როგორ მოვყვეთ ამბავი ახლებურად?
06.09.2017
პირველი ქართული ჩატბოტი, რომელიც ჟურნალისტური ამბის თხრობისთვის შეიქმნა, უკვე ერთი კვირისაა.

შეიძლება, ეს წინადადება ჯერ ბევრს არაფერს გეუბნებათ, მაგრამ ალბათ ერთი ან, მაქსიმუმ ორი წელია საჭირო, ვიდრე ჩატბოტები ახალი ამბების გავრცელების ჩვეულებრივი საშუალება გახდება.

როგორ მოვედით აქამდე?

2011 წელს ერთმა ჩემმა მეგობარმა მაჩვენა Los Angeles Times-ის პროექტი. შავ-თეთრი ფოტო/ვიდეო კადრებით 6 თუ 7 წუთში მოთხრობილი ამბავი, რომელსაც ფონად მთხრობელის ხმის ნაცვლად, წარწერები, ამბის გმირების საუბარი და გარემოს ხმაური მიჰყვებოდა.

ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა მულტიმედიასთან - საინტერესო, ჩემთვის მანამდე უცნობი ფორმით მოთხრობილი ამბავი.

ფორმა მომეწონა. გადავწყვიტე, მსგავსი რამ გამეკეთებინა. ფანტასტიკური გამოვიდა-მეთქი, რომ გითხრათ, მოვიტყუები, მაგრამ პირველი ჯერისთვის ცუდიც არ იყო. ეს იყო ექსპერიმენტული თხრობის ჩემი პირველი გამოცდილება.

მულტიმედია, ტრანსმედია, ან ქროს-მედია არის თხრობის ისეთი ფორმა, რომელიც იყენებს მედიის ტრადიციულ ელემენტებს (ტექსტს, ფოტოს, ვიდეოს, ხმას, გრაფიკას) და კრავს მას „არატრადიციული ფორმით - ამბის ასეთი გადმოცემის სტილი ინტერნეტის განვითარებამ მოიტანა და ის ორიათასიანების ბოლოს არათუ საქართველოში, მთელ მსოფლიოში ახალი ხილი იყო.

მართალია, ჩვენ ამ გზას 2-3 წლის დაგვიანებით გავყევით, მაგრამ მთავარია, დავიწყეთ. დაახლოებით მაშინ, როდესაც ჩვენ მულტიმედიის ათვისება ნელ-ნელა დავიწყეთ, მოხდა ისეთი რამ, რამაც ჩემი აზრით, ინტერნეტში ამბის თხრობის მეთოდები შეცვალა. 2012 წელს ფეისბუქის აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობამ მილიარდს გადააჭარბა. ეს კი იმ დროისათვის მსოფლიოში ინტერნეტის მომხმარებელთა თითქმის ნახევარი იყო. შესაბამისად, სხვადასხვა მედიამ უფრო და უფრო აქტიურად დაიწყო მისი, როგორც ამბის გამავრცელებელი პლატფორმის ათვისება. ამ პროცესში თხრობის ფორმები დაიხვეწა, განახლდა, ჩანაცვლდა... ზოგი საერთოდ მოკვდა.

ერთმანეთს დაემატა ინტერაქტიული თუ სწორხაზოვანი თაიმლაინები, ინფოგრაფიკა, ე.წ. Social ვიდეოები ( სოციალურ ქსელებზე გათვლილი მოკლე მასალა)... შემდეგ New York Times-მა გამოაქვეყნა ცნობილი სტატია, Snow Fall, რომელმაც კიდევ ერთი ახალი სტილი, ე.წ. Scrollytelling დაამკვიდრა.

ძალიან მოკლე დროში თხრობის ძალიან ბევრი ფორმა გაჩნდა. იმდენად ბევრი და საინტერესო, რომ ერთი შეხედვით, ძალიან გართულდა მათ შორის არჩევანის გაკეთება. თუმცა გამოცდილმა მედიასაშუალებებმა ერთი რამ ისწავლეს: ყველა ამბავს თხრობის სხვადასხვა ფორმა სჭირდება და პირიქით, ერთი და იმავე მედიუმით ყველა ამბის თხრობა შეცდომაა.

მარტივად რომ ვთქვათ, ზოგ ამბავს ვიზუალი სჭრირდება, ზოგს - ინტერაქტიულობა, ზოგისთვისაც სამწინადადებიანი ტექსტიც საკმარისია.

სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ ეს დაუწერელი წესი მაინცდამაინც კარგად აითვისა ქართულმა მედიამ (ყოველ შემთხვევაში, მისმა დიდმა ნაწილმა). მიზეზი ალბათ ისაა, რომ ჩვენთან ეს ყველაფერ ჯერ ერთი, მოგვიანებით შემოვიდა და მეორე, მასალა იმდენად დიდი და მაცდური იყო, რა თქმა უნდა, მოვინდომეთ ყველაფრის ერთბაშად ათვისება.

შემდეგ კი მივიღეთ ის, რომ თხრობის ესა თუ ის ახალი ფორმა რაღაც დროს, სულ რამდენიმე თვით მთელ მედიას მოედებოდა, შემდეგ კი მას ყველა ივიწყებდა. საბოლოოდ კი მაინც სიტყვა „მულტიმედიას“ ვუბრუნდებოდით და ყველა მასალას ამ სახელის ქვეშ ვფუთავდით. არადა ეს ტერმინი, უკვე კარგახანია წარსულს ჩაბარდა.

2011 წელს ერთ-ერთმა (თუ არა ყველაზე) პრესტიჟულმა ჯილდომ ფოტოჟურნალისტიკაში, World Press Photo-მ ახალი მიმართულება დაამატა, ჯილდო მულტიმედიაში. დღეს კი მის ვებგვერდზე რომ შეხვიდეთ, სიტყვა „მულტიმედიას“ ვეღარსად ნახავთ. მან სულ რამდენიმე წელს გაძლო და საბოლოოდ ჩანაცვლდა ტერმინით, Digital Storytelling - ანუ ციფრული თხრობა.

მოკვდა თუ არა მულტიმედია? რა თქმა უნდა, არა. ბოლოს და ბოლოს, მულტიმედია პირდაპირ თარგმანში „სხვადასხვა მედიას (უფრო მედიუმს), ან „ბევრ მედიუმს“ ნიშნავს. ის უბრალოდ თავის თავდაპირველ მნიშვნელობას დაუბრუნდა და გაჩნდა ახალი ტერმინი, ციფრული თხრობა, რომელმაც ბევრად უფრო ფართო გაგება შეიძინა.

ციფრული თხრობა აღარ ნიშნავს უბრალოდ რამდენიმე მედიუმის ერთმანეთში შერევას. მეტიც, ეს აუცილებელიც აღარაა. მისი ერთადერთი მთავარი წესია, ამბავი იყოს საინტერესო და გასაგები იმ ციფრული აუდიტორიისთვის, ვისაც უყვები.

აქ მთავარი სწორედ აუდიტორიის განსაზღვრაა, რაც ყველაზე რთულია.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, 2012 წელს ფეისბუქის მომხმარებელთა რაოდენობა ინტერნეტის მომხმარებელთა თითქმის ნახევარს გაუტოლდა. ეს კი ბევრ რამეზე აისახა. ფეისბუქმა იმავე წელს იყიდა ინსტაგრამი - პლატფორმა, რომელზეც მანამდე მხოლოდ ფოტოების გამოქვეყნება შეგეძლოთ. ერთი წლის შემდეგ კი მას ვიდეო დაემატა. ამის შემდეგ თუ ფეისბუქის განვითარების ისტორიას თვალს გადაავლებთ, ნახავთ, რომ საკმაოდ დიდი რესურსი დაეთმო ახალი ამბების გავრცელების საშუალებების განვითარებას. ფეისბუქის განვითარებასთან ერთად კი რა თქმა უნდა, ვითარდებოდა სხვა პლატფორმები, როგორიცაა Youtube, Twitter, Snapchat და ა.შ.

ამის მიზეზი კი უმთავრესად მობილური მოწყობილობების (ტელეფონების, ტაბლეტების) სწრაფი განვითარება და მობილური ინტერნეტის აჩქარება იყო. საბოლოოდ კი ზემოთ ჩამოთვლილი და კიდევ სხვა ბევრი აპლიკაცია „მეგობრებთან კომუნიკაციის საშუალებიდან“ ნელ-ნელა გადაიქცა ახალი ამბების გამავრცელებელ ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ.

და რაც მთავარია, ყველა ამ პლატფორმას ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მომხმარებელი ჰყავს.

საბოლოოდ კი, თუკი ადრე ვამბობდით, ტელევიზიამ გაზეთები მოკლა, ვებ გვერდებმა კი ტელევიზიაო, ახალ თამამად შეგიძლიათ დასძინოთ, რომ სოციალური ქსელებიც ნელ-ნელა ახრჩობს ტრადიციულ ვებგვერდებს.

პრინციპი - „მოიზიდე აუდიტორია“ შეიცვალა პრინციპით - „მიდი აუდიტორიასთან“. არადა, გაიხსენეთ, სულ რამდენიმე წლის წინ მედიასაშუალებებს ფეისბუქ გვერდები მხოლოდ იმისთვის ჰქონდათ, რომ იქიდან აუდიტორია თავიანთ მთავარ ვებგვერდებზე მიეზიდათ.

ზოგიერთმა მედიასაშუალებამ დღემდე ვერ გაიაზრა, რომ ეს სტრატეგია არ მოქმედებს, თუმცა ბევრს თუ დააკვირდებით, ისინი მასალას საგანგებოდ ფეისბუქისთვის ქმნიან და აუდიტორიასაც ფეისბუქისვე სტატისტიკით ითვლიან.

თუ ადრე გვქონდა გამზადებული რეცეპტი, როგორი უნდა იყოს გაზეთში, ტელევიზიის ეთერში თუ ინტერნეტში გასული მასალა, დღეს გვაქვს მხოლოდ ერთი წესი. მთავარია, იყოს მიმზიდველი და საინტერესო (როგორც თხრობის, ისე შეფუთვის მხრივ) - დანარჩენი კი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

(მე, პირადად, დავამატებდი, რომ თხრობის ფორმამ არ უნდა შეიწიროს ჟურნალისტიკის ფუნდამენტური პრინციპები და კარგი მთხრობელები ამას იოლად ახერხებენ).

რა არის მომავალი?

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ინტერნეტში „ტრენდული“ თხრობის ფორმები უფრო და უფრო ცოტა ხანს ძლებენ. ყველაზე გამძლე საბოლოოდ Facebook-ის მიერ დამკვიდებული „Social Videos” აღმოჩნდა, რომელიც 2 წელია, აქტუალობას და, შესაბამისად, აუდიტორიას არ კარგავს, მაგრამ მისი ფორმაც ნელ-ნელა იცვლება (ნახეთ მაგალითი).

ჩემი ვარაუდი ასეთია: მედიის მომავალი მესენჯერებშია (და აქ მხოლოდ Facebook Messenger-ს არ ვგულისხმობ). თავად განსაჯეთ: მას შემდეგ, რაც Facebook-მა Messenger-ი დამოუკიდებელ აპლიკაციად აქცია, კომპანია უფრო და უფრო დიდ რესურს ხარჯავს მისი ახალი ფუნქციებით დატვირთვაზე. რამდენიმე დღის წინ მომივიდა Facebook-ის შეტყობინება, რომ დღეიდან უკვე შემიძლია ჩემი გვერდის რეკლამები არამარტო თაიმლაინზე, არამედ მესენჯერშიც გავუშვა.

Facebook-ის მაგალითით იმიტომ ვმსჯელობ, რომ ასე თუ ისე, მთავარი სიტყვა მაინც მათზეა (პრინციპში, მათ ხომ ყველაფერი იყიდეს, რაც კი წინ დაუდგათ).

დაბოლოს, უფრო და უფრო მეტად ვითარდება ჩატბოტები. ეს არის ხელოვნური ინტელექტის საკმაოდ პრიმიტიული, მაგრამ საინტერესო ვერსია, რომელიც მესენჯერში თქვენს კითხვებს პასუხობს. ამ კითხვებზე პასუხი კი, რა თქმა უნდა, მას შემქმნელმა უნდა „ასწავლოს“.

ამ ჩატბოტების გამოყენება მეტ-ნაკლები წარმატებით უკვე დაიწყებს ბიზნეს-კომპანიებმა და ზოგიერთმა ორგანიზაციამ. თუმცა როგორც ჟურნალისტური ამბის გავრცელების საშუალება ის ჯერ არავის გამოუყენებია. ყოველ შემთხვევაში, ევაჯუნიორამდე (ასე დავარქვით ჩვენს პირველ მედია ჩატბოტს).

ის ასე შეიქმნა: ჟურნალისტების გუნდი ერთი თვის განმავლობაში ვმუშაობდით საქართველოში ნარჩენის მართვის თემაზე. გადავიღეთ სამი ვიდეო-სიუჟეტი (თუ გაინტერესებთ, ნახეთ აქ ან მოძებნეთ მესენჯერში MyAngle ჩატბოტი და ის გაჩვენებთ), უამრავი ფოტო, რაც, რა თქმა უნდა, ტექსტით არის შეკრული.

საბოლოოდ კი, როდესაც მასალა მზად იყო, ეს ყველაფერი ვასწავლეთ ჩატბოტს. მართალია, ის ჯერ ვერაა ისეთი დახვეწილი და ყველა კითხვას ვერ იგებს, თუმცა მისი პრინციპიც ეგ არის - ისწავლოს თავისივე პასუხგაუცემელი კითხვებით. რაც მეტი ადამიანი მეტ კითხვას უსვამს, ის უფრო და უფრო ჭკვიანდება.

მართალია, ვვარაუდობ, რომ ერთ-ორ წელიწადში ჩატბოტების გამოყენებას უფრო და უფრო მეტი მედია დაიწყებს (თან ამ დროისთვის ხელოვნური ინტელექტიც ალბათ ბევრად დაიხვეწება), მაგრამ დანამდვილებით მაინც ვერაფერს ვიტყვი. ინტერნეტში თხრობის ფორმები სწრაფად იცვლება. ერთი რამ კი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: ცდად ღირს.

ბლოგის ავტორი : გიორგი გოგუა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ