სადიგოვის საქმე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის განსხვავებული აზრის ჩახშობის საკითხში შეთქმულების ნიმუშს ასახავს - ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები
21.04.2026

 

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ და ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს წერილით მიმართეს და ჟურნალისტ აფგან სადიგოვის თბილისიდან ბაქოში იძულებითი დაბრუნების შემდეგ გადაუდებელი რეაგირება მოითხოვეს.

მათ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევება საქართველოში ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების სისტემურ და დოკუმენტირებულ გაუარესებას ადასტურებს. 

ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სადიგოვის საქმე „ასახავს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შეთქმულების ნიმუშს განსხვავებული აზრის ჩახშობის საკითხში“.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სისტემის სანდოობა დამოკიდებულია არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, არამედ მათ ეფექტურ განხორციელებასა და წევრი სახელმწიფოების კოლექტიურ ვალდებულებაზე, დაიცვან კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები.

წერილს, რომელიც გენერალური მდივნის ოფისისადმია მიმართული, ხელს 8 ორგანიზაცია აწერს და ოთხ კონკრეტულ მოთხოვნას მოიცავს:

  • ევროსაბჭომ გამოიყენოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 52-ე მუხლი და მოითხოვოს აზერბაიჯანის სახელმწიფოსგან განმარტება, თუ როგორ უზრუნველყოფს მისი შიდა სამართალი კონვენციის ეფექტიან იმპლემენტაციას, იმ ფონზე, როდესაც ათწლეულის განმავლობაში დოკუმენტირებულია სისტემური და მასშტაბური დარღვევები, მათ შორის საკუთარი მოქალაქეების ტრანსნაციონალური რეპრესია სხვა წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე;
  • მოამზადოს დამოუკიდებელი ანგარიში საქართველოს ქმედებების შესახებ აფგან სადიგოვის საქმეში, რათა შეფასდეს, თუ რამდენად შეესაბამება კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს აფგან სადიგოვის გაძევება, რომელიც განხორციელდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სავალდებულო დროებითი ღონისძიების პირდაპირი უგულებელყოფით; 
  • დანიშნოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის საკითხებზე, რომელიც დისიდენტების ტრანსტნაციონალური დევნის გამოცდილებას  შეისწავლის და რითაც უზრუნველყოფილი ამ პრაქტიკასთან დაკავშირებით უფრო კოორდინირებული და მდგრადი რეაგირება, რომლის ეფექტიანად დაძლევაც არსებული მექანიზმებით ვერ ხერხდება;
  • მოუწოდოს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, გამოიყენონ ხელმისაწვდომი დიპლომატიური და პოლიტიკური მექანიზმები აფგან სადიგოვის დაცვის მხარდასაჭერად, მათ შორის, მისი ოჯახის გაერთიანების უფლების უზრუნველყოფის გზით, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბაქოში დაბრუნების შემდეგ იგი უკვე ორჯერ იქნა დაბარებული აზერბაიჯანის შესაბამისი ორგანოების მიერ.


განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: Campaign to End Repression in Azerbaijan; European Human Rights Advocacy Centre; European Platform for Democratic Elections; Freedom Now; FIDH within the framework of the Observatory for the Protection of Human Rights Defenders; Norwegian Helsinki Committee; Social Justice Center; OMCT within the framework of the Observatory for the Protection of Human Rights Defenders.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, წერილი აფგან სადიგოვის საქმეს უფრო ფართო კონტექსტში განიხილავს, რომელიც ასახავს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დისიდენტების რეპრესირების მიზნით ორმხრივი კოორდინაციის ტენდენციას. 

„საქართველოში ახლახან მიღებული კანონმდებლობა, რომელიც უცხოურ დაფინანსებას ეხება, ჰგავს იმ პრაქტიკებს, რომლებიც აზერბაიჯანმა დიდი ხანია იყენებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების დასასუსტებლად. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის, 6 აპრილს თბილისში ვიზიტი კი, აფგან სადიგოვის დეპორტაციის მომდევნო დღეს, აძლიერებს ეჭვებს მიზანმიმართული კოორდინაციის შესახებ, რომელიც მიმართულია ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების შეზღუდვისკენ, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ორივე სახელმწიფოს ვალდებულებებს, როგორც ევროპის საბჭოს წევრებს.

ეს ტენდენცია თანხვედრაშია Freedom House-ის კვლევებთან, რომლებიც საქართველოს იმ ქვეყნებს შორის ასახელებს, სადაც ტრანსნაციონალური რეპრესიის რისკებია. ორგანიზაციის შეფასებით, მსგავსი ავტორიტარული თანამშრომლობა ხელს უწყობს ტრანსნაციონალური რეპრესიების ზრდას.

წერილში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ აფგან სადიგოვის საქმე არ წარმოადგენს იზოლირებულ შემთხვევას. იგი წარმოადგენს აზერბაიჯანში ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე რეპრესიული პოლიტიკის მორიგ გამოვლინებას, რომელიც არაერთხელ იქნა დაგმობილი როგორც ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, თუმცა ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობის მხრიდან მიღებული პასუხი ხშირად რჩებოდა ზომიერ და შემრიგებლურ ჩარჩოში“, - წერს სადიგოვის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია. 

                                                      

თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი 4 აპრილის ღამეს დააკავეს, შსს მას სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდა. სადიგოვის წინააღმდეგ სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაშუაღამევს დაინიშნა, მისი ქვეყნიდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება კი მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე, გამოაცხადა. სასამართლომ მას შეუფარდა 2000 ლარის ოდენობით ჯარიმა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვაც 3 წლის ვადით.

აფგან სადიგოვი თბილისში, აზერბაიჯანის მოთხოვნით 2024 წელს დააკავეს. ის საექსტრადიციო პატიმრობაში თითქმის 9 თვე იმყოფებოდა. სადიგოვმა პროტესტის ნიშნად 161 დღე იშიმშილა. ის 2025 წელს, „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საბაბით ორჯერ იყო დაკავებული.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ