ქაშიაშვილი ცრუ დასმენის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში გამოკითხეს
30.06.2026


კინორეჟისორისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის, გოგა ხაინდრავას მიმართ „ფორმულას“ მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე ცრუ დასმენის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 29 ივნისს, თბილისის პროკურატურაში, „შაბათის ფორმულას“ წამყვანი და ჟურნალისტი, დავით ქაშიაშვილი გამოიკითხა.

საქმე ეხება 2026 წლის 17 იანვრის „შაბათის ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც გადაცემის წყაროს მონათხრობით, გოგა ხაინდრავას თანხის სანაცვლოდ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეები შემოჰყავდა.



პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ, დავით ქაშიაშვილმა თქვა, რომ ამომწურავად გასცა პასუხი ყველა იმ კითხვას, რაც გამომძიებელს აინტერესებდა:

„თავიდანვე დავაფიქსირეთ, რომ ჟურნალისტისთვის მინიჭებული უფლებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, წყაროს ნაწილზე არაფერს ვიტყოდით და კითხვებიც არ დასმულა, შესაბამისად…იურიდიული საფუძველი, რომ სისხლის სამართლებრივი გამოძიება დაწყებულიყო, საერთოდ არ არსებობს ამ ნაწილში, ცრუ დასმენასთან, იმიტომ რომ არავითარ ცრუ დასმენას არასდროს, არცერთ ეტაპზე, არავის მიმართ, არც მომჩივნის, ცხადია, არ ჰქონია ჩვენი მხრიდან და არც არასდროს ექნება. არ ვიცი, დამატებით არაფრის თქმა არ შემიძლია. ვფიქრობ, რომ ყველა იმ კითხვას, რაც გამომძიებელს აინტერესებდა, ამომწურავად გავეცით პასუხი. ეს ეხებოდა სიუჟეტის მომზადების ტექნიკურ დეტალებსაც, მათ შორის“.

ქაშიაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განმარტებით, შეუძლებელია, რომ სატელევიზიო სიუჟეტში წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაჟღერებული ამბების თაობაზე ვინმეს პასუხისმგებლობა დადგეს:

„არც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, არც ქართული სისხლის სამართლის თეორიით და არც სისხლის სამართლის დადგენილი პრაქტიკით, მსგავს შემთხვევებზე ცრუ დასმენასთან დაკავშირებით გამოძიება არ იწყება. ცრუ დასმენის იურიდიული კონსტრუქცია იმგვარია, რომ შეუძლებელია სატელევიზიო სიუჟეტში წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაჟღერებული ამბების თაობაზე დადგეს ვინმეს პასუხისმგებლობა. ამავდროულად, ზოგადად, როდესაც ცრუ დასმენასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ხოლმე გამოძიება, იმთავითვე აუცილებელია დგინდებოდეს: ჯერ ერთი - მიმართვა კონკრეტული პირის წინააღმდეგ, შემდეგ ის ფაქტი უნდა იქნეს გამოძიებული და უარყოფილი საგამოძიებო სტრუქტურის მხრიდან, რომ ასეთი რამ არ მომხდარა და ამის შემდეგ განმცხადებლის მიმართ შეიძლება დაიწყოს გამოძიება. მოცემულ შემთხვევაში ჩვენ არ მოგვისმენია არც საგამოძიებო სტრუქტურებისგან და არც ვინმესგან, რომ ვთქვათ, ბატონმა მღებრიშვილმა, ბატონმა კვირიკაშვილმა, ბატონმა ხაინდრავამ, საქართველოს საზღვრის მაკონტროლებელმა უწყებებმა, მიგრაციის სამსახურებმა და ასე შემდეგ... მათთან დაკავშირებით დაისვა კითხვები, რომ მათთან დაკავშირებით გამოძიებამ ამოწურა ყველა გარემოება და დაადგინა, რომ საქართველოში უკანონო მიგრაციას ადგილი არ ჰქონია. ასეთი რამ არ მოგვისმენია, ხომ? შესაბამისად, უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით ვინმეს ცრუ დასმენაზე შეედავო, არა მხოლოდ თეორიული თვალსაზრისით არის აბსურდი, პრაქტიკული თვალსაზრისითაც არის სრულიად არალოგიკური“.

„შაბათის ფორმულაში“ გასული სიუჟეტის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას ეხმიანება „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. ორგანიზაციის შეფასებით, არსებული გარემოებები წარმოშობს სერიოზულ კითხვებს გამოხატვის თავისუფლების, მედიის დამოუკიდებლობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში სახელმწიფოს ჩარევის დასაშვებ ფარგლებთან დაკავშირებით. 

„მოცემულ საქმეში მნიშვნელოვანია დაისვას შეკითხვა, საერთოდ არსებობდეს თუ არა ცრუ დასმენის შემადგენლობა და გამოძიების დაწყება ხომ არ არის საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართ სხვა ფარული განზრახვის განსახორციელებელი საშუალება?! ცრუ დასმენა მოითხოვს, რომ პირმა შეგნებულად, მისთვის წინასწარ ცნობილი სიცრუის საფუძველზე, კონკრეტულ პირს დანაშაულის ჩადენა დააბრალოს და მიზნად დაისახოს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. მხოლოდ შესაძლო დანაშაულზე საუბარი, ეჭვის გამოთქმა ან საგამოძიებო ორგანოებისადმი ფაქტების გადამოწმებისკენ მოწოდება ვერ ჩაითვლება ცრუ დასმენად. ასეთ შემთხვევაში ჟურნალისტი არ ანაცვლებს გამოძიებას, არამედ სწორედ კომპეტენტურ ორგანოს მოუწოდებს, შეისწავლოს ფაქტები და თავად დაადგინოს, არსებობს თუ არა დანაშაულის ნიშნები. 

განსაკუთრებულ მითითებას საჭიროებს ის გარემოება, რომ გამოძიება საგამოძიებო  სიუჟეტის საფუძველზე დაიწყო. შესაბამისად, ადგილი აქვს ჟურნალისტის მხრიდან მისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში გაკეთებული განცხადების გამოძიების საგნად ქცევას. ასეთი პრაქტიკა ქმნის რეალურ საფრთხეს, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობა გამოყენებულ იქნეს კრიტიკული ჟურნალისტიკის შესაზღუდად და არა მართლმსაჯულების ინტერესების დასაცავად“, - ვკითხულობთ საიას განცხადებაში. 

„ქართულ ოცნებას“ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტისკენ მოუწოდა „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“. დაწყებულ გამოძიებაზე განგაშის სიგნალი ჩართო ევროსაბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ“. დავით ქაშიაშვილის გამოკითხვაზე დაბარება ჟურნალისტზე ზეწოლად და მედიის დაშინების მცდელობად მიიჩნია „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“. 

სამოქალაქო დავა

კინორეჟისორსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერს, გოგა ხაინდრავას „ფორმულას“ წინააღმდეგ აქვს სამოქალაქო დავაც. მან მიმდინარე წლის მარტში ტელეკომპანიას სასამართლოში უჩივლა და „შაბათის ფორმულას“ ეთერით „არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მოსარჩელისათვის სახელის, პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების“ ამავე გადაცემით უარყოფასთან ერთად, მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 10 000 ლარს ითხოვს. ამ საქმეზე მოსამზადებელი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 16 ივნისს გაიმართა.  

როგორც „მედიაჩეკერისთვის“ გახდა ცნობილი, მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა, „შაბათის ფორმულას“ წამყვანის, დავით ქაშიაშვილის მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

ხაინდრავა გადაცემა „შაბათის ფორმულას“ ეთერში 2025 წლის 20 დეკემბერსა და 2026 წლის 17 იანვარს გასულ სიუჟეტებზე დავობს. სარჩელში ვკითხულობთ, რომ 20 დეკემბრის სადავო სიუჟეტში - „ბოდიშიდან შენდობამდე - რაში უხდიან ოლიგარქის საყვარელ რეჟისორს, გოგა ხაინდრავას მილიონს“ არაერთი მცდარი ინფორმაცია გაჟღერდა, რის მაგალითადაც მოყვანილია ფრაზები: 1) „ბოლო წლების საქმიანობა პირდაპირ დაკავშირებულია მმართველ ძალასთან. მას სხვადასხვა ეთერებში ხშირად ვნახულობთ, პროპაგანდისტული განცხადებებით, მათ შორის ბილწსიტყვაობითაც გამოირჩევა“ 2) „დედოფლისწყაროში გოგა ხაინდრავა მთელს სოფელს ფლობს“.

ხაინდრავა მიიჩნევს, რომ „არაერთი არსებითად მცდარი და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციები“ გავრცელდა 17 იანვრის სადავო სიუჟეტითაც - „ოცნების პროპაგანდისტად ქცეული რეჟისორი - შემოჰყავდა თუ არა ფულის სანაცვლოდ გოგა ხაინდრავას უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში“. ამის მაგალითად მოყვანილია შემდეგი ფრაზები: 

1) „ინდოელები და პაკისტანელები რაც შემოდიოდნენ ხაინდრავას შემოყვანილია, 2000 აშშ დოლარს იხდიდნენ საქართველოში რომ შემოსულიყვნენ“; (წყაროს მიერ ნათქვამი)

2) „“შაბათის ფორმულა“-ს წყარო უყვება, რომ 2016-2017 წლებში სუსთან დალაგებული ჰქონდა ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეების გარკვეული თანხის სანაცვლოდ შემოყვანა“;

3) „წყარო ამბობს, რომ სუსს გოგა ხაინდრავა კონკრეტულ სიებს აძლევდა და მათგან ითხოვდა, საზღვარზე პრობლემები არ შექმნოდა და ქვეყანაში ისინი მარტივად უწდა შემოეშვათ“;

4) „სქემის მიხედვით, რომელზეც წყარო გველაპარაკება, თუ გადავითვლით გამოდის, რომ 2016-2017 წლებში ინდოეთისა და პაკისტანის 2000-მდე მოქალაქე შემოვიდა ქვეყანაში. თუ კინორეჟისორი თითო მოქლაქის შემოყვანაში 2000 აშშ დოლარს იღებდა, მაშინ მან სავარაუდოდ ამ სქემით 4 მლნ. დოლარი იშოვა“;

5) „როგორც ვიცით, ბატონ გოგას 2016-2017 წლებში შემოყავდა საქართველოში ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეები“.

გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ საჩივრის შეტანასთან ერთად, 2025 წლის დეკემბრის ბოლოს, დააანონსა, რომ დააფუძნებს ფონდსაც, რომელიც ხელს შეუწყობს „მედიატერორისა და მედიაფაშიზმის მიერ დაზარალებული მოქალაქეების იურიდიული უფლებების აღდგენას“. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ