რუსული პროპაგანდის ქართული თავისებურებანი
29.04.2024

 

  „მტრის ყოლა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ   იმისთვის, რომ განვსაზღვროთ ჩვენი მეობა, არამედ იმისთვისაც, რომ შევქმნათ დაბრკოლება, რომლის პირისპირ საკუთარ ფასეულობათა სისტემასაც გამოვცდით და ჩვენს საკუთარ ღირებულებასაც წარმოვაჩენთ, ამიტომ თუ მტერი არ არსებობს, ის უნდა შევქმნათ“
უმბერტო ეკო - „მტრის ხატის შემქნა“


ქართული ანტიდასავლური პროპაგანდა რუსულ ანტიდასავლურ პროპაგანდაზეა დაფუძნებული და ზედმიწევნით იმეორებს გზავნილებს, რომელიც თავის დროზე ყოჩაღმა რუსმა „კაგებეშნიკებმა“ მოიფიქრეს, დახვეწეს და დანერგეს პოსტსაბჭოთა, ეკონომიკურ და იდეურად გაძარცვულ უზარმაზარ ტერიტორიაზე. 

 

ქართულ და რუსულ ტელევიზორებს შორის მსგავსება იმდენად დიდია ფერების, მუსიკის, კონცეფციის, პათოსისა და ტონალობის დონეზე, რომ იფიქრებთ, რუსული გადაცემებია ქართულად ნათარგმნი. არადა, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, გვეგონა, ამ ქვეყანასთან აღარაფერი გვაკაშირებს, იდეოლოგიური კლანჭებიდან თავი დახსნილი გვაქვს და ფიზიკურიდანაც რომ დავიხსნათ, ამიტომ ნატოსა და ევროკავშირში უნდა შევასწროთ, სადაც ყოველი ქვეყანა და ადამიანი საიმედოდაა დაცული რუსული აგრესიისგან.

 

მაგრამ რუსეთმა, ტანკებით ომისა და ჩვენში ომის შიშის გაძლიერების მერე, "ქართული ოცნების" საშუალებით ნამდვილი ჰიბრიდული ომი წამოიწყო, ახალი მტრის ხატი გამოგვიძერწა და დღეს უკვე „რუსული კანონის“ მიღების წერტილთან ვართ, რომლის  მერეც მთავრდება სიტყვისა და აზროვნების თავისუფლება. კანონის ტრაგიზმი გადაჭარბებულად რომ არ მოგვეჩვენოს, უნდა გავიხსენოთ, როგორ ევოლუციონირებდა რუსეთში ეგრე წოდებული „უცხოური გავლენის აგენტების კანონი“. თავიდან ეს მხოლოდ უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს ეხებოდა. უბრალოდ დარეგისტრირდით, რომ ვიცოდეთ, მეტი არაფერიო. მერე მედიას მოსთხოვეს უცხოური გავლენის აგენტებად გამოეცხადებინათ თავები. დღეს კი უკვე ამ იარლიყის მიკვრა ფიზიკურ პირებზეც შესაძლებელია და ქვეყნიდან ადამიანები მასიურად გარბიან. ჯერ ამ „აგენტების კანონის“ გამო უწევდათ რუსეთის დატოვება, ბოლო ორი წელია, ამას მობილიზაციის გამო საკუთარი სახლებიდან მასიური გაქცევაც დაემატა. კი, ამას სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა კისრისტეხით გაქცევა საკუთარი ქვეყნიდან, სადაც ვერაფერს ცვლი, რადგან აგენტების შესახებ კანონმა უკვე პირწმინდად მოასუფთავა ველი, რომელზეც ცვლილებები ხდება ხოლმე.

 

უკრაინასთან ომის პარალელურად, რუსეთმა დანარჩენი ქვეყნების გავლენის ქვეშ საბოლოოდ დაბრუნება სწორედ ამ კანონით გადაწყვიტა. ყირგიზეთში ყველაფერი უმტკივნეულოდ მოგვარდა. საქართველოში კი რუსული კანონის გატანა პირველ ცდაზე, შარშან არ გამოუვიდა "ქართულ ოცნებას". მერე ერთი წელი იმუშავა პროპაგანდისტული არხებისა და ტროლ-ბოტების ფაბრიკა-ქარხნების საშუალებით (ეს ის ქარხნებია, რომლის აგუგუნებასაც დაჰპირდა "ქართული ოცნება" ხალხს ხელისუფლებაში მოსვლისას), მაგრამ ერთი წლის თავდაუზოგავი რუსული პროპაგანდირების მიუხედავად, ისევ მიიღო სამოქალაქო საზოგადოებისა და ხალხის პროტესტი ქუჩაში, როგორც კი ამ კანონის გაცოცხლება გადაწყვიტა. განსაკუთრებით მტკივნეული იყო დრო, რომელიც ამისთვის შეარჩიეს. საერთო სახალხო ზეიმი და ჟრიამული ჩვენი საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის გამო.

 

პუტინს უკვე დიდი ხანია ვერ წარმოუდგენია, რას ნიშნავს ხალხის ნება და წინააღმდეგობა, ამიტომ ივანიშვილისგან ვერ მიიღებს არგუმენტს „ხალხის წინააღმდეგობის შესახებ“. შესაბამისად, "ქართული ოცნება" ყველგან დაუფარავად აცხადებს, რომ ეს კანონი რადაც არ უნდა დაუჯდეთ, უნდა მიიღონ. 

 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ანტიდასავლური პროპაგანდა რუსულის პირმშოა, არის რამდენიმე თვისებრივი განსხვავება რუსულ და ქართულ ანტიდასავლურ მოძრაობას შორის.

 

რუსეთში „დასავლეთი“ ოფიციალური მტრის ხატია. ყველა უბედურება, რომელიც 140-მილიონიან ქვეყანას სჭირს, დასავლეთის ბრალია. დაწყებული იქიდან, რომ რეგიონებში ჯერ კიდევ ჩეჩმებია და ნაგავი წლობით არ გააქვთ, დამთავრებული იმით, რომ დასავლეთს თურმე რუსეთის განადგურება და რუსული სულის წარწყმედა სურს. ანტიდასავლური გზავნილები იქ მკაფიოა. ყოველი ბოროტის სათავედ ამერიკაა გამოცხადებული და დასავლეთის აგენტის წოდება საყოველთაო სიძულვილისა და ზიზღის საფუძველია მასაში. რამდენიმე ასეთი იარლიყის მქონე ადამიანს უკვე შეასხეს ბრილიანტის მწვანე სახეში, მოუსაქმეს მანქანაზე, წააწერეს სახლის კარებზე „Z”, მოწამლეს ან იძულებული გახადეს ქვეყნიდან გაქცეულიყო. მერე კი პატიმრობა მიუსაჯეს დაუსწრებლად (ვინც ვერ გაასწრო, ციხეში ზის.).

 

საქართველოს დასავლეთში ინტეგრაცია კონსტიტუციაშიც გვიწერია და ქართველი ხალხის ურყევ ნებადაც ჩანს ყველა გამოკითხვაში, ამიტომ აქ ასე ადვილად დასავლეთის მტრად გამოცხადება არ გამოდის და შესაბამისად, ქართველმა პროპაგანდისტებმა ყველაფრის გადღაბვნა გადაწყვიტეს, რათა მათ მომხრეებსაც ეგონოთ, რომ გვინდა ევროპა და ევროკავშირი, განა არ გვინდა?! მაგრამ ღირსებითა და სუვერენული დემოკრატიით (ესეც რუსული ტერმინია). ევროპულ არჩევანს არც ქალაქის მერის როლში მყოფი კალაძე უარყოფს და არც პრემიერის როლის შემსრულებელი კობახიძე, მაგრამ.. და აქ იწყება მაგრამების მთელი წყება. "ქართული ოცნება" ცდილობს ისე წარმოაჩინოს, თითქოს, დასავლეთი ჩვენ ორიენტაციის ძალით შეცვლას, იდენტობის დაკარგვას, საკუთარ თავსა და ქვეყანაზე უარის თქმას და ათას რამეს გვიყენებს პირობად. სწორედ ამიტომ რეგიონებში უკვე ერთი კვირაა, უკანალზე დისკუსიები იმართება, სადაც წინასწარ დაქირავებული ადამიანები კითხვებს სვამენ, ლგბტ პროპაგანდისგან შვილები როგორ დავიცვათო და "ქართული ოცნების" წევრებიც ბლოკნოტ-პასტა მომარჯვებულები ენთუზიაზმით პასუხობენ ამ „კითხვებზე“.  

თუმცა, საქართველოში, საბედნიეროდ, ჯერჯერობით ავტორიტარიზმია და არა ტოტალიტარიზმი, ამიტომ შესაძლებელია ჟურნალისტმა დაადუმოს და გააცამტვეროს მათი აგიტაციური კამპანია. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც სასიცოცხლოდ სჭირდება "ქართულ ოცნებას" აგენტების შესახებ კანონი, ისიცაა, რომ ეთერ თურაძესა და შალვა პაპუაშვილს შორის დიალოგის მსგავსი აღარ განმეორდეს. 

 

"ქართულ ოცნებას" ჯერ კიდევ უწევს ქართული რეალობის გათვალისწინება და ამიტომ დასავლეთს მტრად პირდაპირ ვერ აცხადებს, უბრალოდ ცდილობს დაგვაჯეროს, რომ უნდათ ევროპა, ოღონდ გარყვნილების და „ცალ ფეხზე დგომის“ გარეშე. მაგრამ, საბედნიეროდ, თავადაც არ სჯერათ საკუთარი სიტყვების და ეს იგრძნობა ვიდეოშიც, აუდიოშიც, ტექსტშიც, სტატუსშიც და მათ სახეზეც. 

 

გარდა ამისა, თუკი რუსეთში ხელისუფლება იმპერიალისტურ იმპულსებს ემსახურება და ახალ ტერიტორიებს იერთებს ადამიანის უფლებებისა და ღირსების სანაცვლოდ, ტელევიზორმა კი დიდი ხანია მაცივარი დაამარცხა, საქართველოში ეს პროპაგანდა ომის შიშზე დადგა. ოფიციალურად აცხადებენ, რომ დასავლეთს სურს ჩვენი ომში ჩართვა, არაოფიციალურად კი ჭორებს ავრცელებენ, რუსეთი ომს დაგვიწყებს, თუ ამ კანონს არ მივიღებთ.

 

"ქართულ ოცნებას" სურს ბიძინა ივანიშვილი კარგი ლავირების უნარის მქონე დიდ პოლიტიკოსად წარმოაჩინოს და არა რუსეთის მოკავშირე ვაჭრად, რომელიც ახლა საკუთარი თავის გადარჩენის შანსს აქ საკუთარი და რუსი ოლიგარქების ფინანსური პოლიგონის გახსნაში ხედავს.  

რუსეთის „დიადი მიზანი“ იმპერიის აღდგენაა, საქართველოს „დიადი მიზანი“ კი - „ჩვენი თავის ჩვენადვე ყუდვნება“, - როგორც განაცხადეს.  

ჩვენი თავი ჩვენადვე რომ გვეყუდვნოდეს, სწორედ ამიტომაა ძლიერი მოკავშირეები, მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები საჭირო. სწორედ ამიტომ გაწევრიანდნენ ფინეთი და შვედეთი ნატოში, რომ საკუთარი თავები მათვე ეყუდვნოდეს და არა რუსეთს, რომელიც მზადაა გადაყლაპოს ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც ზურგს არ უმაგრებს ევროკავშირი და ნატო. 

 

მეორე მიზეზი რის გამოც "ქართულ ოცნებას" ძალიან უჭირს ამ კანონის გატანა, ახალგაზრდები, ე.წ. ჯენ ზია. სანამ "ქართული ოცნება"  

"ნაციონალ მოძრაობას" დასდევდა და მისგან ცდილობდა მტრის ხატის შექმნას, საქართველოში გაიზარდა თაობა, რომელსაც არ ჰყავს ავტორიტეტები, არ უყურებს პროპაგანდისტულ მედია-არხებს, არ არის ტრავმირებული 90-იანებით და აქვს სილაღე და ზუსტი ცოდნა იმის შესახებ, რა სჭირდებათ მომავალში და ეს იარლიყებისა და აზრის ჩახშობის გარეშე ცხოვრებაა.

 

პუტინმა 2005 წელს რუსეთში შექმნა ახალგაზრდული მოძრაობა „ნაში“, მათი ოფიციალური იდეოლოგია პუტინიზმი იყო. მიზანი კი - ახალგაზრდობაზე გავლენის მოხდენა  და რუსეთის კაგებეშნიკი პრეზიდენტისა და სამშობლოს გაიგივება. თითქოს, სამშობლო და პრეზიდენტი ერთია. ვისაც პუტინი არ უნდა, ის რა თქმა უნდა, დასავლეთის აგენტი და ქვეყნის მოღალატეა. ათასობით ახალგაზრდა დააზომბეს და მოუწამლეს მომავალი. 

 

მოგვიანებით მათი ყოფილი ლიდერი მარია დროკოვა ამერიკაში გაიქცა და იქაც ჩუმადაა, რადგან რუსეთის გრძელი, „ნავიჩოკიანი“ ხელის ეშინია. პუტინი არამხოლოდ პოლიტიკურ და იდეოლოგიურ მტრებს, არამედ საკუთარ ყოფილ მოკავშირეებსაც ძალიან მკაცრად სჯის.

 

საქართველოში, საბედნიეროდ, საქმე სხვაგვარადაა. ქართული ჯენ ზი ლაღი, თავისუფალი, თვითორგანიზებული და მიზანზე ორიენტირებულია. და ეს მიზანი "ქართული ოცნების" სამუდამოდ ხელისუფლებაში ყოფნა და ამის გასაძლიერებლად მიღებული ოფშორისა და აგენტების კანონი კი არა, საკუთარი მომავალი, განვითარება და ბედნიერებაა.

 

სწორედ ამიტომ წერდნენ ქვეყნიდან იძულებით წასული რუსი ჟურნალისტები ტვიტერზე, სადაც უზარმაზარი ქართული აქციის ვიდეო დევს, - „გშურდეთ ქართველების“.

 

ეს ორი ფუნდამენტური განსხვავება, რაც დღეს ართულებს რუსეთის საქმეს საქართველოში, ჩვენი შანსია. შანსი რომ ამ კრიზისს დავძლევთ და დავბრუნდებით ბუნებრივ სივრცეში, რომელიც კონსტიტუციაში გვიწერია - ევროატლანტიკური კურსის მტკიცე ერთგულება.

 

ბლოგის ავტორი : ქეთი დევდარიანი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ