ერთი ტროლი - 200 ლარი, სამი - 500
27.05.2024


2011 წელს ეგვიპტელმა კაცმა შვილს ფეისბუქი დაარქვა. მიზეზი ის იყო, რომ  არაბული გაზაფხულისას Facebook-მა დიდი როლი ითამაშა როგორც პროტესტის ორგანიზებაში, ისე ზოგადად, მოქალაქეების მობილიზებასა და ინფორმაციის გაცვლაში.  გოგონა - ფეისბუქი ახლა 13 წლისაა, Facebook-მა კი, ამასობაში, მთელი ეპოქა შექმნა - უამრავი ბოტის, ტროლისა და კიბორგის ძალაუფლების ეპოქა.  

სოციალური ქსელები საქართველოშიც ბევრჯერ დაგვეხმარა სხვადასხვა პროტესტის ორგანიზებაში და ეს პლატფორმა სხვა ქვეყნებშიც კომუნიკაციისა თუ ორგანიზების შეუცვლელი სივრცეა. ახლაც, როდესაც „რუსულ კანონს“ ვაპროტესტებთ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი იარაღი საინფორმაციო ომში სწორედ სოციალური ქსელებია, საქართველოს რეალობაში კი, ყველაზე პოპულარულად მაინც Facebook-ი რჩება. თუმცა, ეს ბლოგი სხვა რამეზეა. მე მინდა მოგიყვეთ სოციალური ქსელების იმ ბნელ მხარეზე, სადაც სინათლის შეტანა, ამ ეტაპზე, შეუძლებელია.  


ტროლების ქარხანა 

ტროლების ფერმები რომ არსებობს, თითქოს, ყველამ იცის, თუმცა, კონკრეტულად სად, ან ვინ მუშაობს იქ, ბუნდოვანია. თავად სისტემა, რომელსაც მოგვიანებით “ტროლების ფერმა” ან “ტროლების ქარხანა” უწოდეს, წლების წინ კრემლში მოფიქრებული პროექტია. რუსული პროპაგანდა ის ერთ-ერთი ბერკეტია, რომლითაც პუტინი საკუთარ მოსახლეობას ინფორმაციულ ვაკუუმში და უფრო მეტიც, ილუზიურ რეალობაში ამყოფებს. ამ „ფსევდო-რეალობას“ ასობით პროპაგანდისტი სხვადასხვა სივრცეში, ტრადიციულ და არატრადიციულ მედიაში 24/7-ზე ქმნის. 

უკრაინაში შეჭრის შემდეგ,  სწორედ იმიტომ აკრძალა პუტინმა რუსეთში Facebook-ი, Instagram-ი და სხვა სოციალური ქსელები, რომ “ტროლების ფერმების” მიუხედავად, სიმართლის დამალვას ვეღარ ახერხებდა. ახლა რუსები მხოლოდ საკუთარი/სამამულო სოციალური ქსელებით სარგებლობენ, რომელზეც კონტროლი მთლიანად რუსეთის უშიშროებას აქვს და სადაც ყველაფერს მოისმენთ და წაიკითხავთ, სიმართლის გარდა.  

როდესაც ჩემს სოციალურ გვერდებზე რუსეთ-უკრაინის ომის გაშუქება დავიწყე, პირველად ტროლ-ბოტები მაშინ შემომესივნენ. თურმე, რაც არ უნდა მზად იყო ამისთვის და მყარი ნერვებიც გქონდეს,  უამრავი საშინელი კომენტარისა და დეზინფორმაციის ტალღის მოგერიება მაინც სტრესულია. მაშინ გამოსავალი ვიპოვე და ჩემს პოსტებზე შეზღუდვა დავაწესე, ანუ პოსტებზე კომენტარის დატოვება მხოლოდ მეგობრებს შეუძლიათ. ამით მართალია ე.წ. ჩართულობა (engagement) შემცირდა, მაგრამ სამაგიეროდ ტროლებს ჩემი პირადი სივრცის საკუთარი პროპაგანდისთვის გამოყენება ავუკრძალე. ამიტომ თუ ასეთი თავდასხმების მსხვერპლი თქვენც გახდებით, იგივეს გირჩევდით. მართალია, ტროლების მთელი აგრესია პირად შეტყობინებებში გადმოვიდა, მაგრამ გამოსავალი აქაც არის - მათ შეტყობინებებს დღემდე წაუკითხავად ვშლი.  


ფერმა: მასობრივი განადგურების თანამედროვე იარაღი 

სქემა ყველგან ერთნაირად მუშაობს. "ტროლების ქარხანა” ფიზიკურად არსებობს. წარმოიდგინეთ ოფისი, სადაც თანამშრომლები ყოველ დღე დადიან. კონკრეტულად რამდენი ასეთი ფერმაა საქართველოში და რამდენი ტროლი მუშაობს იქ, ამის დადგენა ძალიან ძნელია. თუმცა, მათი ქცევის დაკვირვებისას, გარკვეული კანონზომიერებების აღმოჩენა შეიძლება. 

რამდენიმე Facebook-ჯგუფი და გვერდი მაქვს  შერჩეული, რომლებსაც ჩემი დაკვირვებით “ფერმიდან” მართავენ. აქტიურობა დილის 10 საათიდან იწყება და ამ დროისათვის დადებული პირველივე რამდენიმე პოსტით მიხვდებით, იმ დღეს ვისი “გაშავება” არის დავალებული. როგორც წესი, გასაშავებელია კონკრეტული ადამიანი ოპოზიციიდან, არასამთავრობო სექტორიდან ან ნებისმიერი აქტივისტი, რომელზედაც იმ დღეს ფერმაში მითითება მივიდა.  

2013 წელს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა რუსეთში აქტივისტები და დამოუკიდებელი მედია არსებობდა, ქალაქ სანქტ-პეტერბურგში ერთ-ერთი ასეთი ადგილი ამხილეს. “ტროლების ფერმაში” დამოუკიდებელი ჟურნალისტი შეფარვით დასაქმდა და მოგვიანებით დეტალურად აღწერა თუ როგორ მუშაობს სტრუქტურა. მან ტროლების ქარხანას „მასობრივი განადგურების თანამედროვე იარაღი“ უწოდა და თუ ამ მახინჯ მოვლენასთან ერთხელ მაინც გქონიათ საქმე, ალბათ, გადაჭარბებულად არ მოგეჩვენებათ ეს შეფასება. სწორედ რუსეთში მხილებული "ტროლების ფერმა” გვაძლევს სურათს, თუ როგორ მუშაობს "ტროლების ქარხანა” ზოგადად. “ტროლების ქარხანას" ჰყავს ხელმძღვანელი, რომელიც პირდაპირ კონტაქტზეა დამკვეთთან. ჩვენს შემთხვევაში, დამკვეთის გამოცნობა რთული არაა - ტროლები მმართველ პარტიასა და მის მხარდამჭერებს აქებენ, ყველა სხვას კი აშავებენ. ხელმძღვანელი უშუალო დავალებებს უკვე ტროლებს შორის გასცემს. კომენტარების წერის გარდა, მათ ნაწილს კონტენტის შექმნა, ნაწილს კი გაზიარება და გავრცელება ევალება. უფრო ჭკვიანი ტროლები წერენ დეზინფორმაციულ, შეურაცხმყოფელ, დამამცირებელ პოსტებს სხვადასხვა ადამიანებზე, დანარჩენები კი ამ პოსტებს თავისსავე შექმნილ ჯგუფებში აზიარებენ. თითო პოსტის გაზიარება ყოველდღიურად საშუალოდ 150-250 ჯგუფში ხდება. გასაზიარებელ მასალას შორის პროსამთავრობო მედიის სტატიები და პროსახელისუფლებო ე.წ. ექსპერტების გამონათქვამებიც არის.  


ტროლი, ბოტი, კიბორგი

ტროლი არის ყალბი ანგარიში, რომელიც როგორც წესი, კონკრეტული სახელი და გვარით იქმნება. ფოტოდ იყენებს ბუნების ხედებს, ხატებს ან ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ადამიანების ფოტოებს. ტროლის უკან რეალური ადამიანი დგას, სწორედ ისაა "ქარხნის" თანამშრომელი. როგორც წესი, ერთ ასეთ თანამშრომელს - რამდენიმე, ზოგჯერ კი რამდენიმე ათეული ტროლ-ანგარიში აქვს ჩაბარებული. ტროლი მიზანმიმართულად ახდენს სოციალური ქსელების მომხმარებლების პროვოცირებას, ავიწროებს, აბულინგებს და შეურაცხყოფას აყენებს სხვებს. 

დეზინფორმაციის გავრცელებისა და აქტივისტებზე თავდასხმების გარდა, ტროლებს ჯანსაღი დისკუსიების არაჯანსაღ ფორმატში გადაყვანაც ევალებათ. Ხშირად განხილვის შინაარსის შეცვლაში რამდენიმე ტროლი მონაწილეობს, რომლის უკანაც თავისუფლად შესაძლებელია, რომ ერთი ადამიანი იდგეს. Ასე მაგალითად, თუ დისკუსია მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ როგორ გავაუმჯობესოთ ორგანიზება „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო დემონსტრაციებისას, ტროლი აუცილებლად დატოვებს კომენტარს, რომ რაღაც მუხტი აღარაა, მეორე ტროლი კი უპასუხებს, რომ "დიახ, მართალია, იმიტომ რომ მგონი, აზრი აღარ აქვს ამ ყველაფერს...”. შემდეგ ამ კომენტარებს რეალური ადამიანები უპასუხებენ, დაიწყება კამათი და იჩრდილება მთავარი მიზანი - ორგანიზების გაუმჯობესება.  

ტროლის გარდა ფერმაში ბოტები და კიბორგებიც არსებობენ. ვინ არიან ისინი? 

  • ბოტი ავტომატური ანგარიშია, რომელიც შექმნილია ადამიანის ონლაინ ქცევის იმიტაციისთვის. მას  დეზინფორმაციის გასავრცელებლად და გარკვეული ნარატივების გასაძლიერებლად აპროგრამებენ. ბოტის უკან რეალური ადამიანი არ დგას.   
  • კიბორგი ესაა ერთგვარი ჰიბრიდული ანგარიში, რომელიც აერთიანებს ბოტს და ტროლს.  რეალური ადამიანი პერიოდულად იღებს ბოტის ანგარიშს, რათა უპასუხოს სხვა მომხმარებლებს. 

“ფერმიდან” - ბაზარში  

სულ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ “ტროლების ფერმის” გარდა, “ტროლების ბაზარიც” გვქონია, თან შავი ბაზარი. Აღმოჩნდა, რომ დიდი მოთხოვნის გამო არჩევნებისთვის ფასები გაიზრდება, ამიტომ ტროლების შეძენა სწორედ ახლა “სეილზე” მირჩიეს - ერთი ტროლი - 200 ლარად, სამი კი  500 ლარად იყიდებოდა.   ცხადია, არაფერი მიყიდია. ჩემი მთელი დრო და ენერგია ისევ სიმართლის დადგენასა და მის გავრცელებას ხმარდება, სიმართლეს კი მახინჯი მექანიზმები არ უხდება.  

Ბოტის ამოცნობა შედარებით მარტივია, ის ერთიდაიგივე ტექსტს წერს და აგზავნის. Ტროლი კი საკმაოდ რთული გამოსააშკარავებელია, თუმცა, არა შეუძებელი. ეს ბლოგი რომ თქვენთვისაც სასარგებლოც იყოს, ტროლის ამოცნობის ჩემ მიერ აღმოჩენილ რამდენიმე მახასიათებელს გაგიზიარებთ: 

  • თუ დაეჭვდებით, რომ ტროლს შეხვდით, გადადით მის ანგარიშზე, შეამოწმეთ როდის არის შექმნილი (როგორც წესი, Facebook-ზე რეალური მომხმარებლების უმრავლესობა წლების წინ დარეგისტრირდა, ამიტომ რამდენიმე თვის ან თუნდაც, ერთი წლის წინ გახსნილი ანგარიში საეჭვოა) 
  • დააკვირდით ატვირთულ ფოტოებს. უმეტესად, ტროლს ფოტო არ აქვს. როგორც წესი, მის გვერდზე ხატები, ყვავილები ან ისეთი ადამიანებია, რომელთა სახის გარჩევა რთულია. თუმცა, აქვე შეიძლება შეგხვდეთ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოები.  
  • შეამოწმეთ ფოტოებზე კომენტარები. როგორც წესი, ტროლებს თბილ და პირადი ხასიათის კომენტარებს (მაგალითად, „დეიდას მოენატრე“ ან „როდის ჩამოხვალ სოფელში“) არავინ წერს. იქ დაგხვდებათ ე.წ. სტიკერები ან ემოჯები. 
  • ხშირად ტროლებს ფერმის სხვა ტროლები ჰყავს მეგობრებში, ამიტომ გადაამოწმეთ რა საზოგადოებაა დამეგობრებული მასთან. 

რატომ გადავწყვიტე, რომ ტროლ-ბოტებთან ბრძოლა გამომივა, არ ვიცი, მაგრამ ისევ Facebook-ს მივმართე და შევქმენი დახურული ჯგუფი (სახელს არ დავწერ), სადაც უკვე 3000-ზე მეტი ტროლის ანგარიში, ასობით პროპაგანდისტული ჯგუფი და გვერდია მხილებული.  ჯგუფის წევრები ერთიანი ძალებით ვცდილობთ, მათ შეჩერებას, ზოგჯერ გამოდის, უფრო ხშირად კი - არა. სანამ  სოციალური ქსელების მესვეურები მეტ პასუხისმგებლობას იგრძნობენ და მილიონობით ტროლ-ბოტსა და შესაბამისად, ფერმების არსებობას ბოლო მოეღება, იქამდე „მასობრივი განადგურების თანამედროვე იარაღისგან“ თავის დაცვა ჩვენით მოგვიწევს. Ამისთვის კი, ჩვენ მცდელობას არ დავიშურებთ.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ