„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ მკაცრად გმობს მზია
ამაღლობლისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს
და მას დაუსაბუთებლად, პოლიტიკურად მოტივირებულად და უსამართლოდ
მიიჩნევს.
-------------------------------
6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
„ბათუმელები”/“ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და დირექტორს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი.
მოსამართლემ კი მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და ის დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო:
„პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე“.
-------------------------------
ქარტიის განცხადებით, მართალია, მოსამართლემ ბრალის გადაკვალიფიცირების შემდგომ, შედარებით მსუბუქი მსჯავრი გამოიტანა, თუმცა ამ ცვლილებამ მზია ამაღლობლის უფლება სამართლიან სასამართლოზე ვერ აღადგინა, ვინაიდან მას არც ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაუდენია:
„მზია ამაღლობლის სისხლის სამართლის საქმე ეყრდნობა ცრუ მოწმე პოლიციელთა ჩვენებებს, გაყალბებულ მტკიცებულებებს და მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსა და ლოგიკას. მზია ამაღლობელთან არ უსაუბრიათ გამომძიებლებს. თვეების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები არღვევდნენ უდანაშაულობის პრეზუმფციას მზია ამაღლობლის მიმართ იმგვარი გამოგონილი ბრალდებებით, რასაც მისთვის სასჯელის დამძიმება შეეძლო. აჭარის ტელევიზიამ უარი თქვა იმ ვიდეომასალის სრულად გასაჯაროებაზე, რომლიდანაც 44-წამიანი ამონარიდი პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნისთვის მტკიცებულებად გამოიყენა.
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და არსებული სასამართლო პრაქტიკით, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით, სილის გაწვნა, არსებითი ზიანის გარეშე, არ წარმოადგენს თავდასხმას ანუ იმგვარ დანაშაულს, რაც სისხლის სამართლის კოდექსით იდევნება.
მზია ამაღლობელს უკვე ორჯერ დააკისრეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ქმედებებისთვის, რაც მას არ ჩაუდენია. 18 მარტს ის მოსამართლე სალიხ შაინიძემ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო 2000 ლარით დააჯარიმა, ხოლო 18 ივნისს - მოსამართლე მარიანა ფომაევამ 1000 ლარით, „იერსახის დამახინჯების“ გამო, სტიკერის გაკვრის ეპიზოდზე.
მზია ამაღლობელმა უსამართლობისადმი პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან, 38 დღე იშიმშილა.
წინასწარი პატიმრობის პერიოდში მზია ამაღლობლის ჯანმრთელობა სწრაფად გაუარესდა და მან შეიძლება მხედველობა დაკარგოს, თუკი დროულად არ მიიღებს კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას.
მზია ამაღლობელი, რომელიც დაკავებისას დაექვემდებარა არაარადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას, აქამდე არ უცვნიათ დაზარალებულად. არ არის დასჯილი არცერთი ის პირი, ირაკლი დგებუაძის ჩათვლით, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ“.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ შეფასებით, მზია ამაღლობელი უსამართლოდ იდევნება, მისი გაბედული პროფესიული საქმიანობისა და „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებისათვის:
„„ქართული ოცნება“ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების დაშინებას ცდილობს და რეპრესიული ზომებით ავიწროებს დამოუკიდებელ მედიას, ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და ახშობს განსხვავებულ აზრს“.
ორგანიზაცია ითხოვს, რომ მზია ამაღლობელს მოეხსნას ცრუ ბრალდება და ის უპირობოდ და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.
სასამართლომ მზია ამაღლობელი დააჯარიმა ორ ადმინისტრაციულ საქმეზეც. მოსამართლე სალიხ შაინიძემ ამაღლობელი პირველ ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად 18 მარტს ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა. 18 ივნისს კი, ის სამართალდამრღვევად მოსამართლე მარიანა ფამოევამ ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა. შსს მზია ამაღლობელს პოლიციელების სიტყვიერ შეურაცხყოფასა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრის გამო იერსახის დამახინჯებას ედავებოდა.
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. პატიმრობაში მას მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.