კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ ამჯერად 5 000 ლარით დააჯარიმა
17.07.2026
კატეგორია - საქართველო


კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ მის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლის დარღვევისთვის, რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას შეეხება, ამჯერად 5 000 ლარით დააჯარიმა.  

მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა „ფორმულას“ ეთერში 15 ივნისიდან 17 ივნისის ჩათვლით პერიოდში გასული ახალი ამბების პროგრამები შერჩევითად დაამონიტორინდა და მიიჩნია, რომ ტელეკომპანიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის - „სამართლიანობა და მიუკერძოებლობა“ მე-5 პუნქტი დაარღვია. 

„ფორმულას“ ახალი ამბების პროგრამაში საკითხის მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქებად ჩაუთვალეს სადავო სიუჟეტებში ისეთი ფრაზების სისტემატურად გამოყენება, როგორიცაა, მაგალითად: „ოცნების ხელისუფლება“, „ქართული ოცნების პრეზიდენტი“, „ოცნების პროკურატურა“, „ოცნების პრემიერი“, „ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო“, „რეპრესიული კანონონები“, „ოცნების რეჟიმის რეპრესიები“.

ტელეკომპანია „ფორმულას“ იურისტი, ეთო ქათამაძე „მედიაჩეკერთან“ საუბრისას ამბობს, რომ კომუნიკაციების კომისიის დღევანდელ სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრნენ, რადგან, „არ აქვს მნიშვნელობა, რა არგუმენტებს წარვადგენთ. გადაწყვეტილება წინასწარ აქვთ უკვე მიღებული და ეს დღესაც დავინახეთ, არანაირ განხილვაში არ შედიან. ეს არის კომისიის მორიგი მცდელობა მედიას უკარნახოს, რა ენით ელაპარაკოს მაყურებელს“

ქათამაძე ფიქრობს, რომ ComCom-ის „შემდეგი ნაბიჯები იქნება უფრო გაზრდილი ჯარიმები. რადგან ასე მოკლე პერიოდში აკეთებენ მედიამონიტორინგებს, შემდეგში, ალბათ, უკვე სარეკლამო შემოსავლის პროცენტებზე გავა ჯარიმა, რაც სოლიდური თანხაა და ისედაც მძიმე მდგონარეობაში მყოფი არხისთვის ძალიან დიდი ფინანსური ზეწოლა იქნება“.  

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ მის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლების დარღვევისთვის, რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას შეეხება, 2 500 ლარით დააჯარიმა მაისში, აპრილში კი, „TV პირველთან“, Postv-ისა და „იმედთან“ ერთად, წერილობით გააფრთხილა, რადგან მათ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის სანქცია გამოყენებული არ ყოფილა.   

ივნისში ComCom-მა მის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე,     ახალი ამბების პროგრამაში საკითხის მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქებისთვის 2 500 ლარით დააჯარიმა „TV პირველიც“.   

                                                               

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, „მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მეორედ დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 3%-ისა, მაგრამ არანაკლებ 10 000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ ავტორიზაციის შესაჩერებლად“

                                                              

გაფრთხილების შემდეგ, კომუნიკაციების კომისიას არ უმსჯელია Postv-ისა და „იმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ამავე საფუძვლით შესაძლო დარღვევის საკითხზე.  

როგორ არჩევს მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი პერიოდული მონიტორინგის ფარგლებში დასამონიტორინგებელ მაუწყებლებს და ჩატარდა თუ არა, „ფორმულასა“ და „TV პირველის“ გარდა, სხვა ტელეკომპანიების მონიტორინგი? - „მედიაჩეკერის“ ამ კითხვებს კომისიიდან წერილობით უპასუხეს:

„კომუნიკაციების კომისია სისტემატურად მონიტორინგს ახორციელებს 6 ყველაზე ყურებად არხზე, მათ შორის მონიტორინგდება „იმედი“, „რუსთავი 2“, „პოსტვ“, „ტვ პირველი“, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი და „ფორმულა“. გარდა ამისა, კომისია პერიოდულად ამოწმებს ასევე სხვა მაუწყებლებსაც, მაგალითად „პალიტრა“, BMG, კავკასია.

აპრილის შემდეგ, კომისიის სისტემატური მონიტორინგის ფარგლებში, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ გარდა განხორციელდა სხვა არხების მონიტორინგიც, ბოლო მონიტორინგის შედეგად „პოსტვ“-ის შესაძლო დარღვევის საკითხი კომისიაში ჩანიშნულია 23 ივლისს. 

ხაზგასასმელია, რომ კომუნიკაციების კომისია თანამშრომლობს მაუწყებლებთან საკანონმდებლო მოთხოვნების განმარტების მიმართულებით, მათ შორის აღნიშნულ რეგულაციებთან დაკავშირებით შედგა სამუშაო შეხვედრები „ტვ პირველის“ წარმომადგენლებთან. აღსანიშნავია, რომ რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, ყველა მაუწყებლის შემთხვევაში, რომელიც სისტემატურად მონიტორინგდება, დარღვევების რაოდენობა შემცირებულია. გამონაკლისი არის მხოლოდ ტელეკომპანია „ფორმულა“, რომლის შემთხვევაშიც დარღვევები არ შემცირებულა. აქვე აღვნიშნავთ, რომ „ფორმულამ“ გამოთქვა კომისიასთან სამუშაო შეხვედრის სურვილი, რაზეც თანხმობა განვაცხადეთ, თუმცა შეხვედრა ამ დრომდე არ შემდგარა“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედიაპროექტის კოორდინატორის, ნატალია ვახტანგაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ დამოუკიდებელი მედია მიზანში ჰყავს ამოღებული და მის გასაჩუმებლად სხვადასხვა ინსტიტუციას იყენებს.

„სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე უარყოფით როლს უკვე წლებია ასრულებს კომუნიკაციების კომისია, რომელსაც „ქართული ოცნება“ კრიტიკული ტელევიზიების ფინანსურად წელში გადატეხვისთვის იყენებს და ამისი არაერთი მაგალითი დაგროვდა ბოლო პერიოდში. ზუსტად ამ მიზანს ემსახურება ეს მონიტორინგებიც. კომუნიკაციების კომისია მას შემდეგ დაემუქრა, ასე ვთქვათ, კრიტიკულ მაუწყებლებს, რაც დიდმა ბრიტანეთმა ორი პროპაგანდისტული პროსამთავრობო ტელევიზია დაასანქცირა რუსული დეზინფორმაციის მხარდაჭერისა და გავრცელებისთვის. მან მაშინ თქვა, რომ აამოქმედებდა ამ წესებს და ეს მაშინვე აღქმული იქნა, როგორც მუქარა კრიტიკული, დამოუკიდებელი ტელევიზიების მიმართ და ამის შემდეგ ჩვენ ვუყურებთ, პირველ შემთხვევაში, ერთგვარი რაღაც „თანასწორობის პრინციპის“ შექმნას, როდესაც ოთხი ტელევიზიის მონიტორინგის შედეგები შემოგვთავაზეს და პროსამთავრობო მედიების ნაწილში მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლნენ და შემდეგ რუტინულად გვთავაზობს კომუნიკაციების კომისია კრიტიკული ტელევიზიების მონიტორინგის შედეგებს და მათ მიმართ დაკისრებულ ფინანსურ სანქციებს. 

ცხადია, ამ ყველაფრის მიზანი არ არის არც რაღაცა სტანდარტის დაწესება, არც რაღაცა ქცევის კოდექსში საერთო წესებზე, ვთქვათ, დიალოგის რეჟიმში ყოფნა და ამ თვალსაზრისით, რაღაცა საქმიანი ურთიერთობა მაუწყებლებთან. მიზანი არის სანქციების გზით მათი, ისედაც მწირი რესურსების მომუშავე მაუწყებლების, ფინანსურად შებოჭვა და ასე ვთქვათ, საქმიანობის გაჩერების იძულება, იმიტომ რომ „ქართულ ოცნებას“ მართლაც ძალიან აწუხებს, ზედმეტი ტვირთია „ოცნების“ გუნდისთვის დამოუკიდებელი მედია, რადგან ისინი საზოგადოებას უყვებიან სიმართლეს და აშუქებენ ყველა იმ პრობლემას, რომელიც თითოეული მოქალაქის წინაშე უკვე მრავლად დაგროვდა ბოლო პერიოდის განმავლობაში და რომლებზეც, რა თქმა უნდა, პროსამთავრობო მედიები ყურადღებას არასდროს გაამახვილებენ“, - ამბობს ნატალია ვახტანგაშვილი. 

ComCom-მა მის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე, შინაარსობრივი რეგულირების საკითხების: მიუკერძოებლობა, ბალანსი, პირადი დამოკიდებულების/მოსაზრების საფუძველზე გაშუქება, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე, დარღვევაზე აპრილში პირველად იმსჯელა.  

კომუნიკაციების კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმების პრაქტიკაში ამოქმედება, „რათა მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს“, 6 მარტს, ბრიტანეთის მიერ სამთავრობო ტელეკომპანიების: „იმედისა“ და „postv“-ის დასანქცირების შემდეგ, დააანონსა

ComCom-ს თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა გასული წლის გაზაფხულზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით მიეცა.

2025 წლის ივნისში, კომისიამ „ფორმულა“ და „TV პირველი“, ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ერთად, „ქართული ოცნების“ საჩივრის საფუძველზე ახალი ამბების გადაცემისას „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის“ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა გარდამავალი პერიოდის გამო, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. 

                                                                               

კომუნიკაციების კომისიას 29 იანვრიდან ახალი თავმჯდომარე - გოგა გულორდავა ჰყავს. მან 2025 წელს, სამთავრობო ტელეკომპანია „იმედიდან“ ხელფასის სახით (ხელზე ასაღები) 166 428 ლარი აიღო. გულორდავა „იმედში“ 2023 წლიდან მუშაობდა, ის მონიტორიგის და აუდიტის ხელმძღვანელი იყო.

კომისიამდე, 2020 წლიდან გოგა გულორდავა მუშაობდა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაშიც“. ის 2016-2020 წლებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო, 2013-2016 წლებში კი - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 

აპრილში კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა „იმედის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსიც, ანი ვაზაგაშვილი. ის ტელეკომპანია „მაესტროს“ იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელიც იყო. 2024 წლამდე, ამ ტელევიზიებში მუშაობის დაწყებამდე, ვაზაგაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი/იურისტი იყო. 

გოგა გულორდავასა და ანი ვაზაგაშვილის გარდა, კომუნიკაციების კომისიის წევრები არიან: ნათია კუკულაძე, ეკატერინე იმედაძე და ივანე მახარაძე. 


კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ