„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ კომუნიკაციების კომისიას მოუწოდებს, თავი შეიკავოს იმ შინაარსობრივი საკითხების შეფასებისგან, რაც სარედაქციო დამოუკიდებლობის ფარგლებში ჯდება და რაც საქართველოში არსებული ტრადიციითა და საერთაშორისო პრაქტიკით თვითრეგულირების საგანია. ქარტიის განცხადებით, სხვაგვარი მიდგომა, თუნდაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ბოლოდროინდელ საკამათო ცვლილებებზე დაყრდნობით, ჟურნალისტური თემის მხრიდან განხილული იქნება, როგორც ცენზურის დაწესების მცდელობა და მაუწყებლების სარედაქციო დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა:
„მიმდინარე კვირიდან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია იწყებს მაუწყებელთა კონტენტის პროაქტიულად შესწავლას. კომისიის თქმით, მისი მოტივი ამ შემთხვევაში მაუწყებელთა შესახებ კანონითა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსით დადგენილი ნორმების პრაქტიკაში ამოქმედება და მაუწყებელთა ობიექტურობის „სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით“ შეფასებაა. ჟურნალისტურმა თემმა მარეგულირებელი კომისიის გეგმა სადამსჯელო ღონისძიების დაანონსებად აღიქვა და არცთუ უსაფუძვლოდ.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დამოუკიდებლობა წლებია, კითხვის ნიშნის ქვეშაა მისი საკამათო პრაქტიკისა და მაუწყებლების მიმართ შერჩევითი დამოკიდებულების გამო. ამის ერთი ნიმუშია კომისიის ბოლო განცხადება, რომელშიც ის გაერთიანებული სამეფოს მიერ დასანქცირებულ სამთავრობო პროპაგანდისტულ არხებს ექომაგება, იმ ფონზე, როცა კომისიამ ცოტა ხნის წინ მცირე ზომის სათემო მაუწყებლები „უცხოურ ძალასთან“- რეალურად კი საქართველოს დასავლელ მეგობრებთან - თანამშრომლობის გამო გააფრთხილა. მანამდე, მან “ქართული ოცნების” საჩივრის საფუძველზე, ახალი ამბების გადაცემისას “მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის” სამართალდამრღვევად ცნო ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სამი ტელევიზია („ფორმულა“, „ტვ პირველი“ და „მთავარი არხი“). ასევე, კომისიამ არ დააკმაყოფილა პროსამთავრობო ტელეკომპანია “იმედის” წინააღმდეგ შესული „მომავლის აკადემიის“ ოთხი საჩივარი და სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთის“ საჩივარი.
მარეგულირებელი კომისიის მანდატის გაფართოება შინაარსობრივ საკითხებში შესასვლელად არ ემსახურება არც პრესის თავისუფლების და გამოხატვის თავისუფლების განმტკიცებას და არც სამართლიანი კონკურენციისა და მედიაპლურალიზმის ხელშეწყობას. საეჭვოა ის, რომ მარეგულირებელი კომისიის შთაგონების წყარო ამ მიმართულებით გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობაა. ბრიტანულ სამაუწყებლო მოდელსა და „ქართული ოცნების“ მიერ დაკანონებულ ცვლილებებს შორის მრავალი განსხვავებაა. ასეც რომ იყოს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველო გაერთიანებული სამეფოსგან არსებითად განსხვავდება ისეთი კრიტერიუმებით შეპირისპირებისას, როგორიცაა მაუწყებლობის მარეგულირებლისა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და კომპეტენცია, და პოლიტიკური კლიმატი და პოლიტიკური პროცესის კლასი“.
როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტია წერს, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებისა და მათი გამოყენებით მაუწყებლების დევნის მიზანი სინამდვილეში სულ სხვაა - კრიტიკული მაუწყებლების ხმის ჩახშობა და საზოგადოების დატოვება პროპაგანდისტული კონტენტის პირისპირ, დამოუკიდებელი წყაროებისაგან მიღებული ინფორმაციის გარეშე.
-------------------------------------
კომუნიკაციების კომისიის მიერ 6 მარტს გაავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „გაერთიანებული სამეფოს მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოში ყველაზე მაღალრეიტინგული მაუწყებელია, მიმართულია როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის სამართლიანი კონკურენციის შეზღუდვისკენ, ისე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეფერხებისკენ, რამაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას მედიაპლურალიზმსა და სიტყვის თავისუფლებას ქვეყანაში“.
ComCom-ის ამავე განცხადების მიხედვით, აუცილებლად მიაჩნიათ, რომ „მომდევნო კვირიდან კომისიამ პრაქტიკაში აამოქმედოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები. რათა მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს“.
კომუნიკაციების კომისიის ამ განცხადებას გამოეხმაურა „მედიის ადვოკატირების კოალიციაც“. ორგანიზაციის შეფასებით, ის „შეიცავს მკაფიო სიგნალებს დამოუკიდებელი მედიის მიმართ შესაძლო ზეწოლისა და მუქარის შესახებ. განსაკუთრებით პრობლემურია ის გარემოება, რომ კომისია, რომელიც კანონით უნდა იყოს დამოუკიდებელი მარეგულირებელი და მედიის თავისუფლების გარანტი, საკუთარი განცხადებით ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მზად არის გამოიყენოს რეგულირების მექანიზმები მედიის სარედაქციო საქმიანობის შეფასებისა და კონტროლის ინსტრუმენტად“.
სამთავრობო ტელეკომპანიები: „იმედი“ და POSTV დიდმა ბრიტანეთმა 24 თებერვალს დაასანქცირა. ორივე ტელევიზიის შემთხვევაში სანქციის მიზეზად რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ განზრახ გავრცელებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაციებია დასახელებული. მათთვის დაკისრებული სანქციების სიაში კი წერია: აქტივების გაყინვა, სანქციები ტრასტის სერვისებისთვის, დირექტორის დისკვალიფიკაცია.
2025 წელს, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. „ქართული ოცნების“ საჩივრების საფუძველზე კომუნიკაციების კომისიამ „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის“ სამართალდამრღვევებად ცნო ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიები. ამასთან, ComCom-მა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ არცერთი (4) საჩივარი არ დააკმაყოფილა. „იმედის“ წინააღმდეგ კომისიამ არ დააკმაყოფილა „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ საჩივარიც.

