საქართველო
კატეგორია - საქართველო
“მიგვაჩნია, რომ ობიექტური და დამოუკიდებელი არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების მცდელობის საფრთხე აშკარაა, შექმნილი ვითარება კი საგანგაშო ხასიათს ატარებს”, - ნათქვამია კოალიცია “მედია ადვოკატირებისათვის” მიერ 6 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტისა და მრჩეველთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, კოალიცია “მედია ადვოკატირებისათვის” წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საფრთხის წინაშე დგანან მაუწყებელში დასაქმებული კრიტიკული აზრის მქონე თანამშრომლები, რომლებიც ცდილობენ დაიცვან სარედაქციო დამოუკიდებლობა.

“ვფიქრობთ, კრიტიკულია საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის, როგორც ღირებულების შენარჩუნების საკითხიც. მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური ინტერესებით მოტივირებული ხელოვნური კრიზისები აფერხებს საჯარო დაფინანსებით მოქმედ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომლის საქმიანობის უმთავრეს მიზანს საზოგადოებისთვის გავლენებისგან თავისუფალი, მიუკერძოებელი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი და მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება წარმოადგენს. შექმნილმა ვითარებამ ქმედითი დახმარების საჭიროების წინაშე დაგვაყენა”, - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო ორ დღეში აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს ევროპის საბჭო და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც გამოეხმაურნენ. ევროპის საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტები პოლიტიკური ზეწოლის შედეგად გაათავისუფლეს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელად გიორგი აბაზაძის დაინიშვნით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაუწყებელში მიმდინარე საკადრო ცვლილებები დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს მიზნად.
კატეგორია - საქართველო
“აჭარის ტელევიზიიდან რამდენიმე ჟურნალისტი პოლიტიკური ზეწოლის შედეგად გაათავისუფლეს” - ამ სათაურით 5 თებერვალს ევროსაბჭოს გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ RSF (ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე) შეშფოთებულია საქართველოში მედიაზე კონტროლის გაზრდის გამო და მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ პატივი სცეს აჭარის მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას.

განცხადებაში შორენა ღლონტის და მაია მერკვილაძის გათავისუფლებაზეა საუბარი და აღნიშნულია, რომ ორივე მათგანი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო მაუწყებელში დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებაში. ასევე, წერია, რომ ნათია ზოიძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება პოლიტიკური ზეწოლით ახსნა.

განცხადებაში საუბარია ჟურნალისტების პროტესტზეც. ნათქვამია, რომ ჟურნალისტებმა რამდენჯერმე გააპროტესტეს მიმდინარე მოვლენები და ახლახანს ალტერნატიული პროფკავშირებიც შეიქმნა, რომელიც გაფიცვისთვის ემზადება, რათა სარედაქციო დამოუკიდებლობა დაიცვას.
კატეგორია - საქართველო

ბოლო პერიოდში ხშირად ყოფილა საქართველოში შემთხვევა, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ბოიკოტს უცხადებენ კონკრეტულ მედიასაშუალებებს, თუმცა ტელეკომპანია “იმედმა” მიიჩნია, რომ ოპოზიციური პარტიის, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერისთვის, გიგა ბოკერიასთვის ეთერის დათმობაა აზრს მოკლებული.

“ვიდრე ბოკერიას ჟურნალისტებთან ურთიერთობის ფორმა ექნება აგრესიული და შეურაცხმყოფელი, “იმედი” აზრს ვერ ხედავს დაუთმოს მას ეთერი”, - ეს განცხადება “იმედის” სახელით დღეს დილით საინფორმაციო პროგრამის წამყვანმა გააცნო მაყურებელს.

ტელეკომპანიის მხრიდან ასეთი რეაქცია განაპირობა “იმედის” ჟურნალისტის, სოფო ბერიძის შეკითხვაზე ბოკერიას პასუხმა. ბერიძე დაინტერესდა საარჩევნო თემატიკაზე ხელისუფლების მიერ ინიცირებული საკონტიტუციო განხილვის ფორმატშიც ჩაერთვებოდა თუ არა “ევროპული საქართველო”. სწორედ ამას მოჰყვა ასეთი დიალოგი ჟურნალისტს და პოლიტიკოსს შორის:

ბოკერია:  თუნდაც ამ ფორმატში-ც, რომელ ფორმატში არ ვერთვებით?
ბერიძე:  არა, ამ ფორმატში ჩაერთოთ
ბოკერია:  ანუ ც-ს გარეშე
ბერიძე:  ძაან რთული გახდა თქვენთან
ბოკერია:  არა, თქვენთან რთულია, მაგრამ გიტანთ, იმიტომ რომ ეს არის თავისუფლება
ბერიძე:   რა გვაქვს აუტანელი, ბატონო გიგა, კითხვას გისვამთ
ბოკერია:   თუ შეიძლება, აცადეთ სხვებს, თქვენ რომ ჩემი პასუხები არ მოგწონთ, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ხელი უნდა შემიშალოთ
ბერიძე:   მაშინ მოხსენი კამერა, რა
ბოკერია:   მოხსენით და კარგად ბრძანდებოდეთ.

ტელეკომპანია “იმედმა” დილის საინფორმაციო გამოშვებაში ამ დიალოგზე მომზადებული სიუჟეტი ასე დაასათაურა: “გიგა ბოკერიას უცვლელი აგრესიული მიდგომა”. თუმცა სიუჟეტში არ ყოფილა ახსნილი, რას ეფუძნება ასეთი შეფასება - რას ნიშნავს “უცვლელი”, მანამდე კიდევ რა აგრესიულ მიდგომებს ჰქონდა ადგილი. სიუჟეტს თან ერთვოდა შემდეგი შინაარსის სარედაქციო ტექსტი:

“შეიძლება ამა თუ იმ პოლიტიკოსს არხის სარედაქციო პოლიტიკა არ მოსწონდეს, მაგრამ მსგავსი განცხადებების გაკეთება მინიმუმ უხერხულია, მითუმეტეს, როცა ამას “ნაციონალური მოძრაობისა” და ახლა უკვე მისი განაყოფის, “ევროპული საქართველოს” მთავარი იდეოლოგი აკეთებს. როგორც ჩანს, გიგა ბოკერიას აგრესიული მიდგომები დღემდე არ შეუცვლია”.

მეტი სიმძაფრისთვის ტელეკომპანიამ ამის შემდეგ მაყურებელს აჩვენა ბოკერიას ცოლის, თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუკ სტატუსი, სადაც ის ჟურნალისტ სოფო ბერიძეს “არარაობას” უწოდებს და მას ტყუილების გავრცელებაში ადანაშაულებს.

“იმედის” შეფასებით, ჩერგოლეიშვილმა ამ სტატუსით, “ქრონიკის” ჟურნალისტის დაბულინგება გადაწვიტა:

“ეს მაშინ, როცა სიცრუის მთავარი გამავრცელებელი თავად გიგა ბოკერია და მისი მეუღლე არიან”, - იუწყება ტელეკომპანია.

ამ განცხადებამდე ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ირაკლი ჩიხლაძემ, ასევე, ფეისბუკით უპასუხა ბოკერია-ჩერგოლეიშვილს:

“ცოლმაც დაკარგა სახე და კვირას, 21:00 საათზე, ორივე მიიღებს პასუხს და ჩავახედებ კიდეც სარკეში! ისტერიჩკა დედაკაცი”.

 

alt


“მაუწყებლის ქცევის კოდექსი” მაუწყებლებს ავალდებულებს მიუკერძოებელ გაშუქებას - პოლიტიკური, ნებისმიერი სახის დაპირისპირების ამსახველი ან მიმდინარე საჯარო პოლიტიკის საკითხები, რომლებზეც მიმდინარეობს დებატები, არ უნდა შუქდებოდეს მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე.
კატეგორია - საქართველო
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შემაშფოთებლად აფასებს აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს და მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს დაინტერესდნენ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებით.

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები უკიდურესად შემაშფოთებელია და მენეჯმენტის მიერ მიღებული საკადრო გადაწყვეტილებები მიმართულია არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისკენ”, - ვკითხულობთ ქარტიის მიერ 5 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ორგანიზაციის შეფასებით, აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელად გიორგი აბაზაძე დაინიშვნით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაუწყებელში მიმდინარე საკადრო ცვლილებები დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს მიზნად.

“მიგვაჩნია, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა, ისევე როგორც სხვა საკადრო ცვლილებები, არის გაუმჭირვალე. უცნობია, რომელი კრიტერიუმებით და რა გამოცდილების გამო შეირჩა გიორგი აბაზაძე ამ პოზიციაზე. სამწუხაროა, რომ დირექტორი გიორგი კოხრეიძე ანგარიშს არ უწევს ახალი ამბების გუნდს, რომელიც ერთსულოვანია და არ მოსწონს შერჩეული კანდიდატი. ისინი მიიჩვენევენ, რომ დირექტორის გადაწყვეტილება ემსახურება მათი სამსახურის გუნდის გახლეჩვას, მით უფრო იმ ფონზე რომ თანამშრომელთა ნაწილმა გაფიცვა დაანონსა”, - ნათქვამია განცხადებაში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამოც, რომ აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სოციალურ ქსელებში ჰომოფობიური და სექსისტური შენაარსის გზავნილებით გამოირჩევა, ორგანიზაციის განმარტებით, ეს დაუშვებელია, რადგან პირველ რიგში საზოგადოებრივი მაუწყებელია ვალდებული დაიცვას ეთიკური სტანდარტი.

ქარტია ასევე მოუწოდებს ტელევიზიის მენეჯმენტს, რომ განმარტონ განხორციელებული ცვლილებების საჭიროებები და დაასაბუთონ მიღებული გადაწყვეტილებები.
კატეგორია - საქართველო
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების ნაწილი გაფიცვისთვის ემზადება. “სტატუს კვოს აღდგენა, სარედაქციო დამოუკიდებლობა, შრომითი უფლებები და სტრატეგიული ხედვა”, - აღნიშნული ოთხი მიმართულებით საგაფიცვო მოთხოვნები აჭარის ტელევიზიის ალტერნატიულმა პროფკავშირებმა დღეს, 2 მარტს შეიტანა მაუწყებელში.

“განცხადებას დავტოვებთ კანცელარიაში და ამის შემდგომ, იგივე განცხადებას დავტოვებთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროშიც, იმიტომ, რომ მედიაციის პროცესში ჩაერთოს სამინისტროც", - ამბობს მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის ხელმძღვანელი მალხაზ რეხვიაშვილი.

მისივე თქმით, განცხადების შეტანის შემდეგ, 21 დღის ვადაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, გაიფიცებიან:

“ამ განცხადებას რომ დავტოვებთ, დაიწყება ავტომატურად ათვლა 21 დღის.  ჩვენ ვამბობთ, რომ ვაპირებთ გაფიცვას, თუმცა, გაფიცვამდე, სამართლიანობისთვის, საჭიროა, რომ ობიექტური მხარე იყოს დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენ მოლაპარაკებები ვცადეთ და სხვა გზა არ დარჩა. ამას გულისხმობს მედიაციის პროცედურა, რომ მედიატორი მოდის, რწმუნდება, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. თუ მოლაპარაკებები შედგება, ფორმდება დოკუმენტი, თუ ვერ შედგება, ამაზეც შესაბამისი დოკუმენტი ფორმდება და ჩვენ წარმოგვეშვება გაფიცვის უფლება".

მალხაზ რეხვიაშვილი ამბობს, რომ საგაფიცვო სტრატეგია ჯერ არ შეუმუშავებიათ და ჯერჯერობით არ იციან გაფიცვა ნაწილობრივი იქნება თუ სრული:

“საგაფიცვო სტრატეგია როგორი იქნება, ჯერ არ ვიცით, თუმცა, კოლექტიურ დავაში მონაწილეობას მივიღებთ პროფკავშირის სრული შემადგენლობა - 90 წევრამდე (მაუწყებლის თანამშრომლები და ყოფილი თანამშრომლები).

ბოლო ორი კვირაა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს. მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი 28 თებერვალს თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შორენა ღლონტის გათავისუფლებამდე 4 დღით ადრე, 24 თებერვალს მაია მერკვილაძე აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პოზიციაზე ნინო ხაჟომიამ ჩაანაცვლა. თუმცა, 28 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ნინო ხაჟომიამ დაკავებული პოზიცია პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მაია მერკვილაძის საინფორმაციო სამსახურის რედაქტორობიდან გათავისუფლებამდე, 19 თებერვალს კი, აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ მხარი დაუჭირა დირექტორის მიერ წარდგენილ საშტატო განრიგის ცვლილებას და მაია მერკვილაძის, როგორც ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის შტატი გააუქმა.

შეგახსენებთ, აჭარის ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ, არხი რამდენიმე ადამიანმა დატოვა. ახალ დირექტორთან მუშობაზე თავად თქვეს უარი დირექტორის მრჩევლებმა ზვიად ქორიძემ და მარინა ვაშაყმაძემ. 2020 წლის იანვრიდან კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს ახალი ამბების პროდიუსერს ნათია შავაძეს. თებერვლიდან კი არხი დატოვა დირექტორის მოადგილემ ნათია ზოიძემ, რომელიც მაუწყებელს თითქმის 10 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება იძულებით მიიღო, მას შემდეგ, რაც ახალმა დირექტორმა სარედაქციო პოლიტიკის წარმართვას ჩამოაშორა.
კატეგორია - საქართველო
“ვფიქრობთ, ეს არის საფასური, რომელსაც ვიხდით მიუკერძოებლობისა და კეთილსინდისიერებისათვის”, - ტელეკომპანია “მაესტროს” წამყვანი ანა ცხოვრებავა ამბობს, რომ “ბიზნეს სიახლეები” ორშაბათიდან ეთეში აღარ გავა, რადგან მიუკერძოებელი და კეთილსინდისიერი მუშაობისთვის გადაცემას ხურავენ. მისივე თქმით, გადაცემის დახურვას სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის არაერთი მცდელობა უძღვოდა წინ.

“დღეს თქვენ ბოლოჯერ უყურებთ ბიზნესის გადაცემას მაესტროს ეთერში. ჩვენ ერთმანეთს ამ ეთერში 2017 წლის 13 ივნისს შევხვდით, 3 წლის წინ და მას შემდეგ ყოველ საღამოს ჩვენ ვცდილობდით, რომ მიუკერძოებლად მოგვეტანა თქვენამდე ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები.

ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი იყო, რომ თქვენ - გადასახადების გადამხდელებს და ჩვენს მაყურებლებს გქონოდათ მიუკერძოებელი ინფორმაცია იმაზე, თუ რაზე იხარჯება თქვენ მიერ გადახდილი გადასახადები. ასევე, რა გავლენას ახდენს ესა თუ ის რეგულაცია და პოლიტიკური გადაწყვეტილება თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ასევე, მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიც.

ვფიქრობთ, რომ ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენ ერთმანეთს ამ ეთერში აღარ შევხვდებით. არხის მენეჯმენტმა, ჰოლდინგის მენეჯმენტმა ოფიციალურ მიზეზად, რის გამოც იხურება გადაცემა, დაასახელა ის, რომ იცვლება "მაესტროს" ფორმატი, თუმცა ეს ჩვენთვის არ ჟღერს დამაჯერებლად, იმის გათვალისწინებით, რომ მას წინ უძღვოდა არაერთი მცდელობა ჩვენს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის. შესაბამისად, ვფიქრობთ, ეს არის საფასური, რომელსაც ვიხდით მიუკერძოებლობისა და კეთილსინდისიერებისათვის”, - ეს განცხადება ანა ცხოვრებავამ დღეს, გადაცემის დასრულებისას პირდაპირ ეთერში გააკეთა.

დეკემბრიდან პოლიტიკური გადაცემა “მაესტროელებიც” აღარ გადის ეთერში. გადაცემის პროდიუსერი თიკო ბაშარული ორივე გადაცემის - “მაესტროელების” და “ბიზნესის სიახლეების” დახურვას ცენზურის გაძლიერებას უკავშირებს:

“ჩემი პოლიტიკური გადაცემაც დახურეს.  გადაცემა “მაესტროელები”, რომელიც საღამოს 7 საათზე გადიოდა, ჰყავდა სამი წამყვანი და იყო ძირითადად პოლიტიკური თემები. გადაცემა აღარ გადის დეკემბრიდან. მოხდა იგივე, რაც ჩემს პოლიტიკურ გადაცემაზე, რომ შეიზღუდა და ცენზურა გაძლიერდა".

“მედიაჩეკერი” ცდილობს დამატებითი დეტალები მაუწყებლის დირექტორთან გაარკვიოს, თუმცა ამ დრომდე  ვაკო ავალიანი ჩვენს ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობს. დამატებითი ინფორმაციის მოძებისთნავე მასალა განახლდება. 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “მაესტრო” “იმედის” ჰოლდინგის ნაწილია.
კატეგორია - საქართველო

დღეს, 28 თებერვალს, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რომ აჭარის მაუწყებლის დირექტორმა საინფორმაციო სამსახურის უფროსის  პოზიციიდან გაათავისუფლა შორენა ღლონტი, მაუწყებლის ჟურნალისტების ნაწილმა, მთავარი საინფორმაციო გამოშვების დასასრულს, პირდაპირ ეთერში, ერთწუთიანი დუმილით და მესიჯით -  "აჭარის მაუწყებელში სუსია" , კიდევ ერთხელ გამოუცხადა პროტესტი ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს. 

"ჩვენ გვინდა ერთწუთიანი დუმილის უფლებით ვისარგებლოთ და ამ დუმილით გამოვხატოთ პროტესტი იმ პროცესის მიმართ, რაც აჭარის ტელევიზიაში მიმდინარეობს. ჩვენ რამდენიმე თვეა ვსაუბრობთ, რომ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის ღია მცდელობა, ღია შტურმი მიმდინარეობს, ადამიანებს დევნიან სხვადასხვა ფორმით, აშანტაჟებენ, ათავისუფლებენ სამსახურიდან, ამ ყველაფერში კი რა თქმა უნდა ჩართულია მაუწყებლის დირექტორი და მრჩეველთა საბჭოს სამი წევრი,  "ქართული ოცნების" კვოტით დაკომპლექტებული. ჩვენი პროტესტი გვინდა გამოვხატოთ ერთწუთიანი დუმილით", - თქვა პირდაპირ ეთერში მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა თეონა ბაკურიძემ, პარალელურად კი სტუდიაში შეიკრიბნენ ჟურნალისტები, საპროტესტო წარწერებით , შემდეგი ერთი წუთი კი ეთერში სრული დუმილი იყო. 

შეგახსენებთ, დღეს, 28 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 

''ახალი ამბების სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის გადაცდომასთან დაკავშირებით დასრულებულია მოკვლევა და იგი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძვლის გაცნობა შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს. მზად ვარ ქალბატონ შორენას შევთავაზო ისეთი პოზიცია, სადაც მას არ ექნება მსგავსი გადაცდომის შესაძლებლობა და მიეცემა პროფესიული საქმიანობის გაგრძელების საშუალება'', - წერია განცხადებაში, რომელიც დირექტორის სახელით ონლაინ სამსახურს გაუგზავნეს.

შორენა ღლონტის გათავისუფლებას წინ უსწრებდა 20:00 საათიანი გამოშვების რედაქტორის მაია მერკვილაძის გათავისუფლება დაკავებული პოზიციიდან. ამ თანამდებობაზე იგი ნინო ხაჟომიამ ჩაანაცვლა, თუმცა, დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ დანიშვნიდან 4 დღეში ნინო ხაჟომიამ აღნიშნული პოზიცია საკუთარი განცხადებით დატოვა. 


"მედიაჩეკერი" მთელი საღამოა ცდილობს ტელევიზიის დირექტორთან დაკავშირებას, თუმცა იგი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 

 

კატეგორია - საქართველო

დანიშვნიდან ოთხ დღეში აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების უფროსმა ნინო ხაჟომიამ, პირადი განცხადების საფუძველზე დაკავებული პოზიცია დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტელევიზია ავრცელებს.  მაუწყებლისვე ინფორმაციით, მის მოვალეობას ფირუზ ბოლქვაძე შეასრულებს. 

alt

ფირუზ ბოლქვაძე


რატომ მიიღო ნინო ხაჟომიამ ეს გადაწყვეტილება უცნობია, "მედიაჩეკერი" ცდილობს მასთან დაკავშირებას, თუმცა მისი ტელეფონი გამორთულია.  რაც შეეხება აჭარის ტელევიზიის დირექტორს გიორგი კოხრეიძეს, იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობს. 

შეგახსენებთ, აჭარის ტელევიზიის 20:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების უფროსის პოზიციაზე ნინო ხაჯომიამ მაია მერკვილაძე ჩაანაცვლა. მაია მერკვილაძე ამ პოზიციიდან დირექტორმა გაათავისუფლა და სანაცვლოდ რადიოს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორობა და მაუწყებელში ჯერ არარსებული ტოქშოუს პროდიუსერობა შესთავაზა. 

 დღეს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დირექტორმა დაკავებული პოზიციიდან გაათავისუფლა ასევე საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი. 

შენიშვნა:  სტატიის თავდაპირველ ვერსიაში მითითებული იყო რომ ნინო ხაჟომია აჭარის მაუწყებელს ტოვებს. ეს აქცენტირებული იყო სათაურშიც, ვინაიდან  ასე გავრცელდა ინფორმაცია აჭარის ტელევიზიის მიერ.  მასალის გამოქვეყნების შემდეგ "მედიაჩეკერს" დაუკავშირდა მაუწყებლის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც თქვა, რომ ნინო ხაჟომია ტოვებს მთავარი საინფორმაციო  სამსახურის უფროსის პოზიციას. რჩება თუ არა იგი მაუწყებელში, მისთვის უცნობია.

კატეგორია - საქართველო
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მაუწყებლის ინფორმაციით, დოკუმენტი, რომელშიც საინფორმაციო სამსახურის უფროსის გათავისუფლების შესახებ წერია,  ონლაინ სამსახურს დღეს, 28 თებერვალს, დღის ბოლოს, 19:10 საათზე დირექტორის თანაშემწემ გაუგზავნა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ შორენა ღლონტი სამსახურიდან მოკვლევის დასრულების შემდეგ ვეღარ დაიკავებს საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციას და ის სხვა თანამდებობაზე იქნება გადანიშნული.

''ახალი ამბების სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის გადაცდომასთან დაკავშირებით დასრულებულია მოკვლევა და იგი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძვლის გაცნობა შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს. მზად ვარ ქალბატონ შორენას შევთავაზო ისეთი პოზიცია, სადაც მას არ ექნება მსგავსი გადაცდომის შესაძლებლობა და მიეცემა პროფესიული საქმიანობის გაგრძელების საშუალება'', - წერია განცხადებაში, რომელიც დირექტორის სახელით ონლაინ სამსახურს გაუგზავნეს.

მაუწყებლის ინფორმაციით, დღეს ასევე ცნობილი გახდა,  რომ  დაკავებულ პოზიციას ტოვებს ტელევიზიის 20:00 საათიანი გამოშვების უფროსად  დანიშნული ნინო ხაჟომია,  მის მოვალეობას კი ფირუზ ბოლქვაძე შეასრულებს.
კატეგორია - საქართველო
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი გახდა. მან ამ პოზიციაზე გიორგი მგელაძე ჩაანაცვლა, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას 2019 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა.

მარიამ გოგოსაშვილი 2018 წლიდან დღემდე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედია მიმართულების იურისტად მუშაობდა. მანამდე, 2012-2013 წლებში ამავე ორგანიზაციაში მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტი იყო. 2013-2017 წლებში კი “სტერეო+-ის” სამართლებრივ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. არის არაერთი მედია კვლევის ავტორი და თანაავტორი.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორის კონკურსში, გასაუბრების ეტაპზე სულ 4 კანდიდატი მონაწილეობდა. 9 წევრისგან დაკომპლექტებულმა საბჭომ გადაწყვეტილება დღეს, 27 თებერვალს მიიღო. მარიამ გოგოსაშვილი ორგანიზაციას 2 მარტიდან უხელმძღვალენელებს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიის დამოუკიდებელი თვითრეგულირების ორგანოა და მთელი საქართველოს მასშტაბით 360-მდე ჟურნალისტს აერთიანებს.
კატეგორია - საქართველო
“TV პირველის” საინფორმაციო სამსახურს 27 თებერვლიდან ნინო ჟიჟილაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად არხის დირექტორმა ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა, მოგვიანებით კი ტელევიზიის მფლობელმა, ვატო წერეთელმა დაადასტურა.

“დღეიდან ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო ჟიჟილაშვილია. ძალიან მაგარი წამყვანი რომ არის, ეს იცით. ახლა ძალიან მაგარ საინფორმაციოსაც გააკეთებს. ეს კიდევ ერთი ახალი ეტაპია ჩვენი ტელევიზიის ისტორიაში”- წერს ვატო წერეთელი ფეისბუკის პირად გვერდზე.

ნინო ჟიჟილაშვილი ამ პოზიციაზე მათე კირვალიძეს ანაცვლებს. ამავე არხზე ნინო ჟიჟილაშვილი ორი ტოქშოუს - „პოლიტმეტრისა“ და „პირველების“ წამყვანია. პარალელურად იგი კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის დეკანია.
კატეგორია - საქართველო
“მოვლენების ასეთმა განვითარებამ ცხადყო, რომ მიმდინარე ცვლილებების მიზანი ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა. სამწუხაროა, რომ მრჩეველთა საბჭოს მმართველი პარტიის კვოტით არჩეული წევრები საკუთარი ქმედებებით ხელს უწყობენ ტელევიზიაში არსებული სიტუაციის დამატებით ესკალაციას და არ იცავენ ჟურნალისტების უფლებებს”, - ამ განცხადებით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

ორგანიზაცია მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობად აფასებს და პროკურატურას მოუწოდებს, რომ ჟურნალისტებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტების გამოძიოს. მაუწყებლის ბორდს და მენეჯმენტს კი მიმართავს, რომ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა შეწყვიტონ:

“მოვუწოდებთ, ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოსა და მენეჯმენტს შეწყვიტოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ჟურნალისტების დამოუკიდებელი საქმიანობის შეზღუდვას და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას. მოვუწოდებთ, საქართველოს პროკურატურას გამოიძიოს ჟურნალისტებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტები, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დაინტერესდეს ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებით და მოაწყოს საჯარო განხილვა”, - ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ დღეს, 25 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს ყველა თანამშრომელს, რომელიც საკუთარი უფლებებისა და პროფესიული ღირსებისათვის იბრძვის.