კომუნიკაციების კომისია მის მიერ ჩატარებული პერიოდული
მედიამონიტორინგის საფუძველზე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის შესაძლო დარღვევის საკითხს, რომელიც
შინაარსობრივ რეგულირებას შეეხება, დღეს, 21 მაისს, ისევ
განიხილავს.
მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა „ფორმულას“ ეთერში 21 აპრილიდან 23 აპრილის ჩათვლით პერიოდში გასული ახალი ამბების პროგრამები შერჩევითად დაამონიტორინგა და მიიჩნია, რომ ტელეკომპანიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის - „სამართლიანობა და მიუკერძოებლობა“ 1-ლი, მე-4 და მე-5 პუნქტები დაარღვია.
„ოცნების სუსი“, „ქართული ოცნების მთავრობის მეთაური“, „ივანიშვილის რეჟიმი“, „რეჟიმის პროკურატურა“, „რეჟიმმა წელიწადნახევრიანი უკანონო პატიმრობა უკვე მიუსაჯა“, „ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო“, „ოცნების საგამოძიებო უწყება“, „რეჟიმის ოპონენტების თქმით“, „ოცნების პრემიერი“, „ოცნების პრეზიდენტი“, „ივანიშვილის ხელისუფლება“, „პროსამთავრობო რუსთავი 2“, „რეჟიმის სასამართლო“, „ოლიგარქის გარემოცვიდან“, „რეალურად კი ევროპელმა დიპლომატმა ილაპარაკა იმაზე რის გაკეთებას აპირებს ევროკავშირი საქართველოსთვის, ასევე აღწერა ობიექტური მოცემულობა“, „ივანიშვილის ხელისუფლება კი საკუთარი პროპაგანდისტების საშუალებით ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ევროპის ქვეყნებში აღიარებული მედიკამენტი ბავშვებისთვის საშიშია“, „ქართული ოცნების მთავრობის ადმინისტრაციასთან“ და სხვ. - დეპარტამენტის დასაბუთებით, ამ ფრაზების გამოყენებით „ფორმულამ“ მიმდინარე საკითხები მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გააშუქა, რითიც კანონს არღვევს.
მიუკერძოებლობის პრინციპისა და ბალანსის ( 54-ე მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტები) დარღვევის მაგალითად კი მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მოხსენებით ბარათში მოყვანილი აქვს მასალა 22 აპრილის 17:00-საათიანი საინფორმაციო გამოშვებიდან, სადაც წამყვანი ამბობს: „მიხეილ სარჯველაძეს დიუშენის დაავადების მქონე პაციენტების მშობლები ტყუილში ამხელენ. მათი განმარტებით, მედიკამენტები, რომლის შემოტანასაც ისინი ითხოვენ, მინიმუმ 10 წლით ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ამ წამლებს შედეგიანად იყენებენ როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში. მშობლები საზოგადოებრივი მაუწყებლისგან პირდაპირ ეთერსაც მოითხოვენ, რათა საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ. პირველი არხის მენეჯმენტი დღის 12 სთ.-ზე გაჟღერებულ ამ მოთხოვნას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია“.
დეპარტამენტის შეფასებით, ამ სიუჟეტში არ იყო წარმოდგენილი ალტერნატიული მოსაზრება, ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია/კომენტარი.
კომუნიკაციების კომისიამ მედიამონიტორინგის საფუძველზე ტელეკომპანია „ფორმულა“, „TV პირველთან“, Postv-ისა და „იმედთან“ ერთად, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლების დარღვევის გამო, რომლებიც შინაარსობრივი რეგულირების საკითხებს შეეხება, წინა თვეში წერილობით გააფრთხილა, რადგან მათ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის სანქცია გამოყენებული არ ყოფილა.
კომისიის მიერ კრიტიკული მაუწყებლებისთვის: „ტელეკომპანია პირველისა“ და „ფორმულასთვის“ წერილობითი გაფრთხილების მიცემა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მაშინ საგანგაშოდ შეაფასა და მიიჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებით მარეგულირებელი მაუწყებლებს ცენზურას უწესებს.
„საგულისხმოა, რომ მაუწყებლებისთვის ყოველი შემდგომი იმავე ტიპის დარღვევის დადგენა მათთვის სოლიდური ფინანსური სანქციების დაწესების, ან/და მაუწყებლობის ლიცენზიის შეჩერება/შეწყვეტის წინაპირობა გახდება, რაც ისედაც მწირი ფინანსური რესურსების პირობებში მომუშავე მედიებისთვის მძიმე ტვირთი იქნება“, - აღნიშნა ორგანიზაციამ აპრილში.
ComCom-მა მაშინ მიიჩნია, რომ ფრაზების: „ოცნების პროკურატურა“, „ოცნების პარლამენტი“, „ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი“, „სასამართლო კლანი“, და სხვ. გამოყენებით „ფორმულამ“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი დაარღვია.
მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა წინა მონიტორინგის დროს ყველაზე მეტი - 20 დარღვევა სწორედ „ფორმულას“ აღმოუჩინა, ყველაზე ცოტა (4) კი - „იმედს“.
ComCom-მა მის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე, შინაარსობრივი რეგულირების საკითხების: მიუკერძოებლობა, ბალანსი, პირადი დამოკიდებულების/მოსაზრების საფუძველზე გაშუქება, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე დარღვევაზე აპრილში პირველად იმსჯელა.
კომუნიკაციების კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმების პრაქტიკაში ამოქმედება, „რათა მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს“, 6 მარტს, ბრიტანეთის მიერ სამთავრობო ტელეკომპანიების: „იმედისა“ და „postv“-ის დასანქცირების შემდეგ, დააანონსა.
მაშინდელ განცხადებაში კომისია მედიის შინაარსობრივი რეგულირების საკითხთან დაკავშირებით წერდა, რომ მიუხედავად კანონის არსებობისა, აქამდე მხოლოდ საჩივრებზე რეაგირებდა და თავად მაუწყებლების მიმართ ადმინისტრაციული წარმოება არ დაუწყია.
კომუნიკაციების კომისიას თვითრეგულირების სფეროში
მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების
შესაძლებლობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში 2025 წლის გაზაფხულზე
შესული ცვლილებებით მიეცა.

