაპირულობა კვლავ პრობლემად დარჩა და ნაკლები იყო სიღრმისეული ანალიზი. ნაკლებად იყო აქცენტი კონკრეტული საარჩევნო სუბექტების საარჩევნო პროგრამასა თუ მათ ხედვებზე. თითქმის არ იყო ანალიზი და სწორედ ეს მოიაზრება საკითხის ზედაპირულ წარმოჩენაში.

სატელევიზიო ახალი ამბები მაყურებლებს აწვდიდნენ მხოლოდ მშრალ ინფორმაციას საარჩევნო სუბიექტების აქტივობების შესახებ, რაც ძირითადად მათი მოსახლეობასთან შეხვედრებით იფარგლებოდა. მხოლოდ ამ ინფორმაციის მიწოდებით მაყურებელი ამა თუ იმ პარტიის შესახებ სრულფასოვან ინფორმაციას ვერ იღებდა.

- გვერდს ვერ ავუვლით Covid-19-ის პანდემიას. იქონია თუ არა ამ უკანასკნელმა გავლენა საარჩევნო პროცესების გაშუქებაზე? ხომ არ გადაფარა ჯანდაცვის კრიზისმა საარჩევნო საკითხები? ან ხომ არ შეინიშნებოდა პანდემიის თემის გამოყენება საარჩევნო კონტექსტში, როგორც თქვენ თქვით, ორ პულუსად გაყოფილი მედიის მიერ?

რა თქმა უნდა, პანდემიამ სატელევიზიო ახალ ამბებს თავისი კვალი დაამჩნია, თუმცა პოლიტიკური პროცესები მთლიანად არ განუდევნია.

ამასთან, პანდემია კონკრეტული მედიების მიერ გამოყენებული იყო იმის მიხედვით, თუ რომელ პოლუსს მიეკუთვნებოდნენ ისინი. მაგალითად, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიები კოვიდ-19-ის პანდემიას სამთავრობო გუნდის კრიტიკისთვის იყენებდნენ. საპირისპირო სურათი იყო პროსამთავრობო ტელევიზიებში, სადაც პანდემიის კრიზისს მართვისას ხელისუფლებას დადებითად წარმოაჩენდნენ.

იყო შემთხვევები, როდესაც ამ თემაზე ექსპერტებად წარმოჩენილნი იყვნენ კონკრეტული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ისე რომ არ იყო ინფორმაცია მითითებული მათი პარტიული მიკუთვნებულობის შესახებ. საბოლოო ჯამში, მაყურებლისთვის რთული იყო ობიექტური სურათის აღქმა.

- “საზოგადოებრივ მაუწყებელს” რომ შევეხოთ, როგორც საზოგადების წინაშე ყველაზე ანგარიშვალდებულ ტელევიზიას, როგორ აშუქებდა პირველი არხი საარჩევნო პროცესებს?

“საზოგადოებრივი მაუწყებელი” ცდილობდა მაყურებლის ინფორმირებას და ამას ძირითადად აკეთებდა ეთიკური სტანდარტების დაცვით. მთავარი რაც შეგვიძლია საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვთქვათ, არის ის, რომ იგი არ არის კრიტიკული ხელისუფლების მიმართ. მაგალთად შეგვიძლია დავასახელოთ პრემიერ-მინისტრის დადებითად წარმოჩენის მცდელობა. ასევე, იუსიტიციის მინისტრის რვაწლიანი მუშაობის შეჯამება, რომელიც ძირითადად დადებით ტონში წარმოჩინდა და ჟურნალისტის მხრიდან არცერთი კრიტიკული შეკითხვა დასმულა. იგივე იყო ჯანდაცვის მინისტრთან მიმართებითაც.

კრიზისულ პერიოდებში საზოგადოებრივი მაუწყებელი იჩენდა მიკერძოებას ხელისუფლების მიმართ. მაგალთად ასეთი იყო 20 ივნისის აქციის ერთი წლისთავის გაშუქება. აგრეთვე, ე.წ. “დავით გარეჯის” თემა, როდესაც “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” თავდაცვის მინისტრთან ინტერვიუს ნაწილი, რომელიც ტელეკომპანია “იმედზე” გავიდა, სიუჟეტში გამოიყენა და მას, ფაქტობრივად, ოპოზიციის ლანძღვისა და დისკრედიტაციისთვის ტრიბუნა დაუთმო.

ამასთან, არჩევნების მეორე ტურის წინ, გამოიკვეთა კრიტიკული ტონი უფრო ოპოზიციის მიმართ, ვიდრე მმართველი პარტიისადმი.


«“რუსთავი 2-ის” სარედაქციო პოლიტიკა, რა თქმა უნდა შეიცვალა. ეს ტელევიზია იყო ყველაზე კრიტიკულად განყობილი ხელისუფლებისადმი. ეთერში გადიოდა ექსკლუზიური, სიღრმისეული მასალები, ჟურნალისტური გამოძიებები.
წელს რეალურად, სარედაქციო პოლიტიკა განსხვავებული იყო
» 




- ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია "აჭარის ტელევიზიაში", სადაც მენეჯმენტი შეიცვალა. თუ აისახა ეს ყველაფერი გაშუქების თვალსაზრისით?


ამ ექვსი თვის განმავლობაში, ტელევიზიის სარედაქციო მიდგომა იცვლებოდა. მაგალითად, პირველ პერიოდში არხმა საკმაოდ დიდი დრო დაუთმო მმართველი პარტიის პოლიტიკური აქტივობების გაშუქებას. პირდაპირ ეთერში რთავდა მაჟორიტარების წარდგენას და პრეზენტაციებს, რაც რაოდენობრივ მონაცმებშიც აისახა. შემდეგ მთავარი ადგილი დაიკავა ეპიდაფეთქებამ, რომელიც აჭარაში იყო. ბოლო პერიოდში კი, გამოიკვეთა დადებითი ტონი უკვე უშუალოდ აჭარის მთავრობის მიმართ. ხდებოდა მათი ინტენსიური გაშუქება.

ასევე, უნდა ითქვას, რომ მონიტორინგის პერიოდში, “აჭარის ტელევიზია” აქტიურად აშუქებდა ადგილობრივ პრობლემებს და ხშირად ისმოდა მოქალაქეების მიერ ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების კრიტიკა.

- მნიშვნელოვანი ცვლილებები იყო “რუსთავი 2-შიც”, რამაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გააჩინა მოლოდინი, რომ ამბების გაშუქების თვალსაზრისით პოლიტიკა ხელისუფლების სასარგებლოდ შეიცვლებოდა. რა გამოიკვეთა მონიტორინგისას ძველ და ახალ “რუსთავი 2-ს” თუ შევადარებთ?

რეალურად, “რუსთავი 2-ის” სარედაქციო პოლიტიკა, რა თქმა უნდა შეიცვალა. ეს ტელევიზია იყო ყველაზე კრიტიკულად განყობილი ხელისუფლებისადმი. ეთერში გადიოდა ექსკლუზიური, სიღრმისეული მასალები, ჟურნალისტური გამოძიებები. წელს რეალურად, სარედაქციო პოლიტიკა განსხვავებული იყო.

უნდა ითქვას, რომ არხი ამბებს ძირითადად ეთკური სტანდარტების დაცვით, დაბალანსებულად აშუქებდა. აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ უფრო კრიტიკულად აშუქებდა “ნაციონალურ მოძრაობას” და ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ვიდრე სხვა ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას. სხვა შემთხვევებში, არხი ცდილობდა, რომ შეენარჩუნებინა ბალანსი და ეს რაოდენობრივ მონაცმებეშიც ჩანდა.

იყო რამდენიმე შემთხვევა, მათ შორის დავით გარეჯის თემა, როდესაც ტელევიზიის მხრიდან ხელისუფლების გზავნილების ტირაჟირება შეინიშნებოდა, თუმცა არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ხელისუფლებისადმი ცალსახა მიკერძოებულ პოლიტიკას ატარებს.

- ამ რადიკალიზაციის, პოლარიზაციის, ორ პოლუსად დაყოფის ფონზე, რამდენად ჰქონდა მაყურებელს ინფორმირებული არჩევნის გაკეთების შესაძლებლობა, რამდენად მოახერხეს ეს მაუწყებლებმა?

წინა წლების მსგავსად, ახლაც ნაკლები იყო ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევნის გაკეთებაში დაეხმარებოდა. აღნიშნული, უპირველეს ყოვლისა, ალბათ, იმით იყო გამოწვეული, რომ გარემო იყო მკვეთრად პოლარიზებული. ცხადია, ეს ყველა მაუწყებელს არ ეხება, თუმცა პროცენტული მაჩვენებლებით თუ ვიმსჯელებთ, წელსაც მაყურებელს ამის საშუალება ნაკლებად ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიების რიცხვი გაიზარდა, შინაარსობრივი თვალსაზრისით და მრავალფეროვნების კუთხით არაფერი შეცვლილა.

თუმცა, დადებითი ტენდენციის სახით აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სიძულვილის ენის, ქსენოფობიური გამონათქვამების გამოყენების შეთხვევები მკვეთრად შემცირდა. გამონაკლისის სახით შეგვიძლია დავასახელოთ ტელეკომპანია “ობიექტივი”, სადაც დღემდე რჩება სიძულვილის ენისა და ქსენოფობიური შინაარსის შემცველი სიუჟეტების მომზადება, სხვა მაუწყებლებში მსგავსი შემთხვევები თითქმის არ გვხვდება. აგრეთვე ძალიან იშვიათი იყო გენდერული დისკრიმინაციისა და სექსისტური გამონათქვამებიც და ისიც მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების და არა მედიის მხრიდან.
კატეგორია - საქართველო
ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურს გიორგი ლაფერაშვილი აღარ უძელმძღვანელებს. ინფორმაცია „მედიაჩეკერთან“ თავად ლაფერაშვილმა დაადასტურა. მისივე თქმით, იგი არხზე რჩება და პოლიტიკური შინაარსის ტოქშოუების მიმართუელბას უხელმძღვანელებს.

კითხვაზე, ხომ არ უკავშრდება მისი თანამდებობიდან წასვლა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციის სრულად გაუქმებას, ლაფერაშვილმა აღნიშნა, რომ არ იცის, არხის ხელმძღვანელობა საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა მისი ინფორმაციით, საუბარია, „ერთგვარი ბორდის გაკეთებაზე, რომელიც ოპერატიულ გადაწყვეტილებას მიიღებს საინფორმაციოსთან დაკავშირებით“.

ლაფერაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მისი დაკავებული პოზიციიდან წასვლა საინფორმაციო სამსახურის ფუნქციონირებაზე არ აისახება, საინფორმაციო ხაზი ეთერში რჩება და გუნდი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრობს.

ლაფერაშვილის ინფორმაციით, ცვლილებები არხის სამაუწყებლო ბადესაც შეეხება.

ტელეკომპანია „ფორმულა“ ეთერში პირველად 2019 წლის 1 ოქტომბერს გავიდა. მისი დაფუძნების დღიდან, საინფორმაციო სამსახურს გიორგი ლაფერაშვილი უცვლელად ხელმძღვანელობდა.
კატეგორია - საქართველო
რამდენად პოლარიზებული იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ონლაინ მედია, რა ტიპის ინფორმაცია აღწევდა ფართო აუდიტორიამდე, რა აჩვენა 6 თვიანმა დაკვირვებამ და რა ძირითადი მიგნებები გამოიკვეთა მონიტორინგისას - “მედიაჩეკერი” ონლაინ მედიის მონიტორინგის ხელმძღვანელ გიორგი ჯოლოგუას ესაუბრა.

- 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 6 თვის განმავლობაში 13 გამოცემას აკვირდებოდით. რა პრინციპით შეარჩიეთ აღნიშნული მედიები?

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული გამოცემები, რადგან, ცხადია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ იმ ვებგვერდებს, რომლებსაც ყველაზე მეტი ადამიანი კითხულობს. ერთი სირთულე ის გვაქვს, რომ არ არსებობს ასე გაწერილი რეიტინგები ონლაინ მედიასაშუალებების. ამიტომ ყოველი მონიტორინგის წინ ვატარებთ კვლევას, ვქირაობთ სოციოლოგიური კვლევის ორგანიზაციას და ვთხოვთ, რომ დაგვითვალონ რეიტინგები. ბოლო რამდენიმე წელია ამას დავუმატეთ მეორე კომპონენტიც - მედიის ექსპერტებს, მიუკერძოებელ ადამიანებს, ვთხოვთ, რომ გამოგვიგზავნონ სია, მათი აზრით, რომელი საიტები იქნებოდა საინტერესო მონიტორინგისთვის. ამ ორ შედეგს ვაჯამებთ და შედეგად, ვადგენთ იმ მედიასაშუალებების სიას, რომელსაც დავაკვირდებით.

- რა აჩვენა 6 თვიანმა დაკვირვებამ?

ონლაინ მედიაზე ბევრი კარგის თქმა შეიძლება, წლიდან წლამდე გაუმჯობესება გვაქვს. ერთ-ერთი მიგნება ის არის, რომ გვაქვს საკმაოდ ბევრი ვებგვერდი, რომელიც ცდილობს მაღალი ჟურნალისტური სტანდარტით იმუშაოს, ობიექტურად და მიუკერძოებლად გააშუქოს მოვლენები და სიღრმისეული ინფორმაცია მიაწოდოს მკითხველს. 13 საიტიდან 6 მაინც გვქონდა ისეთი, რომ მხოლოდ დადებითის თქმა შეგვიძლია და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგად მეტყველებს ქართული ონლაინ მედიის განვითარებაზე.

რაც შეეხება სხვა ძირითად მიგნებებს, არ გვხვდებოდა ისეთი მძიმე დარღვევები, რომლებიც უფრო ხშირია, ვთქვათ, პრესაში, ტელევიზიაში, რაც გამოიხატება ჟურნალისტთა მხრიდან განსაკუთრებულად აგრესიულ, შეურაცხმყოფელ, დისკრიმინაციულ, სიძულვილის ენის შემცველ გაშუქებაში. წელს სულ 2-3 პრობლემური ვებგვერდი გვქონდა, თუმცა, ამ ვებგვერდებზეც კი არ შეგვხვედრია ამ ტიპის განცხადებები ჟურნალისტთა ტექსტებში. პრობლემა იყო ის, რომ ჰომოფობიური, ქსენოფობიური, სექსისტური, სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები შუქდებოდა უკომენტაროდ.

- რა ტიპის ეთიკური დარღვევები გვხვდებოდა ყველაზე ხშირად ონლაინ მედიაში?

ერთ-ერთი სერიოზული დარღვევა არის სარეკლამო მასალების არასათანადო გამიჯვნა სარედაქციო სტატიებისგან. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა ქართულ ონლაინ მედიაში. ერთ მაგალითს გეტყვით, რომ უფრო კარგად აღსაქმელი იყოს, რა მასშტაბის პრობლემაზეა საუბარი. მაგალითად, ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ვებგვერდ “ინტერპრესნიუსს” რომ დავაკვირდით, მონიტორინგის პერიოდში გამოქვეყნებული სტატიების (რომლებიც ეხებოდა პოლიტიკის და არჩევნების თემებს) თითქმის ⅓ იყო გამოქვეყნებული სარეკლამო ნიშნით - NS - რომელიც არ არის შესაბამისი მითითება და არ არის მარტივად აღსაქმელი მკითხველისთვის.

წარმოიდგინეთ, როცა ვებგვერდის არჩევნებთან და პოლიტიკასთან დაკავშირებული სტატიების ⅓ იყო დაფინანსებული, ეს მთლიანად ცვლის გაშუქებას და ეს პიარ მომსახურებას უფრო ემსგავსება, ვიდრე ჟურნალისტიკას. ფაქტობრივად, მკითხველს არ ეძლევა საშუალება, რომ გაარჩიოს რომელი სტატიაა რედაქციის მიერ მომზადებული, ჟურნალისტის ნამუშევარი და რომელი შეკვეთილი, კომერციული სარგებლის სანაცვლოდ გამოქვეყნებული.

სხვა ტიპის პრობლემებს რაც შეეხება, ყველაზე ხშირი და გავრცელებული დარღვევა ონლაინ მედიაში არის ბრალდებების ცალმხრივად გაშუქება. როდესაც არის კონკრეტული ბრალდება კონკრეტული პირის მიმართ, ზოგი ვებგვერდი ამას აშუქებს ისე, რომ არ ცდილობს იმავე სტატიაში წარმოადგინოს ბრალდების მხარის პოზიცია და, შესაბამისად, მკითხველს ეძლევა მხოლოდ ერთი მხარის მოსაზრება. ესეც შეინიშნებოდა ისეთ ვებგვერდებზე, რომლებიც ძალიან ტენდენციურად აშუქებენ მოვლენებს. ვთქვათ, ისეთი ვებგვერდები, რომლებიც უფრო ხელისუფლებისკენ იხრება, ასეთ ბრალდებებს ცალმხრივად აშუქებენ ოპოზიციის მისამართით. 


  • იხილეთ ონლაინ მედიის მონიტორინგის ანგარიში სრულად ამ ბმულზე


- ამბობთ, რომ ბრალდებების ცალმხრივი გაშუქება უფრო იმ ვებგვერდებზე შეინიშნებოდა, რომლებიც მიკერძოებული იყვნენ. თუმცა, მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ შერჩეულ ვებგვერდთა დიდ ნაწილში არ ჩანდა მცდელობები, რომ ჟურნალისტებს გადაემოწმებინათ მასალებში წარმოდგენილი კონკრეტული ბრალდებები ან მოეძიებინათ ბრალდებულ მხარეთა კომენტარები...

დიახ, იყო გამონაკლისის სახით რამდენიმე შემთხვევა მონიტორინგის საწყის ეტაპზე ისეთ ვებგვერდებზე, რომლებიც ცდილობენ, რომ ეთიკური სტანდარტების დაცვით გააშუქონ მოვლენები. თუმცა, მონიტორინგის შემდეგ ეტაპებზე გამონაკლისის სახითაც აღარ გვხვდებოდა. ეს გამონაკლისიც მხოლოდ კვლევების გაშუქებისას გვხვდებოდა.

ბალანსის და ბრალდებების ცალმხრივად გამოქვეყნების პრობლემები გვხვდებოდა სამ ვებგვერდზე “მარშალპრესი”, “კვირა” და “პრაიმტაიმი”. ამ საიტებზე სისტემატურად გვხვდებოდა მძიმე ბრალდებების ცალმხრივად გაშუქება. თუმცა, ესეც არ იყო ჟურნალისტთა ტექსტები, ეს იყო პოლიტიკოსების მიერ გაჟღერებული ბრალდებები მათი ოპონენტების მიმართ.

- თქვენი დაკვირვებით, ბრალდებების ცალმხრივად გაშუქების მიზანი კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების დისკრედიტაცია იყო?

მიზნის თქმა ზუსტად შეუძლებელია, ჩვენ ვაკვირდებით იმ მესიჯს, გზავნილებს, რაც მოდის მედიაპროდუქტიდან. მიზანს, ამის უკან რა დგას, ჩვენ არ ვიკვლევთ. თუმცა, მიზანზე მიუთითებს ის, რომ ასეთი ბრალდებების გაშუქება გვხვდებოდა მხოლოდ ოპოზიციონერ კანდიდატთა მიმართ. ეს გვაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ეს ხდებოდა მიზანმიმართულად და არა შემთხვევით, ან უბრალოდ სტანდარტების არცოდნის გამო.

- რამდენიმე მედიასაშუალება დაასახელეთ და თქვით, რომ ძალიან აშკარა იყო ამ ვებგვერდებზე ხელისუფლების მიმართ მიკერძოება. დანარჩენ სამონიტორინგო ვებგვერდებს რაც შეეხება, ხომ არ გამოკვეთილა ზოგადად ოპოზიციის ან რომელიმე კონკრეტული ოპოზიციური პარტიის მიმართ მიკერძოება ან სიმპატია?

არა, ერთ-ერთი მთავარი მიგნება წლევანდელი მონიტორინგის სწორედ ეს არის, რომ არ გვხვდებოდა პოლარიზაცია. წელს გვხვდებოდა ვებგვერდები, რომლებიც აშკარად ხელისუფლებისკენ იყო, ასევე, გვხვდებოდა ვებგვერდები, რომლებიც ძალიან კრიტიკულად იყო ხელისუფლების მიმართ. თუმცა, ჩვენ არცერთი ვებგვერდი არ შეგვხვედრია, რომელზეც რომელიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მიმართ განსაკუთრებული, აშკარა მხარდაჭერა გამოკვეთილიყო.

ერთადერთი იყო “ტაბულა”, რომელზეც “ევროპულ საქართველოს” ჰქონდა ბევრად მეტი გაშუქება, ვიდრე სხვა ოპოზიციურ პარტიებს, თუმცა იქაც არ ჩანდა განსაკუთრებულად დადებითად გაშუქების ტენდენცია. ამბები ამ პარტიის მიმართ უარყოფით ტონშიც შუქდებოდა. ანუ აქაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ დაბალანსებული გაშუქება იყო და აშკარა მხარდაჭერა არ შეინიშნებოდა.

- დასაწყისში ახსენეთ, რომ მკითხველს ჰქონდა საშუალება სიღრმისეულ, ანალიტიკურ სტატიებს გაცნობოდა და ამ მხრივ წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესება შეინიშნებოდა. მონიტორინგის საბოლოო ანგარიშში კი ერთ-ერთ მიგნებად გამოყოფილია, რომ ონლაინ მედიაში კვლავ პრობლემად რჩება ზედაპირული გაშუქება. ამ ნაწილში იმ მედიასაშუალებებს გულისხმობთ, რომლებიც ხელისუფლების მიმართ იყო მიკერძოებული?

დიახ, სწორედ ასეთ ვებგვერდებზე იყო ზედაპირული გაშუქების პრობლემა. ჩვენ ვთქვით, რომ 13 მედიასაშუალებიდან 6-ზე შეგვიძლია კარგი დასკვნების გაკეთება, თუმცა, მეორე მხარეს რჩება 7 ვებგვერდი, სადაც კვლავ პრობლემად რჩება მოვლენების ზედაპირული გაშუქება. ნადვილად ვერ ვიტყვით, რომ ეს ეხება მთლიანად ონლაინ მედიას, თუმცა გვაქვს მედიასაშუალებები, სადაც ეს პრობლემა კვლავ არსებობს.





- პანდემიის გამო, წლევანდელი საარჩევნო პერიოდი განსხვავებული იყო წინა წლებისგან. როგორ აისახა ეს მონიტორინგზე? ხომ არ ფიქრობთ, რომ პანდემიასთან დაკავშირებულმა თემებმა ჩაანაცვლა მედიაში წინასაარჩევნო დღის წესრიგი?

ჩვენ ვაკვირდებოდით მხოლოდ ისეთ მასალებს, რომლებშიც ჩვენი სუბიექტები იყვნენ - პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, სახელმწიფო უწყებები, ქვეყნის მეთაურები. ერთადერთი, რაც ძალიან ნათლად აისახა ონლაინ მედიის მონიტორინგის შედეგებზე პანდემიით გამოწვეული მდგომარეობიდან იყო ის, რომ აბსოლუტურად ყველა ვებგვერდზე ძალიან მაღალი დადებითი ტონის მაჩვენებელი ჰქონდა პრემიერ მინისტრს. ისეთ ვებგვერდებზეც კი, რომლებიც ზოგადად ძალიან კრიტიკულად იყვნენ განწყობილი მთავრობის და თავად პრემიერ მინისტრის მიმართ. ეს გამოიწვია იმან, რომ პანდემიის პირობებში მთავრობის მიერ მომზადებული სხვადასხვა სახის დახმარების პაკეტები ყოველთვის ჟღერდებოდა პრემიერ მინისტრის მხრიდან. შესაბამისად, ეს აისახა მისი გაშუქების მაჩვენებელში.

- თქვენი დაკვირვებით, რამდენად ჰქონდა ონლაინ მედიის მკითხველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება?

ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ვებგვერდების ნაწილი საარჩევნო პერიოდში მკითხველს აწვდიდა სანდო, სიღრმისეულ ინფორმაციას პოლიტიკოსების საქმიანობის შესახებ, მათი საარჩევნო პროგრამების, ხედვების შესახებ. შემაჯამებლად, შეგვიძლია იმის თქმა, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ონლაინ მედიიდან მიიღოს სანდო ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

ჩვენ ონლაინ მედიას 2012 წლიდან ვაკვირდებით და თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ეს 8 წელი უწყვეტად არის გაუმჯობესების პროცესი. 2012 წელს უკიდურესად პოლარიზებული იყო ქართული ონლაინ მედია. ნაწილი ერთ მხარეს იდგა და ნაწილი - მეორე მხარეს და ეს ძალიან აშკარა იყო. შემდეგ წლებში სულ უფრო და უფრო მცირდებოდა პოლარიზაცია. პარალელურად, ჩნდებოდა ასეთი პრობლემა, რომ რეიტინგულად ძალიან მაღლა მიიწევდნენ ისეთი ვებგვერდები, რომლებიც ზედაპირულად აშუქებდნენ მოვლენებს. ამ კუთხით ბევრად უკეთესი სიტუაცია გვაქვს. ისეთი ვებგვერდების რეიტინგები უფრო გაიზარდა, რომლებიც მიუკერძოებლად, ეთიკური სტანდარტების დაცვით და სიღრმისეულად აშუქებენ მოვლენებს. ამიტომ, ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2012 წლიდან მოყოლებული სულ გაუმჯობესება გვაქვს ქართულ ონლაინ მედიაში. წელს შერჩეული მედიასაშუალებების თითქმის ნახევარი იყო აბსოლუტურად სანდო და საიმედო საარჩევნო პერიოდში.
კატეგორია - საქართველო

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში "რადიო მარნეულის" დამფუძნებელი და დირექტორი კამილა მამედოვა უხელმძღვანელებს. ამ პოზიციაზე მან "სტუდია მონიტორის" რედაქტორი ნანა ბიგანიშვილი ჩაანაცვლა.

კამილა მამედოვა ქარტიის საბჭოს განახლებულმა შემადგენლობამ აირჩია. ქარტიის საბჭოში დღეს, 19 დეკემბერს, ქარტიის წევრთა ტრადიციულ საერთო კრებაზე, სამი ახალი წევრი აირჩიეს - ნინო ჯაფიაშვილი, გულო კოხოძე და სოფო ჟღენტი.  უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო კი საბჭო დატოვეს - გელა მთივლიშვილმა, მაია მერკვილაძემ და ლიკა ზაკაშვილმა. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 9 ჟურნალისტისგან შედგება. 9 წევრიან საბჭოში 3-ს თბილისის კვოტით ირჩევენ, 6-ს კი რეგიონების. საბჭოს წევრები 3 წლის ვადით ირჩევიან. თავის მხრივ, საბჭოს წევრები შემადგენლობიდან ერთი წლის ვადით ირჩევენ საბჭოს თავმჯდომარეს. ერთსა და იმავე პირს საბჭოს თავმჯდომარეობა ზედიზედ მხოლოდ ორჯერ შეუძლია.

ქარტიის საბჭო, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, საქმეებს შემდეგი შემადგენლობით განიხილავს:

  1. ზვიად ქორიძე - მედიაექსპერტი, "მთის ამბების" კონსულტანტი; 
  2. ნანა ბიგანიშვილი - სტუდია მონიტორი
  3. კამილა მამედოვა - რადიო მარნეული
  4. ნინა ხელაძე - TOK TV
  5. ირმა ზოიძე - სტუდია REC 
  6. ნინო ჯაფიაშვილი - რადიო თავისუფლება
  7. სოფო ჟღენტი - აჭარის ტელევიზია
  8. გულო კოხოძე - "სამხრეთის კარიბჭე"
  9. ნათია ზოიძე - დამოუკიდებელი ჟურნალისტი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 2009 წელს დაარსდა. დღეის მდგომარეობით ქარტია აერთიანებს 339 ჟურნალისტს მთელი საქართველოს მასშტაბით. ქარტიის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას და იზიარებს ქარტიის პრინციპებს.
კატეგორია - საქართველო
დღეს, 19 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა მეთორთმეტე საერთო კრებაზე, ქარტიის ხელმომწერმა ჟურნალისტებმა ქარტიის საბჭოს სამი ახალი წევრი აირჩიეს.

ქარტიის საბჭოს სამი ახალარჩეული წევრიდან, ერთი თბილისის კვოტითაა არჩეული, ორი კი რეგიონების.

საბჭოს წევრები გახდნენ:

თბილისის კვოტით - ნინო ჯაფიაშვილი
რეგიონის კვოტით - გულო კოხოძე და სოფო ჟღენტი
 
მათ ამ პოზიციაზე ლიკა ზაკაშვილი, გელა მთივლიშვილი და მაია მერკვილაძე ჩაანაცვლეს.

ქარტიის საბჭოში სულ 9 წევრია, 6 წევრი რეგიონულ მედიას წარმოადგენს, 3 კი - თბილისს.

ქარტიის საბჭოს ახალი შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. ზვიად ქორიძე
  2. ნანა ბიგანიშვილი
  3. კამილა მამედოვა
  4. ნინა ხელაძე
  5. ირმა ზოიძე
  6. ნინო ჯაფიაშვილი
  7. სოფო ჟღენტი
  8. გულო კოხოძე
  9. ნათია ზოიძე
კატეგორია - საქართველო
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დღეს, 19 დეკემბერს, ქარტიის საერთო კრებაზე "ქარტიის პრიზი 2020-ის" გამარჯვებულები გამოავლინა.

დამოუკიდებელმა ჟიურიმ საუკეთესოდ შემდეგი ნამუშევრები მიიჩნია:



პირველ ოთხ კატეგორიაში პრიზი გაიცა აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით, ხოლო COVID-19-ის საკითხებზე პრიზი დაწესებული იყო IREX-ის M-TAG პროგრამის მიერ.

გამარჯვებულებს საჩუქრად ქარტიის სპეციალური პრიზები გადაეცათ.
კატეგორია - საქართველო

პროფესიული ეთიკის დარღვევისა და მანიპულირების გაზრდილი შემთხვევები, სიღრმისეული, მოკვლევითი სიუჟეტების სიმცირე და სიძულვილის ენისა და დისკიმინაციული ლექსიკის გამოყენება - ასეთი იყო ტელემედია წინასაარჩევნოდ, რომელიც კვლავ რჩება პლურალისტურად, თუმცა მკვეთრად პოლარიზებულად.

დღეს, 18 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 2020 წლის წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის საბოლოო ანგარიში წარადგინა. ქარტია მედიის მოიტორინგს გაეროს განვითარების პროექტის „საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევის“ ფარგლებში ახორციელებდა.

მონიტორინგი 2020 წლის 15 ივნისიდან 21 ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს. ამ დროის განმავლობაში მონიტორები შემდეგ 12 არხს აკვირდებოდნენ: პირველი არხი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია მთავარი, რუსთავი 2, იმედი, ფორმულა, ტვ პირველი, მაესტრო, ობიექტივი, კავკასია, პალიტრა ტვ, POSTV


მონიტორინგის საბოლოო ანგარიშის მთავარი მიგნებების თანახმად, ყველა არხის მონაცემებით, პარტიებს შორის ყველაზე მეტი დრო დაეთმო „ქართულ ოცნებას“. მას მოსდევს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო".

ანგარიშში ნათქვამია, რომ  წინასაარჩევნო მედიაგარემო პლურალისტური, თუმცა მკვეთრად პოლარიზებული იყო. მაუწყებელთა ერთი ნაწილი ხელისუფლებისადმი იყო მიკერძოებული, მეორე კი ოპოზიციისადმი. მიკერძოება არასასურველი საარჩევნო სუბიექტის ნეგატიურ გაშუქებაში გამოიხატებოდა. 

მაგალითად, ანაგრიშის მიხედვით, „ქართული ოცნება“ ყველაზე დადებითად POSTV-ზე გაშუქდა (დადებითი ტონი იყო დათმობილი დროის 39%), ყველაზე უარყოფითად კი "მთავარ არხზე“ - (72% უარყოფითი ტონი). „ქართული ოცნების“ მიმართ ყველაზე კრიტიკული სიუჟეტები ხშირად ამ არხის ეთერში გადიოდა. 

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას“, ეს პარტია ყველაზე დადებითად „მთავარი არხის“ ეთერში გაშუქდა(დათმობილიდროის 13 %),  ყველაზე უარყოფითად „ობიექტივზე“  (დროის 91 %); "ევროპულ საქართველოს“ ყველზე მეტი დრო „ფორმულას“ ეთერში დაეთმო, "ობიექტივი" კი ტრადიციულად,  ყველაზე მეტ დროს „პატრიოტთა ალიანსს“ უთმობს.

ანგარიშის მიხედვით, "ქართული ოცნების" მსგავსად, მთავრობაც ყველაზე პოზიტიურად POSTV-ს ეთერში გაშუქდა (დროის 38% დადებითი ტონით გაშუქებას დაეთმო), ხელისუფლებისადმი ყველაზე კრიტიკული ტონი კი „მთავარ არხს“ აქვს (დროის 69%).  

ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 

  • „პირველ არხს“ ხელისუფლებისადმი არაკრიტიკული, ლოიალური სარედაქციო პოლიტიკა აქვს;

  • „მთავარ არხს“ მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის მიმართ;

  • იმედი“ და POSTV ხელისუფლებისადმი მიკერძოებით გამოირჩევა. აქ მმართველი გუნდი აბსოლუტურად დადებითადაა წარმოჩენილი. ამ არხებზე ოპოზიცია მაქსიმალურად დისკრედიტირებულია.

 

რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდნეტს, მიხეილ სააკაშვილს, ანგარიშის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ყველაზე მეტი დრო POSTV-მ დაუთმო და ამავე დროს, მიხეილ სააკაშვილი ყველაზე უარყოფითადაც ამ არხზე გაშუქდა (86%), ყველაზე დადებითად კი სააკაშვილი "მთავარმა არხმა" გააშუქა, - მისთვის დათმობილი დროის 24 % მის დადებით შეფასებას მიეძღვნა.

რაოდენობრივი მონაცემების გარდა, საინტერესოა თვისებრივი კვლევის მიგნებებიც. ამ მიგნებების თანახმად, გასულ წლებთან შედარებით ტელემედიაში გაზრდილია პროფესიული ეთიკის დარღვევისა და მანიპულირების შემთხვევები. ხშირია გონივრული ბალანსის დარღვევის და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების ფაქტები.

ასევე, ტენდენციებში ვკითხულობთ, რომ:
  • სატელევიზიო ახალ ამბებში პრობლემად რჩება მოვლენების ზედაპირულად გაშუქება. მაუწყებელების ეთერში იშვიათად გვხვდება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების სიღრმისეული ანალიზი;

  • წინა წლების მსგავსად, თითქმის ყველა არხზე პრობლემად რჩება საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებული სიღრმისეული, მოკვლევითი სიუჟეტების სიმცირე, რაც ამომრჩეველს დაეხმარებოდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში;

  • მაუწყებლების ნაწილი ხშირად იყენებდა სამთავრობო უწყებების პრესსამსახურების მომზადებულ მასალებს მათ წარმომავლობაზე ნათლად მითითების გარეშე;

  • სატელევიზიო ახალ ამბებში კვლავ გვხვდება სიძულვილის ენისა და დისკიმინაციული ლექსიკის გამოყენების შემთხვევები. ამ მხრივ გამორჩეულია „ობიექტივი“, სადაც, ტრადიცულად, ამჯერადაც არაერთხელ დაფიქსირდა ქსენოფობიური განცხადებები;

  • წინა წლების მსგავსად, კვლავ პრობლემას წარმოადგენდა გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი განცხადებების უცვლელად და უკომენტაროდ გაშუქება;

  • მონიტორინგის პერიოდში სექსისტური განცხადებების ტირაჟირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. სექსისტური განცხადების ავტორები პოლიტიკოსებთან ერთად იყვნენ ჟურნალისტებიც.


ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ აქ 

 



ტელემედიის გარდა, წინასაარჩევნოდ მონიტორები აკვირდებოდნენ ასევე ონლაინ მედიას, სოციალურ ქსელს, ტოქშოუებს, გაზეთებსა და რადიოებს. ასევე, მონიტორინგდებოდა როგორ აშუქებს მედია უცხოურ გავლენას საქართველოზე. 

მედიამონიტორინგი ხორცილდება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, სამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან, ინტერნიუს საქართველოსსა და CRRC-საქართველოსთან.
კატეგორია - საქართველო
საქართველოში სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი ყოველწლიურად მცირდება. ამის მიუხედავად, ბოლო წლებში არაერთი ახალი მაუწყებელი გამოჩნდა ბაზარზე. შეამცირა თუ არა პანდემიამ ტელე-მედიაორგანიზაციების შემოსავლები? - ამის გასარკვევად "მედიაჩეკერმა" კომუნიკაციების კომისიაში  თავად მაუწყებლების მიერ გაგზავნილი მონაცემები შეისწავლა, რომელიც 2020 წლის პირველი 9 თვის პერიოდს მოიცავს.

სატელევიზიო რეკლამის ბაზარი ისევ შემცირდა

2020 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ტელევიზიებმა ჯამში 42,204,809 ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს, რაც 3,272,873 ლარით, ანუ 7%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (45,477,682 ლარი) შედარებით. თავის მხრივ, გასულ წელს, როდესაც პანდემია არ არსებობდა და არც მისგან გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური ეფექტი, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების მოცულობა ქვეყანაში 10%-ით შემცირდა 2018 წელთან შედარებით.

სატელევიზიო რეკლამის ეგიდით კომუნიკაციების კომისია ითვლის ტელევიზიებში უშუალოდ რეკლამით, სპონსორობით, პროდუქტის განთავსებით, განცხადებებითა და ტელეშოპინგით მიღებულ შემოსავლებს.

ახალი მაუწყებლები მაღალი სარეკლამო შემოსავლების მქონე მაუწყებლების ათეულში

ყველაზე მაღალი სარეკლამო შემოსავლების მქონე მაუწყებლების ათეულში სამი ტელევიზია ბოლო ერთ წელში შეიქმნა: "მთავარმა არხმა" მაუწყებლობა 2019 წლის სექტემბერში დაიწყო, “ფორმულამ” - გასული წლის ოქტომბერში, ხოლო "პოსტვ-მ" - ასევე გასული წლის ნოემბერში. ამის მიუხედავად, სარეკლამო შემოსავლების მიხედვით, მაუწყებლების ტოპ ათეულში "მთავარი" მესამე პოზიციაზეა (4,727,804 ლარი), "ფორმულა" (1,245,520 ლარი) და "პოსტვ" (923,928.49 ლარი) კი მე-6 და მე-7 პოზიციებს ინაწილებენ.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად, 784 ათასი ლარით გაიზარდა ტვ პირველის სარეკლამო შემოსავალი, რამაც 2020 წლის 9 თვეში 3,163,680 ლარი შეადგინა; 336 ათასი ლარით გაიზარდა GDS-ის სარეკლამო შემოსავალი და 1,575,037 ლარი შეადგინა; 155 ათასი ლარით არის გაზრდილი “იმედის” სარეკლამო შემოსავლები, რამაც 2020 წლის 9 თვეში 16,970,834 ლარი შეადგინა; თითქმის 52 ათასი ლარით გაიზარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავალი და 816,089 ლარი შეადგინა.

ყველაზე მეტად, 9.4 მილიონი ლარით შემცირდა “რუსთავი 2”-ის სარეკლამო შემოსავალი და 7,689,254 ლარი შეადგინა; 1 მლნ 300 ათასი ლარით შემცირდა “სილქნეტის” სარეკლამო შემოსავალი და 671,687 ლარი შეადგინა; “სეტანტამ” კი 2020 წლის 9 თვეში 502,213 ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 300 ათასი ლარით ნაკლებია.

გასული წლის მონაცემებით, მაღალი სარეკლამო შემოსავლების მქონე ტელევიზიების ათეულში იყო, "პირველი გასართობი" არხი და პალიტრა ტვ, რომლებიც 2020 წლის რეიტინგში "ფორმულამ" და "პოსტვ-მ" ჩაანაცვლა.

აღსანიშნავია, რომ მთლიანი სარეკლამო შემოსავლების 91% სწორედ პირველ ათეულზე ნაწილდება.

ეროვნულ მაუწყებლებს შორის კვლავაც მწირი სარეკლამო შემოსავლები აქვს ტელეკომპანია "კავკასიასა" (178,443 ლარი) და “ობიექტივს” (48,890 ლარი). ამასთან, “კავკასიის” სარეკლამო შემოსავლები მიმდინარე წლის 9 თვეში 79,563 ლარით შემცირდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო “ობიექტივის” - 87,228 ლარით.

მაღალი სარეკლამო შემოსავლების მქონე რეგიონული მაუწყებლების ხუთეული


წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტი სარეკლამო შემოსავლების მქონე რეგიონული მაუწყებლების ხუთეულმა ცვლილება განიცადა. ხუთეულს გამოეთიშა ტელეკომპანია “რიონი”, რომლის სარეკლამო შემოსავლები 2020 წლის 9 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 88,780 ლარით შემცირდა.

ხუთეულში “რიონი” ტელეკომპანია “გურჯაანმა” ჩაანაცვლა, რომლის სარეკლამო შემოსავლები 26 ათასი ლარით გაიზარდა და ჯამში, 118,188 ლარი შეადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60 ათასი ლარით ნაკლები მიიღო, წელსაც ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს სარეკლამო შემოსავლების კუთხით “ტვ25”. მიმდინარე წლის 9 თვეში მან 335,128 ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო.

ხუთეულში მეორე ადგილზეა ტელეკომპანია “თრიალეთი” - 165,457 ლარის სარეკლამო შემოსავლით, რაც წინა წელთან შედარებით 96 ათასი ლარითაა შემცირებული.

მესამე პოზიციაზეა “ტვ4” - 164,393 ლარი სარეკლამო შემოსავლით. ამასთან, ტვ4-ის შემოსავლები მიმდინარე წლის 9 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6 ათასი ლარითაა გაზრდილი.

ხუთეულში მეოთხე პოზიცია უჭირავს ტელეკომპანია ოდიშს, რომლის სარეკლამო შემოსავლები წინა წელთან შედარებით 46 ათასი ლარით შემცირდა და მიმდინარე წლის 9 თვეში 134,778 ლარი შეადგინა.


alt


ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტელევიზიები

საქართველოში სარეკლამო შემოსავლები ხშირად არ არის მაუწყებლების მთლიანი შემოსავლების მთავარი განმსაზღვრელი.

მაგალითად, თუკი სარეკლამო შემოსავლევის მიხედვით, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მე-8 ადგილზეა, მთლიანი შემოსავლებით იგი ყველაზე მაღალშემოსავლიანი მაუწყებელია ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, მიმდინარე წლის 9 თვეში მისი ჯამური შემოსავალი 8.5 მილიონით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 53,486,057 ლარი შეადგინა. მათ შორის, სარეკლამო შემოსავალი მხოლოდ 816,089 ლარია.


alt

ჯამური შემოსავლების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, მეორე ადგილზეა ტელეკომპანია “ფორმულა”. “ფორმულამ” მიმდინარე წლის 9 თვეში 24,996,074 ლარის შემოსავალი მიიღო, აქედან სარეკლამო შემოსავლის წილი მხოლოდ 1,245,520 ლარია.

შემოსავლევის მიხედვით, მეორედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა ტელეკომპანია “იმედმა”. მაუწყებლის ჯამურმა შემოსავალმა 17,074,347 ლარი შეადგინა, ანუ დაახლოებით 200 ათასით მეტი წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით. “იმედის” ჯამური შემოსავლის ძირითადი ნაწილი - 16,970,834 ლარი სარეკლამო შემოსავალია.

“მთავარმა არხმა” 15,188,895.65 ლარის შემოსავალი მიიღო მიმდინარე წლის 9 თვეში და შესაბამისად, ათეულში მან მერვედან მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა. “მთავარი არხის” ჯამურ შემოსავალში რეკლამის წილი 4,727,804 ლარია.

თითქმის განახევრებულია “რუსთავი 2”-ის შემოსავალი და რეიტინგში მან მესამედან მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. 2020 წლის 9 თვეში “რუსთავი 2”-მა 8,616,389 ლარის შემოსავალი მიიღო და ძირითადი ნაწილი - 7,689,254 ლარი სწორედ სარეკლამო შემოსავლებია.

მაღალშემოსავლიანი ტელევიზიების ათეულში მეექვსე პოზიცია უკავია “ევრონიუს ჯორჯიას”, რომელიც მიმდინარე წლის მარტიდან ამოქმედდა. “ევრონიუს ჯორჯიამ” 7,839,465 ლარის შემოსავალი მიიღო მიმდინარე წლის მარტიდან სექტემბრის ჩათვლით.

ათეულში შემდეგ ადგილებს ინაწილებენ - აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი (7,022,727 ლარი), ტვ პირველი (3,422,746 ლარი), აჭარასპორტ ტვ (2,084,443 ლარი) და ობიექტივი (1,698,731 ლარი).

გასული წლის ათეულში მყოფი ტელეკომპანიები “ჯიდიესი” და “სილქნეტი”, წელს “ევრონიუსმა” და “აჭარასპორტ ტვ”-მ ჩაანაცვლეს.

შესწორება: მასალაში შესწორდა 2 მონაცემი. თავდაპირველ ვერსიაში მითითებული იყო, რომ ტელეკომპანია “კავკასიაში” სარეკლამო შემოსავალი შემცირდა 144 ათასი ლარით და რეალურად შემცირების მაჩვენებელმა შეადგინა 79,563 ლარი. ანალოგიურად, ტელეკომპანია “რიონის” შემთხვევაშიც, შეცდომით იყო მითითებული, რომ სარეკლამო შემოსავალი შემცირდა 146 ათასი ლარით, რეალურად კი 88,780 ლარით შემცირდა.
კატეგორია - საქართველო
კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ 58,061 ლარით დააჯარიმა. კომისიის ინფორმაციით, მაუწყებელი კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის და წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამების განთავსების დროისა და გავრცელების წესის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით განთავსების გამო დაჯარიმდა.

საქმე ეხება 6 და 7 ნოემბერს გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ და პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოს“ დაკვეთით განთავსებულ ფასიან პოლიტიკურ რეკლამებს. კომუნიკაციების კომისია განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, წინასაარჩევნო რეკლამებს მაუწყებლები გადასცემენ მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან და „მთავარ არხს“ პოლიტიკური რეკლამების ეთერში განთავსების უფლება მხოლოდ მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან -16 ნოემბრიდან ჰქონდა.

“იმის გათვალისწინებით, რომ იდენტური დარღვევისთვის კომუნიკაციების კომისიას მაუწყებლის მიმართ თებერვალში უკვე გამოყენებული აქვს ფულადი სანქცია, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის გამო, „მთავარ არხს“ ჯარიმა წლიური შემოსავლის 1%-ის ოდენობით დაეკისრა” - ვკითხულობთ კომისიის განცხადებაში.

“არ გამოვიდა ჩემზე, დაიწყეს რეპრესიები ტელევიზიაზე” - ამ განცხადებით კომინიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფეისბუქის პირად გვერდზე გამოეხმაურა:

“წინასაარჩევნო პერიოდში მოქმედებს “საარჩევნო კოდექსი”. კოდექსში შესაბამისი მუხლი ვერ მოძებნეს და “მაუწყებლობის კანონით” დაგვაჯარიმეს. დაჯარიმებისთვის გამოყენებული მუხლის მიხედვითაც კი შეეძლოთ 5000 ლარით დაჯარიმება, მაგრამ დაგვაჯარიმეს 58.000-ით. წახვალ და სასამართლოში უჩივლებ თუ რა?” - წერს გვარამია.
კატეგორია - საქართველო
კომინიკაციების კომისიამ “რუსთავი 2” და GDS TV 2500-2500 ლარით დააჯარიმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევის გამო, კომინიკაციების კომისიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2“ და GDS TV 2500-2500 ლარით დააჯარიმა. კომისიის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივრით მოქალაქეებმა მიმართეს.

კომისიის მიერ გავრცველებულ განცხადებაში ნათქვმია, რომ საქმე ეხება მაუწყებლების მიერ ეთერში არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი ფილმებისა და სერიალების განთავსებას. კერძოდ, მაუწყებლებს დარღვევა გამოუვლინდათ მაუწყებელთა მიერ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამების განთავსების დროითი შეზღუდვებისა და შესაბამისი ნიშანდების მინიჭების წესის აღსრულების ნაწილში.

კომისიის ინფორმაციით, ტელეკომპანია “რუსთავი 2“-მა საკითხის განხილვის დაწყების შემდეგ სრულად ამოიღო დარღვევით განთავსებული ფილმები, ხოლო GDS TV-იმ ნაწილობრივ და აღნიშნული მაუწყებელი ვალდებულია, რომ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი სერიალის კანონით აკრძალულ დროს განთავსება დაუყოვნებლივ შეწყვიტოს.

კომინიკაციების კომისია აცხადებს, რომ “ბავშვის უფლებათა კოდექსში შესული ცვლილებებით, მაუწყებლებმა არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამის განთავსებისგან თავი უნდა შეიკავონ დღის შემდეგ მონაკვეთებში: 18 წლამდე მოზარდისთვის შეუსაბამო პროგრამა 6-იდან 24 საათამდე, 15 წლამდე 6-იდან 23 საათამდე, 12 წლამდე 6-იდან 21 საათამდე, 7 წლამდე 6-იდან 21 საათამდე. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561-ე მუხლის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს საფრთხის შემცველი ინფორმაციისაგან ბავშვის დაცვა, რა მიზნითაც მაუწყებელი პროგრამულ ბადეს უნდა გეგმავდეს კანონით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.”

“შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ძალაში შევიდა კომუნიკაციების კომისიის დადგენილება, რომელიც ბავშვებს ინტერნეტში განთავსებული საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან დაიცავს. მშობლებს ეძლევათ მოქნილი მექანიზმები შვილებისთვის ისეთ ვირტუალურ სივრცეებთან წვდომის შესაზღუდად, რომლებსაც მათ ფსიქიკაზე მავნე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ” - ვკითხულობთ განცხადებაში.