ტრამპის დაბლოკვა Twitter-ზე, შეფასებები და Twitter-ის ახალი, საპილოტე პროექტი
29.01.2021

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის ანგარიში - @realDonaldTrump კომპანია Twitter-მა 2021 წლის 8 იანვარს სამუდამოდ დაბლოკა. გადაწყვეტილებას წინ ორი დღით ადრე დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმი და პრეზიდენტის Twitter-ის ანგარიშზე გავრცელებული ძალადობის წამქეზებელი შინაარსის განცხადებები უძღოდა.

Twitter-იდან ტრამპის ანგარიშის წაშლას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ცნობილი პოლიტიკოსების ნაწილმა ფაქტი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად და ცენზურად, ნაწილმა კი უსაფრთხოებისთვის აუცილებელ გადაწყვეტილებად შეაფასა. გაჩნდა შეკითხვებიც: უნდა ჰქონოდა თუ არა პრეზიდენტს სოციალურ ქსელში სხვა მომხმარებლებისგან განსხვავებით პრივილეგიები? და ვინ უნდა აკონტროლებდეს სოციალური მედიის კომპანიებს?

პრეზიდენტის ანგარიშის გაუქმების შესახებ საპირისპირო მხარეებს შესაბამისი არგუმენტები აქვთ. პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მოგვიანებით დისკუსიაში ჩაერთო უშუალოდ Twitter-ის დამფუძნებელი ჯეკ დორსიც.

"სწორი, მაგრამ სახიფათო"


Twitter-ის დამფუძნებელმა ჯეკ დროსიმ ტრამპის ანგარიშის სამუდამო დაბლოკვიდან ერთი კვირის შემდეგ გადაწყვეტილების განმარტებისა და საკუთარი შეხედულების გამოსახატად 13 ტვიტი გამოაქვეყნა. დორსი წერდა, რომ პრეზიდენტის პირადი ანგარიშის წაშლა სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა ეს სახიფათო პრეცედენტს ქმნიდა.

მისი აზრით, სახიფათო იყო "ძალაუფლება, რომელიც ინდივიდს ან კორპორაციას აქვს გლობალური საჯარო დისკუსიის ნაწილზე."დორსისვე განმარტებით, ქსელში ანგარიშის დაბლოკვა, აშკარა გამონაკლისების გარდა, სწორედ ჯანსაღი დისკუსიის კუთხით კომპანიის მარცხს წარმოადგენს. Twitter-ის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ კომპანიას მოდერაციასთან დაკავშირებით მეტი გამჭვირვალობა სჭირდება.

საზოგადოების რეაქცია


თითქმის ყველა თანხმდება, რომ წლების წინ Twitter-ის მიერ "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული ტერორისტული ანგარიშების წაშლა შედეგიანი აღმოჩნდა. თუმცა, როდესაც საკითხი შეერთებული შტატების პირველ პირს ეხება აზრი ძირითადად ორად იყოფა: არიან ისინი, ვინც პრეცედენტს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აღიქვამენ და ისინი, ვისთვისაც ფაქტი უსაფრთხოებისთვის აუცილებელი და დროული ქმედება იყო.

დონალდ ტრამპის ანგარიშის Twitter-ის მიერ დაბლოკვას პრობლემურად მიიჩნევს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. კანცლერის პრესსპიკერის შტეფან ზიბერტის განცხადებით, გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური მნიშვნელობისაა და მასში ჩარევა კანონმდებლობის შესაბამისად უნდა ხდებოდეს და არა კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით. მსგავს მოსაზრებას იზიარებს საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი ბრუნო ლე მერიც. მისი აზრით, ”ციფრული გიგანტი კომპანიები არ შეიძლება თავად ციფრულმა ოლიგარქიამ დაარეგულიროს".

Twitter-ის გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა მექსიკის პრეზიდენტის ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორისთვისაც. მან კერძო კომპანიის ძალაუფლებას ცენზურა გაუწიოს ქსელში გამოხატულ მოსაზრებებს "ცუდი ნიშანი" უწოდა.

დონალდ ტრამპის დაბლოკვის გადაწყვეტილების კიდევ ერთი კრიტიკოსი აღმოჩნდა რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელმაც ფაქტი პირად პოლიტიკურ განწყობებსა და ემოციებზე დაფუძნებულ "ცენზურის მიუღებელ აქტად" შეაფასა.

ამერიკელი პოლიტიკოსების ნაწილისთვის, მათ შორის ჰილარი კლინტონისთვის, კი ტრამპის ანგარიშის დაბლოკვა სრულიად მისაღები და მისასალმებელია. დონალდ ტრამპის მომხრეებისა და თანაგუნდელების ნაწილი Twitter-ის კრიტიკისას პარალელს ჩინეთთან ავლებს. მაგალითად, დონალდ ტრამპის ყოფილი პრესმდივანი სარა სანდერსი მომხდარს ასე გამოეხმაურა: "ეს არ არის ჩინეთი, ეს ამერიკის შეერთებული შტატებია და ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ". არგუმენტს The New York Times-ის მოსაზრების სვეტში უპასუხა ბლოგერმა მიშელ გოლდბერგმა, რომელიც ფიქრობს, რომ ტრამპის დაბლოკვა აბსოლუტურად საპირისპიროა იმისგან რაც ჩინეთში ხდება, სადაც წარმოუდგენელია ყველაზე დიდმა ჩინურმა სოციალურმა ქსელმა Weibo-მ პრეზიდენტი სი ძიპინი დაბლოკოს.

წლების განმავლობაში დონალდ ტრამპის Twitter-ის ანგარიშის შენარჩუნების მნიშვნელობაზე საუბრობს ამერიკელი იურისტი ბენ ვიზნერი, რომელიც The Guardian-ის შეკითხვაზე უფრო დროულად უნდა დაებლოკა თუ არა Twitter-ს ტრამპის ანგარიში, პასუხობს, რომ თუ დონალდ ტრამპი საზოგადოებასთან საკომუნიკაციოდ მხოლოდ თეთრი სახლის არხებს გამოიყენებდა, სადაც ყველა მასალა კარგადაა რედაქტირებული, მაშინ საზოგადოებას მისი რეალური სახე ნაკლებად ეცოდინებოდა. იურისტი ამბობს, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ხშირად იმპულსური ტვიტები ტრამპისვე წინააღმდეგ სასამართლოში მნიშვნელოვანი მტკიცებულების სახით წარადგინეს, შესაბამისად Twitter-ზე დონალდ ტრამპის ანგარიშის ამდენ ხანს არსებობა საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენდა.

სად გაქრა @realDonaldTrump-ის ტვიტები?

მიუხედავად იმისა, რომ Twitter-ზე ტრამპის ანგარიში სრულად დაბლოკილია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი ტვიტები ინტერნეტსივრციდან საბოლოოდ გაქრა და საზოგადოებისთვის მიუწვდომელი გახდა.

დღესდღეობით მასალებში ტრამპის ტვიტერიდან გამოყენებული "ჰიპერლინკები" უფუნქციოა. ე.წ Embed ანუ "ჩაშენებული" ტვიტები მხოლოდ ტექსტის სახით ჩანს. თუმცა, 2009 წელს შექმნილი ანგარიში @realDonaldTrump და მასზე გამოქვეყნებული ყველა განცხადება, მათ შორის წაშლილი ტვიტები შესაბამისი დადგენილების მიხედვით ეროვნულ არქივში შეინახება.

დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებული 56,000-ზე მეტი ტვიტის ნახვა საჯაროდ ხელმისაწვდომ რესურზე "ტრამპის ტვიტერის არქივშია" შესაძლებელი.


alt


Twitter-ის საპილოტე პროექტი დეზინფორმაციის წინააღმდეგ

დონალდ ტრამპის ტვიტების "შეცდომაში შემყვან ინფორმაციად" მონიშვნის, ზოგჯერ მათი წაშლით, საბოლოოდ კი ანგარიშის გაუქმების შემდეგ კომპანიამ ახალი პროექტი წარადგინა. იმის გამო, რომ 2020 წელს Twitter-ის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ხერხები საკმარისი არ აღმოჩნდა. კომპანიამ ახალი საპილოტე პროგრამა Birdwatch წამოიწყო, რომლითაც ფაქტების გადამოწმების ტრადიციული მეთოდისგან განსხვავებით, მასში ჩართვას უშუალოდ მომხმარებლები შეძლებენ.

პირველ ეტაპზე სოციალური ქსელის 1000 შერჩეულ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ნებისმიერ ტვიტს გადამოწმებული ინფორმაცია შენიშვნის სახით დაურთოს. პროექტში ჩასართავად განაცხადის გაგზავნა შეერთებული შტატების მასშტაბით ნებისმიერ მსურველს შეუძლია.



გარეკანის ფოტო:  MARKETWATCH PHOTO ILLUSTRATION/GETTY IMAGES

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ