როგორ გავაშუქოთ სუიციდი
06.03.2017
ბოლო დროს, მედიაში სუიციდის შემთხვევების აქტუალურობამ ამ თემის ეთიკური გაშუქების პრობლემა წამოჭრა. მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებს გაცნობიერებული ჰქონდეთ, რომ სუიციდის შემთხვევების ზედაპირულმა და არააკურატულმა გაშუქებამ, შესაძლებელია, გაამყაროს სხვა ადამიანების გადაწყვეტილება, სიცოხლე თვითმკვლელობით დაასრულონ. მეორე მხრივ კი, ფრთხილი და კვალიფიციური მედიაგაშუქება ეხმარება აუდიტორიას, გაიღრმავოს ცოდნა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების შესახებ და თავი აარიდოს უსიამოვნო შედეგებს.

„მედიაჩეკერი“, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და ევროპის დართ ცენტრის მიერ ამ თემაზე შემუშავებულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, მოკლედ გთავაზობთ, სუიციდის ეთიკური გაშუქების სახელმძღვანელო წესებს:

პირველ რიგში, ჟურნალისტები უნდა დაფიქრდნენ, რამდენად ღირს სუიციდის კონკრეტული შემთხვევის გაშუქება. თვითმკვლელობის ყველა შემთხვევა არ შეიძლება იქცეს ახალი ამბების თემად.

იყავით ძალიან ფრთხილი სუციდის ხერხის აღწერისას.

არ დაასახელოთ სუიციდის ერთი კონკრეტული მიზეზი, რადგან სუიციდს კომპლექსური პრობლემები იწვევს.

არ გაავრცელოთ ვარაუდი, თითქოს სიკვდილის სხვადასხვა შემთხვევების უკან ფარული ხელი, საიდუმლო კავშირი თუ ოკულტური გავლენები იმალება.

სიფრთხილით მოეკიდეთ დილეტანტ ფსიქოლოგიას და გავრცელებულ ცრურწმენებს, რომელებიც მოკლებულია მტკიცებულებებს.

არ თქვათ, რომ თვითმკვლელობა სუიცუდური შეგრძნებების გარდაუვალი დასასრული იყო.

ზედმეტად დეტალურ აღწერასა და სენსაციაზე ორიენტირებულმა სტატიებმა, რომლებიც ფოკუსირდებიან სუიციდის მსხვერპლთა მიერ გამოყენებულ მეთოდებზე, შესაძლოა სხვებს, ვინც რაიმე ფორმით, საკუთარი თავის იდენტიფიცირებას მოახდენს მსხვერპლთან, ასწავლოს თუ როგორ უნდა გაიმეორონ იგივე ქმედება.

ნუ აჩვენებთ იმ გარემოს, სადაც სუიციდი მოხდა.

ძალიან ფრთხილად შეარჩიეთ გამოსახულება, რომელსაც ეთერში უშვებთ. არ გამოიყენოთ ფოტო ან ვიდეო მასალა, რომელიც ასახავს სუიციდის სცენას.

არასოდეს გააშუქოთ სუიციდი, როგორც გმირული საქციელი. ამით, შესაძლოა, მიბაძვა გამოიწვიოთ. არასრულწლოვანმა თვითმკვლელობას შესაძლოა მხოლოდ იმიტომ მიმართოს, რომ ამ ფაქტის შემდეგ მასზე ილაპარაკებენ და „დააფასებენ.“

სუციდის მსხვერპლის ახლობლებთან ურთიერთობა

ოჯახის წევრები, ხშირად, ისეთ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში არიან, რომ ყვებიან იმას, რასაც ჩვეულებრივ შემთხვევაში არ იტყოდნენ. ამიტომ თავად აწონ-დაწონეთ, რაიმე ზიანს ხომ არ მოუტანს ამ ინფორმაციის, ანდა კადრების გავრცელება მათ? თვითმკვლელობა დიდ მითქმა-მოთქმას იწვევს სამეზობლოში, სანაცნობოში. ეცადეთ, მათგან გაგონილი ყველა ინფორმაცია არ გაასაჯაროვოთ და პატივი სცეთ გარდაცვლილის პირად ცხოვრებას. ოჯახის წევრებისთვის მტკივნეული წასაკითხი და სანახავი იქნება ამგვარი მასალა.ახლობლებისა და სამართალდამცავების კომენტარების გარდა, მნიშვნელოვანია ფაქტების მოგროვება სხვა წყაროებიდან. თუკი ისეთი ვინმესგან აიღებთ ინტერვიუს, ვინც არ იცის სიტუაციის მიღმა არსებული ფაქტორები, შესაძლოა, თქვენც არასწორად მოახდინოთ რეალობის ინტერპრეტაცია.

ენა

· არ გამოიყენოთ სიტყვები “წარმატებული” ან “წარუმატებელი” სუიციდი. ეს სიტყვები, შესაძლებელია, ძალიან ორგანული იყოს ენისთვის, მაგრამ მაინც ძალიან უდიერად, უხეშად ჟღერს და არ ღირს მათი გამოყენება. თუ კი გჭირდებათ ამ საკითზე ყურადღების გამახვილება, სჯობს, იხმაროთ ფრაზა - “მცდელობა, რომელიც არ დამთავრდა/დამთავრდა ფატალურად.“

· არ თქვათ, რომ სუიციდით „ტკივილის/ტანჯვას ბოლო მოეღო“.

· არ გამოიყენოთ ფრაზა „სუიციდი ჩაიდინა.“ სუიციდი დანაშაული არ არის. უმჯობესია, თქვათ „სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.“

არ გამოიყენოთ ტერმინი “თვითმკვლელობის ჩადენა”. ქვეყნების უმეტესობა, უკვე მრავალი წელია, რაც სუიციდს კრიმინალურ ქმედებად/დანაშაულად არ განიხილავს. ამიტომ გაცილებით უკეთესია თქვათ: „გარდაიცვალა სუიციდის შედეგად ან “თავი მოიკლა”.

არ მოიხსენიოთ სუიციდის მსხერპლი, როგორც „თვითმკლელი.“ ეს ტერმინი აკნინებს ადამიანს. მისი გამოყენებისას იკარგება პიროვნება და რჩება მხოლოდ სიკვდილის მეთოდი.

გაშუქების მასშტაბი და მასალის მოცულობა

კვლევები აჩვენებს, რომ რაც უფრო ფართოდაა გაშუქებული ამბავი, ხოლო ჰედლაინი მყვირალა, განსაკუთრებით თუ ის პირველ გვერდზეა, მით მეტად მოქმედებს ის აუდიტორიაზე.

არ დაიწყოთ საინფორმაციო გამოშვება სუიციდის ამბით. არ განათავსოთ სუიციდთან დაკავშირებული ამბები გაზეთის/ჟურნალის ყდაზე.

გლამურმა და პოპულარულობამ არ უნდა დაჩრდილოს პიროვნების ფსიქიკური ჯანმრთელობის ან წამალდამოკიდებულების საკითხები.

სახიფათოა მდარე ხარისხის ან ემოციური მუსიკის გამოყენება სუიციდის გაშუქებისას, ასევე, თვითმკვლელობის ისეთი კუთხით წარმოჩენა, რომელიც ადამიანის ცხოვრების სტილის იდეალიზებას ახდენს.

იყავი სასარგებლო აუდიტორიისთვის

ჰკითხეთ რჩევა ექსპერტებს.

თქვენი გაშუქება უნდა დაეხმაროს მომავალში სუიციდის შემთხვევების პრევენციას. დაამატეთ სტატიას ჩანართი “სუიციდის ნიშნების” ან მაგალითად, “სასარგებლო რჩევების” შესახებ. შეგიძლიათ ისტორიას ბოლოში ნდობის ტელეფონი და სხვა სასარგებლო ბმულები დაურთოთ.

სუიციდისა და სუიციდისაგან გადარჩენილი ადამიანების გაშუქებისას ყურადღება გაამახვილეთ სუიციდის პრევენციაზე, ინფორმირებასა და მხარდაჭერაზე.

თეგები : სუიციდი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ