პრესკონფერენციები, ე.წ. კადრ-სინქრონები და ეთერის “მოლაპარაკე თავები”
01.09.2015
საინფორმაციო სააგენტოების ხელმომწერებს შემჩნეული ექნებათ, რომ გამოქვეყნებულ ანონსებში პრესკონფერენციები ჭარბობს. პრესკონფერენციას მართავს პოლიტიკოსი, ექსპერტი, პარტია, საზოგადოებრივი მოძრაობა, არასამთავრობო ორგანიზაცია - ყველა, ვისაც აუდიტორიამდე საკუთარი ხმის მიწვდენა სურს. არის შემთხვევები, როცა ერთ კონკრეტულ პრესკლუბში დღის განმავლობაში რამდენიმე სპიკერი მიდის და ჩვენც, როგორც წესი, მაუწყებლების დღის საინფორმაციო გამოშვებებში გამუდმებით “მოლაპარაკე თავებს” ვხედავთ.

მაუწყებლები ასეთ პრესკონფერენციებს ე.წ. კადრ-სინქრონის ფორმატით აშუქებენ, ასეთ შემთხვევაში ამბის მთავარი თემა არის ის, რომ სადღაც ვიღაცამ პრესკონფერენცია გამართა და არა ის, თუ რა ითქვა პრესკონფერენციაზე, რა პრობლემა წამოიჭრა... კადრ-სინქრონით გაშუქებისას, ჩვეულებრივ, არ ხდება პრესკონფერენციაზე წამოჭრილი თემის გაშლა, საპირისპირო, განსხვავებული მოსაზრებების წარმოჩენა - საინფორმაციოს წამყვანი მაყურებელს აუწყებს, რომ რომელიღაც პრესკლუბში რომელიღაც პოლიტიკოსმა ან „ექსპერტმა“ პრესკონფერენცია გამართა და მის შესავალ ტექსტს პრესკონფერენციის მომწყობის სინქრონი მოყვება. სულ ესაა. სინქრონი, როგორც წესი, არაფრისმთქმელი და ზედაპირულია. მთელ ამ პროცესს რამდენიმე მონაწილე ჰყავს და ყველა სარგებელს ელის - სპიკერი, რომელსაც უმეტესწილად საკუთარი რეიტინგი ადარდებს, პრესკლუბი, რომელიც ასევე ცნობადობის გაზრდას ცდილობს, მედია, რომელიც, სამწუხაროდ, მარტივ გზებს ეძებს ამა თუ იმ თემაზე შეფასებითი ნაწილის მოსაპოვებლად და ხშირ შემთხვევაში ჯერდება “მოლაპარაკე თავების” მიერ შეთავაზებულ დღის წესრიგს, მაგრამ აუდიტორიის მხრიდან თუ შევხედავთ პროცესს - ამ პრესკონფერენციებიდან მას თითქმის არაფერი რჩება - რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის მორიგი პოლიტიკური ურთიერთბრალდების საფუძველზე გაკეთებული განცხადებები, ცვლის თუ არა ამგვარი გაშუქება მის პოლიტიკურ თუ სხვა არჩევანს, სასარგებლოა თუ არა მისთვის ეს ინფორმაცია? მაყურებელი ამ ე.წ. კადრ-სინქრონის შედეგად ვერ იღებს სათანადო ინფორმაციას. არადა, აუდიტორიისთვის ამომწურავი, სრული ინფორმაციის მიწოდება მედიის ერთ-ერთი ფუნდამენტური ვალდებულებაა:

„პროგრამა ან სიუჟეტი მიკერძოებული იქნება, თუ ის არ მოიცავს ამომწურავ ინფორმაციას მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ, აგებულია უმნიშვნელო ფაქტებზე, შეგნებულად ან გაუცნობიერებლად შეჰყავს აუდიტორია შეცდომაში, შენიღბული სახით გამოხატავს მიკერძოებული პირის მოსაზრებებს“- ვკითხულობთ მაუწყებელთა ქცევის კოდექსში (18.2.)

პოლიტიკოსების მხრიდან პარტიის ოფისსა თუ პრესკლუბებში ბრიფინგების გამართვა პოლიტიკურ პროცესსა და მედიაზე გავლენის მოხდენის მცდელობაა - ასეთი ფორმით საჯარო ფიგურები ცდილობენ, ჟურნალისტებს საკუთარი დღის წესრიგი მოახვიონ თავს - ამ დროს მედია, ერთი მხრივ, ფარული თუ პირდაპირი მანიპულაციის იარაღი ხდება, მეორე მხრივ, ბრიფინგებზე გადამეტებული ყურადღების გამახვილებით თავადაც გვევლინება აუდიტორიის მანიპულატორად - იმის ნაცვლად, რომ სარედაქციო მუშაობით, თემების მოძიებით, მოკვლევით, ჟურნალისტური გამოძიებით, ექსკლუზიური ახალი ამბებით გააჯეროს ეთერი, მარტივ გამოსავალს პოულობს.

კიდევ ერთი საკითხი გამომსახველობას ეხება - როგორც წესი, პრესკონფერენციის ვიზუალური მხარე იდენტურია - კადრებით თუ ვიმსჯელებთ, მაყურებლისთვის საინტერესო არაფერი ხდება, სტანდარტულად ჩამომწკრივებული მიკროფონების უკან სპიკერი ზის და საუბრობს. პრესკონფერენციების ასე უხვად გაშუქება ტელევიზიას საფრთხეს უქმნის, დაკარგოს თავისი მთავარი ხიბლი - გამოსახულების მიმზიდველობა.

მთავარი მაინც პრიორიტეტების პრობლემაა - როცა რედაქციას საკმარისზე მეტად ექნება საკუთარი თემები, ეთერიც არა “მოლაპარაკე თავებით”, არამედ მნიშვნელოვანი და საინტერესოდ მოყოლილი ახალი ამბებით გაივსება.

ავტორი : დავით კახიანი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ