როდის იქნება „ომი“ ?
09.06.2026

 

ცოტა ხნის წინ ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა დოკუმენტური ფილმი - „ჩემი არასასურველი მეგობრები - ნაწილი I, უკანასკნელი ჰაერი მოსკოვში”, რომლის ავტორიც ამერიკაში მცხოვრები რუსი დოკუმენტალისტი იულია ლოკტევაა. ის მოსკოვში 2021 წელს ჩავიდა, მისი მეგობრების, ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტების ყოველდღიური ცხოვრებისა და მუშაობის გადასაღებად, რაც იმ პერიოდში უკვე არამხოლოდ პროფესიული ვალდებულების შესრულება, არამედ ბრძოლა იყო. 2021 წელს რუსეთში უკვე ბევრი პოლიტპატიმარია, „დოჟდის“ ჟურნალისტები კი - „არასასურველი ორგანიზაციის“ წევრები და „უცხოური აგენტები“. 

5 საათისა და 25 წუთის განმავლობაში მაყურებელი ამ ჟურნალისტებს აკვირდება, მათ ცხოვრებას სახლში, ქუჩაში, აქციებზე, მანქანაში, შვილებთან, მეგობრებთან ერთად და ცხადია, სამსახურში. ამ ხნის განმავლობაში ის თითქოს ფილმის გმირებთან ერთად ცხოვრობს, ხუმრობს, იცინის, ტირის, ნერვიულობს…  და რაც მთავარია, ყველაზე ხშირად სვამს კითხვას: „ნეტავ როდის დადგება დრო, როდესაც მივხვდებით, რომ უნდა წავიდეთ?!“ მასზე პასუხი ჯერ არავის აქვს, რადგან, მიუხედავად არაერთი რეპრესიული კანონისა, ჯერ ისევ შეუძლიათ თავიანთი პროფესიული ვალდებულებების შესრულება. ამიტომ ჯერ ისევ ცხოვრობენ, იბრძვიან, მუშაობენ და ფიქრობენ, რომ ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს?! 

უკანასკნელ პერიოდში ნანახი დოკუმენტური ფილმებიდან, რომელნიც ბელარუს ან რუს აქტივისტებს, უფლებადამცველებსა თუ ჟურნალისტებს ეხებათ, ყველაზე დამთრგუნველი იმაზე დაკვირვებაა, რამდენად ჰგავს ჩვენი ისტორიები ერთმანეთს და არა მხოლოდ ფაქტები, არამედ შეგრძნებებიც, მოქმედებებიც, ასოციაციებიც, სიტყვებიც…უყურებ და ფიქრობ, რომ ეს ფილმი შენ შესახებ არის. 

ერთ-ერთ ეპიზოდში სონია გროისმანი ჰყვება, ღამის 4 საათზე სადარბაზოს კარზე დარეკილი ზარის შემდეგ როგორ დაიწყო ჩანთის ჩალაგება, შედარებით მოსახერხებელი საცვლები გაამზადა. მაისურები, შარვალი ჩანთაში ჩადო და ელოდა. სადარბაზოს კარს არ აღებდა, თუ პოლიციაა (და დარწმუნებული იყო, რომ მის დასაპატიმრებლად მივიდნენ), ისედაც შეაღწევდნენ. როდესაც გაარკვევს, რომ სინამდვილეში, შეცდომით მისული კურიერია, სიცილით ამბობს, რომ კარგი გაკვეთილი იყო, რადგან კომფორტული „ტრუსიკების“ ძებნა კი არ უნდა დაეწყო, არამედ კომპიუტერი უნდა გაესუფთავებინა და მომავლისთვის ეს აუცილებლად ეცოდინება. ამ ამბავს სიცილით ჰყვება და მეც მახსენდება ჩემი ჩალაგებული ჩანთა, კომფორტული საცვლებით, შარვლით, მაისურებით, რომელიც მთელი ზამთარი საძინებელში მედო და ვუყურებდი. 



სრულიად იდენტურია ასოციაციები, რომელიც ფილმის გმირებს ღამით სადარბაზოში ფეხის ხმის გაგონებისას ჰქონდათ. მოვიდნენ! ასე იყო ჩვენი მშობლების თუ წინაპრების დროს, როდესაც მაშინდელი НКВД, „ჩეკისტები“ აუცილებლად ღამით აკითხავდნენ სახლებში, იწყებდნენ ჩხრეკას და გადაჰყავდათ იზოლატორებში, როგორც უცხო ქვეყნის ჯაშუშები ან სამშობლოს მოღალატეები. 

ჩვენი სოლიდარობა რომ გულს გვიჩუყებს, იქაც ასე იყო. დაკავებული ჟურნალისტის მოლოდინში გარეთ, მოსკოვის ზამთარში მომლოდინე მეგობრებს ერთი საკუთარ სახლს სთავაზობს გასათბობად, მეორე - მანქანას, მესამეს საჭმელი მიაქვს… და ეს სრულიად უცხო ადამიანები არიან, რომელთაც საერთო იდეა და მიზანი აქვთ. 

ასეთ დროს ხედავ, რომ არა მხოლოდ დიქტატურის ბუნებაა იდენტური, არამედ მასთან მებრძოლი ადამიანებისაც

დავუბრუნდეთ ფილმს და მის გმირებს. 

დასაწყისში ავტორი გვაფრთხილებს, რომ „სამყარო, რომელსაც ვნახავთ, აღარ არსებობს“. ქვეყანაში აღარ არსებობს არც ერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალება, არც არასამთავრობო ორგანიზაციები, ქვეყანაში აღარ არიან ფილმის მოქმედი გმირები. ის ცხოვრება, რომელიც არსებობდა, გაქრა. 

„მე რატომ უნდა წავიდე? მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, ისინი წავიდნენ!“ - ფილმის გმირებიც ზუსტად ისე ამბობენ, როგორც ჩვენ. მათთვის რუსეთის უკრაინაში შეჭრა და ომი გახდა ის ზღვარი, რომლის შემდეგაც ორად ორი არჩევანი დარჩა: სამშობლოს ღალატის მუხლით გასამართლება ან გაქცევა. 

ამ ტექსტის სათაურია - „როდის იქნება ომი?“ და ომში აქ არა რუსეთის უკრაინზე თავდასხმა იგულისხმება, არამედ ის მომენტი, როდესაც ქვეყნის ხელისუფლება უკვე არა შეზღუდვებითა თუ რეპრესიული კანონებით, არამედ პირდაპირ წამოვა ჩვენს გასანადგურებლად და არანაირი ლავირების საშუალებას არ დაგვიტოვებს. 

რუსეთის მაგალითი ბევრს გვასწავლის.

ომის დაწყებიდან რამდენიმე დღე „დოჟდის“ ჟურნალისტებმა მოასწრეს მუშაობა, ცდილობდნენ სიტყვა „ომი“ არ წარმოეთქვათ, ღიად არ დაედანაშაულებინათ რუსეთის ხელისუფლება, მაგრამ როდესაც ხელისუფლება შენს განადგურებას ისახავს მიზნად, მათი წესების მიღებასა და დამორჩილებას აზრი არ აქვს, რადგან ის მაინც გაგანადგურებს. 

დღეს ჩვენ რუსეთის „ომამდე“ მდგომარეობაში ვართ, აგენტებად შეგვრაცხეს, საერთაშორისო გრანტების მიღება აგვიკრძალეს, რაც მედიის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის გარანტი იყო, კითხვებზე პასუხს არ გვცემენ და ჩვენ სრულ მარგინალიზებას ცდილობენ, ტროტუარზე დგომისთვის გვაპატიმრებენ, სოციალურ ქსელში განწირული „ყვირილის“ გამო დაჭერით გვემუქრებიან. მიიღეს რუსული კანონი, ე.წ. FARA, შეიტანეს ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, „გრანტების შესახებ“ კანონში, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში, ცვლილებები შევიდა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“... „ჩვენ სულ ვფიქრობდით, რა შეიძლება ამაზე უარესი იყოს?“ - ამბობს ერთ-ერთი ეპიზოდში ანა ნემცერი. ჩვენც ხომ სულ ამას ვიმეორებთ, რა შეიძლება ამაზე უარესი იყოს?! 

თუმცა, უარესი წინ არის, უარესი იმ სამყაროს გაქრობაა, რომლის შესახებაც ფილმის დასაწყისში გაგვაფრთხილა ავტორმა. საქართველოდანაც დაიწყო იმ ადამიანების გადინება, ვინც არა უკეთესი ცხოვრების საძიებლად, არამედ დაპატიმრების თავიდან ასაცილებლად მიდის ქვეყნიდან. ქართველი ჟურნალისტების უდიდესი ნაწილი მინიმალური ანაზღაურების ფასად მუშაობს იმისათვის, რომ შეეწინააღმდეგოს რეპრესიულ სისტემას და ამ ახალი ისტორიის დოკუმენტი შექმნას. დღეს დამოუკიდებელი ჟურნალისტების მუშაობა ბრძოლაა, ისევე, როგორც ეს იყო „ჩემი არასასურველი მეგობრების“ გმირებისთვის. 

„მე რუსი ვარ და ნაწილობრივ პასუხისმგებლად ვგრძნობ თავს ყველაფერზე, რაც ჩემს ქვეყანას დაემართა. არც ერთმა ჩვენგანმა საკმარისი არ გააკეთა“, - ამბობს „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტი, ელენა კოსტიუჩენკო ფილმში. 

დღეს ჩვენც არ გვაქვს პასუხი, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ უარესი არ იყოს?! ერთადერთი პასუხია დაუმორჩილებლობა, ამ რეპრესიული კანონებისა და რეგულაციების დაუმორჩილებლობა: ჩვენ არ დავრეგისტრირდით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში, სატელევიზიო მედიის ჟურნალისტები თვეებია ანაზღაურების გარეშე მუშაობენ, არავინ შეარბილა ტონი, ყველა ეძებს გამოსავალს, რომ შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და არ გაჩერდეს.

დღეს დაუმორჩილებლობაა წინააღმდეგობის ერთადერთი ფორმა, იმისათვის რომ ხვალ არ იყოს „ომი“, რომელშიც „ქართული ოცნების“ რეპრესიული რეჟიმი ყველა თავისუფალ ხმას განდევნის და გაანადგურებს. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ