საქართველო
კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ საარჩევნო უბნებთან მობილიზებული პირების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმას გმობს და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირების, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ შემთხვევების ეფექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებს. 

„დღის განმავლობაში არჩევნების გასაშუქებლად საარჩევნო უბნებზე მისულ ჟურნალისტებს თავს ბევრგან დაესხნენ ადგილზე მობილიზებული უცხო პირები. შემთხვევათა სიმრავლე და მსგავსება გვაფიქრებინებს, რომ ეს არის ჟურნალისტთა დაზიანების და დაშინების მიზნით ორგანიზებული ქმედებები. ზოგიერთ ადგილას ჟურნალისტებს მუშაობის პროცესში დაბრკოლებას უქმნიდნენ საუბნო საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც.

ასევე, გაირკვა, რომ არჩევნების გასაშუქებლად საქართველოში არ შემოუშვეს კიდევ ერთი ევროპელი ჟურნალისტი.

10:00 საათისთვის, “ფორმულას” ჟურნალისტს საარჩევნო უბანზე მობილიზებულმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გადაღებაში ხელი შეუშალეს.

10:30 საათისთვის, ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” კოორდინატორები “ტვ პირველის” ჟურნალისტს თეონა დოლენჯაშვილს, რომელიც მათთვის კითხვების დასასმელად მიკროავტობუსში ავიდა, სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, კარი ჩაუკეტეს და გადაადგილება შეუზღუდეს, ხოლო მათგან ერთ-ერთი, ედუარდ შარაძე, ჟურნალისტს სისხლის სამართლებრივი დევნით დაემუქრა.  

რადიო თავისუფლების ცნობით, რუსთავში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, რადიოს ჟურნალისტს, დავით მჭედლიძეს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. დავით მჭედლიძე უბნის მიმდებარედ მყოფ პირებს აფიქსირებდა, რომლებიც, სავარაუდოდ, უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვით იყვნენ დაკავებული, რა დროსაც ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მისთვის ტელეფონის წართმევა სცადეს. 

შუადღის 2:00 საათისთვის, სოფელ ქვემო ხოდაშენში, საარჩევნო უბანზე თავს დაესხნენ “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილს და ოპერატორ ნუკრი ქაფიაშვილს. მარიამ მაკასარაშვილის თქმით, მათ გადაიღეს სპეციალური სიები, რომლებშიც  უბანზე მყოფი უცნობი პირები უბანზე მისულ ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ. ისინი ასევე არიგებდნენ ფულს. ამ ფაქტით გაღიზიანებული უცნობი პირები მათ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთმა მამაკაცმა ოპერატორს რამდენჯერმე ჩაარტყა სახის არეში და კამერა დაუმტვრია. ნუკრი ქაფიაშვილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ადგილზე მივიდნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადა და შსს-ს წარმომადგენლები.

OC Media-ს ცნობით, საქართველოში არ შემოუშვეს შვეიცარიელი ჟურნალისტი სტეფან გოსი. დოკუმენტში, რომელიც გამოცემამ გაავრცელა, უარის საფუძვლად მითითებულია: “არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს”. არჩევნებამდე სამი დღით ადრე, ანალოგიური საფუძვლით საზღვრის კვეთაზე უარი უთხრეს ჩეხ/ბრიტანელ ჟურნალისტს რეი ბეისლის, რომელსაც არჩევნები უკრაინული გამოცემის, Kiyv Independent-ის, აუდიტორიისთვის უნდა გაეშუქებინა.

ისნის ერთ-ერთი საარჩევნო უბანზე, 11:00 საათისთვის, უცნობი პირი „მთავარი არხის“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს დაუპირისპირდა და დარბევით დაემუქრა. უბანზე ჟურნალისტები ქეთა ციცქიშვილი და მარიამ გაფრინდაშვილი იღებდნენ აგრესიულად განწყობილ პირებს, რომლებიც ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევლებს და ჟურნალისტებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ახმეტის რაიონის სოფელ მატანში, 11:30 საათისთვის მოქალაქეები თავს დაესხნენ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს, რომელიც უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. გელა მთივლიშვილმა არაუფლებამოსილ პირებს უბნის შესასვლელის და მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. აგრესიულმა პირებმა მას ტელეფონი წაართვეს, გადაღებაში ხელი შეუშალეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მთივლიშვილმა საქმის კურსში ჩააყენა 112. მოგვიანებით ის შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ქუთაისში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, CNews-ის ჟურნალისტს გიგა გელხვიიძეს, სამი პირი, რომლებიც CNews-ის ინფორმაციით „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან, ფიზიკურად გაუსწორდა. ჟურნალისტმა გიგა გელხვიიძემ აღმოაჩინა სიები, სადაც მოქალაქეების პირადი მონაცემები იყო დაფიქსირებული. აქტივისტების გაღიზიანება ამ ფაქტმა გამოიწვია.

მარნეულში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, რადიო “მარნეულის” ჟურნალისტებს ვლადიმერ ჩხიტუნიძესა და თიკო დავაძეს, დამკვირვებელმა, რომელიც მათი ინფორმაციით, “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, “აგენტები” და “ქვეყნის გამყიდველები” უწოდა და ანგარიშსწორებით დაემუქრა. დამატებით, უბნის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ვიდეოგადაღება შეუზღუდა", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ყველას შეახსენებს, რომ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია.

 
კატეგორია - საქართველო


როგორც რადიო „მარნეული“ წერს, მე-7 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარე ჟურნალისტებს, ვლადიმერ ჩხიტუნიძესა და თიკო დავაძეს აგრესიული ტონით გადაღებას უკრძალავდა.

„რადიო მარნულის ჟურნალისტების მიმართ აგრესია გამოვლინდა მარნეულის #7 უბანზე, სადაც კომისიის თავმჯდომარე და სხვა წევრები მათ თავს დაესხნენ. ჟურნალისტები, რომლებიც არჩევნების პროცესის გასაშუქებლად იმყოფებოდნენ, არაერთხელ მოითხოვეს მომხდარის გაშუქების საშუალება, თუმცა, კომისიის წევრებმა ყვირილი დაიწყეს და გადაღება აკრძალეს. ამ მოვლენას წინ უძღოდა კამერების გამოყენების უფლების მოთხოვნა, თუმცა კომისიის წევრები ამით გაღიზიანდნენ და ჟურნალისტების გაძევებას ცდილობდნენ". 



რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტს კომისიის თავმჯდომარე არ უშვებდა სოფელ სადახლოს 71-ე უბანზეც. საოლქო კომისიისთვის მიმართვის შემდეგ კი, თავმჯდომარემ ჟურნალისტი უბანზე დაუშვა. 

 
კატეგორია - საქართველო


კახეთში, სოფელ ქვემო ხოდაშენში N16 საარჩევნო უბანთან მუშაობის დროს „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილის თქმით, უცნობმა პირმა ოპერატორს, ნუკრი ქაფიაშვილს სახეში რამდენჯერმე დაარტყა, შემდეგ კი აპარატურა დაამტვრია. ადგილზე 

როგორც „ტვ პირველის“ წერს: „გადამღები ჯგუფი "ოცნების" დაჯგუფების წევრების სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც „ტვ პირველის“ ოპერატორმა ამომრჩეველზე ზეწოლის და მოსყიდვის ფაქტები გადაიღო. საარჩევნო უბანთან უცნობი პირები ავტომობილებში სიებით იყვნენ მობილიზებულები და თანხებს არიგებდნენ. 

თავდასხმის შედეგად ნაცემია ოპერატორი და ტელევიზიის კუთვნილი აპარატურა სრულად დამტვრეულია. აპარატურის დაზიანებამდე ჟურნალისტმა გარკვეული მასალის გადმოგზავნა მოასწრო. "ტვ პირველი" შსს მოუწოდებს, მომხდართან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გამოძიება დაიწყოს“. 





 

კატეგორია - საქართველო


დღეს, დილით შვეიცარიელმა ჟურნალისტმა, სტეფან გოსმა სოციალურ პლატფორმაზე X დაწერა, რომ საქართველოში შესვლაზე უარი ეთქვა. როგორც ჟურნალისტი წერს, ის საქართველოში არჩევნების გასაშუქებლად მოდიოდა. სტეფან გოსი IFJGlobal-ის აკრედიტებული ჟურნალისტია. მის მიერ გასაჯაროვებული დოკუმენტით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში შემოსვლაზე უარის საფუძვლად სტეფან გოსს მიუთითა: „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“. როგორც OC Media წერს, გოსი 2022 წლის აპრილიდან უკრაინაში ომს აშუქებს.

22 ოქტომბერს პლატფორმა X-ზე ჩეხმა ჟურნალისტმაც დაწერა, რომ იგი საქართველოში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე არ შემოუშვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეი ბეისლისაც ქვეყანაში შემოსვლაზე უარის საფუძვლად მიუთითა იგივე მიზეზი მიუთითა: „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“. 24 ოქტომბერს კი, ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტმა საქართველო დატოვა. როგორც რეი ბეისლიმ დაწერა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკანონოდ დაკავებული 34 საათი იყო.

IPI-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეი ბეისლი ფრილანსერი ჟურნალისტია, რომელსაც 26 ოქტომბრის არჩევნები უკრაინული დამოუკიდებელი მედიასაშუალებისთვის - Kyiv Indepedent უნდა გაეშუქებინა. ჩეხი ჟურნალისტი საქართველოში 2024 წლის გაზაფხულზე იმყოფებოდა და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს აქტიურად აშუქებდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში სხვა უცხოუელი ჟურნალისტებიც არ შემოუშვეს. 17 სექტემბერს საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს ქართულ-სომხური მედიაგამოცემა Aliq Media-ს დამფუძნებელსა და ერთ-ერთ რედაქტორს არსენ ხარატიანს, რომელიც ლუქსემბურგიდან თბილისში მოფრინავდა და მეორე დღეს სომხეთში უნდა წასულიყო. ერთი დღით ადრე კი, საქართველოში მცხოვრები ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი, ანდრეი მიალეშკა არ შემოუშვეს. ამ შემთხვევებშიც ჟურნალისტს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი იგივე საფუძვლით ეთქვათ.

 
კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ საარჩევნო უბნებთან მობილიზებული პირების მხრიდან ჟურნალისტთა მიმართ გამოხატული აგრესიის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ყველა შემთხვევის ეფექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებს. 

როგორც ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, „მთავარი არხისა“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს ისნის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, 11:00 საათისთვის, უცნობი პირი დაუპირისპირდა და დარბევით დაემუქრა. 

„უბანზე ჟურნალისტები ქეთა ციცქიშვილი და მარიამ გაფრინდაშვილი იღებდნენ აგრესიულად განწყობილ პირებს, რომლებიც ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევლებს და ჟურნალისტებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ“.

ახმეტის რაიონის სოფელ მატანში, 11:30 საათისთვის მოქალაქეები თავს დაესხნენ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილსაც, რომელიც უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. 

„გელა მთივლიშვილმა არაუფლებამოსილ პირებს უბნის შესასვლელის და მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. აგრესიულმა პირებმა მას ტელეფონი წაართვეს, გადაღებაში ხელი შეუშალეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მთივლიშვილმა საქმის კურსში ჩააყენა 112. მოგვიანებით ის შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს“.

ქუთაისში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, CNews-ის ინფორმაციით, სამი პირი ფიზიკურად გაუსწორდა ჟურნალისტს, გიგა გელხვიიძეს.

„ჟურნალისტმა გიგა გელხვიიძემ აღმოაჩინა სიები, სადაც მოქალაქეების პირადი მონაცემები იყო დაფიქსირებული. აქტივისტების გაღიზიანება ამ ფაქტმა გამოიწვია“.

მარნეულში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე კი, რადიო “მარნეულის” ჟურნალისტებს ვლადიმერ ჩხიტუნიძესა და თიკო დავაძეს დამკვირვებელმა, რომელიც მათი ინფორმაციით, “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, “აგენტები” და “ქვეყნის გამყიდველები” უწოდა და ანგარიშსწორებით დაემუქრა. 

„დამატებით, უბნის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ვიდეოგადაღება შეუზღუდა“.

საპარლამენტო არჩევნების გადაღების პროცესში ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევებზე სათანადო რეაგირებისთვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა „მედიაომბუდსმენმა“. 

 
კატეგორია - საქართველო


როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, რუსთავში, 33-ე საარჩევნო უბანზე მათ ჟურნალისტს, დავით მჭედლიძეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. 

„რეპორტიორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მისთვის ტელეფონის წართმევა სცადეს. ეს მოჰყვა რადიო თავისუფლების მცდელობას, დაეფიქსირებინა უბნის მიმდებარედ მყოფი არაიდენტიფიცირებადი პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავდნენ. ინციდენტს შეესწრო რუსთავის ოლქში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი, რუსუდან მჭედლიძე. ის რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ არაიდენტიფიცირებადი პირები კანონდარღვევით იმყოფებოდნენ უბნის ტერიტორიაზე, რის შესახებაც შსს-ს ცხელ ხაზზე ორი შეტყობინება დააფიქსირა, თუმცა პატრული ამ დრომდე არ მისულა“.

 
კატეგორია - საქართველო


cmis-ის მონაცემებით, 12:00 საათისთვის ჟურნალისტების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისა და საარჩევნო უბნიდან გაძევების 6 შემთხვევა დაფიქსირდა, დაზარალდა 10 ჟურნალისტი.

ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის შემთხვევები საარჩევნო უბნებზე:

  • “ფორმულას” ჟურნალისტს საარჩევნო უბანზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გადაღების შეზღუდვა სცადეს.
  • ტელეკომპანიების “მთავარი არხის” და “TV პირველის” ჟურნალისტები ქეთა ციცქიშვილი და მარიამ გაფრინდაშვილი ჯერ საარჩევნო უბნიდან გააძევეს, ხოლო მოგვიანებით, როდესაც საარჩევნო უბანთან მობილიზებულ მოქალაქეებს კითხვებს უსვამდნენ, მოქალაქემ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად შეეხებაც სცადა.
  • ახმეტაში, მე-11 საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” კოორდინატორებმა ჟურნალისტს გელა მთივლიშვილს, რომლიც დამკვირვებლის სტატუსით მუშაობდა ტელეფონი ჩამოართვეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყანეს
  • ქუთაისში მე-2 საარჩევნო უბანზე, cnews-ის ჟურნალისტს „ქართული ოცნების“ აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ქართული ოცნების“ აქტივისტების გაღიაზიანება ჟურნალისტის მიერ აღმოჩენილმა სიებმა გამოიწვია, სადაც მოქალაქეების პირადი მონაცემები იყო დაფიქსირებული. მას ფიზკურად სამი ადამიანი გაუსწორდა.
  • ბათუმის მე-5 საარჩევნო უბანზე მობილიზებულმა “ქართული ოცნების” კოორდინატორებმა “TV პირველის” ჟურნალისტს თამთა დოლენჯაშვილს, რომელიც კითხვების დასასმელად მათ მიკროავტობუსში ავიდა, ჯერ კარი ჩაუკეტეს და გარეთ არ უშვებდნენ, შემედგ ერთ-ერთი კოორდინატორი ციხეში გაშვებით დაემუქრა.
კატეგორია - საქართველო

როგორც Cnews-ი წერს, მათ ჟურნალისტს, გიგა გელხვიიძეს ქუთაისში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

“თავდასხმა მედიის წარმომადგენელზე - ქუთაისში #2 საარჩევნო უბანზე, cnews-ის ჟურნალისტს „ქართული ოცნების“ აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ქართული ოცნების“ აქტივისტების გაღიაზიანება ჟურნალისტის მიერ აღმოჩენილმა სიებმა გამოიქვია, სადაც მოქალაქეების პირადი მონაცემები იყო დაფიქსირებული”. მას ფიზკურად სამი ადამიანი გაუსწორდა.
 
 
კატეგორია - საქართველო

მთის ამბები / საქართველოს ამბების დამფუძნებელი და რედაქტორი გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ახმეტაში, მატნის მე-11 საარჩევნო უბანში თავს დაესხნენ, ტელეფონი წაართვეს და გადაღებაში ხელი შეუშალეს.

“ახმეტაში მატნის მე-11 საარჩევნო უბანში თავს დაგვესხნენ სავარაუდოდ უბნის მაყურებლები, როცა შესასვლელიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან მათი და “ქართული ოცნების” კოორდინატორების გასვლა მოვითხოვეთ. დღეს მეც და ლადოც დამკვირვებლების სტატუსით ვმუშაობთ. ტელეფონი წაგვართვეს, გადაღებაში ხელი შეგვიშალეს, დაგვარტყეს, მოგვაფურთხეს და გვაგინეს. მანამდე, ახმეტის 1-ელ უბანში შევესწარით ფაქტს, როგორ გადასცა “ოცნების” კოორდინატორმა ერთ-ერთ ამომრჩეველს ფული, ამბობს, რომ ვალი გაუსტუმრა. 112-ზე დავრეკეთ, რეაგირება არ არის”- წერს მთივლიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, ისინი დამკვირვებლის სტატუსით მუშაობენ.









კატეგორია - საქართველო

„მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ია გულიაშვილის განცხადებით, ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს გურჯაანის მეორე საარჩევნო უბანზე მუშაობის დროს ქალაქის სპორტსკოლის მაშველი, კახა დევიძე დაუპირისპირდა. 

ია გულიაშვილის თქმით, ისინი საარჩევნო უბანზე კონკრეტული ფაქტის გადამოწმებას ცდილობდნენ.

„გურჯაანის #2 საარჩევნო უბანზე იმის გასარკვევად მივედი, თუ როგორ მოხდა, რომ არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე ერთსა და იმავე მისამართზე ათეულობით ადამიანი ჰყავთ რეგისტრირებული“. 

როგორც „მთავარი არხის“ ჟურნალისტი „მედიაჩეკერთან“ ჰყვება, გადამღები ჯგუფის ადგილზე მუშაობის დროს, დაცვის პოლიციელები მივიდნენ, რომლებსაც კახა დევიძეც მიჰყვა. 

„საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გვეუბნებოდა, რომ საარჩევნო უბანი უნდა დაიცვან და ამიტომ არიანო. ჟურნალისტი ვარ და თავისთავად იქ მყოფი პირებისგან ვცდილობდი, ინფორმაცია მიმეღო, რა მიზნით და რა მოტივით იყვნენ მოსულები, რამაც გამოიწვია „ქართული ოცნების“ „ზონდერის“ კახა დევიძის  გაღიზიანება“.

ია გულიაშვილის თქმით, დევიძემ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მის ხელთ არსებული ნივთები ესროლა და კამერის დამტვრევითაც დაემუქრა. ინციდენტთან დაკავშირებით, ჟურნალისტმა 112-საც მიაწოდა ინფორმაცია, თუმცა, მას ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია.

განახლება: როგორც „მედიაჩეკერს“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, უწყება ჟურნალისტს უკვე დაუკავშირდა და ის დაბარებულია საგამოძიებო სამსახურში რეაგირების მიზნით.

„მთავარი არხისა“ და qvemoqartli.ge-ს ჟურნალისტებზე ზეწოლის შემთხვევებს გამოეხმაურა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“. ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ადგილობრივი ჩინოვნიკები და მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირები რეგიონებში აგრესიულად ექცევიან ჟურნალისტებს, რომელებიც საარჩევნო გარემოს შესახებ ინფორმაციას აგროვებენ.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ორივე ფაქტის დაუყოვნებლივ და ეფექტურად გამოძიებისკენ მოუწოდა, საჯარო უწყებების წარმომადგენლებს კი შეახსენა, რომ ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია.

მთავარი არხის გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის შესახებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს წერილობით შეატყობინა და გამოძიების დაწყება მოითხოვა „მედიაომბუდსმენმაც“.

ორგანიზაცია ჟურნალისტებისა და ოპერატორების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს. არჩევნების დღეს მედიისთვის ხელმისაწვდომი იქნება ცხელი ხაზი: 577 070 592

როგორც ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალმა - QvemoQartli.ge 23 ოქტომბერს დაწერა, ჟურნალისტი ქეთევან მოსიავა „ქართული ოცნების“ ღონისძიებისთვის თბილისში მოქალაქეების გადაყვანის პროცესის გადაღებას ცდილობდა, რა დროსაც, რუსთავის მუნიციპალური აიპის თავმჯდომარის მოადგილემ, კარლო ნოდიამ მას ფოტო/ვიდეო გადაღების უფლება შეუზღუდა.

 
კატეგორია - საქართველო



„მედიაომბუდსმენმა“ მედიისთვის წინასაარჩევნო პერიოდი (2024 წლის 27 აგვისტოდან -  25 ოქტომბრამდე) შეაფასა. ორგანიზაციის განცხადებით, მმართველი პარტიის პოლიტიკა და რიტორიკა მედიის მიმართ უცვლელი იყო და წინასაარჩევნო პროცესში მედიის მიმართ ბოიკოტის რეჟიმი არ შეწყვეტილა. შესაბამისად, საზოგადოებას მრავალფეროვან პოლიტიკურ დებატებზე ხელი არ მიუწვდებოდა. 

„მედიაომბუდსმენის“ შეფასებით, საქართველოში ჟურნალისტური საქმიანობა მოიცავს ფიზიკურ, ფინანსურ და ორგანიზაციულ რისკებს. მედიასაშუალებები კი ვერ ახერხებენ ხელისუფლების მაკონტროლებელი როლის შესრულებას ხელოვნური ბარიერებისა და არასათანადო პირობების გამო.

მედიის კონტროლის მექანიზმები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ე.წ. “რუსული კანონის” მოქმედებაარ შეაჩერა, ხოლო სარჩელი არსებითად განსახილველად ნაწილობრივ მიიღო. ამ კანონის ძალით, ხელისუფლება მედიას და სამოქალაქო სექტორს უცხოური გავლენის აგენტებად მიიჩნევს. მოიცავს მათ შორის, მედიის სფეროში დასაქმებული პირების პერსონალური მონაცემების გასაჯაროვების რისკებს, ასევე შექმნა მედიაორგანიზაციების დახურვის წინაპირობა.

მედიის რეგულირების პოლიტიკური შინაარსი

- წინასაარჩევნო პერიოდში კომუნიკაციების კომისია “ქართული ოცნების” მოთხოვნით სჯიდა კრიტიკულ მედიასაშუალებებს;

- კომისიამ სამ კრიტიკულ მაუწყებელს „მთავარ არხს“, „ტელეკომპანია პირველს“ და „ფორმულას“ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა უკრაინელი ხალხის ტრაგედიის გამოყენების არაეთიკური რეკლამების გამოუქვეყნებლობის გამო. ამ გზით, კომისიამ უპირობოდ გააძლიერა მმართველი პარტიის პროპაგანდისტული ნარატივი;

- კომისიამ ედისონ რისერჩის კვლევის საფუძველზე ოპოზიციური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მინიჭების გამო ტელეკომპანია “ფორმულა“ სამართალდამრღვევად ცნო და ოქმი შეუდგინა. მიუხედავად იმისა, რომ კანონში არ არის ნათელი ჩანაწერი, რა დამატებით მექანიზმებს ითხოვდა კომისია. აღსანიშნავია, რომ არხი კვლევით ორგანიზაციასთან 9 წელია თანამშრომლობს და სადავო არასოდეს გამხდარა. წლის მანძილზე “ფორმულამ” ხუთი კვლევა გამოაქვეყნა იგივე სტანდარტით.

- წინასაარჩევნო პერიოდის დასასრულს კომუნიკაციების კომისია მიიჩნევს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დროს მაუწყებლების მხრიდან უპრეცედენტო და საგანგაშო კანონდარღვევები გამოვლინდა და სადამკვირვებლო მისიებს რეაგირებისკენ მოუწოდებს. „მთავარი არხის“, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ კანონდარღვევის დაფიქსირებისთანავე, კომუნიკაციების კომისიამ მყისიერად გამოთქვა შეშფოთება, რომ მაუწყებლების ქმედება ქმნიდა საშიშ პრეცედენტს, ვინაიდან დაინახა რისკი, რომ სხვა არხებიც მიბაძავდნენ აღნიშნულ სამ მაუწყებელს, რაც დააზიანებდა საარჩევნო გარემოს.მოგვიანებით ასეც მოხდა და ასევე ღიად, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს „ტელეიმედმა“, „მაესტრომ“, „პოსტვ“-მ და „რუსთავი 2“-მა, რომ არ განეთავსებინათ ეთერში ოპოზიციური პარტიების საარჩევნო რგოლები - მითითებულია კომისიის 17 ოქტომბრის განცხადებაში.

კრიტიკა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ - ვის აკრიტიკებს "მედიაკრიტიკა"?

კომუნიკაციების კომისიამ 2018 წელს ა(ა)იპ “მედიააკადემია” დააფუძნა. მისი

ერთ-ერთი პლატფორმა “მედიაკრიტიკა” უმეტეს შემთხვევაში სწორედ კრიტიკული მედიასაშუალებების შესახებ ამზადებს მასალებს. “მედიაომბუდსმენმა” შეაფასა პლატფორმის სექტემბრის თვის აქტივობა, ოქტომბრის თვეში მედიაში არაერთი გამოწვევის მიუხედავად, “მედიაკრიტიკას” მასალები არ გაუვრცელებია:

- სექტემბერში გამოქვეყნებული მასალები შიდა და საერთაშორისო პოლიტიკის თემებზე მმართველი პარტიის “ქართული ოცნებისეული” დამოკიდებულებების გაგრძელებას ჰგავდა;

- საერთაშორისო ნაწილში, “მედიაკრიტიკის” პლატფორმის მთავარი “სამიზნე” ამერიკული დემოკრატია და მართვის სისტემის შესახებ შეთქმულების თეორიების გაძლიერება იყო;

- ეროვნულ დონეზე კი პლატფორმა აკრიტიკებდა ჟურნალისტებს ანტიკორუფციული სამსახურის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის დასჯის და ლავროვის საპასუხოდ “ქართული ოცნების” დადებითი განწყობების გაშუქების გამო;

- გამოქვეყნებულ მასალებში ნათლად ჩანს, რომ კრიტიკას უმეტესად გააჩნია პოლიტიკური დატვირთვა და პლატფორმა ცდილობს თავისი როლი შეასრულოს საზოგადოების აზრის ფორმირებაში. იმავდროულად, ასეთი სარედაქციო პოლიტიკა კვლავ აჩენს უცვლელ კითხვებს - ვისი ინტერესების დაცვას ემსახურება კომუნიკაციების კომისიის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პლატფორმით გავრცელებული კრიტიკა?

პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება მედიისთვის

- თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები მუდმივად იზიარებდა კომუნიკაციების კომისიის პოზიციას და სჯიდა კრიტიკულ

მაუწყებლებს;

- შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის სარჩელის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 ოქტომბერს „ტელეკომპანია პირველსა“ და მის ჟურნალისტს, სოფიკო ნიაურს 10 000 ლარის გადახდა დააკისრა. ჟურნალისტების პერსონალური სანქცირება ეწინააღმდეგება შიდა და საერთაშორისო სტანდარტებს;

- თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო 2023 წელს ე. წ “რუსული კანონის” წინააღმდეგ გამართული აქციების გაშუქებისას დაზარალებული 18 ჟურნალისტისა და ოპერატორის სარჩელი.

მოსარჩელეები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ. აქციების გადაღების დროს ჟურნალისტები და ოპერატორები ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის სამიზნე გახდნენ. სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა და აგრესია, მათ შორის, წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლის გამოყენება, მკაფიოდ მიუთითებს იმ სისტემურ პრობლემებზე, რომლებიც ჟურნალისტური საქმიანობის ნაწილია საქართველოში. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო დაუყოვნებლივ გამოძიება, თუმცა დამნაშავე პირები ამ დრომდე არ გამოვლენილან და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი ბუნდოვანია.


ჟურნალისტების უფლებები

- ქეთევან მოსიავა, QvemoQartli.ge-ს ჟურნალისტი, 23 ოქტომბერს ცდილობდა გადაეღო „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე თბილისში ორგანიზებულად მოქალაქეების გადაყვანა. ერთ-ერთ ლოკაციაზე,

შარტავას გამზირთან მუშაობის დროს, მას ფოტო/ვიდეო გადაღების უფლება შეუზღუდა რუსთავის მუნიციპალური აიპის თავმჯდომარის მოადგილე კარლო ნოდიამ. ნოდია ჟურნალისტისგან მოითხოვდა მედიის ბეიჯის წარდგენას მისთვის, ასევე აცხადებდა რომ არ აძლევდა ჟურნალისტს მისი გადაღების უფლებას. დაპირისპირების დროს ისმის მისი მხრიდან გაჟღერებული მუქარაც: „მე ვერ აგიკრძალავ შენ, შეგეხები ხელით რომ ჩაგიშალო გადაღება.“

- „წაბრძანდით, ნაციონალების შეხვედრაზე დადექით... თქვენ ხართ ჩვეულებრივი მიყიდული, გაყიდული...,“ – ასე მიმართა ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა დამოუკიდებელი მედია ორგანიზაცია „ჩემი ხარაგაულის“ დამფუძნებელს ლაურა გოგოლაძეს. შემთხვევა 16 ოქტომბერს, ხარაგაულში მოხდა. „ქართულ ოცნებას“ ხარაგაულის ცენტრში ამომრჩეველთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი, რომელზე დასწრების უფლებაც ჟურნალისტებს არ მისცეს.

- 11 ოქტომბერს ბათუმის ახალი შემოვლითი გზის მონაკვეთი საზეიმოდ გახსნა პრემიერ-მინისტრმა და აჭარის მთავრობამ. ონლაინ გამოცემამ “აჭარა თაიმსმა” გაავრცელა ვიდეო, რომ გზა რეალურად არ დასრულებულა და ის ბეტონის ფილებით არის გადაკეტილი. გაშუქების საპასუხოდ ჟურნალისტ სულხან მესხიძის უცნობმა პირმა შეურაცხმყოფელი შეტყობინებები გაუგზავნა მობილურ ტელეფონზე.

- “აფხაზებსაც უნდა მოვუხადოთ ბოდიში“ - აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ოცნებიდან“, დავით ბაციკაძე ოსებისთვის ბოდიშის მოხდაზე პასუხობდა კითხვას. პასუხის შემდეგ ბაციკაძემ „სეპარატისტი“ და „მოღალატე“ უწოდა“ბათუმელების” ჟურნალისტს კითხვის დასმისთვის.


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ “ამაზრზენი, სამარცხვინო და აღმაშფოთებელი” ვიდეორგოლების შინაარსი შეისწავლა და დარღვევის ნიშნები ვერ აღმოაჩინა


2024 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კრიტიკული მაუწყებლების საჩივარი განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის თქმის შესახებ. „საჩივარში მოხსენიებული საარჩევნო სუბიექტის მიერ წინასაარჩევნოდ გამოქვეყნებული ვიდეორგოლის შესწავლის შედეგად არ იკვეთება საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა“.


უცხოელი ჟურნალისტების უფლებები

არჩევნების და ევროპული ვალდებულებების ფონზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ქართულ ციხეშია. აფგან სადიგოვი, რომელიც თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს, თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში 21 სექტემბრის შემდეგ შიმშილობს. თბილისის იზოლატორში შიმშილობის მე-17 დღეს სადიგოვი შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მეუღლე სევინჩ სადიგოვა ამბობს, რომ „საქართველოში ალიევის დაკვეთით ადამიანებს კლავენ“.

ჩეხი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს, პრაღაში ბრუნდება. როგორც რეი ბეისლი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკანონოდ დაკავებული 34 საათი იყო.

არჩევნების დღეს ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომი იქნება „მედიაომბუდსმენის“ საკონსულტაციო ცხელი ხაზი: 577 070 592

26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება. ამომრჩევლები ოთხი წლის ვადით საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. 

 
კატეგორია - საქართველო


„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე ჩეხი ჟურნალისტის, რეი ბეისლის საქართველოში არშემოშვების ფაქტს გმობს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უცხოელი ჟურნალისტების ქვეყანაში შესვლის აკრძალვის შემაშფოთებელი პრაქტიკა უნდა დაასრულოს.

IPI-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეი ბეისლი ფრილანსერი ჟურნალისტია, რომელსაც 26 ოქტომბრის არჩევნები უკრაინული დამოუკიდებელი მედიასაშუალებისთვის - Kyiv Indepedent უნდა გაეშუქებინა. როგორც „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ აღნიშნავს, ჩეხი ჟურნალისტი საქართველოში 2024 წლის გაზაფხულზე იმყოფებოდა და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს აქტიურად აშუქებდა.

„ეს არის კიდევ ერთი შემაშფოთებელი შემთხვევა, როდესაც უცხოელ ჟურნალისტებს საქართველოში შესვლა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე აეკრძალათ“, - განაცხადა IPI-ის დროებითმა აღმასრულებელმა დირექტორმა. სკოტ გრიფენის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დამოუკიდებელ მედიას მიმდინარე არჩევნების გაშუქებაში ხელი არ უნდა შეუშალოს. 

რეი ბეისლის საქართველოში არ შემოშვების ფაქტს გამოეხმაურა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც“.   

„რუსული კანონის შემობრუნების შემდგომ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის სწრაფი ტემპით გაუარესებამ საქართველო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოაქცია. ინტერესი გამორჩეულად მაღალია 26 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების მიმართაც, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს რეფერენდუმს საქართველოს გეოპოლიტიკურ ორიენტაციის თაობაზე.

საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა, კანონის ფარგლებში უზრუნველყოს ყველა ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტის წვდომა იმ ტერიტორიებსა და ინფორმაციაზე, რაც მათ საქართველოში მიმდინარე არჩევნების გასაშუქებლად სჭირდებათ. ის, თუ როგორ მოექცევა საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ჟურნალისტებს, აუცილებლად მოახდენს გავლენას არჩევნების ხარისხზე და საერთაშორისო ორგანზაციების შეფასებებშიც აირეკლება“, - ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.

22 ოქტომბერს ჩეხმა ჟურნალისტმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ იგი საქართველოში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე არ შემოუშვეს. „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, ბეისლიმ ბოლოს მათ შეატყობინა, რომ ტელეფონის ჩამორთმევას უპირებდნენ, შემდეგ კი მასთან კონტაქტი შეწყდა. გუშინ, 24 ოქტომბერს კი, ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტმა საქართველო დატოვა. როგორც რეი ბეისლი სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკანონოდ დაკავებული 34 საათი იყო.

„დამწუხრებული ვარ საქართველოდან წასვლის გამო. ეს არჩევნები გადამწყვეტია ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. ახლა პრაღაში მივემგზავრები იმ იმედით, რომ სხვების დახმარებით უახლოეს მომავალში შევძლებ საქართველოში დაბრუნებას“. 

თბილისის აეროპორტში ჩეხი ჟურნალისტის მონახულებას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ (TDI) ადვოკატიც. შოთა თუთბერიძე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში შემოსვლაზე უარის საფუძვლად რეი ბეისლის მიუთითა: „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში სხვა უცხოუელი ჟურნალისტებიც არ შემოუშვეს. 17 სექტემბერს საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს ქართულ-სომხური მედიაგამოცემა Aliq Media-ს დამფუძნებელსა და ერთ-ერთ რედაქტორს არსენ ხარატიანს, რომელიც ლუქსემბურგიდან თბილისში მოფრინავდა და მეორე დღეს სომხეთში უნდა წასულიყო. ერთი დღით ადრე კი, საქართველოში მცხოვრები ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი, ანდრეი მიალეშკა არ შემოუშვეს. სამივე შემთხვევაში ჟურნალისტს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ერთი საფუძვლით ეთქვა.

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ (IPI) 19 სექტემბრის ინფორმაციით, 2022 წლიდან სულ მცირე 12 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელ ჟურნალისტებს უარი ეთქვათ.