კრიმინალური ამბების გაშუქება - რამდენიმე მთავარი წესი მედიისთვის
26.02.2019

24 თებერვალს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ისა” და “იმედის” კვირის შემაჯამებელ გადაცემებში, გასული წლის ივლისში, ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის მალხაზ კობაურის საქმეზე ვრცელი სიუჟეტები გავიდა. მასალები ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ამყარებდა პროკურატურის ვერსიას ბრალდებულის დანაშულის შესახებ, კრიტიკული კითხვების გარეშე იყო გავრცელებული საგამოძიებო ორგანოს ვერსია, რითაც მედიამ ამ კონკრეტულ უწყებას, ფორმალურად, მაგრამ მაინც შეუწყო ხელი ბრალდებულის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში და გარდა ამისა, სიუჟეტებში მოხვდა რამდენიმე ისეთი დეტალი გარდაცვლილების პირადი ცხოვრებიდან, რაც საზოგადოგადოებრივ ინტერესს არ ატარებდა.

ამ თემაზე: მალხაზ კობაურის "განაჩენი" სასამართლოს გარეშე “რუსთავი 2-სა” და “იმედზე”

კრიმინალური ამბებისა და სასამართლო პროცესების გაშუქება მედიისთვის განსაკუთრებული გამოწვევაა. ასეთი ამბების გაშუქებისას, არსებობს დიდი საფრთხე იმის, რომ მედიამ ნებსით ან უნებლიედ ეთიკური სტანდარტები დაარღვიოს.

საერთაშორისო პრაქტიკა, ასევე, მსგავსი ამბების გაშუქების სახელმძღვანელო წესები რამდენიმე დეტალზე ამახვილებს ყურადღებას, რასაც მედიამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს.

  • პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით.
  • მედიამ არ უნდა მოიხსენიოს პირი დამნაშავედ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, -  წერია კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესებში, რომელიც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას საერთაშორისო გაიდლაინებზე დაყრდნობით აქვს მომზადებული.

ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სასამართლო პროცესების გაშუქებისას, დაუშვებელია, მედიაგაშუქებაში იკვეთებოდეს წინასწარგანწყობა ბრალდებულის ბრალეულობის შესახებ.

  • ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ შესაძლებელია გამოიწვიოს აგრესია საზოგადოებაში როგორც მის, ისე მისი ახლობლების მიმართ. შესაბამისად, მედიას უნდა ესმოდეს ის რისკი, რასაც ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის გავრცელება გამოიწვევს”, - ნათქვამია ამავე გაიდლაინში.

კრიმინალური ამბების გაშუქებისას მედიამ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ ტერმინებსაც, რასაც თხრობის დროს იყენებს. 

  • პირი სასამართლო გადაწყვეტილებამდე უდანაშაულოდ ითვლება მაშინაც, როცა მას აღიარებითი ჩვენება აქვს მიცემული. მოერიდეთ ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორიცაა „მოიპარა“, „მოკლა“, „დააყაჩაღა“ და ა.შ. 
  • იმ შემთხვევაშიც კი, როცა არსებობს გამამტყუნებლი განაჩენი, არ გამოიყენოთ სიტყვები – „დამნაშავე“, „მკვლელი“ „ყაჩაღი“, „ქურდი“ . უმჯობესია აღინიშნოს, რომ პირი მკვლელობაში, ქურდობაში, ყაჩაღობაშია მსჯავრდებული, - ვკითხულობთ კიდევ ერთ სახელმძღვანელოში, რომელიც სასამართლო პროცესების გაშუქებას ეხება. 

ამავე გაიდლაინის მიხედვით, მედიას ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ ბრალდებული შესაძლებელია არ იქნეს ცნობილი დამნაშავედ. შესაბამისად, გაშუქებამ ხელი არ უნდა შეუშალოს საზოგადოებაში მის დაბრუნებას.

რაც შეეხება ადამიანების პირადი ცხოვრების შესახებ დეტალების არასაჭირო გასაჯაროებას, პირადი ცხოვრების გაშუქების სახელმძღვანელო წესებში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტის მიერ პირის პირად ცხოვრებაში შეჭრა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც მოპოვებული ინფორმაციის მიმართ არსებობს საჯარო ინტერესი, როდესაც გამჟღავნებულ ფაქტებს საზოგადოებისთვის უფრო მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია, ვიდრე ერთი კონრეტული პირისთვის ზიანის მიყენებაა.

  • “ჯანმრთელობის და სქესობრივი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებული დაცვით სარგებლობს. ამგვარი ინფორმაციის გამჟღავნება ყველა შემთხვევაში პირად ცხოვრებაში შეჭრად ითვლება. შესაბამისად, ყოველი ასეთი ინფორმაციის მიმართ უნდა არსებობდეს განსაკუთრებით მაღალი საჯარო ინტერესი”, - ვკითხულობთ დოკუმენტში. 

ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ეხება ქარტიის მეათე პრინციპიც - “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი”.

მალხაზ კობაურის საქმეზე მაუწყებლებში გასული სიუჟეტების შემდეგ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა. ამ განცხადებაში საბჭო მედიას რამდენიმე დეტალს ახსენებს, მათ შორის, საბოლოო სასამართლო განაჩენამდე პირის უდანაშაულობისა და პირადი ცხოვრების დეტალების შესახებ.

“ჟურნალისტურ პროდუქტში აუცილებელი არ არის საქმეში არსებული ყველა დეტალის, ვიზუალური მასალის გამოყენება. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რა საჯარო ინტერესი არსებობს თითოეული ამ დეტალის მიმართ, რა დამატებით ინფორმაციას აწვდის აუდიტორიას. მედიას არ უნდა დაავიწყდეს, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის ვალდებულება აკისრია მაშინაც, როცა საქმე გარდაცვლილს ეხება”, - ვკითხულობთ განცხადებაში.


თეგები : ტრაგედიების გაშუქება ; პირადი ცხოვრება;
ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ