„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან და რადიოდან“
გათავისუფლებული 5 თანამშრომელი: ირინა ყურუა, მაია მერკვილაძე, ლევან
ურიდია, გაბრიელა კვაჭანტირაძე და სალომე გეგეშიძე მაუწყებელს
სასამართლოში უჩივის და გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას
ითხოვს.
მათ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელებით უკვე მიმართეს. „აჭარის ტელევიზიიდან“ რეორგანიზაციის საბაბით გათავისუფლებული თანამშრომლების ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იცავს.
„ჩვენ უკვე მივმართეთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელებით და მოვითხოვეთ გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება და ასევე, რეორგანიზაციის პროცესის კანონიერების შემოწმება. მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში აღნიშნული პირების გათავისუფლება არის იმ დიდი რეპრესიული გზის გაგრძელება, რომელიც არა ერთხელ ვნახეთ საზოგადოებრივ მაუწყებელში და მათ შორის, ახლა უკვე სახეზეა „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გათავისუფლებული პირების საქმეები. ამ შემთხვევაში იმედი გვაქვს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ბათილად ცნობს მათ გათავისუფლებას და დაადგენს, რომ ეს გათავისუფლება იყო უკანონო“, - ამბობს TI-ის მთავარი იურისტი, თეონა ზაქარაშვილი „მედიაჩეკერთან“ საუბრისას.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორმა, ირაკლი კიკვაძემ „მედიაჩეკერს“ ივნისის დასაწყისში უთხრა, რომ არხიდან მედია წარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის ჯამში 14 თანამშრომელი გაათავისუფლეს, რეორგანიზაცია კი 57 პოზიციას შეეხო.
კიკვაძემ დღეს გათავისუფლებული თანამშრომლების სარჩელებთან დაკავშირებით რედაქციის კითხვას წერილობით უპასუხა, რომ მათი მხრიდან „ყველაფერი დასაბუთებული და კანონიერია“.
თეონა ზაქარაშვილი კი „აჭარის ტელევიზიიდან“ მიღებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომელიც, მისი თქმით, „სამწუხაროდ, არასრულია“, მიიჩნევს, რომ ძირითადი პრინციპები, რაც რეორგანიზაციის კანონიერებისთვის აუცილებელია, შესრულებული არ არის:
„თითქოს ჩვენთვის გამოგზავნილ დოკუმენტებში უნდა იკითხებოდეს დასაბუთება, მაგრამ ნაცვლად კონკრეტიკისა, თითოეულ ჟურნალისტთან მიმართებით ჩვენ გვხვდება მხოლოდ ზოგადი საუბარი, რაც სამართლებრივად არ არის საკმარისი კონკრეტული პირის, ამ შემთხვევაში ჟურნალისტების გათავისუფლებისთვის. ერთი, რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი“ არის ბიუჯეტიდან დაფინანსებული სსიპ-ი და შესაბამისად, აქ კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით უნდა დასაბუთდეს და გაირკვეს სახელმწიფო ბიუჯეტის თანხით დაფინანსებული იურიდიული პირის ხელმძღვანელობის მხრიდან მიღებული აქტების კანონიერება, ისევე როგორც საკითხი, როგორ იღებს გადაწყვეტილებას „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და რა გარანტიები არის ან უნდა იყოს კანონში გაწერილი.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დარჩენილ დოკუმენტებს, რომელიც უკვე სასამართლო წესით მოვითხოვეთ, მივიღებთ და კიდევ უფრო ნათელი წარმოდგენა შეექმნება სასამართლოს ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირების გათავისუფლების უკანონობასთან დაკავშირებით.
ჩვენ ვფიქრობთ და მიგვაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები დაუსაბუთებელია და არ არის სათანადოდ სამართლებრივად დადასტურებული ის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რამაც გამოიწვია აუცილებლობა ამ ხუთი პირის სამსახურიდან გათავისუფლების“.
რეორგანიზაციის საბაბით ჟურნალისტების გათავისუფლების შესახებ ტელევიზიის გადაწყვეტილება უსამართლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“:
„ქარტიას ეჭვებს უჩენს ის გარემოება, რომ გათავისუფლებული ჟურნალისტები დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევიან და რომ ისინი ყოველთვის პატივისცემას იჩენენ განსხვავებული აზრის მიმართ და სვამენ კრიტიკულ შეკითხვებს. გათავისუფლებული ჟურნალისტების ნაწილი, ვისი პოზიციაც ამ დროისთვის ცნობილია, თავადაც ასე მიიჩნევს, რომ კრიტიკული აზრის გამო იდევნება. ეს ქარტიას აფიქრებინებს, რომ გათავისუფლებები სხვა არაფერია, თუ არა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიტიკული აზრისგან დაცლის მცდელობა და ეს შერჩევითი, მიკერძოებული დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ აჭარაში საინფორმაციო ველის საბოლოოდ მოსუფთავებას ემსახურება“.
„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ შეფასებით კი, ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა:
„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „აჭარის ტელევიზიასა და რადიოში“ და ზოგადად საზოგადოებრივ მაუწყებელში დამოუკიდებელ ხმებს ავიწროებენ. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა, რომელიც მიუთითებს მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან სარედაქციო დამოუკიდებლობის თანმიმდევრულ შესუსტებასა და მაუწყებლის პოლიტიკური გავლენების ქვეშ მოქცევაზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია ემსახურებოდეს საზოგადოებრივ ინტერესს, იცავდეს ჟურნალისტების პროფესიულ დამოუკიდებლობას და ქმნიდეს თავისუფალი დისკუსიის სივრცეს. დღეს კი საპირისპირო პროცესს ვხედავთ“.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 14 თანამშრომლის გათავისუფლებაზე განგაშის სიგნალი ჩართო ევროსაბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამაც“.
„აჭარის ტელევიზიიდან და რადიოდან“ თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ ვრცლად იხილეთ აქ.

