„ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შემდგომ“ - სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა
ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემურ დარღვევებზე, რომლებსაც ადგილი
ჰქონდა მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობის მიზნით,
ანგარიში
გამოაქვეყნეს. დოკუმენტი 2024 წლის 28 ნოემბერიდან
2025 წლის 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და ის 11-მა
ორგანიზაციამ მოამზადა.
ანგარიში გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებსაც აანალიზებს. მასში მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის 108 შემთხვევაა დოკუმენტირებული.
კვლევაში აღნიშნულია, რომ მედია საპოლიციო ძალადობის განსაკუთრებულ სამიზნედ იქცა, „რაც წაქეზებულია „ქართული ოცნების“ მიერ მედიის მადისკრედიტირებელი კამპანიებით და მედიის წარმმადგენელთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობით“.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საკვლევ პერიოდში სამართალდამცავები ჟურნალისტებს არა მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, არამედ მიზანმიმართულად, სასტიკად, ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ მათ.
„სწორედ მედია და მათი აღჭურვილობა იქცა აგრესიის სამიზნედ, ვინაიდან ისინი იღებდნენ და აშუქებდნენ აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული ძალადობის ამსახველ მტკიცებულებებს. გამოვლინდა ჟურნალისტების ცემის, გინების, მუქარის, შევიწროების, სპეციალური საშუალებების მიზანმიმართული გამოყენების, აღჭურვილობის დაზიანების და ჩამორთმევის, დაკავების, პატიმრობის შეფარდების, ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრების შემთხვევები. სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს კრიტიკული ონლაინ მედიის ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ“.
დოკუმენტის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მთავრობასთან დაკავშირებული პირები - „ტიტუშკები“ გამოიყენებულია მათ შორის ჟურნალისტების დასაშინებლად და თავდასხმისთვის.
კვლევაში ხაზგასმულია საზოგადოებრივ მაუწყებელზე კონტროლის გამკაცრებაც, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იყენებს, როგორც სახელმწიფო მედიას სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის გასავრცელებლად. „იმედი“, „რუსთავი 2“ და „პოს ტვ“ კი, რომლებიც მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ არიან, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ „ქართული ოცნების“ ნარატივების პოპულარიზაციაში, „კრიტიკული ხმის გვერდის ავლით და, პირიქით - მათ მიმართ ცრუ, დამაზიანებელი კამპანიის წარმოებით“.
ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებმა ჟურნალისტებს მუშაობის შესაძლებლობა შეუზღუდეს საქართველოს პარლამენტშიც. ორგანიზაციების შეფასებით, ამ ქმედების მიზანი კრიტიკული მედიის დადუმება და „მსუსხავი ეფექტის“ გავრცელებაა.
დოკუმენტირებული შემთხვევებისა და ღია წყაროებით მოპოვებული მასალების ანალიზის შედეგად, ანგარიშში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტების წინააღმდეგ მომხდარი შემდეგი სისტემური დარღვევებია გამოკვეთილი:
- სპეციალური საშუალებების არაპროპორციული გამოყენება, რამაც გამოიწვია მედიის წარმომადგენელთა მასობრივი დაზიანება;
- მიზანმიმართული ძალადობა, მათ შორის, ფიზიკური თავდასხმები, სიტყვიერი შეურაცხყოფები და აღჭურვილობის განადგურება, კონფისკაცია;
- პროფესიულ საქმიანობაში სისტემური ხელშეშლა, მათ შორის, მედიის წარმომადგენლების გადაადგილების შეზღუდვა, უკანონო დაკავებები და გზის გადაკეტვის საფუძვლით ჯარიმების დაკისრება;
- მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ საქმეების აღძვრა სასამართლოებში და სამართალწარმოების ინსტრუმენტალიზაცია.
კვლევის მიხედვით, 2024 წლის 28 ნოემბრის შემდგომ დაწყებული რეპრესიების ანალიზი მიუთითებს, რომ საქართველოში ადამიანის ძირითადი უფლებების სისტემურ დარღვევას პოლიტიკური ბუნება აქვს. მიმდინარე რეპრესიებზე პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა კი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ეკისრება.
ანგარიში ეყრდნობა როგორც საჯარო ინფორმაციას, ისე საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და ძალადობის მსხვერპლების მიერ მიწოდებულ მტკიცებულებებსა და მათთან ჩატარებულ სიღრმისეულ ინტერვიუებს.