შეცდომა და დანაშაული
12.03.2016
რამდენიმე წლის წინ პირად ელ-ფოსტაზე შეტყობინება მომივიდა, ჩემთვის უცნობმა პირმა არაიდენტიფიცირებული ელ-ფოსტიდან, დოკუმენტების მთელი წყება გამომიგზავნა, რომელიც ერთ-ერთ ბიზნესმენთან რამდენიმე ჟურნალისტის ასე ვთქვათ, საქმიან კავშირს ადასტურებდა.

პირველი რეაქცია, რასაც, ამ დროს მიმართავ, დოკუმენტების ზერელე გადახედვა და თემის გააზრებაა. შემდეგი ნაბიჯი გამომგზავნის დადგენაა, რადგან ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც ჟურნალისტს აწვდიან, აწვდიან გასავრცელებლად. მით უფრო, როცა საუბარია ექსკლუზიურ, ვიღაცის დისკრედიტაციაზე გათვლილ მასალებზე. ასეთ დროს, გიჩნდება აზრი, რომ ინფორმაციის მომწოდებელი პირადად არის დაინტერესებული მისი გავრცელებით. ბუნებრივია, სანამ საქმეს შეუდგებოდეს, ჟურნალისტი ვალდებულია, წყაროს იდენტიფიცირებაზე იზრუნოს. მეც ასე მოვიქეცი, მივწერე, თქვენი გვარი და სახელი, საერთოდ ვინაობა გვაინტერესებს-მეთქი. პასუხი არ მომსვლია. მივწერე მეორედ, არც ამჯერად მიპასუხა. ამიტომაც ეს დოკუმენტებიც გვერდზე გადავდე, „უკეთეს დრომდე“.

მაგრამ ისეც ხდება, რომ ზედმეტად აზარტული ჟურნალისტი, ასეთ „კაუჭს“ წამოეგება ხოლმე, გადარეკავს, ასე ვთქვათ, ბალანსისთვის კომენტარებს აიღებს და დოკუმენტსაც გამოაქვეყნებს. მაგრამ ეს არ იქნება, ჩემი აზრით კარგი საქციელი. რადგან მთავარი არ გეცოდინება - ვინ არის პირველადი წყარო.

რისთვის დავწერე ეს შესავალი? გუშინ ყოვლად ამაზრზენ ვიდეო კადრებთან დაკავშირებით... პირველი რამაც ჩემი ყურადღება მიიპყრო, ინგა გრიგოლიას განცხადება იყო ტელეკომპანია პირველზე.

“ბოლო ერთი საათის განმავლობაში, ჟურნალისტებს სხვადასხვა ტელევიზიაში, ფეისბუკის ინბოქსში, მისდით ერთ-ერთი ოპოზიციონერის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, იმედი მაქვს, არც ერთი ჩემი კოლეგა, არც ერთ ტელევიზიასა და არც ერთ სააგენტოში არ იკადრებს რაიმე დააკონკრეტოს ამ ფარული ვიდეოჩანაწერის შესახებ...”, როგორც გრიგოლიას სიტყვებიდან ირკვევა, ეს კადრები ჟურნალისტებს პირად ფოსტებზე დაუგზავნეს.

კადრები, ვიღაც ინკოგნიტომ სოციალურ ქსელშიც გაავრცელა. პრინციპში, მნიშვნელობა არ აქვს, ანონიმური წყარო მოგაწვდის ინფორმაციას ელექტრონულ ფოსტაზე, თუ ვიღაც გამოგონილი ექაუნთით სოციალურ ქსელში გაავრცელებს ან ინბოქსში ჩაგიგდებს. ორივე შემთხვევაში წყარო დაუდასტურებელია.

ამის მიუხედავად, რამდენიმე მედიასაშუალებამ მაინც გაავრცელა ინფორმაცია, თან მაიდენტიფიცირებელი ნიშნებით. მაგალითად სააგენტო “ინტერპრესნიუსის” მასალაში ირკვეოდა პოლიტიკოსის ვინაობა, ინფორმაცია ასეთივე ფორმით გაავრცელა სააგენტო Etanews.ge-მ და Fortuna.ge-მ. Etanews.ge-მ ვიდეოდან ამოღებული ფოტოც გამოიყენა, თუმცა ეს ინფორმაცია მალევე წაშალა და ბოდიშიც მოიხადა. ბოდიში სხვებმაც მოიხადეს, იმის დასტურად, რომ შეცდომა დაუშვეს, მაგრამ სულ რომ არაფერი ვთქვათ კონტენტის შინააარსზე, რაც თავისთავად მიუღებელია, თავად ის ფაქტი, რომ მასალას დაუდასტურებელი წყაროდან ავრცელებ, იმთავითვე არასწორია, არ არის ეს ჟურნალისტური სტანდარტი.

მაგრამ ერთია მედიის შეცდომა, რომელსაც, ბოლო ფაქტის გამო, ვფიქრობ, ზედმეტი ყურადღება ექცევა, და მეორეა, ვინ და რა მიზნით გადაიღო და გაავრცელა ეს კადრები...

ახლა, საკითხავია, რატომ მისცეს მათ საკუთარ თავს ამის უფლება?

ქართველი პოლიტიკოსების რიტორიკას რომ გადავხედოთ, ლამის დღე არ გავა, ვიღაც ვიღაცას ფარული კადრების გავრცელებით არ დაემუქროს. მაგალითად, მრეწველების ლიდერი გოგი თოფაძე... ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ პარლამენტარს ყველაზე აქვს მაკომროპმეტირებელი ვიდეომასალები. საიდან? კაცმა არ იცის... არც არავინ ეკითხება. არ ეკითხება შს სამინისტროც - კანონის დამცველი.

არადა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტში გარკვევით წერია: „ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი, ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას“. მე არ ვიცი, მაგალითად, იგივე თოფაძეს რა კომპრომატები აქვს, რომელიც „კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას“ გადაიღეს. მას თუ ეს კადრები, მართლაც აქვს, ალბათ, იგივე მეთოდით და ისეთივე მონდომებით არის გადაღებული, როგორც ბოლო „მომაკვდინებელი“ მასალა.

მავანი პოლიტიკოსები თუ მარგინალური ჯგუფები თავს ამის უფლებას აძლევენ, რადგან საზოგადოება აძლევს მათ ამის უფლებას, საზოგადოება, რომელიც ფარული კადრების ჩვენებას ისევ იმ პოლიტიკოსებმა თუ პოლიტიკურმა ჯგუფებმა მიაჩვიეს. გამოჩნდება ისეთი მედიაც, რომელიც ეთიკას, მსხვერპლის უფლებას არად დაგიდევს -სიამოვნებით გამოაქვეყნებს მასალებს, ალბათ, ანგარებითაც.

თუმცა, ამ ჩანაწერის დასრულება პესიმისტურ ნოტაზე არ მინდა, ამის საფუძველს ის ერთსულოვანი რეაქცია მაძლევს, რაც საზოგადოების ნაწილის და განსაკუთრებით, მედიის მხრიდან ბოლო მოვლენას მოჰყვა.

ბლოგის ავტორი : დავით მჭედლიძე, ჟურნალისტი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ