10 რჩევა ჟურნალისტებისთვის, ვინც კორონავირუსის თემაზე მუშაობს
09.03.2020

საზოგადოებისთვის სანდო და მკაფიო ინფორმაციის მიწოდება ჟურნლისტის პირდაპირი მოვალეობა და პასუხისმგბელობაა. ჯანმრთელობის ისეთი გლობალური კრიზისის დროს კი, როგორც ეს კორონავირუსის გავრცელება და მისგან მომდინარე საფრთხეებია, ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს.

“ასეთ ისტორიებში იმდენი გაურკვევლობაა, რომ მათგან მკაფიო სურათის შექმნა სწორედ ჟურნალისტის მოვალეობაა”, - ამბობს, ე.წ. ფრილანსერი ჟურნალისტი მაიკლ სტენდერტი, რომელიც Bloomberg-ის, The Guardian-ისა და Al Jazeera-სთვის მუშაობს. იგი, ჩინეთში კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქებიდან დღემდე, სწორედ Covid-19-ის თემას აშუქებს.

ჩინეთში კორონავირუსის თემაზე მუშაობა მთავრობის ცენზურის გამო კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა. როგორ სტენდერტი განმარტავს, განსაკუთრებულ სირთულეს წყაროების მოძიება წარმოადგენს.

“შემაშფოთებელია, როდესაც რიგითი მოქალაქე ფიქრობს, რომ მას ოფიციალური პირების თანხმობის გარეშე საკუთარი მოსაზრების გამოთქმის უფლება არ აქვს”, - ამბობს იგი.

კრიზისის დროს, ჟურნალისტების მხრიდან საზოგადოების ინფორმირებასა და შიშის დათესვას შორის ბალანსი პოვნის აუცილებლობაზე საუბრობს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი სტეფან მორსეც.

“ადამიანების ბულინგს და უსაფუძვლო პანიკისა და შიშის დათესვას უნდა მოერიდოთ”, - ურჩევს იგი ჟურნალისტებს.

ქვემოთ Covid-19-ის თემაზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის სპეციალისტების მიერ შემუშავებული ტოპ 10 რჩევაა მოცემული.

♦   შეისწავლე ადგილმდებარეობა და შემდეგ გადაიტანე ის შენს ნაშრომში


ნებისმიერი მსოფლიო კრიზისის დროს, ჩვენს გარშემო უამრავი ინფორმაცია იყრის თავს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი სასარგებლოა. ინტერნეტის საშუალებით გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოება, შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანოს. მაგალითად, The Guardian-მა ვუჰანში კორონავირუსის შესახებ მასალას ფოტო დაურთო, რომელზეც ქუჩაში გარდაცვლილი ჩანს და ის ასე დაასათაურა - “გარდაცვლილი მამაკაცი ქუჩაში: ფოტო, რომელიც ვუჰანში კორონავირუსის კრიზისს ასახავს”. თუმცა, მასალაში არ იყო დასაბუთება, რომ მამაკაცი ნამდვილად ვირუსმა იმსხვერპლა.

ცხადია, მასალაზე მუშაობისას ვიზუალური მხარე მნიშვნელოვანია, თუმცა მასთან განსაკუთრებულად ფრთხილი დამოკიდებულება გვმართებს. რეპორტიორები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ ვიზუალური მასალა, რომელსაც ისინი იყენებენ, მიმდინარე პროცესს ზუსტად ასახავს. სენსაციური ფოტო, როგორც ეს The Guardian-ის შემთხვევაში იყო, არასზუსტ სურათს ქმნის და შიშს თესავს.

“ვუჰანში გადაღებულ ფოტოებს დიდი მნიშვნელობა აქვთ. თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ზოგადად ჩინეთში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციისადმი უნდობლობა არსებობს, ადამიანებს სჭირდებათ ნახონ რა ხდება იქ და დაიჯერონ ამის”, - ამბობს ვუჰანში მომუშავე ფრილანსერი დოტოგრამა ბეტსი ჯოულსი.

"ვიდრე ფოტოების გადაღებას დაიწყებ, გარშემომყოფებს მიმართე, გაესაუბრე ადამიანებს, ზოგად ატმოსფეროს გაეცანი და მუშაობა მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყე და რაც მთავარია, ეცადე, რომ შენს მონათხრობში იმის საპირისპირო არ აჩვენო, რასაც ადამიანები ადგილზე რეალურად განიცდიან", - ეს სიტყვების მას ეკუთვნის. 

“თუკი მოვლენების განვითარების ადგილზე შიში ნამდვილად სუფევს, ამის გაშუქების პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ ფრთხილად უნდა იყო, როდესაც მოვლენების ეპიცენტრში არ ხარ და ამის შესახებ უბრალოდ გესმის”, - ამბობს სტენდერტი.


♦  
ფოკუსირდი გაშუქებაზე და არა ანალიზზე


მოსაზრებას და ანალიზს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ შედეგების მასშტაბების გაზომვა ჯერ ძალიან ადრეა - თქვა ჯოულმა.

აგრეთვე, არ აიღოთ The Washington Post-ის მაგალითი, როდესაც მან ჩინეთი აზიისთვის საფრთხის შემცველ ავადმყოფ კაცს შეადარა და რასისტული ტონისთვის კრიტიკაც დაიმსახურა. ჯერ ძალიან ადრეა გრძელვადიან ფინანსურ შედეგებზე საუბარი.


♦   ყ
ურადღებით იყავით სათაურებთან


იმის გათვალისწინებით, რომ აუდიტორია ინფორმაციას ძირითადად სათაურებიდან იღებს და მხოლოდ ამით კმაყოფილდება, რედაქტორებმა სათაურებით შეცდომაში არ შეიყვანოთ აუდიტორია.

“არასდროს შესწიროთ ფაქტები კლიკებს და განსაკუთრებული ყურადღება ამას კრიზისების დროს მიაქციეთ”.

“ყოველთვის ვცდილობ ისეთი სათაურის შერჩევას, რომელიც რეალობას ასახავს და სენსაციური არ არის”, - ამბობს ჯოულსი.


♦  
გახსოვდეთ - ყველა რიცხვი ზუსტი არ არის
 


ჟურნალისტები ამბის გაშუქებისას ხშირად ეყრდნობიან რიცხვებს და სტატისტიკურ მონაცემებს, თუმცა ისინი ყოველთვის სანდო არ არის.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეპიდემიებისა და დაავადებათა გავრცელების დროს, განსაკუთრებით დასაწყისში, რიცხვები ზუსტი არ არის. ისინი მიიჩნევენ, რომ ჟურნალისტებმა რიცხვები ყურადღების მიღმა არ უნდა დატოვონ, თუმცა იმაში უნდა დარწმუნდნენ, რომ აუდიტორიას მათი არსი და რიცხვების უკან არსებული ვითარება კარგად ესმის. 


♦  
 დაელაპარაკე იმდენ ადამიანს, რამდენის საშუალებაც არის 


“იზოლაციაში მყოფი ყველა ადამიანი არ არის ავად და არც კვდება, ზოგჯერ ისინი უბრალოდ მოწყენილები არიან”, - თქვა ჯოულსმა.

რეპორტიორის პასუხისმგებლობაა, რომ მოვლენების განვითარების ადგილზე მცხოვრები ადამიანების განსხვავებული ყოფა წარმოაჩინოს. ამის ერთ-ერთ საშუალებად კი - სტენდერტი მეტ ადამიანთან საუბარს მიიჩნევს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ცენზურის მკაფიო ნიშნები ჩანს. 


♦  
 თავი აარიდეთ რასიზმს 


გლობალურ ეპიდემიებს რასიზმისა და ქსენოფობიის გავრცელების ხანგრძლივი ისტორია აქვს და ამ შემთხვევაში გამონაკლისი არც Covid-19-ია. მაგალითად, ლონდონში ჩინური წარმოშობის მქონე სინგაპურელ მამაკაცს დაესხნენ თავს და უთხრეს, რომ “მისი კორონავირუსი” არ სჭირდებოდათ. ჩინელების შემოსავლებმა იკლო აშშ-შიც.

ამიტომ მედია ფრთხილად უნდა იყოს, რომ ინდივიდების მიმართ სტერეოტიპებისა და რასიზმის გავრცელებას არ შეუწყოს ხელი. ამერიკულ-აზიური ჟურნალისტების ასოციაციამ ჟურნალისტებისთვის სპეციალური რეკომენდაციებიც გამოსცა. მაგალითად: პირბადიან ადამიანებს დაურთეთ კონტექსტი, მოერიდეთ ჩინური დასახლებების ჩვენებას, თუკი ისინი ამბავთან პირდაპირ კავშირში არ არიან ვირუსის დასახელების დროს გეოგრაფიული მითითებებისგან თავი შეიკავეთ.


♦ 
 კარგად შეარჩიე ექსპერტები


ექსპერტების მოძიების დროს ყურადღებით იყავით და გაითვალისწინეთ მათი შეხედულებები.

“პრობლემა მხოლოდ კარგი ექსპერტის მოძიება კი არა, ისეთი ადამანის პოვნაა, რომელსაც საკუთარი მიკერძოებული დამოკიდებულებისგან დისტანცირება შეუძლია”.

ექსპერტებთან მუშაობის დროს ჟურნალისტებისადმი ერთ-ერთი რჩევა მათი მიკერძოების შესახებ ინფორმაციის მოძიებაა. ბევრი ჟურნალისტი ეპიდემიების შესახებ მუშაობის დროს, დაავადების გავრცელების შესახებ ე.წ. მოდელირების მეთოდსაც მიმართავს, თუმცა ისინი, როგორც თემის სპეციალისტები განმარტავენ, ვარაუდებს ემყარება და რეალობას სწორად არ ასახავს.


♦  
 არ თქვა უარი ე.წ. უინტერესო ისტორიებზე
 


გახსოვდეთ, ყველა ისტორია, რომელსაც ეპიდემიის დროს დაწერთ პულიცერის პრემიას ვერ მოგიტანთ, რაც სავსებით ნორმალურია. კონცენტრირდით იმაზე, რომ პასუხი გასცეთ სამიზნე აუდიტორიის შეკითხვებს.

დაიხმარეთ Google, რომ გაიგოთ, რა სახის ინფორმაციას ეძებენ ადამიანები და ამის შემდეგ შექმენით ისეთი მასალა, სადაც ისინი საკუთარ შეკითხვებზე პასუხებს აღმოაჩენენ.


♦  
დააწესეთ ლიმიტები


რედაქტორები თქვენგან ახალ ისტორიებს სულ უფრო და უფრო ხშირად მოითხოვენ, მაგრამ ასეთ დროს ისწავლეთ უარის თქმა და მუშაობის საათებზე ლიმიტები დააწესეთ. სამუშაო პროცესიდან დროებითი მოწყვეტა, საშაულებას მოგცემთ, რომ სამუშაოს ახალი ძალებითა და შემართებით დაუბრუნდეთ.



♦  
 როდესაც ყველაფერი მიწყნარდება, არ მოშორდეთ ამბავს 


ადრე თუ გვიან ყველაფერი მიწყნარდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი სამუშაო დასრულდა. ეპიდემიის პიკის ჩაცხრობის შემდეგაც უამრავი რამ ხდება, რასაც გაშუქება სჭირდება.

შეაფასეთ, როგორ გაუმკლავდა ხელისუფლება და ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური პირები კრიზისს. გააანალიზეთ ნასწავლი გაკვეთილები. გაარკვიეთ, ვირუსისგან გადარჩენილები ისევ სტიგმის მსხვერპლნი ხომ არ არიან და გაიგეთ თუ რას ნიშნავს, ცხოვრების “ნორმალურ” რიტმში დაბრუნება.


მომზადებულია ijnet.org-ის მასალის გამოყენებით.


ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ