ყალბი ინფორმაცია შერიგებული მოჭიდავეების ჩხუბის შესახებ
31.01.2019

30 იანვარს საიტებზე ipost.ge და news.coa.ge გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოჭიდავეებმა, რომლებიც საქართველოს პატრიარქმა შეარიგა, რესტორანში ისევ იჩხუბეს.

“რესტორან "თავადურის" ერთ-ერთი თანამშრომლის ინფორმაციით პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, შერიგების აღსანიშნად შეკრებილმა მოჭიდავეებმა რესტორანში იჩხუბეს”, - წერენ ვებსაიტები. ორივე მათგანს წყაროდ მითითებული აქვს ფეისბუკის ერთ-ერთ გვერდი, სახელწოდებით “ბაზარი”. ფოტოც, რომელიც მასალას ერთვის, ფეისბუკის ამავე გვერდიდან არის აღებული. Ipost.ge-ზე დაყრდნობით იდენტური შინაარსის ინფორმაცია 31 იანვარს resonancedaily.com-მაც გაავრცელა.  ipost.ge და news.coa.ge ტექსტის ბოლოში წერენ, რომ ინფორმაცია დაუზუსტებელია, თუმცა მიუხედავად ამ მინაწერისა, სათაურს მაინც მტკიცებით ფორმაშია, resonancedaily.com-ს კი ამგვარი მინაწერიც არ აქვს. 

altფეისბუკის გვერდი “ბაზარი”, რომელზე დაყრდნობითაც აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა, 2018 წლის სექტემბერშია შექმნილი. “აქ შესაძლებელია განვიხილოთ ქალაქში მიმდინარე აქტუალური თემები”, - წერია გვერდის შესახებ ველში. გვერდის მიერ გავრცელებული არცერთი პოსტი და ფოტო სიმართლეს არ შეესაბამება.

სტატიებიდან ჩანს, რომ არცერთ გამოცემას არ უცდია ინფორმაცია რომელიმე წყაროსთან გადაემოწმებინა. ფოტოც, რომელიც მასალას დაურთეს, ბუნდოვანია, მასზე გაჭირვებით ირჩევა სილუეტები და მასზე დაყრდნობით რაიმეს მტკიცება შეუძლებელია.

მოხდა თუ არა მსგავსი შემთხვევა “მედიაჩეკერმა” ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციასა და რესტორან “თავადურში” გადაამოწმა. ფედერაციაში განაცხადეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. იგივე დაადასტურეს რესტორნის ადმინისტრაციაში. სატელეფონო საუბარში ადმინისტრაციის თანამშრომელმა “მედიაჩეკერს” განუცხადა, რომ ძიუდოისტები მათთან საერთოდ არ ყოფილან და მსგავსი ფაქტიც, შესაბამისად, არ მომხდარა.

შეგახსენებთ, 30 იანვარს, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე, დაპირისპირებული ძიუდოისტები და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები საპატრიარქოში იმყოფებოდნენ. შეხვედრის შემდეგ კი განაცხადეს, რომ პატრიარის დალოცვით ნაჩხუბარი ძიუდოისტები შერიგდნენ.


თეგები : ყალბი ინფორმაცია;
ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ