განაჩენის გამოცხადებამდე, 13 საერთაშორისო მედიის თავისუფლების
ორგანიზაცია მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
და ერთობლივ
განცხადებას ავრცელებს:
„ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმეში განაჩენის გამოცხადებამდე, ხელმომწერი მედიის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები ერთობლივად მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, ამაღლობელის წინააღმდეგ ყველა ბრალდება გაუქმდეს და ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.
იანვრის შემდეგ, ამაღლობელი უსამართლოდ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში. თვეების განმავლობაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მხედველობა საგრძნობლად გაუარესდა. მას ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა — ბრალდება, რომელიც ფართოდ აღიქმება როგორც გადამეტებული და პოლიტიკურად მოტივირებული და შვიდწლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 14 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე ამაღლობელმა ისაუბრა იმ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაზე, რომელიც მან 11 და 12 იანვარს მისი დაკავების დროს განიცადა.
დაკავების შემდეგ, ამაღლობელი და მისი დაარსებული მედიაორგანიზაციები გახდნენ დისკრედიტაციის კამპანიების, დამამცირებელი მოპყრობისა და ეკონომიკური წნეხის სამიზნეები. „ქართული ოცნების“ ასევე უსაფუძვლოდ ადანაშაულებს მას უცხო ქვეყნების ინტერესების გატარებაში — რაც მისი, როგორც ჟურნალისტის, დისკრედიტაციის მცდელობაა. 17 ივლისს ხელისუფლებამ დააყადაღა გაზეთი „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ საბანკო ანგარიშები — რაც ამ მედიასაშუალებებზე ზეწოლას ემსახურება
საქართველოში ამაღობელი მედიის სიმტკიცისა და წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა. მისი დაპატიმრება და სისხლის სამართლებრივი დევნა მედიის თავისუფლების შეზღუდვის ფონზე მიმდინარეობს. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, მნიშვნელოვნად შეავიწროვა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა რეპრესიული კანონებით, ჟურნალისტების უსამართლო დაკავებებით, მიზანმიმართული ეკონომიკური ზეწოლით და ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმების დაუსჯელობით.
1-ლ აგვისტოს ჩანიშნული ამაღლობელის საბოლოო სხდომის წინ, კვლავ მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეწყვიტოს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე და უზრუნველყოს მისი დაუყოვნებელი გათავისუფლება. ჩვენი ორგანიზაციები, რომელთა ნაწილი ივლისის დასაწყისში საქართველოში იმყოფებოდა პროცესების დასაკვირვებლად, ყურადღებით დააკვირდებიან ხვალინდელ მოვლენებს და იმედს გამოთქვამენ, რომ დასრულდება ეს დისკრიმინაციული დევნა, რომელიც მზია ამაღლობლის, მედიის თავისუფლების სიმბოლოს წინააღმდეგ ხორციელდება“.
განცხადების ხელმომწერები არიან:
- პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI)
- ჟურნალისტთა ევროპული ფედერაცია (EFJ)
- ევროპის პრესისა და მედიის თავისუფლების ცენტრი (ECPMF)
- მუხლი 19 ევროპა
- Free Press Unlimited (FPU)
- OBCT
- ფონდი სამართლიანობა ჟურნალისტებისთვის (JFJ)
- ინდექსი ცენზურაზე
- ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ)
- არამინტა
- მედიის მრავალფეროვნების გლობალური ინსტიტუტი
- მედიის განვითარების საინვესტიციო ფონდი
- IMS (მედიის საერთაშორისო მხარდაჭერა)