დღეს, 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო
სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მას 2-წლიანი
პატიმრობა მიუსაჯა.
--------------------------------------------
„ბათუმელები”/“ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და დირექტორს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი.
მოსამართლემ კი ბრალი გადააკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო:
„პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე“.
--------------------------------------------
ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის განაჩენის გამოცხადებისას თქვა:
„სასამართლომ დაადგინა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
მზია ამაღლობელი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.
მზია ამაღლობელის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
მზია ამაღლობელს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2025 წლის 12 იანვრიდან. განაჩენი რეაგირებისთვის გადაეგზავნოს სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებას.
ნივთიერი მტკიცებულებად ამოღებული მობილური ტელეფონი, გასაღები და საბანკო ბარათი დაუბრუნდეს მფლობელს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში“.
ამით ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის განხილვა დასრულდა.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.
სასამართლომ მზია ამაღლობელი დააჯარიმა ორ ადმინისტრაციულ საქმეზეც. მოსამართლე სალიხ შაინიძემ ამაღლობელი პირველ ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად 18 მარტს ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა. 18 ივნისს კი, ის სამართალდამრღვევად მოსამართლე მარიანა ფამოევამ ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა. შსს მზია ამაღლობელს პოლიციელების სიტყვიერ შეურაცხყოფასა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრის გამო იერსახის დამახინჯებას ედავებოდა.
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. პატიმრობაში მას მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.