„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, 2024-2025 წლებში, პროსამთავრობო მაუწყებლებმა ჯამში 89.5 მლნ ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღეს, კრიტიკულმა ტელევიზიებმა კი („მთავარი არხის“ 2024 წლის მონაცემის ჩათვლით) თითქმის 4-ჯერ ნაკლები - 23 მლნ ლარის, რაც „ნათლად აჩვენებს იმ უზარმაზარ დისპროპორციას და სარეკლამო ბაზრის არათანაბარ განაწილებას, რაც პროსამთავრობო და კრიტიკულ მაუწყებლებს შორის ფიქსირდება“.
როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, შექმნილი ფინანსური პრობლებების გამო 2025 წელს მაუწყებლობა ვეღარ განაახლა 17-მა რეგიონულმა მაუწყებელმა, ფინანსური კრიზისის გამო დახურვის საფრთხის წინაშე არიან ქვეყნის მთავარი კრიტიკული მაუწყებლები - „ფორმულა“ და „ტელეკომპანია პირველი“:
„კრიტიკული მაუწყებლების დახურვა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას, დატოვებს რა მას მხოლოდ სამთავრობო დღის წესრიგისა და პროპაგანდის ამარა“.
2024-2025 წლების სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის კვლევა ასევე აჩვენებს, რომ წამყვანი სატელევიზიო მაუწყებლების ხარჯები კვლავაც მნიშვნელოვნად - 2-ჯერ, რიგ შემთხვევებში კი - 3-ჯერ აღემატება მათ შემოსავლებს და ისინი უკვე რამდენიმე წელია, რაც ფისკალურ წელს ზარალით ასრულებენ და მოგებაზე ვერ გადიან.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის დასკვნითი ნაწილის მიხედვით:
-
2024-2025 წლების მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების ანალიზი მკაფიოდ აჩვენებს, რომ სარეკლამო ბაზარი არ არის საკმარისი მედიის გამართულად ფუნქციონირებისთვის, რასაც თან ახლავს ბაზრის არათანაბარი და დისპროპორციული განაწილება პროსამთავრობო მაუწყებლების სასარგებლოდ.
-
მაგალითად, მხოლოდ 2025 წლის პირველ 3 კვარტალში, მხოლოდ პროსამთავრობო „იმედის ჰოლდინგმა“ 29.2 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო კომერციული რეკლამიდან, რაც ორი კრიტიკული მაუწყებლის - „ფორმულა“, „ტვ პირველი“ - იმავე პერიოდის ჯამურ შემოსავალზე 3.7-ჯერ მეტია. მათ საანგარიშო პერიოდში, ჯამურად მხოლოდ 7.8 მლნ ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს.
-
საყურადღებოა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ არსებობაც საერთო სარეკლამო ბაზარზე, რომლის სარედაქციო პოლიტიკაც ხელისუფლების დღის წესრიგზეა მორგებული და ისედაც სოლიდური სახელმწიფო დაფინანსების პირობებში, კომერციული რეკლამის ნაწილში კერძო მაუწყებლების კონკურენტად გვევლინება. რაც საბოლოო ჯამში, განაპირობებს სარეკლამო შემოსავლების უდიდესი ნაწილის აკუმულირებას პროსამთავრობო არხებზე. აღნიშნული განსაკუთრებულ წნეხად კვლავ კრიტიკულ მაუწყებლებს აწვებათ, რომლებიც ისედაც მინიმალური ფინანსური რესურსების ზღვარზე ოპერირებენ.
-
ამასთან, მკაფიოდ იგრძნობა ერთგვარი თვითცენზურა რეკლამის დამკვეთებშიც, რის ვარაუდსაც პირად საუბრებში თავად კრიტიკული მაუწყებლების წარმომადგენლებიც გამოთქვამენ. მათივე ცნობით, ადგილი ჰქონდა უკვე დადებული სარეკლამო კონტრაქტების გაუქმებასაც. ეჭვებს კიდევ უფრო მეტად ამყარებს მაუწყებლებში მიტანილი რეკლამების საერთო მაჩვენებლებიც.
-
კრიტიკულ მედიაში არსებულ ფინანსურ პრობლემებს თან სდევს, როგორც ტექნიკური, ისე ადამიანური რესურსების მკვეთრი ნაკლებობა. მრავალთვიანი სახელფასო დავალიანებების ფონზე, ბევრი ჟურნალისტი იძულებული ხდევა დატოვოს პროფესია, დარჩენილები კი მოხალისეობრივ საწყისებზე განაგრძობენ საქმიანობას.
-
ამას ემატება მრავალმხრივ გაუარესებული კანონმდებლობაც, რაც კიდევ უფრო ზრდის ხელისუფლებისადმი კრტიკულად განწყობილი მაუწყებლებისადმი არსებულ წნეხს. 2025 წლის დასაწყისში, რეპრესიული ცვლილებებით, ფაქტობრივად, სრულად შეიზღუდა დასავლური ფონდებიდან დაფინანსების მიღება, როგორც სატელევიზიო, ისე ონლაინ მედიისთვის. აღსანიშნავია, კომუნიკაციების კომისიის მაკონტროლებელი როლის გაფართოებაც, რრომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, მაუწყებლების დასჯის ინსტრუმენტად გამოიყენება.
-
აღსანიშნავია მედიის წარმომადგენლებისთვის ბოლო წლებში შექმნილი მტრული გარემოც, რაც მათ უკანონო დაკავებებში (მათ შორის, სისხლის სამართლებრივი წესით), დაჯარიმებებში, ე.წ. SLAPP (საზოგადოებრივი ჩართულობის სტრატეგიული სარჩელები) სარჩელებში, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში, დაშინებაში, მუქარაში, შევიწროებასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში სხვადასხვა ტიპის ხელშეშლის შემთხვევებში გამოიხატება. ბოლო 2 წელში, 600-ზე მეტი ამგვარი ინციდენტი აღირიცხა.
-
ამას თან ერთვის ჰიბრიდული საინფორმაციო ომი, კრიტიკული მედიების მიმართ ხელისუფლების მხრიდან წარმოებული დისკრედიტაციის კამპანია და ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობა, რაც მკვეთრად პოლარიზებული გარემოს პირობებში, კიდევ უფრო მეტად მოწყვლადს ხდის იმ გარემოს, რომელშიც დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს უწევთ ფუნქციონირება.

