მოლდოვამ რუსული საინფორმაციო სააგენტოების ვებგვერდებზე წვდომა დაბლოკა
03.11.2023
მოლდოვამ ქვეყნის შიგნით რუსული საინფორმაციო სააგენტოების ვებგვერდებზე წვდომა დაბლოკა. გადაწყვეტილება 5 ნოემბერს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების ფონზე მიიღეს.

ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურის (SIS) დირექტორის, ალექსანდრ მუსტეატას განცხადებით, ბოლო თვეებში დააფიქსირეს ინფორმაციული თავდასხმების გააქტიურება და ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკების ზრდა.

დეტალები:

  • მოლდოვის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურმა 30 ოქტომბერს გამოაქვეყნა 31 ვებგვერდი, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა დაიბლოკოს “მოლდოვას რესპუბლიკის წინააღმდეგ საინფორმაციო ომში გამოყენებული ონლაინ კონტენტის გამო”
  • ჩამონათვალში მოხვდა საინფორმაციო სააგენტოები TASS და Interfax.

გარდა ამისა, ცალკე განკარგულებით მოლდოვამ ლიცენზია შეუჩერა ექვს შიდა ტელეარხს.

  • SIS-ის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია და მტკიცებულებები, რომ რუსეთის ფედერაცია ახდენს გავლენას 5 ნოემბრის ადგილობრივ არჩევნებზე და “ძირს უთხრის რესპუბლიკის დემოკრატიულ პროცესს, მათ შორის, ამ ტელევიზიებზე განხორციელებული დეზინფორმაციული კამპანიებით”.
  • ანგარიშის მიხედვით, ეს ტელეარხები ექვემდებარებიან “კრიმინალურ ჯგუფებს” Șor და Plahotniuc, რომლებიც მოქმედებენ მოლდოვის რესპუბლიკაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის.
  • “სამიზნე ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკა ორიენტირებულია დეზინფორმაციული კამპანიების წამოწყებაზე, საგარეო პოლიტიკური კურსის დისკრედიტაციასა და რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ გეოპოლიტიკური ნარატივების გავრცელებაზე” - ვკითხულობთ განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებაში არხებმა უარყვეს ბრალდებები და ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მედიის თავისუფლებაზე “უპრეცედენტო თავდასხმად” შეაფასეს.

ზოგიერთმა ტელეარხმა განაცხადა, რომ ცესკოს გადაწყვეტილება იყო “შეურაცხმყოფელი და უკანონო”. ისინი აპირებენ მის გასაჩივრებას სასამართლოში.

მოლდოვას აქამდეც მიუღია მსგავსი გადაწყვეტილებები

მაგალითად, 24 ოქტომბერს დაბლოკა 22 ვებგვერდი. ხელისუფლების განცხადებით ისინი პრორუსულად იყვნენ განწყობილი და პროპაგანდას ავრცელებდნენ. 13 სექტემბერს კი გააძევეს რუსული სახელმწიფო მედიის, “სპუტნიკის” ადგილობრივი ფილიალის ხელმძღვანელი.

ოფიციალური პირების განცხადებები:

პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, დაეცვა “სახელმწიფო და დემოკრატია რუსეთის ფედერაციის მიერ საარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობებისგან”. პრემიერმინისტრის თქმით კი რუსეთს, ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფების მეშვეობით, სურს გავლენა მოახდინოს ადგილობრივ არჩევნებზე და ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ პროცესს.

რუსეთი დიდი ხანია უარყოფს მოლდოვას შიდა საქმეებში ჩარევას და მის პრეზიდენტს მაია სანდუს მტრობის გაღვივებაში ადანაშაულებს.

2022 წლის მაისში რუსეთის სახელმწიფო დუმის შიდა საქმეებში საგარეო ჩარევის საგამოძიებო კომისიამ დაასახელა 13 ქვეყანა, რომლებიც “რუსული მედიის მიმართ ყველაზე აგრესიულად იქცევიან”. ჩამონათვალში იყო მოლდოვა, საქართველოც.

ავტორი : ელენე ზაქაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ