„როგორ აფარებს ხელს ხელისუფლება თავის მოძალადეებს“ - TI ზვიად ქორიძის საქმეზე
25.07.2025


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ზვიად ქორიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ეს საქმე სიმბოლურია იმით, რომ ბათუმური ინციდენტი, რომელიც ზვიად ქორიძეს შეემთხვა, მჭიდროდ არის დაკავშირებული მზია ამაღლობელის პროცესთან. მაშინ, როდესაც პოლიციელისთვის სახეში სილის გაწნისთვის ჟურნალისტ მზია ამაღლობელს მინიმუმ 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება, ქორიძის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის მონაწილეებს შორის მხოლოდ ერთი დაისაჯა და ისიც შეუსაბამოდ ლმობიერი სასჯელით.

დიქტატორული რეჟიმი არა მხოლოდ ამძიმებს წნეხს მათზე, ვინც ეწინააღმდეგება უთანასწორობასა და უსამართლობას, არამედ ხელს აფარებს მათ, ვინც თავისი ძალადობრივი ქმედებებით ამ რეჟიმს ამყარებს“.

ზვიად ქორიძეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერსა და ჟურნალისტს, თავს 14-15 იანვრის ღამით, ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ ლობიში, დაესხნენ. ქორიძე ბათუმში „ბათუმელები“/ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის  სასამართლო პროცესს აკვირდებოდა. 

„თავდამსხმელებს ხელმძღვანელობდა დიმიტრი სამხარაძე – ივანიშვილის გარემოცვის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურა და „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი.

თავდასხმაში ასევე მონაწილეობდნენ: გიორგი მანველიძე – აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარე და იმჟამად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე; გოჩა სამხარაძე – სავარაუდოდ, დიმიტრი სამხარაძის ნათესავი და თანმხლები პირის მძღოლი; და რამდენიმე სხვა პირი“, - წერს ორგანიზაცია. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ განცხადებაში აღწერს იმასაც, თუ როგორ განვითარდა მოვლენები ზვიად ქორიძის საქმეზე:

„თავდასხმის შემდგომი გამოძიების შეფერხება:

მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმა უამრავი თვითმხილველის თვალწინ მოხდა და სასტუმროს სათვალთვალო კამერებმაც სრულად დააფიქსირა ეს ფაქტი, აჭარის პროკურატურას თვეების განმავლობაში არავინ მიუცია სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც 2025 წლის 11 აპრილს ჩვენმა ორგანიზაციამ ამ საქმეზე განცხადება გამოაქვეყნა და საკითხი საჯაროდ გამწვავდა, პროკურატურამ გარკვეულ მოქმედებას მიმართა.

პროკურატურის არასრული და გამრუდებული რეაგირება:

2025 წლის 17 აპრილს პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ ბრალი წაუყენა მხოლოდ ერთ პირს – გოჩა სამხარაძეს, რომელმაც ხელი დაარტყა ქორიძეს.

დიმიტრი სამხარაძეს, გიორგი მანველიძესა და ჯგუფის სხვა წევრებს ბრალდება არ წარდგენიათ.

პროკურორის დადგენილებაში ზვიად ქორიძის მიმართ განხორციელებული ძალადობა ძალიან მოკლედ და დამახინჯებული სახით იყო აღწერილი. კერძოდ, არაფერი იყო ნათქვამი:

თუ როგორ უშვერი სიტყვებით ლანძღავდა ქორიძეს დიმიტრი სამხარაძე;

თუ როგორ გამეტებით ურტყამდა იგი ფეხს სავარძელს, რომელზეც ზვიად ქორიძე იჯდა;

თუ როგორ წააქეზა მან თავისი ამ მოქმედებით თავისი თანმხლები პირები;

თუ როგორ ისროლეს ქორიძის მიმართულებით მიწით სავსე ყვავილების ქოთანი;

როგორ უყვიროდა გიორგი მანველიძე ქორიძეს, თუ როგორ გაბედა მან ბათუმში ჩასვლა, თითქოს ბათუმი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების კერძო საკუთრება ყოფილიყო“. 

ორგანიზაცია პროკურატურას მიკერძოებულობასა და უმოქმედობას ედავება, „ჯგუფური ძალადობის მიუხედავად, ბრალი წარედგინა მხოლოდ ერთ პირს, დანარჩენი თავდამსხმელები დაუსჯელები დარჩნენ.

პროკურატურამ განზრახ დამალა დანაშაულის სრული სურათი და სხვა მონაწილე პირების როლები ამ დანაშაულში“.

სასამართლოს კი - სინამდვილის დამახინჯებასა და მოძალადის მიმართ ლმობიერებას:

„2025 წლის 24 ივნისს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა გოჩა სამხარაძე დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის შესაბამისად და მას მხოლოდ 3000 ლარის ოდენობის ჯარიმა მიუსაჯა“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორ აფარებს რეჟიმი ხელს საკუთარ მოძალადე მხარდამჭერებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ