ავტორი: ნინია კაკაბაძე
წელს ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე, რომელიც 16-22 ოქტომბერს გაიმართა, პროგრამაში - „კინო და წინააღმდეგობა: პროტესტის მეხსიერება“ 3 დოკუმენტური ფილმი იყო წარმოდგენილი. ესენია: მაგდა გუგულაშვილისა და ომარ წოწორიას ფილმები - „ადვოკატი საჭესთან“ და „ქვეითი ბულია“ და თამარ მშვენიერაძის „გადამეორება“.
ამ ფილმების ავტორები ჟურნალისტები არიან. თამარ მშვენიერაძემ და ომარ წოწორიამ საზოგადოებრივი მაუწყებელი 2025 წელს, გადაცემა „რეალური სივრცის“ დახურვის შემდეგ დატოვეს. მაგდა გუგულაშვილი კი უკანასკნელი წლებია თავისუფალი ჟურნალისტია, სხვადასხვა ონლაინ მედიასთან თანამშრომლობს, ის ერთი-ერთი შემქმნელია პლატფორმა „მაყურებლისაც“, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს მაყურებლის თვალით აკვირდება.
ჟურნალისტების ფილმების პრემიერა სექტემბერში,
კალიფორნიაში, ბერკლის ხელოვნების მუზეუმსა და წყნარი ოკეანის კინოს
არქივში (BAMPFA) შედგა, კინოპროგრამის - „ქართული კინო ახლა“
ფარგლებში.
მოკლედ ფილმების შესახებ
„ადვოკატი საჭესთან“ მოხალისე ადვოკატის, პოლიტიკური პატიმრების უფლებადამცველის, ომარ ფურცელაძის ყოველდღიურ ყოფას გვაჩვენებს, რომელიც ძირითადად მანქანაში ვითარდება. „ახლა ამ 500 მეტრს გავივლი 40 წუთში. ეს არის დღევანდელი საქართველოს მოკლე ისტორია“, - ამბობს ის ერთ-ერთ ეპიზოდში. ეს ფილმიც დღევანდელი საქართველოს მოკლე ისტორიაა, ისტორია, რომელსაც თავისი გმირებიც ჰყავს და ერთ-ერთი სწორედ ადვოკატი ომარ ფურცელაძეა. „10 ლარი ჩამირიცხე რა, მანქანა სადგომიდან ვერ გამყავს“, - ასეთია დღეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიის მქონე ადამიანის ფინანსური მდგომარეობა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. იცი, როგორი დილა მენატრება? - ამბობს ომარ ფურცელაძე - რომ გავიღვიძებ და არ მეცოდინება, რა გავაკეთო, რადგან არ მექნება წინასწარ ჩამოწერილი საქმეების სიაო. როდესაც ამ სიტყვებს ამბობს, ის, სავარაუდოდ, დავით აღმაშენებლის ხეივანზე, საცობში დგას და მის თავზე ნათელა გრიგალაშვილის პროექტის - „უხილავი საქართველო“ ფარგლებში გამოფენილი ერთ-ერთი ფოტოს, მთის პეიზაჟის ბილბორდია. ამ ფილმის გმირის ცხოვრება მანქანაში გადის, ადგილი კი, სადაც წასვლაზეც შეიძლება ოცნებობდეს, მხოლოდ ბილბორდებზეა. ფილმის ყურებისას შესაძლოა, გაჩნდეს მოლოდინი, რომ კამერა ადვოკატის სახლშიც შევა, რადგან ყველგან დაჰყვება, მაგრამ უფლებადამცველის მანქანა მხოლოდ სასამართლოებისა და ციხეების შენობებთან ჩერდება, ომარ ფურცელაძის ცხოვრებაში სახლი დღეს მნიშვნელოვანი არ არის.
„ჩვენ ჯერ ფიქსაციის მდგომარეობაში ვართ და არა - რეფლექსიის“, - თქვეს ავტორებმა ფილმის ჩვენების შემდეგ გამართულ კითხვა-პასუხზე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ემოციები ჯერ ისევ ძალიან მყიფეა, რთულია მიმდინარე მოვლენებისგან დისტანცირება. ავტორების სიფრთხილედ შეიძლება ჩაითვალოს ისტორიის და ამ ისტორიის გმირების დაფიქსირება ზედმეტი ემოციური კადრების გარეშე. ვფიქრობ, მათი მიზანი, პირველ ყოვლისა, დღევანდელი დღის დოკუმენტირებაა, რაც ინახავს ფაქტებს, მოვლენებს, ადამიანების ისტორიებს და ასე ქმნის ეპოქის მეხსიერებას, რომ მომავალში არ დაიკარგოს ან გადაკეთდეს.
აბსოლუტური ობიექტურობა და რეალობა არათუ დოკუმენტურ კინოში, სატელევიზიო სიუჟეტებშიც კი არ არსებობს. ავტორის კამერა, როგორც მისი თვალი, ირჩევს კადრს, რომელიც უნდა გადაიღოს, ადამიანს, ვინც უნდა ალაპარაკოს… ჩვენი თვალით დანახული კადრების, როგორც ისტორიული დოკუმენტის ემოციებით დატვირთვა კი, შესაძლოა, მომავალში საკამათო აღმოჩნდეს. მით უმეტეს, რომ პროცესი ჯერ ისევ გრძელდება, ის უნდა დასრულდეს და ამის შემდეგ გადავიდეთ მომდევნო, რეფლექსირების სტადიაში.
შესაძლოა, სწორედ ამიტომ მაგდა გუგულაშვილისა და ომარ
წოწორიას მეორე ფილმის - „ქვეითი ბულია“ გმირი
მუსიკოსი გიორგი ბულია გახდა. არა რომელიმე ცნობილი ადამიანი,
რომელმაც განზრახ სოლიდარობის გმირული აქტი ჩაიდინა, ქუჩა გადაკეტა და
ჩაჯდა ციხეში, არამედ ერთი რიგითი თავდადებული მანიფესტანტი, ვისაც
ყველა იცნობს და ვინც დროებითი მოთავსების იზოლატორში 2 დღით,
ტროტუარზე დგომის გამო მოათავსეს. „დანაშაული“, რომელსაც არ იცი, რომ
ჩადიხარ და ამის გამო გაკავებენ.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდება, ორჯერ გადადებული
სასამართლო პროცესი, სამჯერ ჩალაგებული ჩანთა, დედის და ოჯახის სხვა
წევრების ჩუმი მოლოდინი, ბოლოს პატიმრობა და გათავისუფლება - ეს
უკანასკნელი წლების მანძილზე ერთი აქტივისტის რუტინული
ყოველდღიურობაა.
ფილმის რეჟისორები შეეცადნენ კამერა, რაც შეიძლება „უკან დაეწიათ“ და ისე აესახათ ერთი პროტესტანტის ამბავი, რომელიც რამდენიმე ათას ადამიანზე ზოგადდება და ამით იქმნება ისტორიული კინოდოკუმენტი, რაც დღევანდელი საქართველოს სახეს ასახავს - დიქტატურის გროტესკულ კარიკატურას.
საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ
საკითხზე, ილიას უნივერსიტეტის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე
გვიამბობს თამარ მშვენიერაძის ფილმი -
„გადამეორება“. ამბავი, რომელსაც თავისი გმირი ჰყავს
- უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე, ვინც რეჟისორისთვის გახდა
კიდეც ფილმის გადასაღებად პირველი მოტივაცია. „ერთადერთი ხმა
რექტორთა საბჭოში. ქალი, რომელიც ასე ჯიუტად და მარტო იბრძოდა. ამაზე
დაკვირვება ძალიან საინტერესო იყო და გადავწყვიტე მის შესახებ
ყოფილიყო ფილმი“, - თქვა თამარ მშვენიერაძემ ჩვენების შემდეგ
გამართულ დისკუსიაზე - „მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ
ეს ფიქსაცია და მეხსიერების შენახვა პორტრეტებისა და ეპიტაფიების
შექმნას არ უნდა ემსახურებოდეს, არამედ ეს უნდა იყოს დოკუმენტი, რომ
15-20 წლის შემდეგ რეალურად დავინახოთ საკუთარი თავები“. ამიტომ
ამის შემდეგ მშვენიერაძის კამერა შედის ლექტორებისა და ადმინისტრაციის
შეხვედრებზე, სტუდენტების შეკრებებზე, მიჰყვება მათ უნივერსიტეტის
დერეფნებში, აუდიტორიებში, ქუჩაში აქციებზე და ა.შ. ეკრანზე ჩანან
უნივერსიტეტის გადარჩენის იდეით ანთებული სტუდენტებიც და
ინდიფერენტულებიც, ჩანან მებრძოლი ლექტორებიც და შემგუებელნიც, სწორედ
ეს ქმნის რეალურ სურათს, რომელიც 15-20 წლის შემდეგ საკუთარ თავს
დაგვანახებს.
„მონტაჟისას პრინციპულად გადავწყვიტე, რომ ფილმში არ ყოფილიყო
პასუხები კითხვებზე, არ დაგვენახა დასრულებული პროცესი, თითქოს არც
ერთი ეპიზოდი არ მთავრდება და ერთმანეთში გადადის. ეს შეგნებულად
გავაკეთე“, - ამბობს ფილმის ავტორი. სწორედ ამიტომ არის თამარ
მშვენიერაძის „გადამეორება“ რეალობის ფიქსაცია, ისტორიის დოკუმენტი,
რომელიც ბევრ კითხვას ბადებს, პასუხებს კი, ალბათ, წლების შემდეგ
ვიპოვით.
P.S. ამ ფილმების ნახვას მაყურებელი მალე შეძლებს მედია პლატფორმაზე - chaidocs.com

