საქართველო
კატეგორია - საქართველო


„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე ჩეხი ჟურნალისტის, რეი ბეისლის საქართველოში არშემოშვების ფაქტს გმობს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უცხოელი ჟურნალისტების ქვეყანაში შესვლის აკრძალვის შემაშფოთებელი პრაქტიკა უნდა დაასრულოს.

IPI-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეი ბეისლი ფრილანსერი ჟურნალისტია, რომელსაც 26 ოქტომბრის არჩევნები უკრაინული დამოუკიდებელი მედიასაშუალებისთვის - Kyiv Indepedent უნდა გაეშუქებინა. როგორც „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ აღნიშნავს, ჩეხი ჟურნალისტი საქართველოში 2024 წლის გაზაფხულზე იმყოფებოდა და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს აქტიურად აშუქებდა.

„ეს არის კიდევ ერთი შემაშფოთებელი შემთხვევა, როდესაც უცხოელ ჟურნალისტებს საქართველოში შესვლა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე აეკრძალათ“, - განაცხადა IPI-ის დროებითმა აღმასრულებელმა დირექტორმა. სკოტ გრიფენის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დამოუკიდებელ მედიას მიმდინარე არჩევნების გაშუქებაში ხელი არ უნდა შეუშალოს. 

რეი ბეისლის საქართველოში არ შემოშვების ფაქტს გამოეხმაურა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც“.   

„რუსული კანონის შემობრუნების შემდგომ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის სწრაფი ტემპით გაუარესებამ საქართველო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოაქცია. ინტერესი გამორჩეულად მაღალია 26 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების მიმართაც, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს რეფერენდუმს საქართველოს გეოპოლიტიკურ ორიენტაციის თაობაზე.

საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა, კანონის ფარგლებში უზრუნველყოს ყველა ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტის წვდომა იმ ტერიტორიებსა და ინფორმაციაზე, რაც მათ საქართველოში მიმდინარე არჩევნების გასაშუქებლად სჭირდებათ. ის, თუ როგორ მოექცევა საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ჟურნალისტებს, აუცილებლად მოახდენს გავლენას არჩევნების ხარისხზე და საერთაშორისო ორგანზაციების შეფასებებშიც აირეკლება“, - ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.

22 ოქტომბერს ჩეხმა ჟურნალისტმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ იგი საქართველოში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე არ შემოუშვეს. „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, ბეისლიმ ბოლოს მათ შეატყობინა, რომ ტელეფონის ჩამორთმევას უპირებდნენ, შემდეგ კი მასთან კონტაქტი შეწყდა. გუშინ, 24 ოქტომბერს კი, ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტმა საქართველო დატოვა. როგორც რეი ბეისლი სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკანონოდ დაკავებული 34 საათი იყო.

„დამწუხრებული ვარ საქართველოდან წასვლის გამო. ეს არჩევნები გადამწყვეტია ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. ახლა პრაღაში მივემგზავრები იმ იმედით, რომ სხვების დახმარებით უახლოეს მომავალში შევძლებ საქართველოში დაბრუნებას“. 

თბილისის აეროპორტში ჩეხი ჟურნალისტის მონახულებას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ (TDI) ადვოკატიც. შოთა თუთბერიძე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში შემოსვლაზე უარის საფუძვლად რეი ბეისლის მიუთითა: „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში სხვა უცხოუელი ჟურნალისტებიც არ შემოუშვეს. 17 სექტემბერს საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს ქართულ-სომხური მედიაგამოცემა Aliq Media-ს დამფუძნებელსა და ერთ-ერთ რედაქტორს არსენ ხარატიანს, რომელიც ლუქსემბურგიდან თბილისში მოფრინავდა და მეორე დღეს სომხეთში უნდა წასულიყო. ერთი დღით ადრე კი, საქართველოში მცხოვრები ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი, ანდრეი მიალეშკა არ შემოუშვეს. სამივე შემთხვევაში ჟურნალისტს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ერთი საფუძვლით ეთქვა.

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ (IPI) 19 სექტემბრის ინფორმაციით, 2022 წლიდან სულ მცირე 12 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელ ჟურნალისტებს უარი ეთქვათ.

 
კატეგორია - საქართველო


სადამკვირვებლო მისიამ - „ჩემი ხმა“ წინასაარჩევნო გარემოს შეფასება დაასრულა. მასში მონაწილეობა მისიის არაერთმა წევრმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ მიიღო. სადამკვირვებლო მისიის საერთო შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ არჩევნებში მონაწილეობის მხრივ პარტიები შეზღუდული არ ყოფილან, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემო იყო არათანაბარი, ხოლო სახელმწიფო ინსტიტუტების გადაწყვეტილებები და მიდგომები საარჩევნო დარღვევების მიმართ უსამართლო და მმართველი პარტიის სასარგებლოდ მიკერძოებული. 

როგორც წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დოკუმენტში ვკითხულობთ, ეს პერიოდი მასიური დეზინფორმაციული კამპანიის ფონზე მიმდინარეობდა. 

„პრაქტიკულად მთელი სახელმწიფო მანქანა, ასევე ხელისუფლების მიერ კონტროლირებული და მართული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები ემსახურებოდა მმართველი პარტიის საარჩევნო მიზნებს. ამ პროცესში, სხვადასხვა ფორმითა და მასშტაბით მონაწილეობდნენ არა მხოლოდ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, არამედ სასამართლო ხელისუფლებაც და ე.წ. დამოუკიდებელი ინსტიტუტებიც - ცენტრალური საარჩევნო კომისია, კომუნიკაციების კომისია და ანტიკორუფციული ბიურო“.

სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მხრიდან მუდმივი თავდასხმების სამიზნე ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედია იყო. 

„კომუნიკაციების კომისია, რომელიც ხელისუფლების პროპაგანდისტული არხების დაჯარიმების რამდენიმე შემთხვევით ამაოდ ცდილობდა ნეიტრალურობის ფასადის შექმნას, უმეტესწილად უკანონოდ და დაუსაბუთებლად სწორედ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ სამაუწყებლო კომპანიებს აჯარიმებდა“.

ანგარიშის მიხედვით, მკვეთრად უთანასწორო იყო საარჩევნო პერიოდში მედიაზე წვდომა საარჩევნო სუბიექტებისათვისაც.

„სახელისუფლებო რედაქციის მქონე მედიასაშუალებები დახურული იყო ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოებისათვის. ამას ემატება ისიც, რომ მმართველი პარტიის წევრები კრიტიკულ მედია-საშუალებებს არ სტუმრობდნენ, რამაც დააზიანა ამომრჩევლის ჯეროვანი ინფორმირების პროცესი“.

ხვალ, 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ქვეყნის ისტორიაში პირველად, საქართველოს მოქალაქეები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. საქართველოს პარლამენტის 150 მანდატი განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 %-ს მაინც მიიღებენ.

 
კატეგორია - საქართველო



„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მედიაგარემო პოლარიზებული იყო. მმართველი პარტიის კანდიდატები არ მონაწილეობდნენ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიასაშუალებების საინფორმაციო გადაცემებში, ხოლო პროსახელისუფლებო მედია არ იწვევდა ძირითადი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მის სატელევიზიო გადაცემებში.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა კი კრიტიკულ მედიასაშუალებებთან მიმართებით კომისიის საქმიანობის სადამსჯელო მექანიზმად გამოყენებისა და მისი ინსტრუმენტალიზების რისკები შექმნა.

„მაგალითად, წინასაარჩევნო პერიოდში მედიაორგანიზაციებმა ეთერში არ განათავსეს ომში მყოფი უკრაინელი ხალხის ტრაგედიის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების ამსახველი და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მადისკრედიტირებელი შინაარსის მქონე პოლიტიკურ რეკლამები, მედიაეთიკის სტანდარტის დარღვევის არგუმენტით. კომუნიკაციების კომისიამ კი აღნიშნული შემთხვევები კანონმდებლობის დარღვევად მიიჩნია და მედიაორგანიზაციებს ფინანსური პასუხისმგებლობაც დააკისრა.

პრობლემური და რისკის შემცველი იყო სასამართლოსა და კომუნიკაციების კომისიის მიერ განვითარებული მსჯელობა, იმასთან დაკავშირებით, რომ პირის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადება სხვა პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანების თაობაზე, იმ პირობებში, როდესაც პარტიაში რეორგანიზაცია ან/და შერწყმა არ განხორციელებულა, საკმარისად შეიძლება ჩაითვალოს იმისათვის, რომ საარჩევნო სუბიექტის აქტივობა, სხვა საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ იქნას მიჩნეული. ასევე, მედიაორგანიზაციების მხრიდან გამოიკვეთა უფასო თუ ფასიანი პოლიტიკური რეკლამების შერჩევითად განუთავსებლობის შემთხვევებიც“.

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, კომუნიკაციების კომისიამ რუსული კანონის წინააღმდეგ გაშუქებული ვიდეორგოლი პოლიტიკურ რეკლამად მიიჩნია, რითაც სახიფათო პრეცედენტი და კრიტიკული მედიაორგანიზაციების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკი შექმნა. 

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, წინასაარჩევნო პერიოდში საკანონმდებლო ორგანოში კრიტიკული მედიასაშუალებების ჟურნალისტების მიმართ აკრედიტაციის შეჩერების რამდენიმე შემთხვევაც გამოვლინდა. ასევე, გამოვლინდა ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევები. მსგავსი ფაქტები კი, ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების ხელშეშლად შეიძლება იქნას მიჩნეული. 

„არჩევნების წინ, ქვეყნის შიგნით არსებული დეზინფორმაციული და საინფორმაციო მანიპულაციების პარალელურად, მნიშვნელოვნად გააქტიურდა რუსული საინფორმაციო ოპერაციები პოლიტიკურ პროცესებში. სოციალურ მედიაში მოქმედმა ქსელმა, რომელიც რუსეთთან არის დაკავშირებული და წინა წლებში, ძირითადად, ანტიდასავლურ გზავნილებს, კერძოდ კი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საწინააღმდეგო ნარატივებს ავრცელებდა, წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მხარდამჭერი კამპანია გაააქტიურა“. 


სოციალური მედიის საარჩევნო მიზნებით გამოყენება 

როგორც „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში ვკითხულობთ, ოფიციალური გვერდების აქტიურობის პარალელურად, სოციალურ ქსელებში ანონიმურად

მიმდინარე არაეთიკურმა კამპანიამ, რომლის სამიზნეც პოლიტიკურ აქტორებთან ერთად, სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებიც იყვნენ, პარტიების (ძირითადად, მმართველი პარტიის) ნარატივებში გადაინაცვლა. ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიური ოპოზიციური პარტიების მადისკრედიტირებელი და მმართველი გუნდის მხარდამჭერი ანგარიშები იყვნენ.

„შეთქმულების თეორიები, ნაციონალისტური, ანტიდასავლური, ანტილიბერალური და ჰომოფობიური გზავნილები განსაკუთრებით ხშირი იყო პროსახელისუფლებო და ოპოზიციის მადისკრედიტირებელ კამპანიებში. მსგავს კამპანიებში აქტიურად იყვნენ ჩართული პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებიც. მათი რეკლამების უმრავლესობა შეიცავდა ღია აგიტაციას მმართველი პარტიის სასარგებლოდ და ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების საწინააღმდეგოდ. აღნიშნულმა სარეკლამო კამპანიამ საარჩევნო სუბიექტსა და მოცემულ მედიასაშუალებებს შორის ზღვარი, ფაქტობრივად, წაშალა. ამასთან ერთად, „POSTV-ის“ რეკლამების ნაწილი შეიცავდა შეურაცხმყოფელ ლექსიკას, აწარმოებდა ჰომოფობიურ და ანტიდასავლურ, მათ შორის ევროკავშირის საწინააღმდეგო, კამპანიას“.

ხვალ, 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ქვეყნის ისტორიაში პირველად, საქართველოს მოქალაქეები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. საქართველოს პარლამენტის 150 მანდატი განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 %-ს მაინც მიიღებენ.

 
კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სადამკვირვებლო მისიამ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა. ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდი მაღალი პოლარიზაციის ფონზე, არათანასწორ გარემოში წარიმართა. კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებმა და გამოკვეთილმა უარყოფითმა ტენდენციებმა კი წინასაარჩევნო პროცესებზე დამაზიანებლად იმოქმედა.  

საიამ უარყოფითად შეაფასა კომუნიკაციების კომისიის 4 გადაწყვეტილებაც: 

„ნიშანდობლივია, რომ კომისიის და შემდგომ სასამართლოს გადაწყვეტილებები ამ საქმეებზე საარჩევნო ნორმების არასწორ განმარტებებს ემყარებოდა, რაც მმართველ პარტიას, ყველა შემთხვევაში, სხვა საარჩევნო სუბიექტებთან შედარებით, უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა. ნორმების ამგვარი ინტერპრეტაცია ძირს უთხრის თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ წინასაარჩევნო გარემოს და აზიანებს პოლიტიკურ ძალებს შორის თანასწორი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზანს“.

სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ წერილებზე საჯარო უწყებების რეაგირების მონიტორინგსაც აწარმოებდა. ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაციის მიღების მიზნით სხვადასხვა საჯარო უწყებას 158-ჯერ მიმართა. 48 შემთხვევაში მას პასუხი არ მიუღია, ხოლო 23 წერილზე პასუხი არასრულყოფილი იყო. 

„საჯარო ინფორმაციის გაუცემლობა აფერხებს საიას სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის პროცესს“. 

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანგარიშში მოხვდა რუსული სტილის კანონის მიღება და მისი თანმდევი მოვლენებიც.

„„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის ხელახალმა ინიციირებამ და მისმა თანმდევმა პროცესებმა, ასევე, ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო სექტორის სისტემურმა მადისკრედიტირებელმა კამპანიამ და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის რიტორიკამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების შესაძლებლობა“.  

საიამ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია 2024 წლის აპრილიდან დაიწყო.

 
კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სხვა ძალოვან უწყებებს, საარჩევნო პროცესის მონაწილე ყველა მხარეს, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციას, პოლიტიკურ პარტიებს და მოქალაქეებს, არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს, გამოიჩინონ მაღალი პროფესიონალიზმი და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, საზოგადოების ინფორმირების საქმეში ჟურნალისტიკის განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით და 2024 წლის არჩევნების თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონმდებლობის სრული დაცვით იმოქმედონ, ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის სრულყოფილად განხორციელების საშუალება მისცენ.

ჟურნალისტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფო ორგანოების პირდაპირი მოვალეობაა, ხოლო ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი დანაშაულია. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არჩევნების დღეს ჟურნალისტთა უფლებების სადარაჯოზე იდგება და დაუყოვნებლივ გამოეხმაურება ჟურნალისტების მიმართ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების ან მოქალაქეების მხრიდან განხორციელებულ ნებისმიერ ზეწოლას“.

ამგვარი შემთხვევების შესახებ მიმართეთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასა და ქარტიის მედიაპლატფორმა „მედიაჩეკერს“ ცხელი ხაზის ნომერზე: 557 992 490, ან მოგვწერეთ ჩვენს ოფიციალურ ფეისბუკ გვერდებზე.
კატეგორია - საქართველო


თბილისის საქალაქო სასამართლომ „იმედი“ და „რუსთავი 2“ „ძლიერი საქართველოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა და ვიდერგოლის ეთერში განთავსება დაავალა. კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანიებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები 23  ოქტომბერს შეუდგინა.

ComCom-ის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლოში იგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო შემჭიდროვებულ ვადაში (2 დღე) იღებს.

კომისიის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების საჩივრების მიხედვით, მიუხედავად ტელევიზიებისთვის ფასიანი პოლიტიკური რეკლამის წარდგენისა და ამ საკითხზე ComCom-ისა და სასამართლოს გადაწყვეტილებებისა, რომლის ფარგლებშიც ორივე ტელევიზია ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის კანონდამრღვევებად უკვე სცნეს, მაუწყებლები პარტიების მიერ მიწოდებულ ფასიან პოლიტიკურ რეკლამას არ ათავსებდნენ.

3 ოპოზიციური ძალის: „ძლიერი საქართველო“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური რეკლამების განუთავსებლობისთვის სასამართლომ ათ დღეში „იმედი“ და „რუსთავი 2“ ოთხ-ოთხჯერ, ჯამში 20-20 ათასი ლარით დააჯარიმა.

22 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“ 5 000 ლარით დააჯარიმა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ უფასო პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ უფასო პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის სასამართლომ 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა „იმედი“, POSTV და „მაესტროც“.  

თბილისის საქალაქო სასამართლომ „იმედი“ და „რუსთავი 2“ 5-5 ათასი ლარით ორჯერ დააჯარიმა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვისაც. 

„გახარია საქართველოსთვის“ კომუნიკაციების კომისიას უჩივლა სასამართლოშიც. 

10 ოქტომბერს „იმედმა“ გამოაქვეყნა განცხადება, რომ სანამ „მთავარი“, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ „ქართული ოცნების“ ვიდეოებს ეთერში არ გაუშვებდა, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ რეკლამებს ისიც აღარ განათავსებდა. „იმედის“ გადაწყვეტილება გაიზიარა „პოსტვ“-მაც.

კატეგორია - საქართველო


თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი 1 თვეზე მეტია შიმშილობს. როგორც აფგან სადიგოვის მეუღლემ „მედიაჩეკერთან“ საუბრისას განაცხადა, ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია.

სევინჩ სადიგოვას თქმით, აფგანს გადაადგილებაც უჭირს, წნევა და შაქარის ნორმა სისხლში ძალიან დაბალი აქვს და შესაძლოა, ნებისმიერ დროს კომაში ჩავარდეს.

„მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმებულია. მას დღეს შევხვდი, ის ეტლით მოიყვანეს. შეხვედრის დასრულებისას ექიმი და ფსიქოლოგი შემოვიდნენ და მითხრეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ბავშვების თანდასწრებით არ უნდათ საუბარი, მაგრამ ნებისმიერ წუთს შეიძლება, რომ კომაში ჩავარდეს. 

ექიმი მეუბნებოდა, რომ რაღაც აუცილებლად უნდა მიიღოს, მაგრამ აფგანი არ თანხმდება. ამბობს, რომ შიმშილობას გააგრძელებს, რადგან არ მუშაობს კანონი და მუშაობს მხოლოდ ბრძანებები, მას სხვა გზა არ აქვს და მოკვდება“, - ამბობს სადიგოვა.

აფგან სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა 4 აგვისტოს შეუფარდა. ჟურნალისტი წინა დღეს, 3 აგვისტოს, შემდგომი ექსტრადირების მიზნით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა დააკავა. საქალაქო სასამართლოს 4 აგვისტოს განჩინება უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

აფგან სადიგოვს შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი 16 სექტემბერს უთხრა. 21 სექტემბრიდან კი, ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება და მას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს. აფგან სადიგოვი ონლაინ მედია “Azel.Tv”-ის მთავარი რედაქტორია. 

 
კატეგორია - საქართველო


„სასამართლოს გუშაგი“ წინასაარჩევნო დავების სასამართლო პროცესების მონიტორინგის შუალედურ მიგნებებს აქვეყნებს. მონიტორინგში ჩართული 33 მოხალისე-დამკვირვებელი 20 აგვისტოდან - 20 ოქტომბრის პერიოდში 43 სხდომას (ჯამში - 36 საქმე) დააკვირდა. საქმეები ეხებოდა მაუწყებლის ეთერში პოლიტიკური რეკლამის განთავსებასაც. 

როგორც „სასამართლოს გუშაგი“ აღნიშნავს, მოსამართლეები თითქმის ყველა შემთხვევაში იზიარებდნენ ცესკო-ს ან კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პოზიციას. 

„არსებობს მაგალითები, როდესაც სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში არ იმსჯელა მხარის ძირითად არგუმენტზე, რაც კითხვებს აჩენს მოსამართლის მიუკერძოებლობასა და კომპეტენტურობასთან დაკავშირებით“.

წინასაარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული დავები განსახილველად 20-ზე მეტ მოსამართლეს დაეწერა.

 
კატეგორია - საქართველო


„მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა“ გამოაქვეყნა კვლევა - „ჟურნალისტების უსაფრთხოება 2024 წლის არჩევნების წინ“, რომელიც წინასაარჩევნი პერიოდში ქართული მედიის მდგომარეობას მიმოიხილავს. 

CMIS-ის ანგარიშის მიხედვით, არჩევნების წინა პერიოდში თავისუფალ მედიას მზარდი საფრთხეების ფონზე უწევს მუშაობა. კვლევის შედეგები კი წარმოაჩენს იმ მძიმე გამოცდილებას, რაც მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ბოლო 6 თვის განმავლობაში მიიღეს. კვლევაში მონაწილე ჟურნალისტები აღნიშნავენ დაშინების, თვალთვალის, დისკრედიტაციის, ინფორმაციის შეზღუდვისა და თავდასხმების გამოცდილებებს.

„კრიტიკული მედიასაშუალებების წარმომადგენელ ჟურნალისტებს უპრეცედენტოდ მტრულ გარემოში უწევთ მუშაობა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ “უცხოეთის აგენტების” კანონის შემოღებამ მხოლოდ გააღრმავა აქამდე არსებული კრიზისი, რაც ქვეყანაში ზოგადად სიტყვის თავისუფლებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩახშობის მცდელობის უფრო ფართო ტენდენციის ამსახველია. 

კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოში ჟურნალისტების უმრავლესობა თავს ძალიან დაუცველად გრძნობს. ფიზიკური ძალადობა, დისკრედიტაცია, ინფორმაციის შეზღუდვა და ფარული მიყურადება ყოველდღიური რეალობის ნაწილი გახდა მათთვის, ვისაც ძალაუფლებაში მყოფთა პასუხისმგებლობის დაყენების ვალდებულება აქვს. ეს მოცემულობა არ შემოიფარგლება კონკრეტული რეგიონით ან მედიასაშუალების ტიპით, არამედ იგრძნობა ყველგან, რაც ხაზს უსვამს პრობლემის სისტემურ ხასიათს. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მომავალი საფრთხის ქვეშაა, თუმცა მიუხედავად ამ გამოწვევებისა, ჟურნალისტები მზად არიან მოქმედებისთვის და საზოგადოების წინაშე საკუთარი ვალდებულებების შესრულებისთვის, რაც წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისთვის“. 

„მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის“ კვლევის შედეგებით გამოვლინდა:

▪︎ გამოკითხული 93 რესპონდენტიდან 42% ამბობს, რომ ძალიან დაუცველად, ხოლო 38% დაუცველად გრძნობდა თავს დემონსტრაციების გაშუქებისას. გამოკითხულთა 61% ამბობს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში მათ ან/და მათ თანამშრომელს გამოუცდია პოლიციის/სპეცრაზმის მხრიდან შევიწროება. გამოკითხულთა 42%-ს ან/და მათ თანამშრომელს გამოუცდიათ ფიზიკური თავდასხმა. რესპონდენტების 39%-ს ან/და მათ თანამშრომლებსაც გამოუცდიათ თვალთვალი. რესპონდენტთა 30%-ის თქმით, მათთვის ან/და მათი თანამშრომლისთვის დაუზიანებიათ პირადი ქონება, ხოლო 18%-ის თქმით, თავად ან/და მათ თანამშრომლებს გამოუცდიათ ჩასაფრება.

▪︎ კვლევის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ისინი გამუდმებით არიან ფარული მიყურადების ქვეშ, ისევე როგორც მათ მიმართ რეგულარულად ხორციელდება დეზინფორმაციული კამპანია. გამოკითხულთა 54%-მა ამბობს, რომ დეზინფორმაციული კამპანიის ადრესატი ყოფილა თვითონ ან/და მისი თანამშრომელი. რესპონდენტების 39% ასახელებს მობილური ტელეფონით მიყურადებას, 25% დაჰაკვის გამოცდილებას, 24%-ის თქმით ყოფილა კიბერთავდასხმის ადრესატი.

▪︎ გამოკითხვისას კომენტარის მიღება პრობლემად დაასახელა გამოკითხულთა 82%-მა. რესპონდენტთა 79%-მა დაასახელა საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვის გამოცდილება, 61%-მა კი საჯარო უწყებებში შესვლის შეზღუდვის გამოცდილება.

▪︎ „უცხოეთის აგენტების“ კანონის წინაშე რესპონდენტების 65% საკუთარ თავს ძალიან დაუცველად, 23% კი დაუცველად მიიჩნევს.

▪︎ გამოკითხულ რესპონდენტთა 78%-მა დაასახელა შეურაცხყოფის/სიძულვილის ენის გამოცდილება, აქედან 56% ამბობს, რომ მსგავსი გამოცდილება ჰქონია თავადაც და მის თანამშრომელსაც. 52%-ის თქმით, მას ან/და მის თანამშრომელს გამოუცდია დაშინება/მუქარა ციფრულ სივრცეში. სიტყვიერი დაშინება/მუქარის გამოცდილება რესპონდენტთა 44%-მა დაასახელა.

CMIS-ის კვლევა უფრო ვრცლად იხილეთ ბმულზე

 
კატეგორია - საქართველო


ჩეხი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს, პრაღაში ბრუნდება. როგორც რეი ბეისლი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკანონოდ დაკავებული 34 საათი იყო.

„დამწუხრებული ვარ საქართველოდან წასვლის გამო. ეს არჩევნები გადამწყვეტია ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. ახლა პრაღაში მივემგზავრები იმ იმედით, რომ სხვების დახმარებით უახლოეს მომავალში შევძლებ საქართველოში დაბრუნებას“. 

22 ოქტომბერს ჩეხმა ჟურნალისტმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ იგი საქართველოში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე არ შემოუშვეს. „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, ბეისლიმ ბოლოს მათ შეატყობინა, რომ ტელეფონის ჩამორთმევას უპირებდნენ, შემდეგ კი მასთან კონტაქტი შეწყდა. 

გუშინ თბილისის აეროპორტში ჩეხი ჟურნალისტის მონახულებას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ (TDI) ადვოკატი შოთა თუთბერიძეც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში შემოსვლაზე უარის საფუძვლად რეი ბეისლის მიუთითა: „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“.

ჩეხი ჟურნალისტის საქართველოში არ შემოშვების ფაქტს გამოეხმაურა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“.  

„რუსული კანონის შემობრუნების შემდგომ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის სწრაფი ტემპით გაუარესებამ საქართველო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოაქცია. ინტერესი გამორჩეულად მაღალია 26 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების მიმართაც, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს რეფერენდუმს საქართველოს გეოპოლიტიკურ ორიენტაციის თაობაზე.

საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა, კანონის ფარგლებში უზრუნველყოს ყველა ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტის წვდომა იმ ტერიტორიებსა და ინფორმაციაზე, რაც მათ საქართველოში მიმდინარე არჩევნების გასაშუქებლად სჭირდებათ. ის, თუ როგორ მოექცევა საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ჟურნალისტებს, აუცილებლად მოახდენს გავლენას არჩევნების ხარისხზე და საერთაშორისო ორგანზაციების შეფასებებშიც აირეკლება“.

რეი ბეისლი საქართველოში რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდა და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს აშუქებდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში სხვა უცხოუელი ჟურნალისტებიც არ შემოუშვეს. 17 სექტემბერს საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს ქართულ-სომხური მედიაგამოცემა Aliq Media-ს დამფუძნებელსა და ერთ-ერთ რედაქტორს არსენ ხარატიანს, რომელიც ლუქსემბურგიდან თბილისში მოფრინავდა და მეორე დღეს სომხეთში უნდა წასულიყო. ერთი დღით ადრე კი, საქართველოში მცხოვრები ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი, ანდრეი მიალეშკა არ შემოუშვეს. სამივე შემთხვევაში ჟურნალისტს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ერთი საფუძვლით ეთქვა.

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ (IPI) 19 სექტემბრის ინფორმაციით, 2022 წლიდან სულ მცირე 12 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელ ჟურნალისტებს უარი ეთქვათ.--
კატეგორია - საქართველო


„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ წინასაარჩევნო პერიოდის პირველი თვის განმავლობაში (27 აგვისტო - 25 სექტემბერი) Meta-ს პლატფორმებზე განთავსებული პოლიტიკური რეკლამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ISFED-ის მიმოხილვაში მოხვდა მედიასაშუალებების სარეკლამო დანახარჯებიც.

როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ კვლევაში ვკითხულობთ, Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, 27 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში არჩევნების, პოლიტიკის ან სოციალური საკითხების შესახებ მედიასაშუალებების გვერდებზე 30-დან 33 ათასამდე აშშ დოლარის ღირებულების 1 325 რეკლამა გამოქვეყნდა. მათი დიდი უმრავლესობა (1 043 რეკლამა) პროსახელისუფლებო მედიასაშუალებების - „იმედისა“, „პოს ტვ-ის“ გვერდებზე განთავსდა, რისთვისაც ჯამში 27 085 აშშ დოლარი დაიხარჯა. 

„რეკლამების უმრავლესობა შეიცავდა ღია აგიტაციას მმართველი პარტიის სასარგებლოდ და ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების საწინააღმდეგოდ. აღნიშნულმა სარეკლამო კამპანიამ საარჩევნო სუბიექტსა და მოცემულ მედიასაშუალებებს შორის ზღვარი, ფაქტობრივად, წაშალა. ამასთან ერთად, „პოს ტვ-ის“ რეკლამების ნაწილი შეიცავდა შეურაცხმყოფელ ლექსიკას, აწარმოებდა ჰომოფობიურ და ანტიდასავლურ, მათ შორის ევროკავშირის საწინააღმდეგო, კამპანიას“. 

მედიასაშუალებების რეკლამები არჩევნების ან/და სოციალურ-პოლიტიკური საკითხების შესახებ 

საანგარიშო პერიოდში მედიასაშუალებების გვერდებზე არჩევნების, პოლიტიკის ან სოციალური საკითხების შესახებ გამოქვეყნებული 1 325 რეკლამიდან 1 094 პროსახელისუფლებო მედიასაშუალებების - „იმედის“, „პოს ტვ-ისა“ და „ნიუსჰაბის“ გვერდებზე განთავსდა. როგორც ISFED-ი წერს, განსაკუთრებით აღსანიშნავია „პოს ტვ-ის“ რეკორდული აქტივობა, რომელმაც პოსტები 6 გვერდზე („POSTV - ახალი ამბები“, „POSTV - ანალიტიკა“, „ლიბერალიზმის ანატომია“, „ევროკრატია“, „კონსერვატორია“ და „9 თვალი · 9 Tvali“) დაარეკლამა. მათგან მხოლოდ ერთი გვერდის - „POSTV - ახალი ამბები“ მიერ ამ პერიოდში ფეისბუკსა და ინსტაგრამზე 615 რეკლამა გამოქვეყნდა. 




რაც შეეხება Meta-ს პლატფორმებზე მედიასაშუალებების სარეკლამო დანახარჯებს, მათ შორის ყველაზე მეტი - $16 311 POSTV-იმ გადაიხადა, $10 774 კი - „იმედმა“.

„„პოს ტვ“, ამავდროულად, ათავსებდა რეკლამებს, რომლებიც ანტიდასავლურ, ევროკავშირის საწინააღმდეგო პროპაგანდას ემსახურებოდა. მათ შორის, 2 სექტემბერს შეიქმნა გვერდი „ევროკრატია“, რომლის მიზანიც, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეებში ევროკავშირის მიმართ ნდობის შერყევაა. გვერდზე წარმოებული სარეკლამო კამპანია, ისევე, როგორც „პოს ტვ-ის“ სხვა გვერდებზე განთავსებული რეკლამების ნაწილი, ევროპის პოლიტიკურ ელიტებს ქრისტიანობის წინააღმდეგ ბრძოლას მიაწერდა და ასევე, წარმოაჩენდა ევროკავშირის სახელმწიფოების ეკონომიკურ დაცემას რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ“, - ვკითხულობთ ანგარიშში. 


სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები“ აღწერს კომპანია Meta-ს პლატფორმებზე, ფეისბუკზე, ინსტაგრამზე და მესენჯერში, ქართული აუდიტორიისთვის განთავსებული იმ რეკლამების მახასიათებლებს, რომლებიც ეხება არჩევნებს, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს. ანგარიში კი ეფუძნება Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკის (Meta Ad Library) მონაცემებსა და სოციალური მედიის მონიტორების დაკვირვების შედეგებს.

 
კატეგორია - საქართველო

 

როგორც ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი - QvemoQartli.ge წერს, გუშინ, 23 ოქტომბერს ჟურნალისტი ქეთევან მოსიავა „ქართული ოცნების“ ღონისძიებისთვის თბილისში მოქალაქეების გადაყვანის პროცესის გადაღებას ცდილობდა, რა დროსაც, რუსთავის მუნიციპალური აიპის თავმჯდომარის მოადგილემ, კარლო ნოდიამ მას ფოტო/ვიდეო გადაღების უფლება შეუზღუდა.

ქალაქ რუსთავის მუნიცილიტეტის მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კარლო ნოდია ერთ-ერთი მუნიციპალური სამსახურის, ,,რუსთავის კორპუსის” დირექტორის მოადგილეა. 

„ნოდია ჟურნალისტისგან მოითხოვდა მედიის ბეიჯის წარდგენას მისთვის. ასევე, აცხადებდა, რომ არ აძლევდა ჟურნალისტს მისი გადაღების უფლებას. დაპირისპირების დროს ისმის მისი მხრიდან გაჟღერებული მუქარაც: „მე ვერ აგიკრძალავ შენ, შეგეხები ხელით რომ ჩაგიშალო გადაღება.“

მედიის წარმომადგენლის შეურაცხყოფას ცდილობენ, მის გარშემო შემოკრებილი ადამიანებიც: „შენ თავიდან ბოლომდე ვირუსი ხარ“, „25 წლის ხარ, არ გეტყობა.“

მედიის წარმომადგენელი ადგილზე მარტო მუშაობდა, შესაბამისად, მას თავდაცვისთვის მხოლოდ უწყვეტი ვიდეოგადაღება შეეძლო. უხსნიდა შეკრებილებს, რომ არის ჟურნალისტი და ვიდეოგადაღებას აწარმოებს საჯარო სივრცეში, სადაც ამისი უფლება ნებისმიერ პირს აქვს.

შეგახსენებთ, რომ მედია არ მუშაობს ბეიჯით და სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნებით მხოლოდ იმის გამო, რომ არ გახდეს ადვილი სამიზნე აგრესიული ჯგუფებისთვის და შეძლოს კრიტიკული ფაქტების გადაღება", - ვკითხულობთ QvemoQartli.ge-ს განცხადებაში.

ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალის ინფორმაციით, მათ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. „ასევე, საია-ს ადგილობრივი ოფისის სამართლებრივი მხარდაჭერით, შესაბამისი ახსნა-განმარტებითი ჩვენება მისცა, რუსთავის საქალაქო სამმართველოს I განყოფილებაში“.

QvemoQartli.ge ფაქტის სათანადო გამოძიებასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო კარლო ნოდიას სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

„მედიაჩეკერი“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც დაუკავშირდა, ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.