კრიტიკული მუხტის დაკარგვის საფრთხე მედიაში
24.10.2015
რას მივიღებთ "რუსთავი 2-ის" გარდაქმნის შემთხვევაში

ის, რომ დღეს "რუსთავი 2-ს“ და იქ მომუშავე ჟურნალისტებს მათი კოლეგები არ უცხადებენ ღია და აქტიურ მხარდაჭერას, ცხადია, პრობლემაა. და არა მხოლოდ მათი პრობლემა, ვინც ქმედით მხარდაჭერას არ გამოხატავს და მხოლოდ მშრალი, ფორმალური განცხადებებით შემოფარგლება - "რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური პროცესია", "რა თქმა უნდა, ვხედავთ ხელისუფლების როლს”, "ჩვენ დავაკვრიდებით პროცესებს", "მოვითხოვთ სასამართლო პროცესის გამჭვირვალობას". ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ფაქტია, რომ ამ ტელეარხის მიმართ ჟურნალისტთა კორპუსში თანაგრძნობა ძალიან დაბალია. ამას მრავალი მიზეზი აქვს და ეს ცალკე ბლოგპოსტის თემაა. დღეს სხვა საკითხებზე მსურს საუბარი.

ბოლო დღეებში "რუსთავი 2-ის“ ეთერიდან ხშირად გვესმის მოსაზრება, რომ ეს ერთადერთი დამოუკიდებელი ტელევიზიაა და მისი განადგურებით ქვეყანაში მოისპობა ერთადერთი კრიტიკული არხი. მსგავსმა განცხადებებმა, ცხადია, შეურაცხყო სხვა ტელეარხებზე მომუშავე ჟურნალისტები. ისე გამოვიდა, თითქოს "იმედის", "მაესტროს", "საზოგადოებრივი არხის", "კავკასიის", "პალიტრა ტვ"-ს და სხვა ტელევიზიების თანამშრომლებს ხელისუფლება მართავს და აკონტროლებს. სწორედ ამ შექმნილ შთაბეჭდილებაზე მსურს ძალიან მოკლედ მოგახსენოთ.

მცირე მასშტაბის ტელემაუწყებლობებს - ისეთებს, როგორებიცაა "კავკასია", "პალიტრა TV", "პირველი TV", "ტაბულა", "მეორე არხი", "TV 11" და სხვები, არ აქვთ ისეთი გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, როგორც დიდ ტელეკომპანიებს, როგორებიცაა "რუსთავი 2", "იმედი", "საზ TV" და ნაწილობრივ "მაესტრო". ამიტომ, "პალიტრა TV-ს” ჟურნალისტის, მერაბ მეტრეველის განაწყენებული განცხადება, რატომ მიწოდებთ მე კონტროლის ქვეშ მყოფსო, უადგილო მეჩვენება. მერაბ მეტრეველს და "პალიტრა TV-ს”, ასევე დავით აქუბარდიას, ნინო ჯანგირაშვილს და მთლიანად ტელეკომპანია "კავკასიას", მთელი მათი არსებობის განმავლობაში არც არავინ აკონტროლებდა. ბუნებრივია, ეს, პირველ რიგში მათი დამსახურებაა. თუმცა ის ფაქტორიც გასათვალისწინებელია, რომ ქვეყნებში, სადაც ცალსახა დიქტატურა და ტოტალიტარული სისტემა არ არის, ამ ტიპის, მცირე გავლენის მქონე მედიასაშუალებების არსებობას ხშირად უშვებენ ხოლმე. მეტიც - ეს შესაძლოა ავტორიტარულ რეჟიმებს აწყობდეს კიდეც, როგორც ერთგვარი არგუმენტი მედია “პლურალიზმის” დასტურად. ყველამ ვიცით, რომ თვით რუსულენოვან მედიასივრცეშიც კი მოქმედებს მცირე მასშტაბის კრიტიკული მედიასაშუალებები. პუტინმა ეს იცის და მათი არსებობა არ აღუკვეთავს. უფრო გარკვევით და ჩვენთვის ნაცნობ კონტექსტში რომ ავხსნათ, ვიტყვი, რომ "კავკასია" და "პალიტრა" ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პირობებშიც დამოუკიდებელნი და თავისუფალნი იყვნენ და სახელისუფლო კონტროლი არ ეხებოდათ.

ჩემი აზრით, ვიდრე არსებობს "რუსთავი 2", რომელიც დღეს ასრულებს ე.წ. watchdog-ის ფუნქციას - “ჩასაფრებულია” და მაქსიმალურად ამახვილებს ყურადღებას ხელისუფლების ყველა, დიდ თუ შედარებით მცირე შეცდომაზე, გადაცდომაზე, დარღვევაზე და წარუმატებლობაზე (მნიშვნელობა არ აქვს ამას "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მიზნებისთვის აკეთებს თუ წმინდა პროფესიონალური პასუხისმგებლობით), მის მიერ შექმნილი კრიტიკული გარემო მთელ გავლენიან მედიასივრცეზე ვრცელდება. ასეთ კლიმატში როგორც ხელისუფლებას, ისე რომელიმე კონკრეტული მედიასაშუალების მფლობელს გაცილებით უფრო გაუჭირდება შექმნას მისი ალტერნატივა, სადაც ხელისუფლების ქმედებები ვარდისფერი სათვალით იქნება დანახული და მოწოდებული. სწორედ ამის მცდელობა ვიხილეთ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კერძო ტელეკომპანია GDS-ზე გასული გადაცემა 20/30-ის სახით და შედეგიც ვიცით. ამ გადაცემას ალბათ არავინ აღიქვამს სერიოზულად და ის კრიტიკის ობიექტიც ვერ ხდება, რომ არაფერი ვთქვათ მის მიზერულ რეიტინგზე.

მოკლედ, რომ შევაჯამოთ - დიახ, ცხადია განზრახ უტრირებული და გაზვიადებული ნათქვამია ის, რომ “რუსთავი 2- ის“ დახურვით თუ სახეცვლილებით ქვეყანაში კრიტიკული აზრი და მედია საერთოდ გაქრება. რა თქმა უნდა, “რუსთავი 2”-ის დახურვა , თავისთავად, ქვეყანაში კლასიკურ დიქტატურას არ დაამყარებს. მაგრამ მედიაკლიმატი თვისებრივად, რადიკალურად შეიცვლება, კრიტიკული მუხტი მნიშვნელოვნად დაიკლებს. ხელისუფლება გაცილებით უფრო გაბედულად დაიწყებს დირექტივების გაცემას იმის შესახებ, თუ რა გააშუქონ და რა არ გააშუქონ სხვა ტელევიზიებმა.

2004-2005 წლებში "რუსთავი 2"-ზე ვმუშაობდი და “შიგნიდან” შემეძლო თვალი მედევნებინა “კურიერის” მუშაობისთვის. მაშინ ეს გადაცემა მუდმივ კონკურენციაში იყო იმ პერიოდში ჯერ კიდევ მთავრობის კონტროლს მიღმა მყოფი “იმედის” საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკასთან”. როგორც კი ჩვენამდე მოაღწევდა ინფორმაცია, რომ “ქრონიკა” ამა თუ იმ მოვლენაზე ან ფაქტზე ამზადებდა სიუჟეტს, “კურიერის” მესვეურებს სხვა გამოსავალი არ რჩებოდათ - ამ მოვლენას ისინიც უნდა გამოხმაურებოდნენ სიუჟეტით. ხოლო მას შემდეგ, რაც "იმედი" უწინდელი სახით აღარ არსებობდა, ვიდრე გაჩნდებოდა “მაესტრო” თუ “მე-9 არხი”, ქვეყანაში გვქონდა უმძიმესი, ერთფეროვანი, ტრაგიკულობამდე უსახური და პროპაგანდისტული ტელემედია. ზუსტად იგივე გველის წინ ახლაც, თუკი დღევანდელ ბრძოლაში ხელისუფლება გაიმარჯვებს.

ვინც ახლა ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება სამართლიანობის აღდგენისთვის, ქვეყანაში ჯანმრთელი და დემოკრატიული მედია გარემოს შექმნისთვის იბრძვის, ამ ბლოგპოსტს (რომელსაც საბედნიეროდ ინტერნეტ მედია შეინახავს) გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ვაჩვენებ. მერე გავაგრძელოთ ამაზე საუბარი.

ახლა კი ვფიქრობ, რომ დადგა დრო, ვიყოთ რაციონალურები, გვერდზე გადავდოთ ემოციები თუ პირადული განცდები და დავიცვათ მედიამრავალფეროვნება იმ ერთფეროვნებისგან, რომელიც ნამდვილად გვემუქრება და რომელიც ყოველი ჩვენგანის დამოუკიდებლობის, თავისუფლების და ინფორმირებულობის შეზღუდვას განაპირობებს.

ბლოგის ავტორი : ნინია კაკაბაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ