დვალი და აქიმიძე 'რუსთავი 2-ის' ქონების გასხვისების აკრძალვას ითხოვენ
19.03.2021
"რუსთავი 2-ის" დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელეკომპანიის უძრავი და მოძრავი ქონების გასხვისების შეზღუდვას ითხოვენ. შესაბამისი საჩივარი არხის ყოფილმა მფლობელებმა სასამართლოში დღეს შეიტანეს.

“რუსთავი 2-ისა” და “ პრაიმტამის” ერთ ჰოლდინგად ჩამოყალიბების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, 15 მარტს, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ სასამართლოს “რუსთავი 2-ის” ქონების გასხვისების აკრძალვისა და დირექტორისთვის გარკვეული უფლებამოსილებების შეზღუდვის თხოვნით მიმართეს.  აღნიშნულ შეზუდვებზე სასამართლომ უარი თქვა. სწორედ ეს გაასაჩივრეს დღეს “რუსთავი 2-ის" დამფუძნებლებმა.

“რუსთავი 2-ის” წილის 60% 2019 წლიდან, დვალისა და აქიმიძის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით დაყადაღებულია, თუმცა ყადაღა არ ადევს უძრავ და მოძრავ ქონებას. დვალი და აქიმიძე  ახალი ჰოლდინგური კომპანიისთვის ქონების შესაძლო გადაცემას ეწინააღმდეგებიან და შემზღუდველი ღონისძიებების გატარებას ითხოვენ.

“იმ წილის 60%-ს, რომელსაც მე და ჯარჯი აქიმიძე ვდაობთ, ყადაღა ადევს და შესაბამისად, ეს წილები ვერ გასხვისდება, მაგრამ არსებობს ქონება, რაზეც ვდაობთ.  გაუგებარ სქემაზე ლაპარაკობენ, ჰოლდინგს - ასეთ ცნებას არ ცნობს ჩვენი კანონმდებლობა, შესაბამისად, რაზეა ლაპარაკი ბოლომდე გასაგები არ არის და აქედან გამომდინარე, თავის დაზღვევის მიზნით ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ყადაღა დაედოს ასევე იმ ქონებას, რომელსაც ეს კომპანია ფლობს. ეს იქნება შენობა, მიწის ნაკვეთი, აპარატურა თუ ა.შ “, - აცხადებს “მედიაჩეკერთან” საუბარში დავით დვალი.

ტელეკომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ “რუსთავი 2-ის” მხრიდან ჰოლდინგის შესახებ გაკეთებული განცხადებები, არანაირ სამართლებრივ ჩარჩოში არ ჯდება. “ფაქტობრივად, გამოდის, [განაცხადეს] ვმეგობრობთო, რაც ასე არ არის, რადგან, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უფრო მჭიდრო ინტეგრაციაზეა საუბარი და აქედან გამომდინარე, სიფრთხილეს თავი არ სტკივა”, - ამბობს დვალი.

შერჩევით სამართალზე საუბრობს დვალისა და აქიმიძის უფლებადამცველი. კახა კოჟორიძე “მედიაჩეკერთან” აცხადებს, რომ შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით სასამართლოსთან ანალოგიური მოთხოვნები ჰქონდა ქიბარ ხალვაშს 2015 წელს, თუმცა “რადგან ბატონი ხალვაში მაშინდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირი იყო და ხელისუფლების ინტერესებს აჟღერებდა, მისი მოთხოვნები უსიტყვოდ კმაყოფილდებოდა და დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის, რომლებიც დამოუკიდებელი ადამიანები არიან, ზუსტად ანალოგიური მოთხოვნები იმავე სასამართლოს მიერ არ კმაყოფილდება. ეს არის შერჩევითი მასრთლმსაჯულების პირდაპირი კლასიკური მაგალითი“, - აღნიშნავს კოჟორიძე.

ქონების გასხვისების საკითხზე არხის დამფუძნებლებს “რუსთავი 2-ის” ამჟამინდელ მფლობელსა და დირექტორთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ. დავით დვალის განმარტებით, საკითხთან დაკავშირებით “რუსთავი 2-ის” ხელმძღვანელობას ოფიციალურ შეკითხვას მათი ადვოკატი გაუგზავნის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 2017 წლის 2 მარტს ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. "რუსთავი 2-მა" და მისმა მფლობელებმა საკუთარი უფლებების დარღვევის მოტივით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. 3 მარტს სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. 2019 წლის 18 ივლისს ცნობილი გახდა ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც აღსრულების შეჩერება გაუქმდა, არხი კვლავ ხალვაშის მფლობელობაში გადავიდა. მაშინ ქიბარ ხალვაშმა დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს 40%-იანი წილი შესათავაზა, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

დღეს შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის" 60 პროცენტიანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაშია, "რუსთავი 2-ის" 40 პროცენტიან წილს ფლობს კომპანია “პანორამა”, რომლის მესაკუთრეც ქიბარ ხალვაშია. ტელეკომპანიის თავდაპირველი მესაკუთრეები - დავით დვალი, ჯარჯი აქიმიძე და ეროსი კიწმარიშვილის ქვრივი, ია კიწმარიშვილი, "რუსთავი 2-ის" დაბრუნებას დღემდე ცდილობენ.


მთავარი ფოტო: რადიო თავისუფლება

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ