უნდა დაეთმო თუ არა მედიას შეიარაღებული თავდამსხმელისთვის პირდაპირი ეთერი
23.10.2020
როგორ უნდა მოიქცეს მედია, როდესაც შეიარაღებული თავდამსხმელი პირდაპირ ეთერში ჩართვას ითხოვს, რა ხდება მაშინ, როდესაც ეს ულტიმატუმია, რა სარედაქციო დასაბუთება აქვთ იმ მაუწყებლებს, რომლებმაც ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეჭრილი თავდამსხმელი, მძევლის საშუალებით, პირდაპირ ეთერში ჩართეს, რას ამბობენ მედიაანალიტიკოსები და რას გვკარნახობს საერთაშორისო გამოცდილება.

21 ოქტომბერს, ზუგდიდში, დაახლოებით, 14:30 საათზე, შეიარაღებული პირი “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიჭრა და იქ მყოფი ადამიანები მძევლად აიყვანა. მომხდარიდან მალევე ტელევიზიებმა პოლიციის ოპერაციის პირდაპირ ეთერში გაშუქება დაიწყეს და უწყვეტ რეჟიმში აჩვენებდნენ, თუ რა ხდებოდა ადგილზე. შემთხვევიდან დაახლოებით ერთ საათში “მთავარ არხს” სოციალური ქსელის მეშვეობით შენობაში მყოფი ერთ-ერთი მძევალი დაუკავშირდა და აცნობა, რომ თავდამსხმელი პირდაპირ ეთერში ჩართვას ითხოვდა.

altმაუწყებელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირდაპირ ეთერში ჩაერთო შენობაში მყოფი ერთ-ერთი მძევალი, რა დროსაც შეიარაღებულ პირს საშუალება მიეცა თავისი მოთხოვნები გაეჟღერებინა - მან გამოსასყიდის სახით ნახევარი მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა. მოგვიანებით, თავმდამსხმელს, კვლავ მძევლების მეშვეობით, პირდაპირი ეთერი დაუთმო ტელეკომპანია “პირველმაც”. შეიარაღებულ პირს იგივე მცდელობა ჰქონდა ტელეკომპანია “ფორმულაშიც” თუმცა, მაუწყებელმა გადაწყვიტა, რომ მისთვის პირდაპირი ეთერი არ დაეთმო.

მომხდარის შემდეგ პროფესიულ წრეებში დისკუსია დაიწყო - უნდა ჩაერთო თუ არა მედიას თავდამსხმელი მძევლის საშუალებით პირდაპირ ეთერში. ნაწილი ამბობდა, რომ მედიამ შეცდომა დაუშვა და რისკზე წავიდა.

რატომ (არ) დაუთმეს თავმდამსხმელს პირდაპირი ეთერი მაუწყებლებმა

altტელეკომპანია “მთავარი არხის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ, მომხდარის შემდეგ სოციალურ ქსელში ვრცელი სარედაქციო განმარტება გამოაქვეყნა. მან დაწერა, რომ იმ შემთხვევაში, თუ თავმდამსხმელს პირდაპირ ეთერს არ დაუთმობდნენ, მძევლების სიცოცხლეს შესაძლოა საფრთხე დამუქრებოდა.

“რაც შეეხება იმას, უნდა გაგვეყვანა თუ არა ტერორისტი ეთერში, არ არსებობს არც ერთი სატელევიზიო სტანდარტი, რომელიც ამას კრძალავს. ამას გარდა და მთავარი, როცა მძევალი გიკავშირდება და გეუბნება, რომ ტერორისტის მოთხოვნით გამოდის კავშირზე, როგორ უნდა უთხრა უარი ეთერში გაყვანაზე, როცა თავზე ადგას ტერორისტი, მის მოთხოვნას ასრულებს და შეიძლება ტვინი გაასხმევინონ, თუ ვერ შეასრულა? ანუ უარი კავშირზე მისი სიკვდილით შეიძლება დასრულდეს?

ტელეკომპანია “პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე “მედიაჩეკერთან” ამბობს, რომ მათ ეთერი დაუთმეს მძევალს და ეს არ იყო ინტერვიუ თავმდამსხმელთან. მისი თქმით, მაყურებელმა მათი მეშვეობით გაიგო, თუ რა ხდებოდა შიგნით და მიიღო მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

alt“პირველ რიგში, ეს არ იყო თავდამსხმელის ჩართვა, აქ საუბრობდა მძევალი. მეორე - ადამიანებმა, რომლის ოჯახის წევრებიც იქ იმყოფებოდნენ, არაფერი იცოდნენ, ჩვენთან ეთერში გავიდა მათი ოჯახის ატირებული წევრების ინტერვიუები და, როგორც მინიმუმ, ამ ადამიანებმა ნახეს, რომ მათი ოჯახის წევრები იყვნენ ჯანმრთელები. მე არ ვფიქრობ, რომ მედიამ რამე დააშავა, პირიქით, მედიამ მისცა სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია საზოგადოებას”.

თავმდამსხმელს, მძევლის მეშვეობით, მცდელობა ჰქონდა, რომ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერიც გამოეყენებინა, თუმცა, მაუწყებელმა გადაწყვიტა, რომ მისთვის პირდაპირი ეთერი არ დაეთმო. “მედიაჩეკერი” მაუწყებლის სარედაქციო გადაწყვეტილებით დაინტერესდა.

altტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი ამბობს, რომ თავდაპირველად შსს-სთან დააზუსტეს, რომ უცნობი პირი, რომელიც ტელეფონით დაუკავშირდა და ამტკიცებდა, რომ გვერდზე უდგას შეიარაღებული ადამიანი, ნამდვილად მძევალი იყო, მსჯელობის შემდეგ კი მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ტრიბუნა არ დაეთმოთ. თუმცა, თავდამსხმელის მოთხოვნები ეთერში გააჟღერეს და აღნიშნულის შესახებ მაყურებელს ჟურნალისტმა მიაწოდა ინფორმაცია.

“პირდაპირ გეტყვით, რომ ცდუნება დიდი იყო. თუმცა, ბრმად არ დავუთმეთ ეთერი, იმიტომ, რომ არ ვიცოდით ვინ იყო და მას შემდეგ, რაც გავარკვიეთ ვინაობა, არ ჩავრთეთ პირდაპირ ეთერში, რადგან ვინმეს ჩვენი პლატფორმა არ გამოეყენებინა. წარმოიდგინეთ, რამდენ ISIS წევრს მოუნდება CNN-ის პირდაპირ ეთერში გასვლა, მე არ მგონია, რომ CNN პირდაპირ ეთერს უთმობდეს. ჩვენი გადაწყვეტილება ასეთი იყო, ჩემი კოლეგების გადაწყვეტილება - სხვანაირი, არც მათ ვამტყუნებ და არც ჩემს თავს ვამტყუნებ. ამ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილება მივიღეთ სხვადასხვა არხმა”.
 
მედიაანალიტიკოსების აზრი ორად იყოფა

მედიაანალიტიკოსი ლაშა ქავთარაძე, რომელიც ამავე დროს “ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაკავშირებული საკითხების გაშუქების” სახელმძღვანელოს ავტორია და ამ თემას დიდი ხნის განმავლობაში იკვლევდა, მიიჩნევს, რომ მედიამ თავდამსხმელს ტრიბუნა არ უნდა დაუთმოს. მაშინაც კი, როდესაც თავდამსხმელი მოთხოვნებს წამოაყენებს, მედია მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ მესამე პირში გააჟღეროს ეს ინფორმაცია და გადამუშავებული და რედაქტირებული ფორმით მოხვდეს მაყურებელთან, იმისათვის, რომ პანიკა არ დათესოს. თუმცა, მისივე თქმით, პირდაპირი ეთერის დათმობას, შესაძლოა, გამართლებაც ჰქონდეს:

alt“ასეთ დროს, თითქმის ყველა სახელმძღვანელო და ყველა გაიდლაინი ამბობს იმას, რომ არ უნდა დაუთმო ამ ადამიანს პირდაპირი ეთერი საიმისოდ, რომ გაავრცელოს შიში და ტერორი. მედია არ უნდა გახდეს ტირაჟირების საშუალება. თუმცა, ალბათ, ერთადერთი გამართლება, რაც შეიძლება მოგვეძებნა პირდაპირ ეთერში ამ ჩართვის გაშვების, იყო, რომ თუკი ის ულტიმატუმს წამოაყენებდა და დაჟინებით მოითხოვდა ან დაიმუქრებოდა, რომ თუ “ლაივში” არ გაუშვებდნენ, რაღაც უბედურებას ჩაიდენდა. ამ შემთხვევაშიც კი, ძალიან ცხადად წერია გაიდლაინებში, რომ თუკი ასეთი ამბავი ხდება, საჭიროა, რომ დაუკავშირდე სამართალდამცავებს და მათთან შეთანხმებით მოახდინო ტრანსლირება”.

ლაშა ქავთარაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ასეთ სიტუაციებში თვითონ ხელისუფლება და სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული, რომ საკომუნიკაციო არხები დაუხშონ იმ ადამიანს, ვინც ამ შემთხვევაში არის მოძალადე და ყველაფერი არ უნდა “ჩამოეკიდოს” მედიის პასუხისმგებლობაზე.

“მთავარი არხის” დირექტორი თამთა მურადაშვილი “მედიაჩეკერთან” იხსენებს, რომ მას შემდეგ, რაც თავმდამსხმელი არხს მძევალის საშუალებით დაუკავშირდა, მათ სცადეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირება და ითხოვეს კონკრეტული მითითებები, თუმცა, უწყებისგან პასუხი არ მიუღიათ:

“პირველივე წუთებიდან ვცდილობდით შსს-სთან კავშირზე გასვლას. როდესაც გამოდიოდა კონტაქტზე მძევალი მივწერეთ, რომ კიდევ გვიკავშირდება მძევალი და მოგვეცით მითითებები, როგორ მოვიქცეთ და პასუხები არ მიგვიღია”.

altსაქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ ასეთ დროს არსებობს მარტივი გამოსავალი, - მაუწყებელმა სიგნალი რამდენიმე წამიანი დაგვიანებით გადასცეს, რათა ხელმძღვანელ პირებს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ:

“ლაივში” ასეთი ტიპის საგანგებო მდგომარეობის გადაცემა არ ხდება არცერთ ქვეყანაში. პირდაპირი ეთერი გადის რამდენიმე წამიანი დაყოვნებით, იმისთვის, რომ მედიამ სარედაქციო გადაწყვეტილება მიიღოს. არ ვიცი, რამდენი სპეცოპერაცია და რამდენი საგანგებო ვითარება უნდა გამოვიაროთ, რომ ეს მარტივი წესი წესად დავნერგოთ. სიგნალებს ისედაც აქვს დაყოვნება, 3-4 წამი არაფერს არ გვიწყვეტს, რომ დავიტოვოთ სარედაქციო გადაწყვეტილებისთვის”.

ნინო ივანიშვილი - მთავარია გახსოვდეს, რომ არ უნდა ავნო

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის სკოლის დეკანი ნინო ივანიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა როიტერის ტელევიზიის უფროსი პროდიუსერის თანამდებობაზე კავკასიის ბიუროში ამბობს, რომ ასეთ დროს ჟურნალისტი ბუნებრივი ინსტიქტით მოქმედებს და მისი მთავარი მოვალეობაა - გააშუქოს.

“მედიაჩეკერის” კითხვაზე, თუ როგორ მოიქცეოდა ასეთ სიტუაციაში, ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ შსს-სთან კომუნიკაციის პარალელურად, ჩაერთო ეთერში. იგი ამბობს, რომ ასეთ დროსაც და ყოველთვისაც, მთავარია მედიას სულ ახსოვდეს, რომ მისმა ქმედებამ არავინ არ უნდა დააზიანოს: “პირველ რიგში, უნდა შეატყობინო სამართალდამცავ ორგანოებს, რომ შემოვიდა ასეთი ზარი და შენ გააგრძელო მასთან კომუნიკაცია”.

ნინო ივანიშვილი საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე ორ ცნობილ შემთხვევას იხსენებს:

alt“გამიკეთებია მე პირადად ასეთი რაღაც. რამდენიმე ქეისი მახსენდება. ერთ-ერთი არის Nord-Ost, როდესაც მოსკოვში თეატრში შეიჭრნენ ტერორისტები (2002 წლის 17 ოქტ. რედ.). პერიმეტრი გადაფარული იყო მთლიანად და პოლიცია ახლოს არ გვაკარებდა არაფერზე, ჩვენ ვიპოვეთ მეზობელი, რომლის აივანი გადიოდა თეატრის ეზოში, იქ დავამაგრეთ კამერა და ვიღებდით, როგორ გამოყავდათ მკვდარი თუ ცოცხალი მძევლები, მას შემდეგ, რაც გაზით გაგუდეს ისინი. ჟურნალისტის მოვალეობაა, რომ ეს ყველაფერი გააშუქოს, აძლევენ ამის უფლებას თუ არა. ჟურნალისტი ბუნებრივი ინსტიქტით მუშაობს, რომ თუ არ მაღებინებენ, ე.ი. რაღაც ხდება და რამე უნდა გავაკეთო. ჩვენ ასე ვიქცეოდით და ამას “როიტერი” ეთერში უშვებდა.

ბესლანის ტერაქტის დროსაც იგივეს ვაკეთებდით, ეზოებიდან, შენობების სართულებიდან, მთელს პერიმეტრზე ვიყავით, რომ გვენახა რა გაგვეკეთებინა. და რომ ყოფილიყო საშუალება, რომ გვეჩვენებინა რა ხდებოდა შიგნით, ნამდვილად ვაჩვენებდით იმ სკოლას, თუნდაც იმისთვის, რომ სახელმწიფოს ისე არ ემოქმედა, როგორც იმოქმედა და ჩახოცა ბავშვები იქ”.

რას ამბობს საერთაშორისო გამოცდილება

ამერიკელი ჟურნალისტი და ტრენერი ალ ტომპკინსი Poynter-ზე მძევლების აყვანის შემთხვევების გაშუქებისას ჟურნალისტებისთვის რამდენიმე რჩევას აქვეყნებს, მათ შორის:

  • სანამ პირდაპირ ეთერში გახვალთ, დასვით შეკითხვა რამდენად მზად ხართ ყველზე ცუდი შედეგისთვის, რაც, შესაძლოა, თქვენმა გაშუქებამ გამოიწვიოს? მაგალითად, პირდაპირი ეთერის დროს პირმა თავი მოიკლას ან სხვა მოკლას. რისი გაშუქება არ გსურთ? რატომ? საიდან/რა იცით, რომ ყველაზე ცუდი შესაძლო შედეგი არ დადგება?
  • გაუძელით ცდუნებას დაუკავშირდეთ გამტაცებელს ან შეიარაღებულ პირს. როგორც წესი, ჟურნალისტები არ არიან დატრენინგებული/მომზადებული მოლაპარაკების ტექნიკებში და ერთმა არასწორმა შეკითხვამ ან შეუსაბამო სიტყვამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ვინმეს სიცოცხლეს. გარდა ამისა, დამნაშავესთან კონტაქტზე გასვლამ შესაძლოა მოლაპარეკებებში მონაწილე პირებს კომუნიკაცია გაურთულოს.
  • თუ გამტაცებელი ან ტერორისტი ნიუსრუმს დაურეკავს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ხელისუფლების ორგანოს. ასევე, მზად უნდა გქონდეთ გეგმა იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხოთ.
altმედიასპეციალისტის ტომას კენტის განცხადებით კი, მედიაგამოცემების ნაწილი ერიდება ასეთი შემთხვევების პირდაპირ ეთერში გადაცემასა და სპეცოპერაციის მიმდინარეობისას თავდამსხმელებთან კონტაქტს, რათა ხელი არ შეუშალოს მოლაპარაკების პროცესს. ხოლო თუ თავდამსხმელი მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ ინტერვიუს აღებას ითხოვს, როგორც წესი, მედიასაშუალებები საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილებას ითვალისწინებენ.

ზოგიერთ შემთხვევაში, გამტაცებლები მედიასაშუალებებს მძევლების ამსახველ ვიდეოებს სთავაზობენ. ამ ვიდეოებში შესაძლოა ჩანდეს, რომ მძევლები კარგ მდგომარეობაში იმყოფებიან ან იძულების წესით, თავდამსხმელის მიზნების მისაღწევად კონკრეტულ განცხადებებს აკეთებენ.

ზოგიერთ საინფორმაციო სამსახურს მიაჩნია, რომ ამ კადრების გავრცელებით მაყურებელი უკეთ შეიტყობს მძევლების მდგომარეობისა და თავდამხსმელის მოთხოვნების შესახებ ინფორმაციას. ზოგიერთი მედია კი მათ გავრცელებაზე უარს ამბობს, რადგან მიაჩნია, რომ ამგვარი ვიდეოების გამოქვეყნება თავდამსხმელის მიზნებს აკმაყოფილებს, უფრო ცნობადს ხდის და ხელს უწყობს მის პროპაგანდას.

ასეთ შემთხვევაში შესაძლო კომპრომისია ვიდეოს მხოლოდ რამდენიმე წამის გაშვება, რათა გამოჩნდეს მძევლების მდგომარეობა, თუმცა არ გავრცელდეს თავდამსხმელის განცხადება/მესიჯი.

თიკო ცომაია - ახლა მთავარია ვიმსჯელოთ,
რა გავაკეთეთ სწორად და რა არასწორად
 
altსაქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი და მედიამკვლევარი, თიკო ცომაია, რომელმაც იმავე დღეს, როდესაც ზუგდიდში საპოლიციო ოპერაცია მიმდინარეობდა, საერთაშორისო გაიდლაინები გადაიკითხა და ჟურნალისტებისთვის მოკლე გზამკვლევიც გამოაქვეყნა, მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, მედიამ გაიაზროს მსგავსი სიტუაციების გაშუქების სირთულე და კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, მოხდეს რეფლექცია, დისკუსია და გააზრება:

“მძევლების ჩვენება ვის აწყობდა? მოდი ამ კუთხით შევხედოთ. ვფიქრობ, თვითონ მოძალადეს. მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფართო ჭრილში დავინახოთ, რასთან გვაქვს საქმე. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მედია ერთხელ რომ გააშუქებს მსგავს ამბავს, შემდგომ ამაზე მოხდეს დისკუსია, მსჯელობა - რა მოხდა კარგად, რა ცუდად, რა დააკლო მედიამ, სად იყო გარღვევები და რა იყო პირიქით, კარგი და ა.შ. ამაზეა დამოკიდებული შემდგომი გაშუქებები, რომ ცოტა წინ წავიდეთ.”

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ