ბლოგი
კატეგორია - ბლოგი
მას შემდეგ, რაც სატელევიზიო სივრცეში გასართობი ტიპის ტოკ-შოუები გაჩნდა, ე.წ. ყვითელი თემები ასეთი გადაცემების განუყოფელი ნაწილი გახდა. თუმცა, ხშირად, ამგვარი თემების გარდა, მსგავს შოუებში ვხვდებით ფორმატისთვის ზედმეტად სერიოზულ საკითხებს, არასერიოზული რაკურსით და თემასთან სრულიად შეუსაბამო სტუმრებით.

მარტივად რომ ვთქვათ, ხშირად გასართობი ტოკ-შოუ განსახილველად ფაქიზ თემას ირჩევს, მასზე სასაუბროდ კი ისეთ სტუმარს იწვევს, რომელსაც პრობლემის შესაბამისი კუთხით წარმოსაჩენად არც კომპეტენცია აქვს და არც სათანადო გამოცდილება. რაც, თავის მხრივ, სასაუბრო თემის მნიშვნელობას აკნინებს, არასერიოზულ მიმართულებას აძლევს და საბოლოო ჯამში, უშინაარსო კონტექსტს ქმნის. სწორედ ასე იკარგება სათქმელი და წარმოჩენილი პრობლემის ლოგიკური ჯაჭვიც წყდება.

ასე მაგალითად, არ გაგიკვირდეთ, თუკი ამგვარ გადაცემაში, სადაც თემა ქალთა უფლებებია, დებატებში გივი სიხარულიძეს ნახავთ. ამ დროს, მარტივად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თემის გაშლისა და ამ კუთხით არსებული პრობლემის მოგვარების შესაძლო პერსპექტივები, საუბრის ლექსიკაც და მსჯელობის სიღრმისეულობაც.

საკითხისადმი დამოკიდებულება თქვენვე განსაზღვრეთ, როდესაც იქვე მოისმენთ აზრს, რომ თუკი თანასწორობაზე მიდგება საქმე, მაშინ “ქალები კაცებს ფიზიკურადაც უნდა გავუთანაბრდეთ, მანქანას საბურავიც გამოვუცვალოთ, სიმძიმეებიც ავწიოთ და ყველა იმ ფიზიკურ დატვირთვას გავუძლოთ, რასაც კაცები ასე მარტივად ართმევენ თავს”.

ამგვარი მსჯელობა იქნება მთელი გადაცემის განმავლობაში და ბოლოს, ისე დასრულდება, რომ არავინ დასვამს კითხვას - რა კავშირშია ერთმანეთთან ფიზიკური და უფლებრივი თანასწორობა. რეალურად, ეს ხომ პრობლემის გამიზნულად, არასწორი მიმართულებით წარმოჩენაა, - რა დროსაც, ვცდებით ნამდვილ პრობლემას და საგნობრივ მსჯელობას.

ზუსტად მსგავსი სიმარტივით იქცევა ხოლმე საქილიკოდ ნებისმიერი სხვა მტკივნეული თემაც. მაგალითად, ქალებზე ძალადობისა და შევიწროების ფაქტები, რაზეც ბოლო დროს ზოგი ქალი ალაპარაკდა, ზოგის სითამამეს კი, ისევ “სხვა რას იტყვის” არგუმენტმა აჯობა და უბრალოდ იმ იმედით გაჩუმდა, რომ სხვა მის ნაცვლადაც იტყოდა საერთო სათქმელს. ამის ფონზე კი, იქ სადაც, წესით, მთავარ გამოწვევებზე არგუმენტირებულად უნდა საუბრობდნენ და შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის გზებს ეძებდნენ, კრებითი “სიხარულიძეები” სერიოზული სახეებით, ზედმეტად არასერიოზულად “მსჯელობენ”.

ასე მაგალითად, გადაცემის მამრობითი სქესის რომელიმე სტუმარი, ანდა საერთოდაც წამყვანი უბრალოდ იხუმრებს, რომ ქალის მხრიდან შევიწროების ობიექტი თავადაც არაერთხელ გამხდარა და აბა სად არიან ამ დროს უფლებადამცველები?! მას რატომ არ იცავენ?! ამას მოყვება საყოველთაო სიცილი და ამ სიცილში ჩაიკარგება ბევრი ხმა, რომელიც უბრალოდ მოსმენას ითხოვდა.

ასეთ გადაცემებში ხშირად, ქალთა უფლებებზე არასერიოზულად და არაარგუმენტირებულად არა მხოლოდ კაცები, არამედ ქალებიც მსჯელობენ. მაგალითად, ერთ ჩვეულებრივ ხუთშაბათს, გადაცემა “პროფილში” 30 წლამდე გოგოს ისტორია მოვისმინეთ, რომელსაც, როგორც თავად ყვებოდა, მეუღლე პროსტიტუციაში ჩართვას აიძულებდა და მასზე ფიზიკურად ძალადობდა.

წამყვანსვე რომ დავესესხო, სტუმრის “გასამხნევებლად” და თემაზე სასაუბროდ, სტუდიაში მიწვეულები იყვნენ: მომღერალი ნინა წკრიალაშვილი, ჟურნალისტი მაკა რაზმაძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თათია დოლიძე და მოდელი თამთა შედანია.

იმ მძიმე ისტორიის ფონზე, რასაც გადაცემის მთავარი გმირისგან ვისმენდით, წამყვანს მხოლოდ ასეთი კითხვები დაებადა: “გულია, მომიყევი როგორ მოხდა, როგორი იყო პირველი დღე?”, “რამდენ მამაკაცთან მოგიწია ყოფნა?”, “რაღაც განსაკუთრებული მოთხოვნებიც იყო?”, “ის შენი კლიენტები ახალგაზრდები იყვნენ, როგორ გამოიყურებოდნენ?”, “ზიზღს იწვევდა ეს ყველაფერი შენში?”, “ამ პერიოდში ქმართან გქონდა ფიზიკური ურთიერთობა?” და ა.შ.

გაუგებარია, რა მიზანი ჰქონდა ასეთ კითხვებს, თუ არა მხოლოდ, შოუს მცირეოდენი ელემენტებით გამდიდრება. მაგალითად, წამყვანისთვის მოულოდნელად სიტყვა “ცემის” მნიშვნელობაც ბუნდოვანი აღმოჩნდა. “მცემდა. რას ნიშნავს მცემდა?”, “რაში გამოიხატებოდა?” - სწორედ ასეთი იყო მისი რეაქცია, როდესაც სტუმარმა ყოფილი მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე ისაუბრა. შემდეგ, იმის გარკვევა, თუ რა მოვლენაა ეს კაცი და რა პათოლოგიასთან გვაქვს საქმე, სტუმრებთან გადაწყვიტა. წარმართული საუბრის დისკურსი მარტივი წარმოსადგენია. საუბარს თან სდევდა სტუმრების დიდაქტიკური მიმართვები და კითხვები იმის შესახებ, თუ აქამდე სად იყო, რატომ პირველივე ძალდობის შემდეგ არ გამოიქცა, რატომ მისცა ამდენის უფლება და ა.შ.

საბოლოო ჯამში, გადაცემაში, ვერც კომპეტენტური აზრი მოვისმინეთ და ვერც პრობლემის გადაჭრის რეალური გზა დავინახეთ. არადა, წესით, შოუში მსგავსი საკითხის წამოჭრის მთავარი დანიშნულებაც ეს უნდა იყოს - პრობლემის მრავალმხრივი განხილვა და მისი მოგვარების გზების დასახვა.

ცხადია, ამგვარ შოუებს არსებობის უფლებაც აქვთ და თავისი აუდიტორიაც ჰყავთ. თუმცა პრობლემა მაშინ იჩენს, თავს როცა ამ შოუებში სერიოზული საკითხები სენსაციურ ჭრილში განიხილება. ასე მთავარი სათქმელი ხმაურში იკარგება და საზოგადოებაში უკვე ისედაც არსებული სტიგმები და კლიშეები კიდევ უფრო ღრმავდება.
კატეგორია - ბლოგი
თეორიის დონეზე, ალბათ, ყველა დაუფიქრებლად იტყვის, რომ არც დანაშაულს, არც დამნშავეს და არც მსხვერპლს სქესი არ აქვს, იმ გაგებით, რომ შედეგად მიღებულ ფატალურ სურათს, რომელიმე მხარის გენდერული იდენტობა არ განსაზღვრავს. ის თუ რა სქესს განეკუთვნება დამნაშავე და მსხვერპლი, რაიმე ფორმით ვითარებას არც უფრო მეტად ამძიმებს და პირიქით, ვინმეს არც ნაკლებ პასუხისმგებლობას აკისრებს. თუმცა, როგორც წესი, თეორიის პრაქტიკაში გადატანა, მთლად ასე იოლადაც არ გამოგვდის და ეს, ერთი შეხედვით მარტივი ჭეშმარიტება, ხშირად განსჯის საგანი ხდება, რომლის გასწვრივაც “იქნებ-ით” დაწყებული ათასი შეკითხვა იყრის თავს. საბოლოოდ, ამ “იქნების” იმდენი ვარიაცია ჩნდება, რამდენიც “მოხალისე”. ანუ, ის, ვინც მომხდარში მტყუან-მართლის ძიება არ დაიზარა, “იქნებზე” დამყარებული იმდენი ვერსია შექმნა, სანამ საბოლოოდ საკუთარ “იქნების” მორევში არ ჩაიკარგა.

ქარაგმების ზღვით არც მე დაგღლით და სათქმელზე გადავალ. შინაგან საქმეთა სამინისიტროს სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს ოჯახში ძალადობის მუხლით 2 143 დანაშაულია რეგისტრირებული. 2017 წლის მხოლოდ პირველი 9 თვის მონაცემებით, ქვეყანაში 22 ქალი მოკლეს, საიდანაც 13 იდენტიფიცირებული იყო, როგორც ოჯახში მომხდარი დანაშაული.

არ ვიცი, ეს ჯერ კიდევ კარგად გამჯდარი მენტალიტეტის ნაყოფია, თუ “კაცი მაინც უპირატესიას” ცნობიერებიდან ვერგამოსვლის შედეგი, თუმცა, ნათელია, რომ ყოველ ასეთ შემთხვევას, თან ახლავს მოძალადე კაცის რაიმე ფორმით გამართლების უამრავი მცდელობა. “იქნებ, გამოიწვია?”, “იქნებ, არ დაუთმო და რამე ისეთი უთხრა?”, “იქნებ, დააშავა?”, “იქნებ, არასწორად მოიქცა?”, “იქნებ, ცუდი დედა იყო?” ან საერთოდაც - “იქნებ უღალატა?”. ამ “იქნებების” ჭიდილში კი ხშირად საღი აზრი გვეკარგება და თავად მომხდარის ნიველირებაც ხდება. თითქოს, შევეგუეთ, თითქოს სწორია და მართლაც ასე უნდა იყოს. ყველა უპირატესია, თუმცა ზოგი უფრო მეტად, ზოგიც ნაკლებად.

საზოგადოებაში ისედაც გამჯდარი კლიშეების კიდევ უფრო გაღრმავებას და ჩარჩოებში მოქცევას, ხშირად მედია ახალისებს, ზოგჯერ პირდაპირ, ზოგჯერ შეფარულად, ზოგჯერ კი სრულიად გაუცნობიერებლად. მაგალითად, ძალადობის ამბის თხრობისას, აუცილებლად მოვისმენთ, მინიმუმ ერთი ისეთი მეზობლის, მეგობრის, ნათესავის, თუ უბრალო გამვლელის “კომპეტენტურ” მოსაზრებას და “იქნების” საკუთარ ვერსიას, რომელსაც მომხდართან არავითარი კავშირი არ აქვს, არც ამბავს სძენს რაიმე დამატებით ღირებულებას და არც თავად ფაქტს ხდის უფრო მკაფიოს ან გასაგებს. მერე რა, მრავალფეროვნებისთვის ამანაც თქვას, რას გვიშლის. არადა, სწორედაც რომ გვიშლის.

ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ბოლო ფაქტი, მიმდინარე წლის 3 იანვარს დაფიქსირდა. 22 წლის გოგო ყოფილ ქმარს ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობაში ადანაშაულებდა. მისი თქმით, მას ყოფილი ქმარი სახლში შეუვარდა და მცირეწლოვანი დისა და შვილის თანდასწრებით მას და მის მამას ფიზიკურად გაუსწორდა. 6 იანვარს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ძალადობაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 12 იანვარს სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა და ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამის შემდეგ, მალევე მედიაში გაჩნდა სტატიები სათაურებით: “ასეთი დედა ამბობს, რომ მსხვერპლია” - რას ყვება კაცი, რომელიც ყოფილ ცოლზე ძალადობაშია ბრალდებული?”, “ვინ არიან ცნობილი პირები, რომლებიც ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ?”, “სკანდალური მორიგების აქტი, დედამ მხოლოდ ორი ღამე ისურვა შვილის ნახვა. ბაკურაძეები ყოფილი რძლის მიმართ სარჩელს ამზადებენ”. ფეისბუკზე ძალადობაში ბრალდებულის მხარდასაჭერად გვერდიც შეიქმნა, სახელწოდებით - “მოძალადე თუ მსხვერპლი?”.

ყველა ამ მასალაში არის მცდელობა, დაზარალებული ასე ვთქვათ, უღირსი ქალის როლში, დედობისთვის შეუფერებელ კონტექსტში წარმოჩნდეს, თითქოს, ბრალდებული ამ ზომამდე სწორედ მისმა, ქალისთვის შეუფერებელმა საქციელმა მიიყვანა და მანაც დამსახურებული მიიღო.

მაგალითად, კვირის პალიტრისთვის მიცემულ ინტერვიუში, ბრალდებული ყვება, თუ როგორ გამოიწვია ის მისმა მეუღლემ, როგორ მისცა მან ყოფილ მეუღლეს გამოსწორების რამდენიმე შანსი, რომელიც მან ვერ გამოიყენა, შედეგად კი იძულებული გახდა, რომ ოჯახი დაენგრია. ბრალდებული ხაზგასით აღნიშნავს, რომ მისი მეუღლე არასწორი ცხოვრების წესით ცხოვრობდა და მარიხუანას მომხმარებელიც კი იყო. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. პირიქით, მიიჩნევს, რომ შეილახა არა დაზარალებულის, არამედ მისი უფლებები და ღირსება. ჟურნალისტი კი საპასუხო კითხვას იმაზე, თუ რა შუაშია ეს ყველაფერი მომხდართან და რა მორალური თუ კანონიერი ნორმა აძლევდა მას ყოფილ მეუღლეზე ძალადობის უფლებას, არ დაუსვამს. პირიქით, ის თავად დაზარალებულს ეუბნება - “ამბობს, რომ მარიხუანას მომხმარებელი ხართ”, რითიც შესაძლოა, გაუცნობიერებლად და არამიზანმიმართულად, მაგრამ მაინც ხაზს უსვამს, რომ მისი ეს საქციელი მართლაც შეიძლება რაიმე ძალადობრივი ქმედების გამართლების აქტად ჩავთვალოთ, რაც თავის მხრივ, მომხდარის ერთგვარ ლეგიტიმაციას ახდენს. საზოგადოებაში ისედაც გამჯდარი კლიშეების ფონზე კი, მედიის მხრიდან წამოსული ყოველი ასეთი გზავნილი პრობლემის მოგვარებისკენ მიმავალ გზას კიდევ უფრო გვაშორებს.

ეს ერთი ისტორიის, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნაწილი, მხოლოდ მცირე ფრაგმენტია, იმ მასშტაბური პრობლემისა, რაც ქალთა მიმართ ძალადობისა და მისი მედიის მიერ გაშუქებისას იკვეთება. ის, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ დანაშაულის “იქნებ” თეორიებით გამართლების მედიაც ახალისებს, ჯერ კიდევ პრობლემის არსებობასა და მის მასშტაბებზე მიანიშნებს.
კატეგორია - ბლოგი
ცხადია, ჟურნალისტიც ადამიანია, ყველა იმ ემოციური შეგრძნებით, რომელიც ამ უკანასკნელის ბუნებას ახასიათებს. ყოველ მოვლენაზე ისიც სწორედ ისე რეაგირებს, ბრაზდება ან უხარია, როგორც ყველა სხვას, ჩვენ გარშემო. შესაძლოა ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკური გემოვნება, შეხედულებები, სიმპატიები თუ ანტიპატიები. ხშირად კი, როდესაც ის რომელიმე რეიტინგული ტელეარხის წამყვან ჟურნალისად გვევლინება, სოციალურ ქსელებში მისი მოსაზრებებიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. უამრავი ინტერნეტმეგობრისა თუ გამომწერის სახით, მის პირად ვირტუალურ სივრცეში მიმდევრების მთელი არმია იყრის თავს. სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, მის მოსაზრებებსაც ბევრი უპირობო ფაქტად იღებს, იწონებს და ავრცელებს. ასეთ მომენტებში ყოველთვის ჩნდება დილემა, რომელიც მუდმივი განსჯისა და კამათის საკითხია. ხომ არ ეკისრება ჟურნალისტს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა სოციალურ ქსელში აქტივობის დროს? ხომ არ უნდა მოეკიდოს ის განსაკუთერბული სიფრთხილით, ყველა იმ მოსაზრებას, რომელსაც ის ასე ღიად გამოხატავს?

არის საკითხები სადაც ყველას, მათ შორის ჟურნალისტსაც, ბეწვის ხიდზე სიარული უწევს. მით უფრო, იმ შემთხვევაში, როდესაც ეს უკანასკნელი ამ დარგის არც ექსპერტია და არც სათანადო ფაქტებით გამყარებულ ინფორმაციას ფლობს. ასეთ დროს კი, გაუცნობიერებლად გაკეთებულმა თითოეულმა არასწორმა მოწოდებამ, არასწორი ინფორმაციის შემცველმა ბმულმა, რომელსაც ჟურნალისტი აზიარებს საკუთარ გვერდზე, შესაძლოა, საზოგადოება მნიშვნელოვნად დააზიანოს. მაშინ, იქნებ, მაინც ღირდეს დაფიქრება, იქამდე, სანამ ხელს ე.წ. “დაპოსტე” ღილაკს დავაჭერთ.

ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, რომელმაც საზოგადოების დიდი ნაწილის შეშფოთება გამოიწვია, გასულ თვეს მედიაში ბავშვების ვაქცინაციის შესახებ გავრცელებული ამბავი იყო. სახელმწფო აუდიტის სამსახურმა დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში, ვაქცინაციის პროცესში, სავარაუდოდ, საფრთხის შემცველი 29 000 ვაქცინა გაიხარჯა. ამ ფაქტს, მოგვიანებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი გამოეხმაურა და განმარტა, რომ საქმე ეხებოდა ცოფის ვაქცინას, რომელიც მათივე განმარტებით, სიცოცხლისთვის საშიში არ იყო. ფაქტმა, საზოგადოებაში ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით უკვე არსებული სკეპტიკური დამოკიდებულება და შიში კიდევ უფრო გააღრმავა. გაჩნდა ლოგიკური კითხვებიც, რომელიც კომპეტენტურ პასუხებს მოითხოვდა. ამის პარალელურად, გამოჩნდნენ ჟურნალისტები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ პასუხისმგებლობის მთელი ტვირთი საკუთარ თავზე უნდა აეღოთ და კითხვებზე პასუხებიც თავად გაეცათ. პასუხები მხოლოდ მათ პირად მოსაზრებებსა თუ განცდებს ეყრდნობოდა და არა რომელიმე სოლიდური სამედიცინო ორგანიზაციის დასკვნის ან კვლევის შედეგებს.

თემას “რუსთავი 2- ის” წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანიც საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე გამოეხმაურა:



ბევრი ალბათ, იტყვის, ეს ხომ მისი მოსაზრებაა, ამით რა დაშავდა მერე რა? მერე ის, რომ მისი ეს მოსაზრება, ოთხასამდე ადამიანმა მოიწონა და ორასზე მეტმა გააზიარა. მერე ის, რომ ერთი ადამიანის მოსაზრების გამო, მხოლოდ იმიტომ, რომ ის საზოგადოების გარკვეულ ნაწილში პოპულარობით სარგებლობს, შესაძლოა ვინმემ მართლაც გადაწყვიტოს და რაიმე ისეთ სამედიცინო მანიპულაციაზე თქვას უარი, რამაც მომავალში გამოუსწორებელი შედეგი მოიტანოს.

“მაშ, ვთქვათ თუ არა?” - ეს კითხვა ბევრმა უცხოურმა მედიასაშუალებამაც დასვა. ზოგმა ბევრი ჟურნალისტი სოციალურ ქსელში პირადი მოსაზრების გამოხატვის გამო, სამსახურიდან დაითხოვა. ზოგმაც ქცევის კოდექსი დაწერა. მაგალითად, გასულ წელს The New York Times - მა საკუთარი ჟურნალისტებისთვის სახელმძღვანელო ნორმები შეიმუშავა და სოციალურ ქსელებში მისივე ჟურნალისტების ქცევის წესები ჩამოაყალიბა. წესების მიხედვით, გამოცემის ჟურნალისტებმა არ უნდა გამოხატონ პოზიციები პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, არ უნდა გაავრცელონ დაუზუსტებელი ინფორმაცია და პატივისცემით უნდა იურთიერთონ სხვა მომხმარებელთან.

გარდა ამისა, გამოცემა საკუთარ ჟურნალისტებს სოციალურ ქსელში აქტივობის დროს, სამსაფეხურიან თავსატეხს სთავაზობს - სანამ რაიმეს გამოაქვეყნებ, საკუთარ თავს ჰკითხე:

აუცილებლად უნდა ითქვას თუ არა ის, რისი დაწერაც გინდა?

აუცილებელია თუ არა, შენ თქვა ის, რისი თქმაც გინდა?

აუცილებელია თუ არა, რომ სწორედ ახლა და ამ მომენტში თქვა ის, რისი თქმაც გინდა?

რთულია ემოციების კონტროლი, მით უფრო, როდესაც მოვლენების ეპიცენტრში ხარ და ყველა მნიშვნელოვან ამბავს თავად ქმნი ან ყვები. ყველა იმ უსამართლობის თვითმხილველი და თანაზიარი ხარ, რამაც შეიძლება ძალიან გაგაბრაზოს, შემდეგ კი ამ გაბრაზების სხვებისთვის გაზიარება მოგინდეს. თუმცა, ამის მიღმა, ყოველთვის რჩება ის ვალდებულება, რომელიც შენი აქტიური აუდიტორიის წინაშე გაქვს. ის კი, რამდენად პასუხისმგებლობით მოეკიდები მას, მხოლოდ პირადი, დაუწერელი კანონების ნაწილია და სხვა არაფერი.
კატეგორია - ბლოგი
თვითრეგულირება - ეს ერთგვარი ტესტია ყველა მაუწყებლისთვის, მისცეს შესაძლებლობა დაინტერესებულ პირს, დაიცვას თავის­­ი უფლებები და გამოასწოროს დაშვებული შეცდომა.

მედიასთან დაკავშირებული პირებისთვის უცნობი არ არის მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის მნიშვნელობა. ეთიკური ნორმების დაცვასა და მაღალი პროფესიული სტანდარტების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობას თავად მედია იღებს. დარღვევის შემთხვევაში, სათანადო რეაგირებით, კი მაყურებელთა ნდობას იმსახურებს.

სამწუხაროდ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ტესტი ვერ ჩააბარა. ეს ალბათ ყველაზე მსუბუქი შეფასებაა სამეურვეო საბჭოს იმ სხდომების (2018 წლის 22 თებერვლისა და 1 მარტის), სადაც პოეტ ზვიად რატიანის საჩივარი განიხილეს. საკითხი ზვიად რატიანის სასამართლო პროცესის შესახებ, „მოამბის“ მიერ ეთიკისა და სტანდარტების დარღვევით მომზადებულ სიუჟეტს ეხებოდა.

სამეურვეო საბჭომ უარყო 2017 წლის 29 დეკემბერს დაფიქსირებული პოზიცია, რომ მისთვის სიუჟეტი იყო მიუღებელი და არც ჯეროვანი სიზუსტის დარღვევა, არც სიძულვილის გაღვივება და არც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა არ დაადგინა.

ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ გადაწყვეტილებაზე მეტად განხილვების პროცესი გამაოცებდა.

ასეთ დროს ხვდები რამდენად რთულია ესაუბრო ადამიანებს, რომლებსაც არ უნდათ შენი მოსმენა და მნიშვნელობა არ აქვს რას იტყვი. აცნობიერებ, რომ უბრალოდ აზრი არ აქვს რამის თქმას თვითრეგულირების ორგანოსთვის, რომელიც შენზე მეტად უნდა იყოს დაინტერესებული გაშუქების სტანდარტების დახვეწით.

განხილვაზე ისმოდა კითხვები, რომლებიც განსახილველ საკითხს საერთოდ არ უკავშირდებოდა: ,,რუსეთმა რომ დაარღვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და გვეწყინა, გასაგებია. თუ ავსტრალია დაარღვევს, არ გვეწყინება? ავსტრალიამ რომ მიიტაცოს აფხაზეთი, ჩვენ ეს არ გვეწყინება, ხო?”

მსჯელობდნენ ვინ დაარღვია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ვიდეოს გავრცელებით და ასახელებენ ყველას, თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა.

აჟღერებდნენ მედიის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ ფრაზებს, რომ მარეგულირებელმა კომისიამ უნდა უზრუნველყოს მაუწყებლების მხრიდან ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსით” გათვალისწინებული ნორმების (თვითრეგულირების განსახილველი საკითხების) დაცვა.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ სამეურვეო საბჭოს წევრთა უმრავლესობა ვერ აცნობიერებს თვითრეგულირების არსს და მათთვის უცნობია ამ ინსტიტუტის ღირებულება. წინააღმდეგ შემთხვევაში განხილვისას:

· არ იქნებოდა მითითება სხვა მაუწყებლებზე - ყველა მაუწყებელი თავად აგებს პასუხს თავისი სარედაქციო პასუხისმგებლობით შექმნილ პროდუქციაზე.

· არ გაჟღერდებოდა შინაარსობრივი რეგულირებისა და ცენზურის დაწესების სურვილი!

· არ იქნებოდასაუბარი იურიდიულ რეგულაციებზე, მაშინ, როდესაც ეთიკის ნორმების დარღვევას უნდა განიხილავდეს.

· არ იარსებებდა პრეტენზია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ მიზანმიმართულ კამპანიაზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა აცნობიერებდეს თავის მნიშვნელობას, მას თითოეული ჩვენგანი ვაფინანსებთ და პასუხისმგებლობა ასევე თითოეული ჩვენგანის წინაშე აქვს.

· და რაც მთავარია, არ შეუქმნიდა თითოეულ მოქალაქეს იმის განცდას, რომ არ აქვს აზრი საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოსთვის უფლებების დასაცავად მიმართვას. მაყურებელთა მხრიდან ასეთი დამოკიდებულება კი უარყოფითად აისახება ნდობის ხარისხზე.

რეიტინგს ვერც 52 მილიონიანი სახელმწიფო დაფინანსება და ვერც კომერციული რეკლამა თუ სპონსორობა ,,დაწერს”.

რეიტინგი მაყურებელთა ნდობის მოპოვებით იწყება.

მარიამ გოგოსაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი
კატეგორია - ბლოგი
რეიტინგი გარკვეულ სიყვითლეს და მსხვერპლს რომ მოითხოვს, ახალი ამბავი არავისთვის არის. ახლა რიტორიკა და პათეტიკა დროებით გვერდზე გადავდოთ და ვაღიაროთ, რომ ეს მსხვერპლი ხშირად კონკრეტული ადამიანია, სიყვითლე კი მისი პირადი ტრაგედიის გაშუქების თანმდევი ეფექტი და ელფერი. როგორც წესი, ეს პრობლემა მთელი სიმძაფრით თავს მაშინ იჩენს ხოლმე, როცა მედიის დღის წესრიგში რაიმე გახმაურებული დანაშაული, მკვლელობა, თვითმკვლელობა ან მსხვერპლით დასრულებული სტიქია და უბედური შემთხვევა ხვდება.

საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული გლოვა და ამ გლოვის ამსახველი პროცესიები რომ დღემდე მთავარი სანახაობაა საქართველოში, ესეც ყველამ ვიცით.

როგორ ტიროდა ჭირისუფალი - მოთქმით თუ ჩუმად, რა და როგორ დაატირა მიცვალებულს, თალხი ეცვა თუ არა, ვინ მივიდა და ვინ არ მივიდა სამძიმრის სათქმელად, ყალბი თანაგრძნობა ეწერა სახეზე თუ ნამდვილად განიცდიდა მომხდარ უბედურებას, ვინ ამოუდგა გვერდში ჭირისუფალს, როგორი სახლი ჰქონდათ - ეს ის თემებია, რომლებსაც ბევრი ადამიანი დღემდე სერიოზულად განიხილავს.

არ თქვათ ახლა, რომ სამძიმარი, პანაშვიდი თუ დაკრძალვა თავშესაქცევი ამბავი მხოლოდ მაშინ იყო, როცა ტელევიზია და ინტერნეტი არ არსებობდა. შუასაუკუნეებსა და არც თუ ისე შორეულ წარსულში თუ მსგავსი ამბები სამეზობლოში ირჩეოდა, ტექნოლოგიები განვითარდა და პირველყოფილი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაში ახლა უკვე მედიაც გვეხმარება - მედიას შეუძლია პანაშვიდიდან ან პირდაპირ სასაფლაოდან პირდაპირი ჩართვა შემოგვთავაზოს.

როგორც წესი, მედიის ვნება ასეთი ტრაგედიების გაშუქებისადმი მაშინ მატულობს ხოლმე, როცა მშობლებს არასრულწლოვანი ან ახალგაზრდა შვილი ეღუპებათ. რაღა შორს წავიდეთ, “მხედრიონის” ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრის და მისი შვილის მკვლელობის ამბავი გავიხსენოთ.

ამ საშინელი ამბიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ქართული მედიის ერთი ნაწილი მხოლოდ იმას არკვევდა, უთხრეს თუ არა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფ დაჭრილ დედას, რომ მისი შვილი გარდაიცვალა, მეორე ნაწილი კი ადგენდა, ვინ, როდის და რა ფორმით მიაწვდიდა შვილმკვდარ დედას მის თავზე დამტყდარი უბედურების შესახებ ინფორმაციას.

ეს არის ის “ახალი ამბები”, რომლებსაც “ექსკლუზივებზე” მონადირე ონლაინმედია განახლებად რეჟიმში, მუდმივად გვაწვდიდა:

“დოდო გუგეშაშვილმა შვილის დაღუპვის შესახებ არ იცის”

“დოდო გუგეშაშვილს შვილის გარდაცვალების შესახებ, სავარაუდოდ, ხვალ შეატყობინებენ”

“ნოდარ გუგეშაშვილს სავარაუდოდ ხუთშაბათს დავკრძალავთ, შვილის გარდაცვალების ამბავს ალბათ, ხვალ ვეტყვით”

თუმცა, მრავლისმნახველი ქართველი მაყურებლისთვისაც კი ალბათ სრულიად მოულოდნელი იყო, როცა ტელეკომპანია “იბერიამ” 14 თებერვლის ერთ-ერთ საინფორმაციო გამოშვებაში მაყურებელს რამდენიმეწუთიანი პირდაპირი ჩართვა შესთავაზა და აჩვენა, როგორ გადაიყვანეს დაჭრილი დოდო გუგეშაშვილი რეანომობილით “საკუთარი ძმის სახლში, საკუთარი შვილის პანაშვიდზე”.

ეს ამბავი, რა თქმა უნდა, ვერც www.palitravideo.ge-ს ყურადღების მიღმა დარჩებოდა და ნოდარ გუგეშაშვილის დაკრძალვის “ძალიან ემოციური კადრები” პირდაპირ ეთერში შემოგვთავაზა:

მეტიც, www.palitravideo.ge-ს მახვილ თვალს უმნიშვნელო დეტალიც კი არ გამოეპარა და სულ წვრილ-წვრილად მოგვიყვა, როგორ მიიყვანეს დოდო გუგეშაშვილი შვილის დაკრძალვაზე, როგორ ჩაეხუტა მას პანკისში, სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი და რა თქვა საავადმყოფოში დაბრუნებამდე .

მოდით, ვიკითხოთ: რა ინფორმაციული ღირებულება ჰქონდა ამ ყველაფერს მკითხველისა და მაყურებლისთვის? რა გავიგეთ ახალი გამოძიების, მკვლელობის რეალური მიზეზის ანდა გამოძიების ყურადღების მიღმა დარჩენილი მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ? რა თქმა უნდა, ვერაფერი. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ეთიკური სტანდარტების უხეში დარღვევაა ისეთი მასალის გავრცელება, სადაც ადამიანი ასახულია პირადი ტარგედიის ან მწუხარების დროს.

სამაგიეროდ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ტრაგედიის ვულგარიზება და სიყვითლესთან მისი სინთეზი ქართულ მედიას კარგად გამოსდის და ოღონდ “ნახვების” რაოდენობა იყოს და შეუძლია, ჟურნალისტიკის ყველა დაწერილ თუ დაუწერელ სტანდარტს თამამად გადააბიჯოს და შვილის სიკვდილით გამოწვეული უბედურებაც კი რეიტინგში კონვერტირებულ სანახაობად აქციოს.
კატეგორია - ბლოგი
ჟურნალისტიკა ის პროფესიაა, რომელშიც პრაქტიკა და გამოცდილება გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე თეორიული მასალების დაზუთხვა და შემდეგ მათი ლექტორისთვის ჩაბარება. მეგონა, ეს ყველასთვის თვალსაჩინო ჭეშმარიტება იყო, მაგრამ სულ ტყუილად. აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტიკის მიმართულება მხოლოდ საუნივერსიტეტო აბსტრაქციაა და ის რეალურად მხოლოდ წარმოსახვაში არსებობს.

პირველად იყო თსუ და თსუ იყო საგნების არჩევის წმინდა დღესასწაული. რეალურად, თსუ-ში საგნების არჩევა ცხენების დოღის სცენას უფრო ჰგავს, ვიდრე არჩევანის გაკეთების პროცესს - მით უმეტეს ჟურნალისტებისთვის. ამის მისახვედრად ბევრი დრო არ დამჭირვებია, პირველივე დღეს, როცა ბაზა გაიხსნა და საგნებს ვეცი, აღმოვაჩინე, რომ ჟურნალისტებისთვის არჩევანი მწირი იყო. სულ ორი საგანი - ქართული ენა და შესავალი ჟურნალისტიკასა და მასობრივ კომუნიკაციებში. დანარჩენი საგნები ძირითადად სხვადასხვა მიმართულებისგან ვისესხეთ.

მეორე სემესტრში არც ერთი საგანი, გარდა ქართული ენა 2-ისა, ჟურნალისტებისთვის არ არის განკუთვნილი. მართლა - არც ერთი საგანი, რომელიც ჟურნალისტიკასთან რაიმე კავშირშია. გამოდის, რომ ისინი, ვინც ჟურნალისტიკის სწავლას ცდილობენ, რეალურად ერთ წელს უბრალოდ კარგავენ.

ეს კიდევ არაფერია, ბოლოს და ბოლოს იმ ერთმა წელმა ზოგადი განათლების მიღებაში ხელი შეგვიწყო (თუ როგორ, ეს კიდევ ცალკე განხილვის საგანია). აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე ფაკულტეტი შემეცვალა და ჟურნალისტიკა მაინორად დამეფიქსირებინა. მე ერთადერთი არ ვყოფილვარ, პირველი წლის შემდეგ მიმართულებაზე სტუდენტების რაოდენობა ფაქტობრივად განახევრდა. სწორედ ამ დროს, იმ დროისთვის ახლადშექმნილ მედიაში, On.ge-ზე დავიწყე მუშაობა. მეორე კურსზე გადასვლის შემდეგ, ჩემს ძირითად მიმართულებას ჟურნალისტიკა მაინორად შევუსაბამე და აღმოვაჩინე, რომ უნდა მესწავლა საგანი „ახალი ამბები“. ლექტორებში გამიმართლა, ჯგუფიც მონდომებული იყო. ვიფიქრე, დაიწყო ნამდვილი ჟურნალისტიკის შესწავლა-მეთქი და თურმე სად გეჩქარება.

აღმოჩნდა, რომ ახალი ამბების შესწავლისას სტუდენტებს უნდა სცოდნოდათ ზოგადი ჟურნალისტური წერის სტილი, ახალი ამბების, ანალიტიკური მასალის, რეპორტაჟის, სტატიისა და სხვა ჟურნალისტიკური პროდუქტის ერთმანეთისგან გარჩევა. საიდან უნდა გვცოდნოდა, ამაზე პასუხი დღემდე არ ვიცი. იმის გამო, რომ მთელი ერთი წელი ჟურნალისტიკის შესახებ მხოლოდ ის ვიცოდით, რომ ამ მიმართულებაზე ვსწავლობდით, არაერთხელ აღმოვჩნდით უხერხულ მდგომარეობაში.

დავალებების პირობების გაცნობისას, ხვდები რომ ფანტაზიას საზღვრები უბრალოდ არ აქვს. ერთ-ერთი კურსის გავლისას, როგორც ჟურნალისტმა, „შესაშური“ გამოცდილება მივიღე. კერძოდ, ლექტორის მითითებით დავწერე რა, საკუთარი ავტობიოგრაფია ჟურნალისტურ სტილში, უმალვე გავსხივოსნდი და მივხვდი, რომ გავიზარდე. ჩემს მეგობარს, სხვა უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულებიდან, უფრო გაუმართლა - ახალი ამბების საგნის ლექტორმა ძეგლებთან მისვლა და მათგან ინტერვიუს აღება დაავალა. ჩემს კიდევ ერთ ჯგუფელს ერთ-ერთი პრაქტიკული კურსის გავლისას, დავალება ჰქონდა, რომ საკუთარი თავისთვის დაესვა კითხვები და შემდეგ ამ კითხვებზე პასუხები თავადვე გაეცა. ასევე, სხვადასხვა უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულებებზე ფართოდ გავრცელებული და საკმაოდ პოპულარულია დავალება, რომლის ფარგლებშიც ლექტორის მიერ წინასწარ, შემთხვევით შერჩეული სამი სიტყვისგან სიახლე, ე.წ. „ნიუსი“ უნდა შეთხზა. იმ ლექტორს, კიდევ რომელსაც წესით InDesigne-ში გაზეთის აწყობა უნდა ესწავლებინა, დღემდე ჰგონია, რომ ინგლისურად ყველა სიტყვა ისევე იკითხება, როგორც იწერება, მაგალითად Save as-ს წარმოთქვამს როგორც „სავე ას“, Posterize-ს როგორც „პოსტერიზეს“, Undo-ს კი, როგორც „უნდუს“ - ჩანგე ლანგუგეს სტილში. საბოლოოდ, გაზეთის აწყობა Youtube-ზე, სამ დღეში ვისწავლე და ამისთვის მხოლოდ ორი მაგიური სიტყვის, How to-ს აკრეფა დამჭირდა. მეტყველების კულტურის საგანზე კი, იმის ნაცვლად რომ მომავალ ჟურნალისტებს ტექსტის საჭიროებისამებრ წაკითხვა ასწავლონ, რაც ჩართვებისას მათ საუბარს უკეთესს გახდიდა, სტუდენტებს ძირითადად თეატრისთვის დამახასიათებელი მანერულ დიქციას ასწავლიან.

რაც ყველაზე მთავარია, ოთხი წლის განმავლობაში ჟურნალისტიკის სტუდენტებს ფაქტობრივად არ აქვთ ფუფუნება, პრაქტიკაში გამოსცადონ საკუთარი თავი, თუ არ ჩავთვლით იშვიათ გამონაკლისებს. ფაქტია, რომ დღეს ჟურნალისტიკის მიმართულება თავის გამოწვევებს ვერ სცემს ადეკვატურ პასუხს. უმეტეს დროს სტუდენტები თეორიული მასალების დაზუთხვას ანდომებენ და დიპლომს ისე იღებენ, შეიძლება მიკროფონი ნანახიც არ ჰქონდეთ. ამასთან, უნივერსიტეტი ვერ სთავაზობს სტუდენტებს დასაქმების პერსპექტივას, სტაჟირების პროგრამებს, ტელევიზიებში უბრალო ვიზიტის ორგანიზებასაც კი ვერ ახერხებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებთან ჟურნალისტიკის მიმართულებას დიდი ჩამორჩენა აქვს. სტუდენტები, ფაქტობრივად, ვერ სწავლობენ როგორ იმუშაონ საძიებო სისტემებთან, როგორ გადაამოწმონ დეზინფორმაცია, როგორ გამოიყენონ სოციალური ქსელი მათ საქმიანობაში და სხვ. ერთი ლექტორი იმის დამტკიცებასაც კი ცდილობდა, იანდექსი უფრო კარგი საძიებო სისტემაა, ვიდრე გუგლიო.

ცხადია, უნდა აღვნიშნოთ დადებითიც. მაგალითად, მედიაეთიკისა და თვითრეგულირების კურსი, რომელიც ყველა ჟურნალისტისთვის სასარგებლოა. ასევე, საკუთარი გაზეთის მოდელირებული ვერსიის შექმნა, გასვლით რეპორტაჟებზე მუშაობა და სხვ. თუმცა ამ ყველაფერს იმდენად მცირე ადგილი უჭირავს, რომ საერთო სურათზე ერთი პატარა წერტილია.

რა არის ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი? ვფიქრობ, ამაზე პასუხის გაცემა მარტივია, მაგრამ რთულია პრობლემის მოგვარება. პირველ რიგში, საჭიროა, რომ ჟურნალისტიკის მიმართულება სხვა პრიზმაში დაინახონ პასუხისმგებელმა პირებმა. აუცილებელია, რომ ჟურნალისტიკის მიმართულება თავიდან ბოლომდე შეიცვალოს. მათ შორის, განახლდეს სილაბუსები, მიმართულებას დაემატოს უფრო მეტი პრაქტიკოსი ჟურნალისტი და სტუდენტებს თეორიული სწავლების გარდა, მეტი პრაქტიკული უნარების შეძენის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

ბოლოს და ბოლოს შევთანხმდეთ, რომ ოთხწლიანი სწავლების შემდეგ, სტუდენტს ერთი სრულყოფილი, მაღალი ხარისხის რეპორტაჟის მომზადება მაინც უნდა შეეძლოს.

დიმიტრი სანაია, თსუ-ს სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, On.ge-ს ჟურნალისტი
კატეგორია - ბლოგი
ხშირად გვსმენია კრიტიკა პოლიტიკოსებისა თუ სხვა საჯარო პირების მიმართ, როცა ისინი ჟურნალისტებს უხეშად მიმართავენ, ან რაიმე ნიშნით ნეგატიურად გამოარჩევენ. მსგავსი პრობლემა ჟურნალისტებს შორისაცაა. მოქმედი ჟურნალისტები ორ კატეგორიად ვიყოფით: ტელევიზიაში მომუშავეები და დანარჩენები. მათ ვინც ტელევიზიაში არ ვმუშაობთ, მუდმივად გვიწევს “აღიარებისთვის ბრძოლა”, არ აქვს მნიშვნელობა სად ვართ, პრესკონფერენციაზე, ქუჩაში, თუ ტრენინგზე.

ტელევიზიის ჟურნალისტების დიდ უმრავლესობას ჰგონია, რომ შენზე ღირებულ პროდუქტს ქმნის, უფლება აქვს პედესტალიდან გელაპარაკოს, კითხვის დასმა შეგაწყვეტინოს, ან უბრალოდ მობილურით ვიდეოს გადაღებისთვის ადგილი მიგითითოს, რადგან გვიან მოსულს, "ხელს უშლი", მას უკეთესი კადრი სჭირდება.

გადის წლები, ონლაინმედია ვითარდება, საზოგადოების უფრო და უფრო დიდი ნაწილი იღებს ინფორმაციას ინტერნეტიდან, მცირედით, მაგრამ მცირდება ტელევიზიების გავლენაც, თუმცა კოლეგების ნაწილის დამოკიდებულებები არ იცვლება - "მე ტელევიზიის ოპერატორი/ჟურნალისტი ვარ, შენ - არავინ", “მე დიდი კამერით ვიღებ, შენ ტელეფონით”.

ტელევიზიის ჟურნალისტების განცდას, თავი იგრძნონ უფრო პრივილეგირებულად, პირდაპირ თუ ირიბად ხელს უწყობენ საჯარო პირებიც. მაგალითად, ონლაინ მედიაში მომუშავე ჟურნალისტი თუ ვერ ასწრებს გადაღებას - არა უშავს, თუ ტელევიზიის ჟურნალისტს აგვიანდება - ყველამ ერთად უნდა დავუცადოთ. ამაში ვრწმუნდებით ყოველ ახალ მასალაზე მუშაობის დროს.

გამონაკლისი არ ყოფილა არც მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერის ჩამონგრევის გაშუქებაც. იმის მიუხედავად, რომ ხშირ შემთხვევაში, ტელევიზიის ჟურნალისტებს ონლაინ მედიის წარმომადგენლები ვასწრებდით რესპონდეტებთან მისვლას, კომენტარებისთვის შეთანხმებას, დაგვიანებულების გაბრაზების ობიექტები ვხდებოდით: "წადი, რა, იქედან გადაიღე; გაწიე მობილური, თორემ გადაგამტვრევ თავზე, ჩემი დედა მ***" და ა.შ.


ამ ყველაფრის ფონზე, კი ძნელია მოსთხოვო პოლიტიკოსს პატივი გცეს, როცა შენივე კოლეგისთვის ძნელი აღსაქმელია, რომ შენც ჟურნალისტი ხარ, მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონით იღებ და არა დიდი კამერით, რომ შენც ისევე მუშაობ, როგორც დიდკამერიანი ოპერატორები, რომ შენც თანასწორი ხარ და შესაძლოა, შენ უფრო მეტი აუდიტორია გყავდეს, ვიდრე მას.
კატეგორია - ბლოგი
რამდენი გაქვს ხელფასი? ეს კითხვა ქართული რეალობის ერთ-ერთი უხერხულობაა, “დაოჯახებული ხარ?... “შვილი არ გიჩნდება?”... “მეორეს როდის გეგმავ?”- ს შემდეგ.

სინამდვილეში, ხელფასი ადამიანის ცხოვრების ნაწილია. ისევე საჭირო, როგორც საქმე - რეალიზების და თვითგამოხატვის ყველაზე დიდი შესაძლებლობა.

ხელფასი ძირითადად საიდუმლოცაა, პერსონალური საიდუმლო. ხელფასები კი შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი ინფორმაცია, მაგალითად, საჯარო პირების, საშტატო ნუსხისას ან შედარებით დახურული - საკონტრაქტო ურთიერთობის შემთხვევაში.

თუმცა უმეტესად, ყველამ ყველაფერი ვიცით. ჯერ კიდევ შორს ვართ ერთმანეთის და საკუთარი პერსონალური ინფორმაციის პატივისცემის სტანდარტისგან.

სხვების ხელფასები, განსაკუთრებით კი საჯარო დაფინანსების ფარგლებში, მედიის ინტერესებშიც შედის. 2010 წლიდან ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პროექტის ფარგლებში ჟურნალისტებთან ერთად ვიკვლევდი საჯარო უწყებებში გაცემული ხელფასებისა და პრემიების სისტემას, უფრო მართალი ვიქნები თუ ვიტყვი - უსისტემობას. „პრემიების ქვეყანა“ - ასე შეიძლება დაერქვას წლის განმავლობაში არაერთხელ გაცემული პრემიებისა და დანამატების რეალობას, რომელსაც მოქალაქეებისა და ხელისუფლების ერთმანეთთან დაშორების გარდა, სხვა არაფერი მოუტანია. ხან „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკით და ხანაც წელიწადში 64 ჯერ გაცემული დამატებებით მივიღეთ ის, რაც მივიღეთ - ღარიბი გამოცდილება, გაუმართავი მართვის მოდელები და რაც მთავარია, ჰაერში გაფანტული სახელმწიფო სახსრები.

სისტემა უნდა დაინგრეს - ეს გამოთქმა ჰონორარების სისტემასთან დაკავშირებით სასაცილოდ ჟღერს. მაშინ როდესაც, შესაძლოა უსისტემობაც სისტემაა. ამიტომ, აქ პირიქითაა - ანაზღაურებების უსისტემობა უნდა დაინგრეს და უფრო ადეკვატური, რაციონალური სისტემა აშენდეს. უნდა გაიწეროს ადამიანების პერსონალური შრომის ფასი. რადგან ხელფასი ადამიანის ცხოვრების ნაწილია. ისევე საჭირო, როგორც თავად საქმე.

ჩვენ ბევრს ვიკვლევთ და ვწერთ, ჩვენ ხშირად კანონიერად და უმეტესად უკანონოდ ვასაჯაროვებთ სხვა ადამიანის პერსონალურ საიდუმლოს.

კითხვა „რამდენი გაქვს ხელფასი?“ ქართული რეალობის ერთ-ერთი უხერხულობაა. მით უფრო როცა არ არის განჭვრეტადი როგორ ფასდება შენი პერსონალური შრომის ფასი.
კატეგორია - ბლოგი
ალბათ, ყველა ჩვენგანს გვინახავს ერთი ვიდეო მაინც, რომლის “მთავარი გმირიც” საყოველთაო ხალისის მიზეზი გამხდარა. ვიდეო ინტერეტსივრცეს ვირუსივით მოსდებია, კედლიდან კედელზე გადასულა და ბევრის განწყობაც შეუქმნია, ისე, რომ ცოტა თუ დაფიქრებულა იმ განცდებზე, რაც სახალხო ხალისმა “მთავარ გმირს” მოუტანა.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, ხშირად მსგავსი საყოველთაო ჟრიამულის მიზეზები ბავშვები გამხდარან, ისე, რომ ვიდეოგადაღებისთვის ნებართვა მათთვის არც არავის უთხოვია, არც ის უკითხავთ, სურდა თუ არა მას, რომ მოზრდილების შეფასებით, მისი ეს “საყვარელი” ვიდეო ინტერნეტში განეთავსებინათ, შემდეგ ის ათასობით ადამიანს ენახა და ბევრი ეცინა. თუმცა, ბავშვს ვინ კითხავს, როდესაც მშობელმა უკვე გადაწყვიტა, მან უკეთ იცის და არც რჩევა სჭირდება.

სიტყვა ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, პირდაპირ სათქმელზე გადავალ. მიმდინარე წლის 17 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში ვიდეო გავრცელდა სახელწოდებით - “ბიჭუნა წირვაზე - ვიდეო, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო”. გაგიკვირდებათ და ინტერნეტმომხმარებელთა ინტერესი არც მეტი არც ნაკლები, ბავშვის ლოყებმა მიიპყრო. ვიდეო საინფორმაციო სააგენტოებისა თუ ტელევიზიების ინტერესის საგანიც გახდა, სოციალურ ქსელშიც მოხვდა და ბევრი გაზიარებაც დაიმსახურა. მალევე გაჩნდა სათაურები: “დიდლოყება ქართველი ბიჭუნა ინტერნეტსივრცეში ნახვებით რეკორდს ხსნის”, “პატარა ინტერნეტვარსკვლავი”, “ვინ არის ბიჭუნა, რომელიც ერთ დღეში ინტერნეტვარსკვლავად იქცა” და ა.შ. ბევრი უფრო შორს წავიდა და ბავშვის ლოყების გარშემოწერილობის გამო ის ლუი ანდერსონადაც მონათლა (ამერიკელი კომედიანტი, მსახიობი და ტელეწამყვანი). ბევრმა ეთერშიც დაპატიჟა და “დიდლოყებიანი პატარა ბიჭით” სანახაობა შექმნა.

ბევრი იკითხავს, მერედა რა მოხდა, რა დაშავდაო? ალბათ, არც არაფერი დაშავდებოდა ეს ზრდასრული ადამიანის გაცნობიერებული არჩევანი რომ ყოფილიყო. თუმცა, კამერების წინ უხერხულად მჯდომი ბავშვის შემხედვარეს, აზრად ყველაზე ბოლოს გაცნობიერებული არჩევანი თუ მოგივიდოდა.

“არ მოსწონს, როდესაც ყურადღების ცენტრშია, ურჩევნია იყოს თავისთვის, წყნარად მშვიდად, აკეთოს ის, თვითონ რაც მოსწონს და უყვარს. რომ ვთქვა, რომ ხალხის ყურადღება მოსწონს და სარგებლობს ამით ნამდვილად არ არის” - ამბობდა კამერის წინ მჯდომი მამა და კალთაში მჯდომ შვილს სიმშვიდისაკენ მოუწოდებდა. მიუხედავად იმისა, რომ “ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მოსწონს", ის მაინც იქცა საყოველთაო ინეტერესის ობიექტად.

ლომის წილი ბავშვების საზოგადოებისთვის სასაცილო ფორმით წარმოდგენაში, მედიასაც აქვს. ალბათ, ყველამ ვიცით გადაცემები, სადაც ბავშვებს მათი ასაკის შეუფერებელი სიტყვების, მოვლენების, თუ ფრაზების ახსნას ვთხოვთ, მათ პასუხებზე კი გულიანად ვიცინით, ისე, რომ მათ სურვილებზე არც კი ვფიქრობთ. პატარაა, საყვარელია, უხდება, მერე რა, ცოტას თუ გაგვართობს, გავიცინებთ და მორჩა… ეს ყველაფერი ერთ წრეზე ტრიალებს, ბავშვები დაცინვის, ან საყოველთაო მხიარულების ობიექტი ან ჯერ ინტერნეტ სივრცეში ხდებიან და მათი ცხოვრებით ტრადიცული მედია შემდეგ ინტერესდება, ან პირიქით, მედიის მიერ მომზადებული გამოკითხვა, ან ბავშვის მონაწილეობით მომზადებული გადაცემახდება ინსპირაცია სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის.

ჩვენ, უფროსებს მოგვეწონება, გაცნობიერებული სურვილის გარეშე, საყოველთაო ყურადღების ცენტრში ჩვენივე ლოყების, ან ჩვენ მიერ სხვებისთვის სასაცილოდ განმარტებული უცხო სიტყვების გამო რომ მოვხვდეთ?

ალბათ, ამგვარ სიტუაციაში აღმოჩენილ ბევრ ბავშვს ეგზიუპერის პატარა უფლისწულივით, არაერთხელ უფიქრია და არ უთქვამს, ან უთქვამს და ჩვენ ვერ გაგვიგია - “მაგრამ დიდები ვერასდროს მიხვდებიან…”

მასალა მომზადებულია UNICEF- ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - "ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში". პუბლიკაციაში გამოხატული მოსაზრებანი ეკუთვნის ავტორს და არ ასახავს გაეროს ბავშვთა ფონდის ოფიციალურ თვალსაზრისს .
კატეგორია - ბლოგი
პირველი ქართული ჩატბოტი, რომელიც ჟურნალისტური ამბის თხრობისთვის შეიქმნა, უკვე ერთი კვირისაა.

შეიძლება, ეს წინადადება ჯერ ბევრს არაფერს გეუბნებათ, მაგრამ ალბათ ერთი ან, მაქსიმუმ ორი წელია საჭირო, ვიდრე ჩატბოტები ახალი ამბების გავრცელების ჩვეულებრივი საშუალება გახდება.

როგორ მოვედით აქამდე?

2011 წელს ერთმა ჩემმა მეგობარმა მაჩვენა Los Angeles Times-ის პროექტი. შავ-თეთრი ფოტო/ვიდეო კადრებით 6 თუ 7 წუთში მოთხრობილი ამბავი, რომელსაც ფონად მთხრობელის ხმის ნაცვლად, წარწერები, ამბის გმირების საუბარი და გარემოს ხმაური მიჰყვებოდა.

ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა მულტიმედიასთან - საინტერესო, ჩემთვის მანამდე უცნობი ფორმით მოთხრობილი ამბავი.

ფორმა მომეწონა. გადავწყვიტე, მსგავსი რამ გამეკეთებინა. ფანტასტიკური გამოვიდა-მეთქი, რომ გითხრათ, მოვიტყუები, მაგრამ პირველი ჯერისთვის ცუდიც არ იყო. ეს იყო ექსპერიმენტული თხრობის ჩემი პირველი გამოცდილება.

მულტიმედია, ტრანსმედია, ან ქროს-მედია არის თხრობის ისეთი ფორმა, რომელიც იყენებს მედიის ტრადიციულ ელემენტებს (ტექსტს, ფოტოს, ვიდეოს, ხმას, გრაფიკას) და კრავს მას „არატრადიციული ფორმით - ამბის ასეთი გადმოცემის სტილი ინტერნეტის განვითარებამ მოიტანა და ის ორიათასიანების ბოლოს არათუ საქართველოში, მთელ მსოფლიოში ახალი ხილი იყო.

მართალია, ჩვენ ამ გზას 2-3 წლის დაგვიანებით გავყევით, მაგრამ მთავარია, დავიწყეთ. დაახლოებით მაშინ, როდესაც ჩვენ მულტიმედიის ათვისება ნელ-ნელა დავიწყეთ, მოხდა ისეთი რამ, რამაც ჩემი აზრით, ინტერნეტში ამბის თხრობის მეთოდები შეცვალა. 2012 წელს ფეისბუქის აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობამ მილიარდს გადააჭარბა. ეს კი იმ დროისათვის მსოფლიოში ინტერნეტის მომხმარებელთა თითქმის ნახევარი იყო. შესაბამისად, სხვადასხვა მედიამ უფრო და უფრო აქტიურად დაიწყო მისი, როგორც ამბის გამავრცელებელი პლატფორმის ათვისება. ამ პროცესში თხრობის ფორმები დაიხვეწა, განახლდა, ჩანაცვლდა... ზოგი საერთოდ მოკვდა.

ერთმანეთს დაემატა ინტერაქტიული თუ სწორხაზოვანი თაიმლაინები, ინფოგრაფიკა, ე.წ. Social ვიდეოები ( სოციალურ ქსელებზე გათვლილი მოკლე მასალა)... შემდეგ New York Times-მა გამოაქვეყნა ცნობილი სტატია, Snow Fall, რომელმაც კიდევ ერთი ახალი სტილი, ე.წ. Scrollytelling დაამკვიდრა.

ძალიან მოკლე დროში თხრობის ძალიან ბევრი ფორმა გაჩნდა. იმდენად ბევრი და საინტერესო, რომ ერთი შეხედვით, ძალიან გართულდა მათ შორის არჩევანის გაკეთება. თუმცა გამოცდილმა მედიასაშუალებებმა ერთი რამ ისწავლეს: ყველა ამბავს თხრობის სხვადასხვა ფორმა სჭირდება და პირიქით, ერთი და იმავე მედიუმით ყველა ამბის თხრობა შეცდომაა.

მარტივად რომ ვთქვათ, ზოგ ამბავს ვიზუალი სჭრირდება, ზოგს - ინტერაქტიულობა, ზოგისთვისაც სამწინადადებიანი ტექსტიც საკმარისია.

სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ ეს დაუწერელი წესი მაინცდამაინც კარგად აითვისა ქართულმა მედიამ (ყოველ შემთხვევაში, მისმა დიდმა ნაწილმა). მიზეზი ალბათ ისაა, რომ ჩვენთან ეს ყველაფერ ჯერ ერთი, მოგვიანებით შემოვიდა და მეორე, მასალა იმდენად დიდი და მაცდური იყო, რა თქმა უნდა, მოვინდომეთ ყველაფრის ერთბაშად ათვისება.

შემდეგ კი მივიღეთ ის, რომ თხრობის ესა თუ ის ახალი ფორმა რაღაც დროს, სულ რამდენიმე თვით მთელ მედიას მოედებოდა, შემდეგ კი მას ყველა ივიწყებდა. საბოლოოდ კი მაინც სიტყვა „მულტიმედიას“ ვუბრუნდებოდით და ყველა მასალას ამ სახელის ქვეშ ვფუთავდით. არადა ეს ტერმინი, უკვე კარგახანია წარსულს ჩაბარდა.

2011 წელს ერთ-ერთმა (თუ არა ყველაზე) პრესტიჟულმა ჯილდომ ფოტოჟურნალისტიკაში, World Press Photo-მ ახალი მიმართულება დაამატა, ჯილდო მულტიმედიაში. დღეს კი მის ვებგვერდზე რომ შეხვიდეთ, სიტყვა „მულტიმედიას“ ვეღარსად ნახავთ. მან სულ რამდენიმე წელს გაძლო და საბოლოოდ ჩანაცვლდა ტერმინით, Digital Storytelling - ანუ ციფრული თხრობა.

მოკვდა თუ არა მულტიმედია? რა თქმა უნდა, არა. ბოლოს და ბოლოს, მულტიმედია პირდაპირ თარგმანში „სხვადასხვა მედიას (უფრო მედიუმს), ან „ბევრ მედიუმს“ ნიშნავს. ის უბრალოდ თავის თავდაპირველ მნიშვნელობას დაუბრუნდა და გაჩნდა ახალი ტერმინი, ციფრული თხრობა, რომელმაც ბევრად უფრო ფართო გაგება შეიძინა.

ციფრული თხრობა აღარ ნიშნავს უბრალოდ რამდენიმე მედიუმის ერთმანეთში შერევას. მეტიც, ეს აუცილებელიც აღარაა. მისი ერთადერთი მთავარი წესია, ამბავი იყოს საინტერესო და გასაგები იმ ციფრული აუდიტორიისთვის, ვისაც უყვები.

აქ მთავარი სწორედ აუდიტორიის განსაზღვრაა, რაც ყველაზე რთულია.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, 2012 წელს ფეისბუქის მომხმარებელთა რაოდენობა ინტერნეტის მომხმარებელთა თითქმის ნახევარს გაუტოლდა. ეს კი ბევრ რამეზე აისახა. ფეისბუქმა იმავე წელს იყიდა ინსტაგრამი - პლატფორმა, რომელზეც მანამდე მხოლოდ ფოტოების გამოქვეყნება შეგეძლოთ. ერთი წლის შემდეგ კი მას ვიდეო დაემატა. ამის შემდეგ თუ ფეისბუქის განვითარების ისტორიას თვალს გადაავლებთ, ნახავთ, რომ საკმაოდ დიდი რესურსი დაეთმო ახალი ამბების გავრცელების საშუალებების განვითარებას. ფეისბუქის განვითარებასთან ერთად კი რა თქმა უნდა, ვითარდებოდა სხვა პლატფორმები, როგორიცაა Youtube, Twitter, Snapchat და ა.შ.

ამის მიზეზი კი უმთავრესად მობილური მოწყობილობების (ტელეფონების, ტაბლეტების) სწრაფი განვითარება და მობილური ინტერნეტის აჩქარება იყო. საბოლოოდ კი ზემოთ ჩამოთვლილი და კიდევ სხვა ბევრი აპლიკაცია „მეგობრებთან კომუნიკაციის საშუალებიდან“ ნელ-ნელა გადაიქცა ახალი ამბების გამავრცელებელ ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ.

და რაც მთავარია, ყველა ამ პლატფორმას ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მომხმარებელი ჰყავს.

საბოლოოდ კი, თუკი ადრე ვამბობდით, ტელევიზიამ გაზეთები მოკლა, ვებ გვერდებმა კი ტელევიზიაო, ახალ თამამად შეგიძლიათ დასძინოთ, რომ სოციალური ქსელებიც ნელ-ნელა ახრჩობს ტრადიციულ ვებგვერდებს.

პრინციპი - „მოიზიდე აუდიტორია“ შეიცვალა პრინციპით - „მიდი აუდიტორიასთან“. არადა, გაიხსენეთ, სულ რამდენიმე წლის წინ მედიასაშუალებებს ფეისბუქ გვერდები მხოლოდ იმისთვის ჰქონდათ, რომ იქიდან აუდიტორია თავიანთ მთავარ ვებგვერდებზე მიეზიდათ.

ზოგიერთმა მედიასაშუალებამ დღემდე ვერ გაიაზრა, რომ ეს სტრატეგია არ მოქმედებს, თუმცა ბევრს თუ დააკვირდებით, ისინი მასალას საგანგებოდ ფეისბუქისთვის ქმნიან და აუდიტორიასაც ფეისბუქისვე სტატისტიკით ითვლიან.

თუ ადრე გვქონდა გამზადებული რეცეპტი, როგორი უნდა იყოს გაზეთში, ტელევიზიის ეთერში თუ ინტერნეტში გასული მასალა, დღეს გვაქვს მხოლოდ ერთი წესი. მთავარია, იყოს მიმზიდველი და საინტერესო (როგორც თხრობის, ისე შეფუთვის მხრივ) - დანარჩენი კი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

(მე, პირადად, დავამატებდი, რომ თხრობის ფორმამ არ უნდა შეიწიროს ჟურნალისტიკის ფუნდამენტური პრინციპები და კარგი მთხრობელები ამას იოლად ახერხებენ).

რა არის მომავალი?

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ინტერნეტში „ტრენდული“ თხრობის ფორმები უფრო და უფრო ცოტა ხანს ძლებენ. ყველაზე გამძლე საბოლოოდ Facebook-ის მიერ დამკვიდებული „Social Videos” აღმოჩნდა, რომელიც 2 წელია, აქტუალობას და, შესაბამისად, აუდიტორიას არ კარგავს, მაგრამ მისი ფორმაც ნელ-ნელა იცვლება (ნახეთ მაგალითი).

ჩემი ვარაუდი ასეთია: მედიის მომავალი მესენჯერებშია (და აქ მხოლოდ Facebook Messenger-ს არ ვგულისხმობ). თავად განსაჯეთ: მას შემდეგ, რაც Facebook-მა Messenger-ი დამოუკიდებელ აპლიკაციად აქცია, კომპანია უფრო და უფრო დიდ რესურს ხარჯავს მისი ახალი ფუნქციებით დატვირთვაზე. რამდენიმე დღის წინ მომივიდა Facebook-ის შეტყობინება, რომ დღეიდან უკვე შემიძლია ჩემი გვერდის რეკლამები არამარტო თაიმლაინზე, არამედ მესენჯერშიც გავუშვა.

Facebook-ის მაგალითით იმიტომ ვმსჯელობ, რომ ასე თუ ისე, მთავარი სიტყვა მაინც მათზეა (პრინციპში, მათ ხომ ყველაფერი იყიდეს, რაც კი წინ დაუდგათ).

დაბოლოს, უფრო და უფრო მეტად ვითარდება ჩატბოტები. ეს არის ხელოვნური ინტელექტის საკმაოდ პრიმიტიული, მაგრამ საინტერესო ვერსია, რომელიც მესენჯერში თქვენს კითხვებს პასუხობს. ამ კითხვებზე პასუხი კი, რა თქმა უნდა, მას შემქმნელმა უნდა „ასწავლოს“.

ამ ჩატბოტების გამოყენება მეტ-ნაკლები წარმატებით უკვე დაიწყებს ბიზნეს-კომპანიებმა და ზოგიერთმა ორგანიზაციამ. თუმცა როგორც ჟურნალისტური ამბის გავრცელების საშუალება ის ჯერ არავის გამოუყენებია. ყოველ შემთხვევაში, ევაჯუნიორამდე (ასე დავარქვით ჩვენს პირველ მედია ჩატბოტს).

ის ასე შეიქმნა: ჟურნალისტების გუნდი ერთი თვის განმავლობაში ვმუშაობდით საქართველოში ნარჩენის მართვის თემაზე. გადავიღეთ სამი ვიდეო-სიუჟეტი (თუ გაინტერესებთ, ნახეთ აქ ან მოძებნეთ მესენჯერში MyAngle ჩატბოტი და ის გაჩვენებთ), უამრავი ფოტო, რაც, რა თქმა უნდა, ტექსტით არის შეკრული.

საბოლოოდ კი, როდესაც მასალა მზად იყო, ეს ყველაფერი ვასწავლეთ ჩატბოტს. მართალია, ის ჯერ ვერაა ისეთი დახვეწილი და ყველა კითხვას ვერ იგებს, თუმცა მისი პრინციპიც ეგ არის - ისწავლოს თავისივე პასუხგაუცემელი კითხვებით. რაც მეტი ადამიანი მეტ კითხვას უსვამს, ის უფრო და უფრო ჭკვიანდება.

მართალია, ვვარაუდობ, რომ ერთ-ორ წელიწადში ჩატბოტების გამოყენებას უფრო და უფრო მეტი მედია დაიწყებს (თან ამ დროისთვის ხელოვნური ინტელექტიც ალბათ ბევრად დაიხვეწება), მაგრამ დანამდვილებით მაინც ვერაფერს ვიტყვი. ინტერნეტში თხრობის ფორმები სწრაფად იცვლება. ერთი რამ კი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: ცდად ღირს.
კატეგორია - ბლოგი
„თუ ნამდვილად გსურთ რამის გაკეთება, გზასაც იპოვით. თუ არა და, იპოვით მიზეზს!" - ახლა ჯიმ რონის ამ სიტყვებით თუ შეიძლება აიხსნას სურვილი, რომლითაც ტელეკომპანია „იმედი“ დროებით აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების მომზადებას. არგუმენტად კი ასახელებს სურვილს, შეცვალოს არსებული გადაცემების ფორმატი და შეიმუშაოს თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც მაუყურებელი 2016 წლიდან იხილავს.

სწორედ ასეთი მარტივი, რამდენიმე აბზაციანი განცხადებით დახურა კერძო არხმა ორი გადაცემა - ინგა გრიგოლიას “რეაქცია” და “იმედის კვირა”. ზუსტად ვერავინ იტყვის, რისი გაკეთება სურდა ან არ სურდა ტელევიზიას, რომლის კურსი და გემოვნება დაარსების დღიდან განხილვის საგანია, თუმცა არსებობს რამდენიმე საეჭვო გარემოება:

1. ცვლილება ახალი სეზონის წინ - ვფიქრობ, კერძო მაუწყებლის სურვილები- შეცვალოს გადაცემების ფორმატი, გადაღებოს სტუდია, განაახლოს კოსტიუმები ... თითქმის იდენტურია, თუ ეს გეგმაზომიერად და ლოგიკურად ხორციელდება. „იმედის“ შემთხვევაში კი ცვლილების საჭიროება ახალი სეზონის დაწყებამდე მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე დაინახა გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა;

2. განცხადების ტექსტი - დაწესებულებამ, რომელსაც ყველაზე აქტიური შეხება აქვს გამართულ ვერბალურ გამოხატვასთან და გრამატიკის წესებთან, ასევე ლოგიკასთან და დასაბუთებასთან, მხოლოდ რამდენიმე აბზაცში ნაჩქარევი და „გაკრული ხელით დაწერილი გრამატიკით“ გამოაცხადა ცვლილება;

3. ჟურნალისტების წინასწარი ინფორმირება და ეჭვები - აღნიშნული გადაცემების მომზადებაში ჩართული პირები - პროდიუსერები და ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი ბრუნდებოდნენ შვებულებიდან და აპირებდნენ ჩვეული სამუშაო რეჟიმის გაგრძელებას. უფრო მეტიც, მათ გაავრცელეს ერთობლივი გამოხმაურება, სადაც საეჭვოდ მიაჩნიათ, რომ არხის მესვეურებს თავად მიეღოთ გადაწყვეტილება რეიტინგული და კომერციულად მომგებიანი გადაცემების გაუქმების თაობაზე. გამოთქვამენ ვარაუდს, თითქოს ეს არის პოლიტიკური ხასიათის ნაბიჯი, დაკავშირებული ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის უკმაყოფილო დამოკიდებულებასთან;

4. უცნაური პოლიტიკური შეფასებები - მოქმედი პოლიტიკოსები გადაცემების დახურვის მიზეზად არხის არაობიექტურობას (გოგი თოფაძე) ან მაუწყებლის ირგვლივ ინტრიგისა და შეხლა-შემოხლის შენარჩუნებას ასახელებენ (გიორგი ვოლსკი);

5. მოახლოებული წინასაარჩევნო პერიოდის გაშუქების გარდაუვალობა - „იმედი“ ეროვნული მაუწყებელია და მას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი (მუხლი 55), ასევე „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი (მუხლი 50 და მუხლი 51) აკისრებს ვალდებულებას გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. ამასთან არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში. ამდენად, ტელეკომპანია, თუ არა ავტორიზაციის შეჩერება ან სამაუწყებლო ფორმატის შეცვლა, სხვაგვარად საარჩევნო საკითხების გაშუქებას თავს ვერ აარიდებს. წინასაარჩევნო პერიოდი 50 დღიანია ტელევიზიისათვის. ეს კი მოსახლეობის ინფორმირებულობისათვის ძალიან მცირე დროა. ამიტომ ჩნდება ახალი კითხვა - აპირებს თუ არა კერძო ტელეკომპანია გააგრძელოს მაუწყებლობა არჩეული კურსით ან აპირებს თუ არა მუშაობის გაგრძელებას საერთოდ?

6. „იმედის“ და პოლიტიკური ინტერესების კვეთა - ქართულ მედიაში წინა ხელისუფლების მიერ მედიის საქმიანობაში ჩარევა ყველაზე უხეში ფორმით სწორედ „იმედთან“ დაკავშირებით 2007 წლის ნოემბერში განხორციელდა. მას შემდეგ ტელეკომპანიას არ შეუცვლია არც გავრცელების არეალი და არც მაყურებლების ნაკლებობას განიცდის, შესაბამისად, არც პოლიტიკოსების ინტერესები უნდა შემცირებულიყო მისი კონტენტის მიმართ.

საგულისხმოა, რომ მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, კერძო მაუწყებლის მფლობელები თავიანთი გადაწყვეტილების თაობაზე ღიად არ საუბრობენ მედიასთან. ამიტომ დღეს კითხვაზე - რისი გაკეთება სურდა ზოგადად „იმედს“ - პასუხის მიღება მათსავე ვებგვერდზეც შეიძლება - „ითვალისწინებს რა დღევანდელობის მოთხოვნებს, მოვლენების დინამიკურ განვითარებასა და საზოგადოების დაკვეთას, "ტელეიმედი" მუდმივი განახლებისა და ძიების პროცესშია.“ - მითითებულია არხის შესახებ ინფორმაციაში. ამ ჩანაწერით აღმოჩნდა, რომ არხის მფლობელების გადაწყვეტილება არხის პოლიტიკის წინააღმდეგაცაა, რადგან საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დახურვა არ ითვალისწინებს დღევანდელობის მოთხოვნებს, არ ეხმაურება საზოგადოების დაკვეთას და ეს ყველაფერი არ ტოვებს განახლების და ძიების შთაბეჭდილებას.

სამწუხაროდ, მედიამფლობელებმა საქართველოში ძალიან ბევრჯერ დაივიწყეს მარტივი ჭეშმარიტება, რომ მედია ბიზნესის ყველაზე საპასუხისმგებლო ფორმაა. ის, როგორც უნიკალური მექანიზმი, უზრუნველყოფს დემოკრატიის სიცოცხლისუნარიანობას გამოხატვის თავისუფლების მეშვეობით. იქნებ ამიტომაცაა, რომ მედიის საქმიანობაში საეჭვო გარემოებების ერთობლიობას პირველ რიგში პოლიტიკური გავლენებისაკენ მივყავართ ხოლმე. ბუნებრივია, რომ იდენტური ვარაუდები ჩნდება „იმედის“ ახალი გეგმების მიმართაც.

ამ საქმეში უმიზეზობაც მიზეზია
კატეგორია - ბლოგი
ყველაზე მარტივი პასუხი ამ კითხვაზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას აქვს. ქარტიის მე-7 პრინციპი ამბობს:

ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე: ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

ხშირად, ჟურნალისტები თავს იმართლებენ, რომ ბალანსის დაცვისთვის მეორე მხარე სჭირდებათ. სწორედ აქ არის პრობლემა - ძალადობის და დისკრიმინაციის მომხრე ვერასოდეს იქნება საზოგადოებრივი დისკუსიის პროცესში მეორე ლეგიტიმური მხარე. ტექნიკური ბალანსი არ არის პროფესიული სტანდარტი. მაგალითად, როცა ქალს სახის გამოჩენისთვის ქვებით ქოლავენ, ქმართან გაშორებისთვის სახეს მჟავით უწვავენ, გაუპატიურებით ემუქრებიან, მოძალადეები ვერ იქნებიან ამ თემაზე საჯარო დისკუსიის ლეგიტიმური მონაწილენი. მედიამ საზოგადოების ინფორმირებას უნდა შეუწყოს ხელი იმისათვის, რომ მოქალაქეებმა მეტი გაიგონ კონკრეტული საკითხების შესახებ და შემდეგ, სწორი არჩევანი გააკეთონ. მარტივად, სიკეთე და ბოროტება, სიყვარული და სიძულვილი, მტერი და მოკეთე გაარჩიონ ერთმანეთისგან.

როცა ეთერში ისმის ქსენოფობია - განსხვავებულის მიმართ სიძულვილი, ჟურნალისტი ვალდებულია, რომ რესპონდენტი გააჩეროს და არ დაუშვას სიძულვილის ფრქვევა. ფაქტებით გამყარებული ინფორმაციით და საკითხის ცოდნით დაიცვას ადამიანები უმრავლესობის, იქნება ეს ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური, ტერორისგან.

კომუნიკაციის თეორეტიკოსი, მედიის კრიტიკოსი და კოლუმბიის პროფესორი ჯეიმს ქერი წერდა, რომ მედია არ არის საზოგადოების მხოლოდ ამსახველი, ის ქმნის კიდეც საზოგადოებას, საზოგადოების საერთო და მნიშვნელოვან ღირებულებებსა და კონტექსტებს. მედია საზოგადოებრივი დისკუსიის, უფრო სწორად სამოქალაქო საჯარო დისკუსიის მონაწილეა. სამოქალაქო სივრცისთვის კი ქსენოფობია სრულიად მიუღებელი და დაუშვებელი მოვლენაა. სამოქალაქო სივრცისთვის სწორედ საერთო საჯარო სიკეთეა მნიშვნელოვანი.

მედიის სოციოლოგი, მრავალი წიგნის ავტორი ახალი ამბების სოციოლოგიასა და ინფორმაციის გავლენაზე მაიკლ შადსონი წერს, რომ მედია მშრალად არ უნდა აშუქებდეს მოვლენებს და უნდა ეცადოს, რომ ყურადღება მიაქციოს გასაშუქებელი საკითხის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და სხვა კონტექსტებს, რაც საზოგადოებას ამ მოვლენის არსში უკეთ გარკვევაში დაეხმარება.

პროფესიული მედიის როლი უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ აღწეროს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ქმედება, მაგალითად ქსენოფობთა მარში, არამედ ახსნას რა არის მარშის მხარდამჭერთა მოტივაცია, აჩვენოს მარშის სრული კონტექსტი და მნიშვნელობა ჩვენი მულტიკულტურული, მრავალეთნიკური საზოგადოებისთვის. კულტურის ისტორიკოსები წერენ, რომ მთავარია აჩვენონ არა მხოლოდ მოქმედება, არამედ ისიც, რა მნიშვნელობა, მიზეზები და შედეგები შეიძლება ჰქონდეს ამ მოქმედებას. მოახდინოს მისი მენტალური, ემოციური, კონცეპტუალური დეკონსტრუქცია. ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ აღწერა, რაც ჟურნალისტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, არამედ ფართო კონტექსტის ჩვენება, ერთი შეხედვით დაფარული მნიშვნელობებისა და სიმბოლოების ახსნა. მედიის მიზანია იმ მსოფლმხედველობის დეკონსტრუქცია, რომელიც რესპონდენტს ამოძრავებს. სწორედ ამიტომაა უმნიშვნელოვანესი მოვლენის, საკითხის სახელდება - ეთნიკურად არაქართველი ადამიანების მიმართ სიძულვილის მობილიზება ვერ იქნება ქართველთა მარში, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორებს ასე უნდათ პოზიციონირება და პატრიოტიზმით სპეკულაცია. მედიამ უნდა დაარქვას მოვლენებს სახელი, თქვას, რომ ეს ქსენოფობთა მარშია, რომელსაც თავად ორგანიზატორები ქართველთა მარშს უწოდებენ.

თუ საკითხის მშრალად გაშუქება და ტექნიკური ბალანსი ხელს უშლის მოვლენის არსის გაგებას, ე.ი. მედია ვერ ასრულებს მთავარ ფუნქციას - სიმართლე მოუყვეს საზოგადოებას.

მოვლენების მიუკერძოებელი გაშუქება არ ნიშნავს სიმართლის დაკარგვას. მოვლენების არსის ანუ სიმართლის ჩვენება კი გამორიცხავს სხვაზე მოძალადეების ლეგიტიმურ მხარედ აღიარებას და საზოგადოებრივი სიკეთისთვის უმნიშვნელოვანესი ხარისხიანი დისკუსიის იაფფასიან, მყვირალა ცირკად ქცევას.