„შეშლილთა კლუბის“ ფოტოგრაფები ტრავმებზე, პროფესიულ სირთულეებსა და ჟურნალისტურ ეთიკაზე
12.06.2018

მსოფლიოში ცხელი წერტილები ქრება და ჩნდება, მაგრამ ვებპლატფორმებისთვის მომუშავე ჟურნალისტებსაც ხშირად ისეთივე რთულ პირობებში უწევთ საქმიანობა, როგორშიც საგაზეთო კორესპონდენტები მუშაობდნენ ადრე. უცვლელია რისკები და ეთიკური დილემები ჟურნალისტებისა თუ ფოტოგრაფებისთვის.

ამ საკითხების შესახებ მედიაჩეკერი ორი გამოცდილი ომის ფოტოგრაფის გრეგ მარინოვიჩისა და ჟოაო სილვას მოსაზრებებს გთავაზობთ, ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც აშშ-ის საზოგადოებრივმა რადიომ ჩაწერა.

მარინოვიჩი და სილვა ე.წ. „შეშლილთა კლუბის“ წევრები არიან, ცნობილი ფოტოგრაფები. ორივეს მიუღია ველზე მძიმე ტრავმები. მარინოვიჩს ესროლეს და დაჭერს ოთხჯერ, როცა სამხრეთ აფრიკასა და ავღანეთში კონფლიქტებს აშუქებდა. სილვა New York Times-თვის ავღანეთში მუშაობისას ნაღმზე აფეთქდა და ორივე ფეხი დაკარგა.

გრეგ მარინოვიჩი: მოქალაქე თუ ჟურნალისტი

„ჟურნალისტიკა პროფესია არაა, ეს ხელობაა. არ გჭირდება კურსები, რომ გახდე ერთ-ერთი მათგანი. უბრალოდ უნდა აკეთო ეს საქმე, ასეთი გზა გავიარე მეც. ასე რომ, არ დამიწყია ეთიკის და მორალის სწავლა, New York Times-ის გაიდლაინების დაზეპირება, ასეთი გამოცდილება არ მაქვს.

მე მუშაობა დავიწყე როგორც მოქალაქემ და არა როგორც ფოტოგრაფმა. ბევრ რამეზე არ მქონდა ნაფიქრი, ჩემი მსოფლმხედველობა გამოცდილებამ მოიტანა. შეხედულებები იცვლებოდა, ყალიბდებოდა. მხოლოდ რაზეც ყოველთვის ვფიქრობდი, ესაა - აქვს თუ არა აზრი, რომ ჩავერიო ვინმეს გადსარჩენად? და მე ეს ხშირად მიცდია, ზოგჯერ გამოდიოდა, ზოგჯერ კი არა. ცოტა უცნაური რამეა ეს, ლამის ყოველდღე იცვლება რას ფიქრობ, რისკენ იხრები, როგორ გარემოში ხარ.

ერთი რამ კი მარტივია, თუ გარემოში მხოლოდ შენი სურათის შესაცლვლელად იჭრები, არაეთიკურია. მაგრამ თუკი გიღირს შენი სამუშაო, შენი პროფესია გვერდით გადადო და ჩაერიო, ეს შენი არჩევანია. მე არ ვამტყუნებ მათ, ვინც პროფესია გვერდით გაწია, არც მათ ვინც ბოლომდე კამერის უკან დარჩა.

ჟოაო სილვა ვოიერიზმზე

„ჩემთვის ამაღელვებელია, რომ მქონდა საშუალება ვყოფილიყავი მოვლენების ეპიცენტრში. და ყოველთვის მინდოდა მეჩვენებინა ეს მოვლენები იმ ხალხისთვის, იღბლიანი ადამიანებისთვის, ვისაც ომის ზონაში არ უცხოვრია. მინდოდა მეჩვენებინა ომის რეალობა. ჩვენ გავდივართ ცხელ წერტილებში და ვარწმუნებთ თავს, რომ როგორღაც შეგვიძლია საზოგადოებაზე გავლენა გვქონდეს, რაიმე სასიკეთოდ შევცვალოთ.

რატომღაც, კამერა სხვების ყველაზე ინტიმურ მომენტებზე წვდომის საშუალებას გვაძლევს. ეს სასიამოვნო სულაც არაა. ძალიან უხერხულად გრძნობ თავს, როცა დაღუპულ შვილზე მოტირალ დედას იღებ. ან ჯარისკაცს, რომელიც ცდილობს დაეხმაროს მის დაშავებულ მეგობარს. უამრავი შემთხვევაა, როცა ადგილს ვერ პოულობ, გინდა რომ გაქრე.



მაგრამ თან იცი, შენ იქ უნდა იყო. იცი, რასაც აკეთებ, მნიშვნელოვანია. სხვა შემთხვევაში, სახლში უნდა დარჩე, გაერთო ან ითამაშო ფლეისთეიშენი…

მაგრამ როცა იღებ - სწავლობ საკუთარ თავსა და პროფესიასთან ერთად ცხოვრებას, ამ ტვირთის ზიდვას. და როცა იღებ ფოტოებს - ასეთ ექსტრემალურ სიტუაციებში, შენ იძულებული ხარ სხვის ცხოვრებაში შეიჭრა. შენ იღბლიანი ხარ, რადგან შეგიძლია სხვისი ისტორიები აღბეჭდო.

ყოველთვის ვფიქრობდი, მთავარი გმირები ჩვენს ობიექტივებში არიან. ისტორიისთვის მნიშვნელოვანია ხალხი, ვინც ჩვენ გარშემოა. ყოველთვის ვიაზრებდი, რომ ეს ისტორიაა და მე ის უნდა აღვბეჭდო - ეს არის მთელი ჩემი აქ ყოფნის მიზეზი.



გრეგ მარინოვიჩი ეთიკაზე ომის ფოტოგრაფიაში

ფოტოგრაფებისთვის ძნელია სურათის შექმნა. ვგულისხმობ იმას, რომ რთული გადასაწყვეტია, რამდენად შეიჭრე სცენაზე, რა აარჩიო გადასაღებად, რაზე გააკეთო ფოკუსი, სად გაავლო ზღვარი. ამ ყველაფერს დაფიქრება სჭირდება.

თუმცა, ის მარტივი ასახსნელია, რომ გადასაღები სცენა თავად არ უნდა მოაწყო. მე მახსოვს ერთხელ კომუნისტი ლიდერის კრის ჰანის დაკრძალვაზე, რომელიც თეთრკანიანმა ექსტრემისტებმა მოკლეს, ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტი თავად კარნახობდა პროცესიას. მაშინ დანარჩენები გავბრაზდით და იმხანად მის დამსაქმებელს, ჟურნალ Time-ს მივწერეთ. ფოტოგრაფი დაითხოვეს.

შემიძლია გავიხსენო ერთი ფოტოგრაფიც, რომელმაც სპეციალურად დაიქირავა „მერსედესის“ მარკის ავტომობილი და ღარიბულ, რთულ უბნებში მანამდე იარა, სანამ ხალხმა ქვები არ დაუშინა, შემდეგ კი გადაღება დაიწყო.

რა თქმა უდნა, ფოტოგრაფია რთულია. ყოველთვის აკეთებ არჩევანს, რა გადაიღო, როგორი კუთხით და რა დატოვო კადრს მიღმა. მაგრამ არის რაღაცები, რაც ნებისმიერ შემთხვევაში არაეთიკურია. არაეთიკურია, როცა სასურველი ფოტოს გადასაღებად სცენას შენ თვითონ აწყობ.

ტრავმებზე

ჟოაო სილვა

სილვას დიდი გამოცდილება აქვს. იღებდა ფოტოებს ავღანეთის, ერაყის, ბალკანეთის, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აფრიკის კონფლიქტებში.

ნაღმზე აფეთქების დროს ის New York Times-ის რეპორტიორსა და მეოთხე ქვეით დივიზიასთან ერთად იყო. იმ ადგილას მანამდე ორმა ადამიანმა და სპეციალურად გაწვრთნილმა ძაღლმა გაიარა.

„მესამე ადამიანი ვიყავი, ვინც იქ გაიარა. მაგრამ ეტყობა ცოტა მარცხნივ ან მარჯვნივ დავდგი ფეხი. მეტალის ხმა გავიგე და შემდეგ - ბუმ, აფეთქება. პირველი რეაქცია რაც მქონდა, გარშემომყოფებს დახმარებას ვთხოვდი. ჩემ გარშემო ბიჭები აფეთქებამ თითქოს წამიერად გათიშა, მაგრამ მერე სწრაფად აღმომიჩინეს პირველადი დახმარება“, - იხსენებს სილვა.

აფეთქების ადგილიდან გადაყვანის პროცესში სილვა ფოტოების გადაღებას აგრძელებდა. New York Times-ის რეპორტიორ კარლოტა გოლს კი სატელიტური ტელეფონით მის ცოლთან დაკავშირება სთხოვა.

„ცოლს დავურეკე. ვუთხარი - მისმინე, ფეხები აღარ მაქვს, მაგრამ მე კარგად ვიქნები. ვფიქრობ, გადავრჩები.“

მალე სამაშველო ვერტმფრენი მოვიდა. სილვა პირველ რიგში გერმანიაში გადაიყვანეს, შემდეგ კი აშშ-ში უოლტერ რიდზე, სადაც სამი კვირა ინტენსიური თერაპიის კურსს გადიოდა. რამდენიმე თვის მერე პროთეზით სიარულიც შეძლო.

თან ბევრი სირთულეც სდევდა. „სახე საზამთროსავით მქონდა“ - იხსენებს ფოტოგრაფი. „თვალებს ვერ ვახელდი. არაფერზე ვდარდობდი გარდა იმისა, რომ მსურდა რამენაირად გადაადგილება შემძლებოდა.“

გრეგ მარინოვიჩი

მარინოვიჩი სილვას საავადმყოფოში რამდენჯერმე ესტუმრა. ფოტოგრაფები მეგობრები და ცნობილი „შეშლილთა კლუბის“ წევრები არიან. იმ ფოტოგრაფთა ჯგუფის წევრები, რომლებმაც სამხრეთ აფრიკის აპარტეიდის ბოლო სისხლიანი წლები ფირზე აღბეჭდეს.

მარინოვიჩმა ველზე გადაღება ავღანეთში დაჭრის შემდეგ შეწყვიტა. მანამდე ფოტოგრაფი სამჯერ სამხრეთ აფრიკაშიც დაჭრეს. „ავღანეთის შემდეგ გავაცნობიერე, რომ აქ არამარტო პროდუქტიული აღარ ვიყავი, არამედ მეტჯერ დაჭრაც აღარ მინდოდა“, - ჰყვება მარინოვიჩი.

1994-ში, სამხრეთ აფრიკაში, მაშინ როცა ის დაჭრეს, მის გვერდით დაიღუპა „შეშლილთა კლუბის“ ერთ-ერთი წევრი კენ ოსტერბროკი.

„ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ტყვიამ ჩემში გაიარა. არავის სურდა ჭრილობისთვის შეეხედა. წესიერად ვერც ვსუნთქავდი, რადგან ტყვიამ ფილტვი დამიზიანა. მქონდა სხვა ჭრილობებიც“ , - იხსენებს მარინოვიჩი.

ის მიიჩნევს, რომ ეს ჭრილობები მისი სამუშაოს ერთგვარი საზღაურია. „ათობით ფოტოს ვუღებდი ადამიანებს, რომლებიც იჭრებოდნენ, კვდებოდნენ“, - ჰყვება მარინოვიჩი, რომელიც თავს დამნაშავედაც კი გრძნობდა, რომ თავად უვნებელი ბრუნდებოდა ბრძოლის ველიდან.

„ხედავ ვიღაცას - განსაკუთრებით დაღუპული ბავშვის დედას ან ახალგაზრდას, რომელიც კვდება. და ეს გამოხედვა - მათი მზერა, როცა ფოტოს გადასაღებად უახლოვდები და თან ბოდიშს იხდი. ის მზერა არ დამავიწყდება. ხალხს სურს მსოფლიოს დაანახო რა ხდება მათ გარშემო, მაგრამ თან ხშირად აწყდები უიმედო, ზიზღნარევ გამოხედვას. ეს მზერა - შვილმკვდარი დედის გამოხედვა, ყოველთვის თან მდევს.“ - იხსენებს მარინოვიჩი.

მარინოვიჩმა 1991 წელს პულიტცერის პრემიაც მიიღო. ის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში Associated Press-ის უფროსი ფოტოგრაფი გახდა. უამრავი პრიზი მიიღო ჟოაო სილვამ, მათ შორის მსოფლიო პრესის ჯილდოც.

ავტორი : ალექსანდრე ქეშელაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ