რეიტინგში კონვერტირებული ტრაგედიები
16.02.2018
რეიტინგი გარკვეულ სიყვითლეს და მსხვერპლს რომ მოითხოვს, ახალი ამბავი არავისთვის არის. ახლა რიტორიკა და პათეტიკა დროებით გვერდზე გადავდოთ და ვაღიაროთ, რომ ეს მსხვერპლი ხშირად კონკრეტული ადამიანია, სიყვითლე კი მისი პირადი ტრაგედიის გაშუქების თანმდევი ეფექტი და ელფერი. როგორც წესი, ეს პრობლემა მთელი სიმძაფრით თავს მაშინ იჩენს ხოლმე, როცა მედიის დღის წესრიგში რაიმე გახმაურებული დანაშაული, მკვლელობა, თვითმკვლელობა ან მსხვერპლით დასრულებული სტიქია და უბედური შემთხვევა ხვდება.

საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული გლოვა და ამ გლოვის ამსახველი პროცესიები რომ დღემდე მთავარი სანახაობაა საქართველოში, ესეც ყველამ ვიცით.

როგორ ტიროდა ჭირისუფალი - მოთქმით თუ ჩუმად, რა და როგორ დაატირა მიცვალებულს, თალხი ეცვა თუ არა, ვინ მივიდა და ვინ არ მივიდა სამძიმრის სათქმელად, ყალბი თანაგრძნობა ეწერა სახეზე თუ ნამდვილად განიცდიდა მომხდარ უბედურებას, ვინ ამოუდგა გვერდში ჭირისუფალს, როგორი სახლი ჰქონდათ - ეს ის თემებია, რომლებსაც ბევრი ადამიანი დღემდე სერიოზულად განიხილავს.

არ თქვათ ახლა, რომ სამძიმარი, პანაშვიდი თუ დაკრძალვა თავშესაქცევი ამბავი მხოლოდ მაშინ იყო, როცა ტელევიზია და ინტერნეტი არ არსებობდა. შუასაუკუნეებსა და არც თუ ისე შორეულ წარსულში თუ მსგავსი ამბები სამეზობლოში ირჩეოდა, ტექნოლოგიები განვითარდა და პირველყოფილი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაში ახლა უკვე მედიაც გვეხმარება - მედიას შეუძლია პანაშვიდიდან ან პირდაპირ სასაფლაოდან პირდაპირი ჩართვა შემოგვთავაზოს.

როგორც წესი, მედიის ვნება ასეთი ტრაგედიების გაშუქებისადმი მაშინ მატულობს ხოლმე, როცა მშობლებს არასრულწლოვანი ან ახალგაზრდა შვილი ეღუპებათ. რაღა შორს წავიდეთ, “მხედრიონის” ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრის და მისი შვილის მკვლელობის ამბავი გავიხსენოთ.

ამ საშინელი ამბიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ქართული მედიის ერთი ნაწილი მხოლოდ იმას არკვევდა, უთხრეს თუ არა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფ დაჭრილ დედას, რომ მისი შვილი გარდაიცვალა, მეორე ნაწილი კი ადგენდა, ვინ, როდის და რა ფორმით მიაწვდიდა შვილმკვდარ დედას მის თავზე დამტყდარი უბედურების შესახებ ინფორმაციას.

ეს არის ის “ახალი ამბები”, რომლებსაც “ექსკლუზივებზე” მონადირე ონლაინმედია განახლებად რეჟიმში, მუდმივად გვაწვდიდა:

“დოდო გუგეშაშვილმა შვილის დაღუპვის შესახებ არ იცის”

“დოდო გუგეშაშვილს შვილის გარდაცვალების შესახებ, სავარაუდოდ, ხვალ შეატყობინებენ”

“ნოდარ გუგეშაშვილს სავარაუდოდ ხუთშაბათს დავკრძალავთ, შვილის გარდაცვალების ამბავს ალბათ, ხვალ ვეტყვით”

თუმცა, მრავლისმნახველი ქართველი მაყურებლისთვისაც კი ალბათ სრულიად მოულოდნელი იყო, როცა ტელეკომპანია “იბერიამ” 14 თებერვლის ერთ-ერთ საინფორმაციო გამოშვებაში მაყურებელს რამდენიმეწუთიანი პირდაპირი ჩართვა შესთავაზა და აჩვენა, როგორ გადაიყვანეს დაჭრილი დოდო გუგეშაშვილი რეანომობილით “საკუთარი ძმის სახლში, საკუთარი შვილის პანაშვიდზე”.

ეს ამბავი, რა თქმა უნდა, ვერც www.palitravideo.ge-ს ყურადღების მიღმა დარჩებოდა და ნოდარ გუგეშაშვილის დაკრძალვის “ძალიან ემოციური კადრები” პირდაპირ ეთერში შემოგვთავაზა:

მეტიც, www.palitravideo.ge-ს მახვილ თვალს უმნიშვნელო დეტალიც კი არ გამოეპარა და სულ წვრილ-წვრილად მოგვიყვა, როგორ მიიყვანეს დოდო გუგეშაშვილი შვილის დაკრძალვაზე, როგორ ჩაეხუტა მას პანკისში, სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი და რა თქვა საავადმყოფოში დაბრუნებამდე .

მოდით, ვიკითხოთ: რა ინფორმაციული ღირებულება ჰქონდა ამ ყველაფერს მკითხველისა და მაყურებლისთვის? რა გავიგეთ ახალი გამოძიების, მკვლელობის რეალური მიზეზის ანდა გამოძიების ყურადღების მიღმა დარჩენილი მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ? რა თქმა უნდა, ვერაფერი. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ეთიკური სტანდარტების უხეში დარღვევაა ისეთი მასალის გავრცელება, სადაც ადამიანი ასახულია პირადი ტარგედიის ან მწუხარების დროს.

სამაგიეროდ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ტრაგედიის ვულგარიზება და სიყვითლესთან მისი სინთეზი ქართულ მედიას კარგად გამოსდის და ოღონდ “ნახვების” რაოდენობა იყოს და შეუძლია, ჟურნალისტიკის ყველა დაწერილ თუ დაუწერელ სტანდარტს თამამად გადააბიჯოს და შვილის სიკვდილით გამოწვეული უბედურებაც კი რეიტინგში კონვერტირებულ სანახაობად აქციოს.

ბლოგის ავტორი : მანანა ვარდიაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ