რუსეთ-უკრაინს კონფლიქტი, პროპაგანდისტული მედიის მიხედვით
25.02.2022
უკრაინაში შეჭრამდე რუსული პროპაგანდისტული მედია უკვე გამალებით მუშაობდა, 24 თებერვლის დილიდან მოყოლებული კი, რუსეთის ჯარების უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კონფლიქტის თავისებური სურათს ხატავს. 

პროპაგანდისტულ რუსულ მედიაში „ომი“ არ არის

დღეს რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში სიტყვა “ომს” საერთოდ ვერ შეხვდებით - მხოლოდ “დონბასის სპეცოპერაცია”.

მათი ძირითადი გზავნილებია:

  • უკრაინას ნაცისტური ხელისუფლება ყავს, რომლისგანაც ხალხს გათავისუფლება სჭირდება.
  • სახიფათოა, ასეთი ქვეყნის ხელისუფლებას ხელში ბირთვული იარაღი ჩაუვარდეს.

მაგალითად, Russia Today რუსი ჯარისკაცების სამხედრო მომზადების კადრების ფონზე გადმოსცემდა, პუტინის სიტყვებს: "რუსეთი არ მისცემს უკრაინას უფლებას, ჰქონდეს ატომური იარაღი".

მსგავს გზავნილებს რუსული პროპაგანდისტული მედია ომის დაწყების წინა დღეებშიც აქვეყნებდა.

alt

22 თებერვალს Russia Today-მ გამოაქვეყნა სტატია სათაურით “როგორ გამოიწვია უკრაინელმა “ღირსების რევოლუციამ” ომი, სიღარიბე და მემარჯვენე რადიკალიზმის აღზევება”.


  • “ომში” აქ 2014 წელს, დონბასის საომარი მოქმედებები იგულისხმება, როცა ლუჰანსკის და დონეცკის რეგიონებში პრო-რუსულ სეპარატისტებს რუსეთის არმია შეუერთდა.
  • ეს სტატია უკვე იყო ნიადაგის მომზადება რუსეთის, როგორც განმათავისუფლებელი ძალის წარმოსაჩენად.
  • და რომ „დონბასისა და ლუჰანსკის მცხოვრებლები კიევის აგრესიისგან დაცვას ითხოვენ.“

ეს სტატია წინ უსწრებდა კრემლის პრეს-მდივნის, დმიტრი პესკოვის 24 თებერვლის განცხადებასაც თითქოს „თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელმღვანელებმა რუსეთის ხელისუფლებას დახმარებისთვის მიმართეს“.

ეს მასალა ამ სტატიის დაწერის მომენტშიც დევს RT-ს ინგლისურენოვანი სამსახურის მთავარ გვერდზე.

„ნეო-ნაცისტი უკრაინელები“


სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS წერს, რომ “პესკოვის განცხადებით, საუკეთესო შემთხვევაში, უკრაინა ნაცისტებისგან უნდა გათავისუფლდეს” - ნათქვამს არც კომენტარს აყოლებს, არც კონტექსტს, მთელი ამბავი ერთი ციტატაა.

  • TASS უკვე წლებია, გადმოსცემს კრემლის რიტორიკას იმაზე რომ უკრაინაში ანტისემიტური და მემარჯვენე მოძრაობები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენენ (ამასთან, 2019 წლის არჩევნებზე მემარჯვენე პარტია “სვობოდამ” მხოლოდ 2.2 % აიღო);
  • 2021 წელს TASS-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით “ზელენსკის პრეტენზიები დონბასზე ადასტურებს ნეო-ნაციზმს კიევის პოლიტიკაში - ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის საგარეო მინისტრი”.

„ომის დაწყების მიზეზი უკრაინის ქმედებაა“

alt

ომის დაწყების შემდეგ საინფორმაციო სააგენტო Sputnik-მა ასეთი გზავნილები გამოაქვეყნა:

  • “ორშაბათს, რუსეთმა ოფიციალურად აღიარა დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები და მოუწოდა კიევს დონბასში სისხლისღვრის შეჩერებისკენ,“
  • „თუმცა, უკრაინულმა ძალებმა შეტევა განაგრძეს, გააგრძელეს რეგიონის გახშირებული დაბომბვა.”
  • “პუტინი ბრძანებას გასცემს სამხედრო ოპერაციაზე დონბასში, პირობას იძლევა რომ გარეშე საფრთხეს მყისიერად უპასუხებს”.


НТВ-მ პუტინის მიერ უკრაინაში შეჭრის დაანონსებაზე ამბავი ასე დაიწყო: “რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება დონბასში სამხედრო სპეცოპერაციის ჩატარებაზე. პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ოპერაციის მიზანი ხალხის დაცვაა. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ამაოდ ჩაიარა ნატოსთან მოლაპარაკების ყველა მცდელობამ, შეეჩერებინათ აღმოსავლეთისკენ გავრცელება.”

ზოგადად, НТВ რუსეთ-უკრაინის ომს ასე წარმოაჩენს:

  • რუსეთი არა მხოლოდ იცავს მშვიდობიან მოსახლეობას უკრაინული შეტევისგან, არამედ დასავლეთის აგრესიასაც პასუხობს.
  • ნატო რეალური საფრთხეა, რუსეთის მოთმინების ფიალა ამოიწურა.
  • “პუტინი: რუსეთი 30 წელია ცდილობდა, ნატო-სთან გაფართოების შეჩერებაზე მოლაპარაკებას”.
  • “ბაიდენი რუსეთს დაემუქრა ნატო-ს “გადამწყვეტი პასუხით”.

alt

„რუსეთი წინ მიიწევს, უკრაინელი ჯარისკაცები იარაღს ყრიან“

პარადოქსია, მაგრამ ერთი მხრივ, რუსული პროპაგანდისტული მედია გვარწმუნებს, რომ უკრაინას აგრესიული ხელისუფლება ჰყავს, მეორე მხრივ კი ცდილობს დაარწმუნოს აუდიტორია, რომ უკრაინის ჯარები იარაღს ყრიან და გარბიან.


alt


ORT, გადაცემა Время Покажет, პირდაპირი ეთერი:

  • “ლუჰანსკის საერო რესპუბლიკა: უკრაინელი სამხედროები მასობრივად ამბობენ უარს ბრძანებების შესრულებაზე და ტოვებენ პოზიციებს”.
  • НТВ აქვეყნებს ინტერვიუს ამონარიდს კიევის ანონიმურ მოქალაქესთან, რომელიც ამბობს, რომ “ქალაქში სრული პანიკა და ქაოსია”.
  • ამ ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები წარმატებულად მიიწევს წინ.

Риа Новости წერს, რომ “წყობიდან გამოყვანილია უკრაინის სამხედრო ძალების ავიაბაზები”, თუმცა არსადაა ნახსენები, რომელი ბაზები განადგურდა და სად.

საერთოდ, ამ სააგენტოს აქტიურობა ბოლო დღეებში გამორჩეულია - თუ მათს ვებგვერდს ჩავუღრმავდებით, თვალში ორი სურათი მოგვხვდება:


დონბასის უბედურება

alt



დონეცკის მცხოვრებლების სიხარული, როცა რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა

alt


რუსული მედიის მეორე მხარე


რუსული დამოუკიდებელი მედია და ჟურნალისტების ნაწილი, რომლებიც საერთაშორისო ამბებზე მუშაობენ, მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ, თავი გაემიჯნათ პროპაგანდისგან და კონფლიქტი დაეგმოთ.

  • საინფორმაციო სააგენტო SOTA-ს ერთ-ერთი უმსხვილესი მედიაჰოლდინგის, Rambler.ru-ს თანამშრომლებმა უთხრეს, რომ პირდაპირ აეკრძალათ სოციალურ ქსელებში აზრის გამოთქმა, რადგან „მათი პროფილები ახლა ოფიციალური რესურსების ტოლფასია და ხელისუფლების ნებისმიერმა კრიტიკამ შეიძლება სამსახური დაატოვებინოს“.
  • “კომერსანტის” ჟურნალისტმა ელენა ჩერნენკომ ტელეგრამის საშუალებით ღია წერილით დაგმო რუსთის ომი უკრაინასთან. წერილს ასზე მეტი ჟურნალისტი მთელი დღის განმავლობაში აწერდა ხელს.


მეტი ამ თემებზე:


ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ “როსკომნადზორმა” - სახელმწიფო სააგენტომ, რომელიც ქვეყნის-მედია სივრცეს იცავს, რუსულ მედიას კატეგორიულად მოსთხოვა, სიახლეები “მხოლოდ რუსულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით” დაეწერა, რადგან “სწორედ რუსული ოფიციალურ საინფორმაციო წყაროებს აქვთ და ავრცელებენ სარწმუნო და აქტუალურ ინფორმაციას”. რუსული მედიის უდიდესმა ნაწილმა ეს დავალება წარმატებით შეასრულა.

ავტორი : თამუნა ჩქარეული;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ