„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ როგავას საქმეზე დაზარალებულის უფლებების უგულებელყოფაზე განცხადებას ავრცელებს
13.11.2026


„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ მომხდარი ძალადობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ეხმიანება და შეშფოთებას გამოთქვამს სასამართლო განხილვის პროცესში დაზარალებულის უფლებების შეზღუდვის, პროცესის გაუმჭვირვალობისა და გამოძიების შედეგებთან დაკავშირებულ საკითხებზე. 

12 ნოემბერს, სასამართლომ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ (გოგა) კირკიტაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით საქმიანობის უფლების შეზღუდვა შეუფარდა.  

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შეფასებით, ეს განაჩენი და საქმის განხილვის გარემოებები ვერ პასუხობს დაზარალებულის მიერ გამოთქმულ საფუძვლიან კითხვებს თავდამსხმელის იდენტიფიცირების, გამოძიების სანდოობისა და მართლმსაჯულების პროცესში მისი მონაწილეობის შესახებ. 

ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაზარალებულის სტატუსი არ უნდა იყოს ფორმალური და მას უნდა ახლდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების რეალიზების ეფექტიანი შესაძლებლობა:

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლი დაზარალებულს ანიჭებს უფლებას, სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ. ამ უფლების პრაქტიკული უზრუნველყოფა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ საქმეებში, სადაც დაზარალებული თავად აყენებს ეჭვქვეშ გამოძიების შედეგებს. 

ამასთან, სასამართლო სხდომების დახურულ რეჟიმში წარმართვა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეზე, მოითხოვს განსაკუთრებულად მკაფიო და დასაბუთებულ სამართლებრივ საფუძვლებს. სასამართლო განხილვის საჯაროობის შეზღუდვა არ უნდა იქცეს საზოგადოებრივი კონტროლის გამორიცხვისა და მართლმსაჯულების პროცესის გაუმჭვირვალობის ინსტრუმენტად.

გურამ როგავა საჯაროდ აცხადებს, რომ მის მიმართ ძალადობის უშუალო ჩამდენი პირი კვლავ თავისუფალია. ჟურნალისტი ეჭვქვეშ აყენებს მსჯავრდებული პირის იდენტიფიცირების სისწორეს და მიუთითებს შესაძლო არაფორმალურ შეთანხმებაზე, რომლის საფუძველზეც, მისი ვარაუდით, პასუხისმგებლობა სხვა პირმა აიღო. ამ ვარაუდის სიმძიმის გათვალისწინებით, აუცილებელია საგამოძიებო ორგანოების მხრიდან შესაბამისი გარემოებების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი შემოწმება“. 

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიიჩნევს, რომ 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებული ძალადობის მასშტაბების გათვალისწინებით, გურამ როგავას საქმე არ უნდა განიხილებოდეს იზოლირებულად. „მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ შემთხვევებში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, გამოძიების არსებული შედეგები ვერ პასუხობს საპროტესტო აქციების დროს გამოვლენილი ძალადობის სისტემურ ხასიათს“. 

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, გამოძიებამ უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ უშუალო შემსრულებელთა მოქმედებები, არამედ ძალადობის დაგეგმვის, ორგანიზების, შესაბამისი ბრძანებების გაცემისა და მათი აღსრულების კონტროლის შესაძლო ფაქტებიც:

„გამოძიების საგანი უნდა გახდეს ხელმძღვანელი თანამდებობის პირების შესაძლო პასუხისმგებლობა, მათ შორის იმ პირებისა, რომელთაც ძალადობის აღკვეთისა და მასზე სათანადო რეაგირების ვალდებულება ეკისრებოდათ. ამასთან, ყურადღებას იმსახურებს დანაშაულთა სამართლებრივი კვალიფიკაციის საკითხიც. მძიმე ფიზიკური ძალადობის, შესაძლო წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლებით შეფასებამ შესაძლოა ვერ ასახოს ჩადენილი ქმედებების სრული სიმძიმე და ხელი შეუშალოს პასუხისმგებელი პირების გამოვლენას.

ეფექტიანი გამოძიება უნდა უზრუნველყოფდეს მომხდარის სრული გარემოებების დადგენას, პასუხისმგებლობის ყველა შესაძლო რგოლის გამოვლენასა და დაზარალებულთათვის მართლმსაჯულებაზე რეალურ ხელმისაწვდომობას.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ეკისრება არასათანადო მოპყრობის შესახებ დასაბუთებული ბრალდებების ეფექტიანი გამოძიების ვალდებულება. ჟურნალისტის მიმართ პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას ძალადობის ფაქტი დამატებით წარმოშობს კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს“. 

გურამ როგავას სამართლებრივ ინტერესებს სწორედ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ იცავს. „ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ეფექტიანი გამოძიება და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, რის გამოც ამ საქმეზე სასამართლოს მიუკერძოებელ და სამართლიან გადაწყვეტილებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“. 

გურამ როგავამ გუშინ თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შესახებ მას საქმის ახალმა პროკურორმა, ლაშა გამყრელიძემ ტელეფონით შეატყობინა, მანამდე კი პროკურატურას მასთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია:

„საქმე დახურულ რეჟიმში ისე განიხილეს, რომ სასამართლოში გამოკითხვაზე ფორმალურადაც კი არ გამომიძახეს, უფრო მეტიც, სხდომებზე დასწრება საერთოდ ამიკრძალეს. რატომღაც ველოდი, რომ განაჩენის გამოცხადებამდე საქმის არსებითი განხილვისას მოსამართლე ფორმალურად მაინც დაინტერესდებოდა დაზარალებულის პოზიციით, მაგრამ პროცესი ისე დაასრულეს, რომ ჩემი მოსმენა არავინ ისურვა. არ მომისმინეს იმიტომ, რომ იციან, სიმართლეს ვამბობ, მე ე.წ. მტკიცებულებებს უნდობლობას ვუცხადებ, საქმე რეალურად ცარიელი ფურცლებით არის სავსე და ამიტომაც დახურეს და გაასაიდუმლოეს სასამართლო სხდომები, რომ საქმის აბსურდულობა ხალხს არ დაენახა“.  

ჟურნალისტის თქმითვე, მისი ინფორმაციით, „რეალური თავდამსხმელი ისევ თავისუფალია და სხვა გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობის გამო რეჟიმისგან ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობს“. 

„რაც შეეხება საქმეზე ფორმალურად დაკავებულ სპეცრაზმელს, ხელისუფლებამ მასთან გარიგება გააფორმა, ცრუ აღიარების სანაცვლოდ ფინანსური სარგებელი და საპატიმროდან ვადაზე ადრე გათავისუფლების პირობა მიიღო და მე დარწმუნებული ვარ, მას მაქსიმუმ ერთ წელში გამოუშვებენ ციხიდან“.

გურამ როგავას 2024 წლის 29 ნოემბერს, გვიან ღამით, რუსთაველზე მიმდინარე პროევროპული აქციის დაშლის პირდაპირ ეთერში გაშუქებისას თავს დაესხა სპეცრაზმელი. მან კისრის მე-7 მალის (მოტეხილობა) და სახის ძვლების მოტეხილობა მიიღო. 


კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ