საია: „ფორმულასთან“ დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
15.07.2026


„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, ტელეკომპანია „ფორმულას“ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება - 10 000 ლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურების დაკისრება და პარალელურად სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიება მედიის დამოუკიდებლობისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. 

                                                                     

გუშინ, 14 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ კინორეჟისორისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის, გოგა ხაინდრავას სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. ხაინდრავა გადაცემა „შაბათის ფორმულას“ ეთერში 2025 წლის 20 დეკემბერსა და 2026 წლის 17 იანვარს გასულ სიუჟეტებზე დავობდა. მისი ადვოკატების განცხადების საფუძველზე, გოგა ხაინდრავას მიმართ „ფორმულას“ მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე ცრუ დასმენის მუხლით გამოძიება დაიწყო პროკურატურამაც. 
                                                                     

„ასეთი სამართლებრივი ბერკეტების გამოყენება დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, პრესაზე ზეწოლის ინსტრუმენტია და უშუალოდ უკავშირდება SLAPP (სტრატეგიული სამართალწარმოება სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ) პრაქტიკას. მსგავსი მექანიზმების არაკეთილსინდისიერად გამოყენების უმთავრესი მიზანი არა სამართლიანობის მიღწევა, არამედ კრიტიკულად განწყობილი პირების გაჩუმება და დაშინებაა“

საია მიმოიხილავს იმ ინდიკატორებს, რომლის მიხედვითაც ეს პრეცედენტი SLAPP-ად შეიძლება შეფასდეს: „კერძოდ, ევროპის საბჭოს, გაერთიანებული სამეფოს Anti-SLAPP Coalition-ისა და იურისტთა რეგულირების ორგანოს (SRA) შეფასებით, SLAPP-ის იდენტიფიცირებისთვის გამოიყენება რამდენიმე ძირითადი ინდიკატორი:

1) ძალთა დისბალანსი - მიუხედავად იმისა, რომ დავა სამოქალაქო ხასიათისაა, ამასთანავე, პარალელურად დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიებაც.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურისთვის დამატებითი საფუძველი შეიძლება გახდეს საქმის სისხლისსამართლებრივი დევნის მიმართულებით განვითარებისთვის, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს მედიაზე ზეწოლას და ქმნის მსუსხავ ეფექტს გამოხატვის თავისუფლებაზე.

2) უსაფუძვლო ან გაზვიადებული პრეტენზიები - სადავოა, სამართლებრივი თვალსაზრისით, მომჩივნის მიერ წარდგენილი სარჩელი რამდენად აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომელიც აუცილებელია ცილისწამების საფუძვლით მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის.

3) სასამართლო პროცესის, კანონების ან საპროცესო წესების ინსტრუმენტალიზაცია/ბოროტად გამოყენება - თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ 10 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. ქართული პრაქტიკის გათვალისწინებით, მსგავსი ფინანსური სანქციები ხშირად გამოიყენება კრიტიკული მედიის ფინანსური დასუსტებისა და შეზღუდვის საშუალებად. ამასთან, საყურადღებოა, რომ, ზოგადად, საქართველოს რეალობაში, საერთო სასამართლოები მომეტებულ ინტერესს იჩენენ ასეთი სარჩელების მიმართ და არაორდინალურად სწრაფად, შემჭიდროებულ ვადებში იხილავენ მათ.

იმის გათვალისწინებით, რომ ტელეკომპანია ფორმულას არაერთხელ განუცხადებია ფინანსური პრობლემების შესახებ, ეს კიდევ უფრო რეპრესიულს ხდის სასამართლოს მიერ დაკისრებულ 10’000 ლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურებას, განსაკუთრებით, როდესაც ადამიანის უფლებების უმწვავეს კრიზისში რეპრესიების სამიზნე სწორედ გამოხატვის თავისუფლებაა.

4) ერთი და იმავე ფაქტისა თუ საკითხის საფუძველზე რამდენიმე და კოორდინირებული სამართალწარმოება - “ფორმულას” წინააღმდეგ ერთდროულად და ერთმანეთის პარალელურად ხდება ორი განსხვავებული სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება - სამოქალაქო დავა პატივისა და ღირსების შელახვის საფუძვლით და, სისხლის სამართლის გამოძიება „ცრუ დასმენის“ მუხლით, რომელთან დაკავშირებითაც საიამ ასევე გააკეთა განცხადება. ასეთი მრავალმხრივი სამართლებრივი ზეწოლა დამახასიათებელია SLAPP-ისთვის, რადგან მისი მიზანია კრიტიკული მედიის ფინანსური და პროფესიული რესურსების გამოფიტვა და დაშინება.

5) სამიზნეა პუბლიკია, რომელიც საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხს უკავშირდება - მოსარჩელემ სადავო გახადა ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მომზადებული ჟურნალისტური სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, საუბარია სუს-თან შეთანხმებით უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შესაძლო არაკანონიერ შემოყვანაზე. ეს საკითხი, თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეხება სახელმწიფო უსაფრთხოებას, სახელმწიფო უწყებების საქმიანობასა და მიგრაციის პოლიტიკას, შესაბამისად, წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თემას“.

ამ ინდიკატორების გათვალისწინებით, როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წერს, ნათელია, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ მიმდინარე დავა, როგორც სამოქალაქო, ისე სისხლისსამართლებრივი მიმართულებით, SLAPP-ის მკაფიო ნიშნებს ატარებს. 

„საერთაშორისო აქტორების, მათ შორის ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, შეფასებებიც ადასტურებს, რომ მსგავსი საქმეები არ წარმოადგენს იზოლირებულ შემთხვევებს, არამედ ეს არის მედიაგარემოზე ფართომასშტაბიანი ზეწოლის ნაწილი“, - ვკითხულობთ საიას შეფასებაში. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა „მედიის ადვოკატირების კოალიციაც“. მისი შეფასებით, მართლმსაჯულების სისტემის მიზანმიმართული გამოყენება დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიული პოლიტიკის მორიგ პრეცედენტს წარმოადგენს. 

„აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება ატარებს SLAPP დავის ნიშნებს, სადაც მართლმსაჯულება საზოგადოებრივი მონაწილეობისა და კრიტიკული აზრის ჩასახშობად გამოიყენება. თავად მოსარჩელის განცხადება, რომ მიღებული ფულით მედიის წინააღმდეგ მიმართულ ორგანიზაციას შექმნის, პირდაპირ მიუთითებს ამ დავის სადამსჯელო, რეპრესიულ მოტივზე. სამოქალაქო ჯარიმისა და სისხლისსამართლებრივი ინსტრუმენტების პარალელური ამოქმედება კი ღიად აჩვენებს, რომ სახელმწიფო აპარატი სრულად არის მობილიზებული დამოუკიდებელი ხმების გასაჩუმებლად.

ტელეკომპანია „ფორმულა“, მისი საგამოძიებო გუნდი და, ზოგადად, დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები, კოორდინირებული თავდასხმისა და შევიწროების სამიზნეები არიან სწორედ მათი დამოუკიდებელი და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის გამო. საჯარო ინტერესის მქონე თემებზე მუშაობის გამო, სახელმწიფო ინსტიტუტები და „ქართული ოცნების“ ინტერესების გამტარებლები ერთობლივად ებრძვიან თავისუფალ მედიას, რითაც ცდილობენ დააშინონ ჟურნალისტები და ქვეყანაში დაამკვიდრონ ცენზურა“, - წერს კოალიცია. 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ