მედია, როგორც არაფორმალური მმართველობის ლეგიტიმაციის წყარო
06.06.2016
8 ივნისს ოფიციალურად გაიხსნა წინასაარჩევნო მარათონი. ერთი დღით ადრე საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს პრესკონფერენციაზე დაუძახა. ბუნებრივია, უბრალო დამთხვევა არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილი სწორედ წინასაარჩევნო კამპანიამდე ისევ გამოდის სცენაზე. გამოდის, რადგან თვლის, რომ “ქართულ ოცნებას” მისი დახმარება სჭირდება. სინამდვილეში კი მას სჭირდება “ქართული ოცნების” გამარჯვება.

ცხადია, ჩვენი საუბრის თემა არ გახლავთ ყოფილი პრემიერი. ჩვენ ვსაუბრობთ მედიაზე, რომელიც უდიდესი დილემის წინაშეა - დაექვემდებაროს თუ არა ივანიშვილის პირობებს და ითამაშოს თუ არა მისი წესებით?!

საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე აღიარებს, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას მართავს ბიძინა ივანიშვილი. ფორმალურად დღეს მას ერთადერთი სტატუსი აქვს - მოქალაქე, რომელიც იმავდროულად არის არსამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქისა” და თანაინვესტირების ფონდის დამფუძნებელი. თავად ის აღნიშნავს, რომ მისი ძირითადი კაპიტალი ქართველი ხალხის „ჭარბი“ ნდობაა. ამბობს, რომ აწარმოებს შიდა კვლევებს, გააჩნია ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით სტატისტიკა, მაგრამ არ ასახელებს არც მკვლევართა ვინაობას და არც მეთოდოლოგიას. ჩვენ კი ვიცით, რომ ის მართავს პოლიტიკურ გაერთიანება “ქართულ ოცნებას”, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას წარმოადგენს. ხელისუფლების წევრები ემორჩილებიან მას, მაგრამ ამას ხელს ვუწყობთ ჩვენც, როდესაც მას ვექცევით ისე, როგორც მოქმედ პრემიერ-მინისტრს.

ივანიშვილი მუდმივად საუბრობს პირველ პირში, როდესაც ხელისუფლების მიღწევებს ასახელებს, პირდაპირ აღიარებს, რომ პრემიერი მას ეკითხებოდა, როდის უნდა წასულიყო, აღიარებს, რომ მასთან გადიან კონსულტაციებს და ა.შ. ჩვენ მას ვაძლევთ ლეგიტიმაციას, რომ მართოს ქვეყანა კულისებიდან. სამწუხაროდ, ამის საშუალებას მას ასევე აძლევს მედია, რომელიც, თავის მხრივ, დიდწილად განსაზღვრავს ქვეყნის მოსახლეობის ცნობიერებას.

რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ მედია უარს იტყვის ბიძინა ივანიშვილის მთავარ ფიგურად პრეზენტირებაზე და მუდმივად შეგვახსენებს, რომ არაფორმალური მმართველობა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ნონსენსია? გავუკეთოთ მას იგნორირება და თუკი ვახსენებთ, მოვიხსენიოთ, როგორც ყოფილი პრემიერი და მოქმედი მმართველი, რომელმაც საკუთარი წასვლით ჩამოიხსნა პასუხისმგებლობა, რომ არ დაეკარგა ხალხის ნდობა - კაპიტალი, რომელიც, მისი თქმით, ყველაზე დიდი ძალაა მისთვის.

რისი საშუალება მივეცით მას გუშინ?

გასულ ხუთშაბათს ის მივიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიაში სტუმრად სალომე ასათიანთან. მას იქ არ დახვდა ის გარემო, რომელსაც ელოდა. ის ელოდა, რომ ისაუბრებდა საკუთარ წერილზე, რომელიც რამდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნა. „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტმა კი მას დაუსვა კრიტიკულ შეკითხვები და არ მისცა საშუალება, თავიდან აერიდებინა ეს კითხვები. პასუხის არგაცემის შემთხვევაში ჟურნალისტი აღნიშნავდა, რომ ივანიშვილი შეკითხვას არ პასუხობდა. ამიტომ ივანიშვილი „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტს ელაპარაკა ისე, როგორც ნაციონალს (ანუ, მისი გაგებით, ქვეყნის მთავარ მტერს) და ვერ დაფარა გაღიზიანება, ბრაზი, განრისხება.

ამ ინტერვიუში ნათლად გამოჩნდა, რომ ის ვერ იტანს უმცირეს წინააღმდეგობასაც კი და მით უმეტეს არ უყვარს წინააღმდეგობა იქ, სადაც ამას არ ელის. ამიტომ სალომე ასათიანთან ინტერვიუში ის პრაქტიკულად გაშიშვლდა და დამარცხებულმა დატოვა სტუდია.

ამ სურათის გამოსასწორებლად ივანიშვილი იღებს გადაწყვეტილებას, რომ დებატები გამართოს მისდამი კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებთან ( “რუსთავი 2” და “ტაბულა”), მაგრამ უკვე წინასწარ გაწერილი ფორმატით.

„ჟურნალისტები რიგრიგობით სვამენ კითხვებს, რესპონდენტი პასუხობს, კითხვების თანმიმდევრობას და რეგლამენტს უზრუნველყოფს მოდერატორი”, - ამონარიდი უძილაურის მიერ გამოგზავნილი წინასწარი შეთანხმებიდან.

ერთი სიტყვით, ივანიშვილი ცდილობს, ერთი მხრივ, ეპაექროს ოპონენტებს მოდერატორის დახმარებით, რომელიც მის კომფორტს უზრუნველოყოფს და, მეორე მხრივ, გადაფაროს გასული კვირის მარცხი. ამის საშუალებას მას არ აძლევს “რუსთავი 2”, რომელიც აცხადებს, რომ არ ექვემდებარება მის მოთხოვნებს და თუ სურს ინტერვიუ, ეპატიჟება საკუთარ სტუდიაში, ტოკ-შოუ “არჩევანში”, წამყვანის პირისპირ, ყოველგვარი მოდერატორის გარეშე.

ბუნებრივია, ივანიშვილი არ თანხმდება ამ ფორმატს. ამიტომაც სცენარი იცვლება და 7 ივნისს ტარდება პრესკონფერენცია, სადაც ივანიშვილი სასიამოვნო კითხვებს 15-20 წუთი პასუხობს მშვიდად, ხოლო უსიამოვნო კითხვების შემთხვევაში საქმეში ერთვება მოდერატორი უძილაური და აჩერებს ჟურნალისტს, როგორც ეს ეკა კვესიტაძის შემთხვევაში იყო.

ასე რომ, ნებსით თუ უნებლიეთ, გუშინ მედიამ ბიძინა ივანიშვილს მისცა საშუალება, განეხორციელებინა საკუთარი გეგმა. მას არაფერი უთქვამს ახალი, მაგრამ გამოვიდა დიდ სცენაზე და სტარტი აიღო დიდი წინასაარჩევნო მარათონის წინ.

თუკი მომდევნო 4 თვის განმავლობაში მედია დაექვემდებარება ივანიშვილის პირობებს, ის უზრუნველყოფს, რომ საქართველოს მოსახლეობამ უკვე ფორმალურად აირჩიოს არაფორმალური მმართველი. ივანიშვილი არ იღებს მონაწილეობას არჩევნებში, ის „ეხმარება“ მისდამი უპირობოდ დაქვემდებარებულ პოლიტიკურ პარტიას იმისთვის, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ისევ კულისებიდან მართოს ქვეყანა.

და ამაზე პასუხისმგებლობას პირველ რიგში აიღებს მედია.

ბლოგის ავტორი : ნინია კაკაბაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ