„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის
თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი
გამოცხადდა.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორს თანამდებობაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით, 3 წლის ვადით ნიშნავს. ტელევიზიის დირექტორი ახლა ვლადიმერ ტატიშვილია, რომელიც 2022 წლის ნოემბერში აირჩიეს.
„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორობის მსურველებმა შესაბამისი დოკუმენტები 11 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ. კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 3 კალენდარულ დღეში სამეურვეო საბჭო დირექტორობის კანდიდატთა სიას ტელევიზიის ვებგვერდზე გამოაქვეყნებს და მომდევნო 7 დღის განმავლობაში დირექტორს დანიშნავს. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება.
12 აგვისტოს სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დაამტკიცა „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის კანდიდატის გამოვლენასთან დაკავშირებით კენჭისყრის ჩატარების წესიც. დირექტორის დანიშვნის შესახებ სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს, თუ სხდომას საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა ესწრება.