ბლოგი
კატეგორია - ბლოგი
,,ცენზურა აკრძალულიაო!” - უპასუხა კომუნიკაციების კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაციებს. კომისიამ NGO -ებს შეახსენა, რომ ,,მაუწყებელი სარედაქციო დამოუიდებლობით სარგებლობს და კონსტიტუციითა და მოქმედი კანონმდებლობით გარანტირებულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება”. პირიქით რომ ყოფილიყო და ამ ტექსტით არასამთავრბოებს გაეცათ პასუხი მაუწყებელთა მარეგულირებელი კომისიისთვის, ეთქვათ, რომ მაუწყებლის შინაარსზე თავად მაუწყებელი აგებს პასუხს და ,,მოქმედი სამართლებრივი ნორმებით მაუწყებლის საქმიანობის შინაარსობრივი რეგულაციების შეუსრულებლობა არ შეიძლება კომისიის, მეტიც, სასამართლოს მსჯელობის საგანი გახდეს” - არც არაფერი იქნებოდა გასაკვირი. (არადა ეს მედიის გულშემატკივრებს, მათ შორის ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, კარგად ახსოვდათ მოსამართლე ურთმელიძის მიერ რუსთავი 2-ის შინაარსზე დაუშვებელი მსჯელობისას).

კომუნიკაციების კომისიასა და არასამთავრობეობს შორის ადგილები გაიცვალა, რაც უკვე მოასწავებს საფრთხეს.

სამმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ ,,კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას” 8 სექტემბერს მიმართა და მოუწოდა, შეესწავლა ,,თუ რამდენად შეესაბამება ტელეკომპანია GDS -ის ქმედება წინასაარჩევნო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობისა და ,,საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსით” დადგენილ სტანდარტებს” და დარღვევის არსებობის შემთხვევაში, მიეღო ,,შესაბამისი ზომები”.

,,შესაბამისი ზომები”?!

ქცევის კოდექსი თვითრეგულირების დოკუმენტია, რომელიც მაუწყებლობის კანონთან ერთად სამართლებრივ გარანტიებს ქმნის იმისას, რომ მედიის შინაარსზე თავად მედიამ იმსჯელოს და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში გამოსწორდეს. მაგრამ GYLA-მ TI-მ და ISFED - მა GDS -ის ნაცვლად მარეგულირებელ კომისიას მიმართეს.

კომისიამაც პასუხად გულმოდგინედ იმსჯელა GDS - ის პროგრამაზე, რომელიც ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს გადაიცემა და სადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს საქართველოს 10 რეგიონიდან ადგილობრივი ჟურნალისტები ხვდებიან. კომისიამ იმსჯელა ისე, თითქოს GDS -ის თვითრეგულირების ორგანო ყოფილიყო და განაცხადა, რომ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 23–ე მუხლის მე–9 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

ეს მუხლი წინასაარჩვენო პროცესში მაუწყებლის მიუკერძოებელი გაშუქების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო მოხელეების საქმიანობის ასახვისას, განსაკუთრებული სიფრთხილის რეკომენდაციას იძლევა.

,,რაც შეეხება „პარტიის სასარგებლოდ აგიტაციას“, აღვნიშნავთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში აგატიციის ნიშნებით ხასიათდება არა მხოლოდ საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროგრამები, არამედ გასართობი და იუმორისტული გადაცემები, მხატვრული თუ ანიმაციური ფილმები და სხვა.“ - ასე უპასუხა კომისიამ არასამთავრობოთა მიერ GDS -ს პროგრამის ანონსის აგიტაციად მიჩნევას.

არასათავრობოებმა GDS -ის გადაცემის ანონსში ქართული ოცნების საარჩევნო ნომრის გამოჩენაზე მიუთითეს, მარეგულირებელმა კი პასუხად შეგვახსენა, რომ ამ და სხვა მაუწყებელთა პროგრამების ანონსებში ჩვენ უხვად ვხვდებით ყოფილ პრეზიდენტებს, მინისტრებს, ჩინოვნიკებს, საარჩევნო სიმბოლოების ფრიალთან ერთად და ასეთი ანონსები, თავის გასართობ-შემეცნებით-ინფორმაციული პროგრამებიანად აგიტაციად რომ მიიჩნიო, ყველა მაუწყებელი დასახური გახდება. ,,ცენზურა კი დაუშვებელიაო”.

მთელი ამ მიმართვა-პასუხის პროცესში ჯერ არასამთავრობოებმა, შემდეგ კი კომისიამ ძალა არ დააკლო თვითრეგულირების მექანიზმის არაეფექტურობის ხაზგასმას, რაც შემდეგი მითითებით დაგვირგვინდა: - ,,მაუწყებლობის შინაარსობრივი რეგულირების საკითხი განსაკუთრებული სიფრთხილის საგანია, მით უფრო, რომ შინაარსობრივი რეგულირების საკანონმდებლო ჩარჩო, პრაქტიკულად, არ არსებობს”.

,,მედიის შინაარსობრივი რეგულირების საკანონმდებლო ჩარჩოო!”

,,არ არსებობსო”!

,,პრაქტიკულადო”!

თვითრეგულირება თავისუფლების დამხმარეა, ქათული მედია ცდილობს თვითდარეგულირდეს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ამის კარგი მაგალითია, ახლახანს მაუწყებელთა თვითრეგულირების ორგანოებში მიმართვის გამარტივებისთვის რეგიონულმა ტელევიზიებმაც საკუთარი სურვილით გაუშვეს საერთო პორტალი. როცა შეცდომას უშვებს, ქართული პასუხისმგებლობის მქონე მედია ბოდიშს იხდის და ასწორებს გადაცდომას (მაგალითები შეგიძლიათ ქარტიის გვერდზე განხილულ საქმეებში ნახოთ), რაც მათივე სიძლიერის მაჩვენებელია და არა სისუსტის.

არასამთავრობოებს და კომისიასაც შეუძლიათ თვითდარეგულირდნენ, აღიარონ რომ შეეშალათ ამ მიმართვა-პასუხისას, სანამ მედიის ,,შინაარსობრივი რეგულირების საკანონმდებლო ჩარჩოს” შექმნამდე მივიდოდეს საქმე “პრაქტიკულად”.

არა და რა საინტერესო და სასარგებლოც იქნებოდა, გვენახა GDS -ის თვითრეგულირების ორგანოს მსჯელობა სადავო პროგრამის მაუწყებელთა ქცევის კოდექსთან შესაბამისობაზე.
კატეგორია - ბლოგი
...რატომ არიან თანახმა კერძო მაუწყებლები მინიმალური კონტრიბუციით ჩაერთოს საზოგადოებრივი მაუწყებელი?

- ...მე ვსაუბრობ კერძო მაუწყებლების მოტივაციაზე...

- ...თქვენ ხედავთ თუ არა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის საშიშროებას?

- ...ბატონო სულხან, თუ პრინციპულად მიუღებელია, ჩვენ შეგვიძლია ეს გადაწყვეტილება ახლა მივიღოთ...

- ...რატომ მოიტანეთ ივლისის ბოლომდე ეს ამბავი?

- ...თუ განიხილავდით ვარიანტს რომ საერთოდ არ ჩაეტარებინა?

- ...არ განვიხილავდით, რადგან საზოგადოებრივ მაუწყებელს 8 საათიდან სჭირდება სატელევიზიო პროდუქტი...

- ...ეგზიტპოლი არის ჩვეულებრივი სატელევიზიო შოუ...

- ...ეს ორასი ათასი ლარი შეგვიძლია გამოვიყენოთ არჩევნების მიზნებისთვის, თუ ეგზიტპოლს არ ჩავატარებთ. გთავაზობთ, არჩევნების დღეს გავაკეთოთ კარგი ღონისძიება ან ღონისძიებების ციკლი. ჩვენ ვერავინ აგვიკრძალავს იმას, რომ ამ და სხვა ეგზიტპოლის შედეგები საინფორმაციო გამოშვებებში განვაცხადოთ. ჩვენ არჩევნების დღეს ისეთი პროდუქტი შევქმნათ, რომელიც არც ერთ ტელევიზიას ექნება…

- ...კრიტერიუმებიც არ ვიცით რატომ შეირჩა...

- ...საზოგადოებრივი მაუწყებელი კერძო მაუწყებელთან ერთად არ უნდა ატარებდეს ეგზიტპოლს!

- ...საზოგადოების დაკვეთა არის ეგზიტპოლი ჩაატაროს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა? რამე ტიპის კომუნიკაცია იყო ამ თემაზე? ”

- ...არანაირი შოუსთვის! უბრალოდ იმისათვის, რომ ვიღაცას თავში არ დაარტყას, გაყალბებული ციფრი არ დაწეროს, საზოგადოება არ შეიყვანოს შეცდომაში...

- „... ჩვენ ორი წელზე მეტი აქ ვმუშაობთ და პოლიტიკური საკითხები თითქმის არ დამდგარა საბჭოს დღის წესრიგში. პრინციპში, ეს პირველი შემთხვევა არის, როდესაც ასე მკვეთრად არის გაყოფილი სამეურვეო საბჭო...ჩვენ აქ ვმოქმედებთ იმპერატიული მანდატის საფუძველზე, რომლებიც გვაძლევს ვალდებულებას და უფლებას განვსაჯოთ სიტუაცია იმისდამიხედვით, რაც ჩვენ მიგვაჩნია სწორი თუ არასწორი...თუმცა ჩვენ ვართ გარკვეული ელექტორატის წარმომადგენლები ყველა და ვმოქმედებთ იმ პოლიტიკური მოტივაციებიდან, რომლებიც მიგვაჩნია, რომ ჩვენს ელექტორატში არსებობს და რომელი გადაწყვეტილებაც უნდა იქნეს მიღებული...“

- “...არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ეგზიტპოლის ჩატარებით შეიძლება რეიტინგი დავკარგოთ, პირიქით, მაყურებელი შეიძლება შევიძინოთ კიდეც. ერთ მხარეს არის რუსთავი 2 და მისი ეგზიტპოლი, მეორე მხარეს - სამი ტელეკომპანია და მათი ეგზიტპოლი. მე, ჩემი პოლიტიკური, საზოგადოებრივი გამოცდილებით, რუსთავი 2-ის ეგზიტპოლს ცალსახად არ ვენდობი, იმ კომპანიის გამოცდილებიდან და რეპუტაციიდან გამომდინარე, ვენდობი თუ არა დანარჩენ სამ ტელევიზიასთან გაერთიანებას? მე გავეცანი ამ კომპანიაზე ინფორმაციას, გავერკვიე მეთოდოლოგიაში, მერაბ ფაჩულიას ვენდობი, იმ უცხოურ კომპანიას ვენდობი. საზოგადოებას სჭირდება არა მხარის ეგზიტპოლი, არამედ სანდო ეგზიტპოლი…

- ...მე მიმაჩნია რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მონაწილეობა ამ ეგზიტპოლში უნდა იყო გარანტი იმისა რომ მეტი კონტროლი იქნება რათა სანდოობა იყოს გარანტირებული...

- ...პირიქით, ეს ხალხის ფული უნდა გამოგვეყენებინა იმაში, რომ დამოუკიდელად ჩაგვეტარებინა ეგზიტპოლი...

- ...იმიტომ რომ შენ სხვა ხარ, აბსოლუტურად...

- ...სამწუხაროდ, იმ ვითარებაში, რომელშიაც ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, პოლიტიკურად ნეიტრალური გადაწყვეტილება არ არსებობს ელემენტარულად...

ეს ფრაზები სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 2016 წლის 07 სექტემბრის სხდომიდანაა, როდესაც სამეურვეო საბჭომ თანხმობა მისცა მაუწყებლის მენეჯმენტს ეგზიტპოლის ჩატარებისათვის გამოიყენოს 200 000 ლარი. ამ გადაწყვეტილების შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს, “იმედთან”, “მაესტროსთან” და “GDS”-თან ერთად, 2016 წლის საპარალმანეტო არჩევნებზე კომპანია “TNS” დაუკვეთოს ეგზიტპოლის ჩატარება. კონტრაქტის საერთო ღირებულება 937 635 ამერიკული დოლარია, ხოლო ამ თანხაში საზოგადოებრივი მაუწყებლის წილი - 200 ათასი ლარი.

თუ ციფრებს დავუჯერებთ - საზოგადოებრივი არხი ამ საქმეში სამოწყალოდ მონაწილეობს.

იკითხავთ ალბათ, ხდება კი რამე ისეთი, რამაც საზოგადოების ყურადღება უნდა მიიქციოს?

დაუფიქრებლად გიპასუხებდით - დიახ!

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი შექმნილია იმისთვის, რომ იყოს პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენისაგან თავისუფალი მედიაპლატფორმა ყველასთვის - შენთვის, ჩემთვის და სხვისთვის.

ამავე დროს ეს პლატფორმა თანაბრად უნდა ეიმედებოდეს ყველა კომერცულ პირს, რათა მისი ბიზნესი არავინ შეავიწროვოს და ამბის გავრცელების შანსი ჰქონდეს.

ეს პლატფორმა თანაბრად უნდა ეიმედებოდეს ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც მოუნდება ადამიანებამდე მიიტანოს სათქმელი. ამ ფორმატში თანაბრად უნდა შუქდებოდეს მთავრობაც და ოპოზიციაც.

ეს პლატფორმა უნდა ეიმედებოდეს გადასახადის გადამხდელ ყველა პირს, ვინც მისდაუნებურად ინახავს საზოგადოებრივ არხებს. ინახავს იმიტომ, რომ ერთ დღესაც კერძო არხების მფლობელებმა გართობა და შემეცნება თუ მიიჩნიეს პრიორიტეტად, იყოს საზოგადოებრივი არხები, როგორც საზოგადოებრივი დისკუსიების უცვლელი შესაძლებლობა.

რადგან ეს არხები ყველასია.

რადგან საზოგადოებრივ არხებს აქვთ მუშაობის სხვა რაკურსი.

ცნობილია, რომ ეგზიტპოლი ტარდება იმისთვის, რომ არჩევნების ხარისხმა მოიმატოს - მოიმატებს თუ არა არჩევნების ხარისხი საზოგადოებრივი არხის კონსორციუმში შესვლით?

დავფიქრდები და გეტყვით - არა!

დიდი ხანია ქართული მედიის მთავარი ნაკლი პოლიტიკური პოლუსირებაა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ წარმოებული კვლევები ამ მოსაზრებებს ადასტურებს. თითქმის ყველა კერძო არხისთვის დამახასიათებელია დაუფარავი პოლიტიკური განწყობები და რჩება ჯერ კიდევ არამდგრადი იმიჯის საზოგადოებრივი არხები, რომლებიც მაჩვენებლებს ნელ-ნელა და წვეთ-წვეთად იუმჯობესებენ.

და ეს გაუმჯობესება ხდება საზოგადოებრივი არხების თანამშრომლების არც თუ ისე დიდი ნაწილის ძალიან დიდი მონდომების ხარჯზე.

“იმედთან”, “მაესტროსთან” და “GDS”-თან ერთად საქმეების წამოებას უკვე დაერქვა „სამთავრობო კონსორციუმი“.

ალბათ, იკითხავთ აწყობს თუ არა ეს გაერთიანება მთავრობას?

ჩემი პასუხია - არა და არა!

რადგან წინასაარჩევნოდ ვერაფერს ისეთს არასწორს ვერ გააკეთებს მოქმედი მთავრობა, როგორც ეს მედიის მართვა ან ასეთი იარლიყის მიღებაა.

თუ მოქმედი ხელისუფლება გაიმარჯვებს არჩევნებში - მისი მოქმედებების მთავარ ნაკლად საზოგადოებრივი არხის მართვაც ჩაითვლება.

თუ მოქმედი ხელისუფლება დამარცხდება არჩევნებში - ერთ-ერთი მიზეზი, შეიძლება, საზოგადოებრივი არხის ჯიბეში ჩასმის მცდელობა გახდეს.

მოცემულობიდან გამომდინარე, თითქოს ეს დაკვეთა ხელისუფლებიდან არც უნდა მოდიოდეს.

მიუხედავად იმისა, რომ სამეურვეო საბჭოს ერთი წევრის ქალბატონი მარინა მუსხელიშვილის განმარტებით, მეურვეები ამართლებენ იმ ელექტორატის იმედებს, რომლებმაც წარმოადგინა.

საქმე ისაა, რომ მარინა მუსხელიშვილმა მხარი დაუჭირა ეგზიტპოლს, ირინა ფუტკარაძემ თავი შეიკავა. ეს ორი ადამიანი კი სახალხო დამცველმა წარადგინა სხვადასხვა დროს. ამდენად, შეუძლებელია, წარმომდგენ პირს თან უნდოდეს და თან არ უნდოდეს ეგზიტპოლის ამ ფორმატით ჩატარება.

თუ ეს ორი მეურვე თავს სხვა სეგმენტის ნაწილად მიიჩნევს - ეს უკვე სხვა საკითხია.

სამეურვეო საბჭოდან ეგზიტპოლის ჩატარების მხარდამჭერები ქართული ოცნების და აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები არიან ასევე, მოწინააღმდეგეები კი ენმ-ს მიერ დასახელებული ორი მეურვეა.

თუმცა ამ თემაზე გაგრძელება სხვა მიმართულებით წაგვიყვანს, რადგან მეურვეების პარტიულობა იმპიჩმენტის საფუძველიც კია.

ჩვენ კი მიზანშეწონილობის საკითხებს ვიკვლევთ.

კიდევ ერთი კითხვაა - აწყობს თუ არა ვინმეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელისუფლებასთან გარიგებული იყოს?

პასუხია -არა!

ამას მოწმობს თანამშრომელთა განწყობები, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ამ დრომდე გაკეთებული განცხადებები და გამოხმაურებები.

ახლა იმასაც ვიკითხავთ ყველა ერთად, სად არის გამოსავალი?

ჩემი აზრით, გამოსავალი იმაშია, რომ საზოგადოებრივი არხები თავად იქცნენ ეგზიტპოლებად. ყოველდღე შეაგროვონ და ასახონ ადამიანების მოლოდინები და საჭიროებები.

ასე უნდა ხდებოდეს ჩვეულებრივ სიტუაციაშიც და წინასაარჩევნოდაც.

ეს უნდა იყოს საზოგადოებრივი არხების სხვა რაკურსიც და განსხვავებული აქცენტიც.

და უკეთესია, მთელი რესურსი ამგვარი პოლიტიკის დანერგვას მოხმარდეს, მათ შორის, ყველაზე თემატურადაა გამზადებული 200 000 ლარიც.
კატეგორია - ბლოგი
2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 8 წელი გავიდა და ამ დრომდე, ქვეყნის 20% ოკუპირებულია, 250 000 ადამიანი კი - დევნილობაში ცხოვრობს. სწორედ ამიტომ, ბოლო ხუთი წელია საზოგადოების ინტერესი კონფლიქტის მიმართ, უცვლელია. მიუხედავად ამისა, ხშირად, უპასუხო კითხვების გამო, მედიისთვის არაკომფორტულია ამ თემაზე წერა.

კონფლიქტი, თავისი ავტორიტეტული ელფერით, გაშუქების საბაბს დამოუკიდებლად ქმნის, მაგრამ მნიშვნელოვანია, მედიამ გაშუქებისას საზოგადოების კონკრეტული მოლოდინი, კონფლიქტის სოციალურ - პოლიტიკური მახასიათებელი გააანალიზოს და გაითვალისწინოს. თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ დამოუკიდებლობის 25 წლის თავზეც ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ჩვენი ყოველდღიური პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია, დროა, მედიამ საზოგადოების მოლოდინის შექმნისას, კვლევები აქტიურად გამოიყენოს.

კითხვებზე პასუხისთვის საინტერესო მონაცემებს გვაძლევს NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევები. ბოლო ასეთი კვლევა 2016 წლის ივნისში განხორციელდა და მის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, 4,113 ინტერვიუ ჩატარდა, მათ შორის ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.

ამ კვლევაზე დაყრდნობით ვუპასუხოთ იმ სამ კითხვას, რაც შესაძლოა, თემის გაშუქებით დაინტერესებულ ჟურნალისტებს გაუჩნდეთ. ეს კითხვები მედიას კონფლიქტის სოციალურ - პოლიტიკური მახასიათებლის გაანალიზებაში დაეხმარება.

· კითხვა 1: რა ადგილი უჭირავს ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის პრობლემებში? უკეთ რომ ვთქვათ, მნიშვნელოვანია თუ არა ეს პრობლემა საზოგადოებისთვის ?

ბოლო ხუთი წელია, ტერიტორიული მთლიანობა ქვეყნის ყველაზე მნიშნელოვანი პრობლემების ხუთეულშია. ივნისის გამოკითხვებით, ის მესამეა სამუშაო ადგილების და სიღარიბის შემდეგ. ამავე დროს, ის განეკუთვნება საკითხთა იმ ჯგუფს, რომელიც თანაბრად აწუხებს ქალაქად თუ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას. განსხვავება არც ასაკობრივი კუთხით შეიმჩნევა, თუმცა კითხვებს აჩენს თემისადმი ინტერესი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. აქ მხოლოდ 7 % აღნიშნავს ამ თემის მნიშვნელობას, მაშინ როდესაც ქვეყნის სხვა ნაწილებში ეს რიცხვი 27% ნაკლები არაა.

რამ განაპირობა ასეთი სხვაობა? არის ეს განათლების პოლიტიკის თუ მედიაზე ნაკლები ხელმისაწვდომობის ბრალი ? აღნიშნული კითხვები მედიის საკვლევ ღია საკითხებად დავტოვოთ. კითხვა 2: რა შიდა თუ გარე ფაქტორები აყალიბებს საზოგადოების მოთხოვნებს კონფლიქტის გაშუქებაზე ? უკეთ რომ ვთქვათ, როდის უფრო ღელავს საზოგადოება კონფლიქტზე?

როგორც დიაგრამიდან ჩანს, ბოლო პერიოდში პირველი აღმასვლა 2013 წლის ნოემბრის გამოკითხვამ აჩვენა. ამ პერიოდში ჟენევის მოლაპარაკების 25-ე რაუნდია და აქტიურად განიხილება მისი ჩანაცვლება/გაუქმების საკითხი. გრიგორი კარასინმა განაცხადა: „ჟენევის დისკუსიების შეწყვეტის შესაძლებლობა სულ უფრო რეალური ხდება“ რასაც ახლდა შიდაკომენტარები, მათ შორის მინისტრის ორაზროვანი განცხადება: “ჟენევის მოლაპარაკების ფორმატის ცვლილება გამორიცხული არ არის“ და არსამთავრობოთა პასუხი: „ეს საფრთხის შემცველია“.

კონტექსტი - 20 წელი სოხუმის დაცემიდან, თავის კვალს ტოვებს, თუმცა მთავარი აქცენტი საგარეო ფაქტორების მიერაა შემოტანილი. ასეთივე მოვლენა გვაქვს 2016 წლის ივნისში, როდესაც თემა მოულოდნელად კვლავ აქტიურდება. ამჯერად მიზეზი ტრაგიკული შემთხვევაა: აფხაზი მებაჟის, რაშიდ კანჯი-ოღლის მიერ ხურჩაში ადგილობრივი მკვიდრის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მსგავსი ფაქტი პირველად მოხდა და საზოგადოება აღშფოთდა მომხდარი დანაშაულით, აღნიშნულმა შემთხვევამ ვერ შეიძინა გრძელვადიანი პოლიტიკური გავლენის დამახასიათებელი ნიშნები. ეს საკითხი დაისვა კრიზისების პრევენციის შეხვედრაზეც და ჟენევის მოლაპარაკების ფორმატშიც, თუმცა მედიამ თემის გარშემო ‘’ტემპერატურის აწევა, ’’ საერთო საზოგადოებრივი მოვლენის შექმნა ვერ მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ გაშუქების საბაბი იყო, მათ შორის: რამდენიმე აქცია კანცელარიასთან, იყო მშვიდობიანი მარში, იყო ფეისბუკ პოსტები და იყო რუსეთის მხრიდან პრობლემის ქართულ-აფხაზურად მონათვლა, აფხაზეთის მხრიდან კი 20–ზე მეტი შემთხვევის „გახსენება“, როდესაც ქართველების მიზეზით ეთნიკურად აფხაზი დაიღუპა.

ამავე პერიოდში მოხდა მნიშვნელოვანი მოვლენები: ქართულ, აფხაზურ და ოსურ მხარეებს შორის პატიმრების გაცვლა და აფხაზეთის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების აღდგენა, რასაც მედიაში მხოლოდ ნიუსის სივრცე შეხვდა.

როგორც ჩანს, კონფლიქტების თემაზე მედიის დღის წესრიგი გრძელვადიანი სტრატეგიის ნაკლებობასთან ერთად, ადვილად მანიპულირებადია. ადვილად შესამჩნევია ტენდენცია: 1) მედია ნიუსური შინაარსისაა და ძლიერაა დამოკიდებულია პოლიტიკოსების მიერ ნაკარნახევ თემებზე, ნაკლებად გააჩნია უნარი თავად წამოწიოს საკითხები; 2) კონფლიქტთან დაკავშირებული თემები მედიისთვის ნაკლებად აქტუალურია, თუ ის არაა დაკავშირებული საგარეო ფაქტორებთან. მსგავსად ნაკარნახევი დღის წესრიგი შესაძლებლობას ტოვებს, უცხო ქვეყნის პროპაგანდამ მედია ბოროტად გამოიყენოს, საზოგადოებაში წინასწარი მოლოდინის გასაჩენად. რამდენად გამოიყენება აღნიშნული სტრატეგია, მაგალითად, ჟენევის ყოველი მოლაპარკების წინ ?

ეს თემა შესაძლებლობას გვაძლევს კიდევ შორს წავიდეთ კვლევისას და მედიისათვის მნიშვნელოვან მესამე კითხვასაც ვუპასუხოთ.

კითხვა 3: იქნება თუ არა პოლიტიკური მესიჯები ამ თემაზე წინასაარჩევნო პერიოდში, ანუ უნდა წეროს თუ არა მედიამ კონფლიქტზე ამ პერიოდში ?

ტერიტორიული მთლიანობა, როგორც მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ქვეყნისათვის ბუნებრივად აჩენს კითხვებს. საზოგადოებას სურს მოისმინოს, რატომ უნდა მისცეს ხმა ამა თუ იმ პარტიას და რა შეცდომები იყო ამ მიმართულებით, რაც ცალსახად ოპოზიციური ნიშის ქვეშ აქცევს თემას. თუ გავითვალისწინებთ, რომ იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც არ აქვთ გადაწვეტილი, არჩევნებში ვის მისცემენ ხმას 57% -ია, რაც ნებისმიერი პარტიისათვის მნიშვნელოვანი სამიზნე აუდიტორიაა. ხოლო, მათგან ნახევარზე მეტი (63%), აცხადებს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ტერიტორიული მთლიანობა. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და დევნილი მოსახლეობის პრობლემებზე აუცილებლად იხილავს დებატებს წინასაარჩევნო პერიოდში.

თუმცა, ვინაიდან არსებობს საკითხზე მკვეთრად გამოხატული უკმაყოფილება მთავრობის პოლიტიკის მიმართ და მასზე საგარეო ფაქტორის გამოხატული გავლენა, უფრო მოსალოდნელია, თემა რუსეთთან ურთიერთობისა და საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ქოლგის ქვეშ შემავალ შიდა საკითხად განიხილოს.

გიორგი ჯანგიანი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, კონფლიქტებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ანალიტიკოსი
კატეგორია - ბლოგი
ტერორიზმი გლობალური გამოწვევაა. თავისი შინაარსით, ფორმითა და შედეგებით ერთნაირად დამანგრეველი და მიუღებელია ყველგან, პარიზიდან-ბეირუთამდე და ვაშინგტონიდან-ისლამაბადამდე.XXIსაუკუნის მთავარი სენი ერთობლივი, კომპლექსური ძალისხმევით უნდა დაიძლიოს- ეს პათოსი ხშირად გვესმის მსოფლიო ლიდერებისა და გავლენიანი მედიის წარმომადგენლებისგან. თუმცა რეალურ ცხოვრებაში, ყველა ტერორისტულია აქტის მიმართ მედია და საზოგადოება ერთნაირად სოლიდარული როდია.

დასავლურ ქვეყნებში, ორმაგი სტანდარტების საკითხი ფართოდ განიხილება. ინგლისურენოვან მედიას ხშირად სდებენ ბრალს იმაში, რომ ის მხოლოდ საკუთარ გეოგრაფიულ არეალშია ჩაკეტილი. 2015 წელს, ნიგერიაში ბოკო-ჰარამის მიერ ქალაქ ბოგაზე მიტანილი იერეიშის შედეგად 2000-ზე მეეტი ადამიანი დაიღუპა, თუმცა შარლი ებდოს პარალელურად,ეს შემთხვევა ნაკლებად მოხვდა დასავლური და ქართული მედიის ობიექტივში. არც სოციალურ ქსელში გამოუჩნდა #PrayforNigeria-ს მიმდევრები და არც ნიგერიის დროშის ფერებში განათებულა ბრანდენბურგი და თბილისის ანძა.

სახელმწიფო ინსტიტუტები, მედია და საზოგადოებისთვის ცნობილი პირები ზოგიერთ ტერაქტს უფრო მტკივნეულად, ხოლო ზოგს კი ნაკლები წუხილით აპროტესტებენ. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, ვისი სიცოცხლე უფრო ღირებულია? რატომ ვერ ხვდება ქაბულის ქუჩებში მომხდარი სიხლიანი ტერაქტები ჩვენი და დასავლური მედიის საინფორმაციო ბადეში?

ამ კითხვაზე არაერთი პასუხი და მოსაზრება არსებობს. საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ადამიანისათვის მის ახლოს დატრიალებული ტრაგედია უფრო მტკივნეულია და შესაბამისად, მეტ ყურადღებას იპყრობს. აქ იგულისხმება როგორც ტერიტორიული, ასევე იდეური სიახლოვეც. რატომ აშუქებს ქართული მედია საფრანგეთსა და აშშ-ში მომხდარ ამბავს უფრო მეტი სიმძაფრითა და სიხშირით? ბევრი ჩვენგანი ამერიკის შეერთებულ შტატებში ხომ საერთოდ არ ვართ ნამყოფი და შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე არც მოგვეცეს ამის შესაძლებლობა. არც დაღუპულ ფრანგსა და ამერიკელს ვიცნობთ, ინდივიდუალურად. საქმე ისაა, რომ ვგლოვობთ არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადამიანს საკუთარი სახელისა და გვარის მიღმა, არამედ ჩვენს იდეაზე, ღირებულებებსა და კუთვნილებაზე თავდასხმას.

წიგნებიდან, ფილმებიდან, სიმღერებიდან ჩვენ ქვეცნობიერში ილექება ემოციები პარიზზე, ბერლინსა და ვაშინგტონზე, რომელიც შემდგომი ტრაგედიის შემთხვევაში უფრო მეტ თანაგრძნობასა და წუხილს იწვევს ჩვენში. რაც შეეხება მაგალითად ახლო აღმოსავლეთს, უფრო დიდი მსხვერპლის მიუხედავად, იქ მიმდინარე ყოველდღიურმა განუკითხაობამ და საომარმა ვითარებამ დასავლურ მედიას დააკარგვინა თანაგრძნობის უნარი. მედიასა და საზოგადოებას სამწუხაროდ, არ აქვს ემოციური და იდეური სიახლოვე იქ მიმდინარეა პროცესებთამ.

საზოგადოების დიდი ნაწილი ფარისევლობად მიიჩნევს საფრანგეთის დროშის ფერებში სოციალური ქსელების პირადი გვერდების გადაკეთებას იმ ფონზე, როდესაც იმავე ან მომდევნო დღეს უფრო მასშტაბური და სისხლიანი თავდასხმა ხდება ახლო ან შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში. 2015 წლის ნოემბერში, პარიზისა და ბეირუთის ტერაქტებს შორის (ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა ხალმხრავალ ბაზარზე, დაიყუპა 40-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები და ქალები ხოლო დაშავდა 200-ზე მეტი) დაშორება მხოლოდ ერთი დღე იყო, თუმცა ჩვენი მედიისა და საზოგადოების ყურადღება მხოლოდ პარიზმა დაიმსახურა.

ორმაგი სტანდარტებით მოქმედება გულისხმობს, რომ მედია თითქოს, ლიბანელის სიცოცხლეს უფრო ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს ვიდრე ფრანგის.მაგრამ რამდენად საფუძვლიანი და მართებულია ეს მოსაზრება? ინდოეთის, პაკისტანისა და ინდონეზიის მედიაც ხომ ძირითად ფოკუსს საკუთარ ტერიტორიულ და იდეურ სივრცეზე აკეთებს. რატომ არ გახდა „Je Suis Charlie”ძირითადი თემა აფრიკის კონტინენტზე?

ამრიგად, ორმაგი სტანდარტები, თავისი სენსიტიურობისა და სიმძაფრის გამო, ცხარე განხილვის თემაა. ყოველი ტერაქტის შემდეგ მუდამ ისმის კითხვა და იწყება კამათი თუ „რატომ არ გამოხატავთ კენიელისადმი იმავე ხარისხის სოლიდარობას, ფრანგის სიცოცხლე უფრო ღირებულია?“ საერთო, ყველასთვის მისაღები პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს, თუმცა ადამიანის ფსიქოლოგიაა, გამოხატოს უფრო მეტი ტკივილი და თანაგრძნობა მის გარშემო დატრიალებულ ტრაგედიაზე.

გიორგი გოგუაძე, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, მკვლევარი
კატეგორია - ბლოგი
სულ ბოლოს დათო მჭედლიძეს არ გადააღებინეს, ხელი აუკრეს კამერაზე, იმის წინ ვარლამ წიკლაური ფაქტობრივად, გამოაგდეს თვითმმართველობის შენობიდან, უფრო ადრე რუსთავი 2-ის ოპერატორს გაარტყეს, კორცხელისმაგვარ ამბებს, აი გინება და ქვა რომ ერთდროულად მოდის, აღარ გავიხსენებ, ასეთ დროს შედარებით ნათელია ხოლმე და ძალადობაც ადვილი დასაგმობი. აღარც იმას ჩავყვები ხან მანქანის დასაჯახებლად რომ გაიწევენ და ხანაც სავახშმოდ შესულ ჟურნალისტს მაგიდას უტრიალებენ.

მოძალადეები სხვდასხვები არიან, პოლიციელი, ადგილობრივი თვითმმართველობის რომელიღაცა დეპარტამენტის რომელიღაცა თანამშრომელი, აქციის მონაწილე, გაბრაზებული მოქალაქე, პარტიული თუ უპარტიო. აი ასე, მოუნდებათ და ხან კამერაზე აუკრავენ ხელს, ხან დაუყვირებენ, ხან გამოაგდებენ, ხან ჩაარტყამენ თითქოს ჟურნალისტები პირადი საქმისთვის ყოფილიყვნენ მისულები.

აბა საჯარო მოხელისთვის არ აუხსნიათ ანგარიშვალდებულების პრინციპები. პოლიციელს კი აი იმ ფორმით მინიჭებული ძალაუფლება სძლევს ხოლმე. არც ის იქნება უცნაური სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი რომ არ ჰქონდეს წაკითხული, იქ წერია, ჟურნალისტის საქმიანობის ხელშეშლა რომ ისჯება. ამათ შემდეგ რა გასაკვირია რიგითმა მოქალაქემაც რომ არ იცის, რატომ არ უნდა შეუშალოს ხელი ჟურნალისტს. არ უნახავს ვინმე ამის გამო დასჯილი.

ეგ კი არა, ხელშეშლა რა არის, ხშირად ამაზეც დავობენ. შტატივი დაკეცილი, ინტერვიუ უკვე დასრულებული იყო თუ არა და აშ. მიდის დეტალებში ჩაღრმავება. ბოლოს იქამდე დავიდა დისკუსია, თუ ნაცემმა მასალის გადარჩენა და ეთერში გაშვება მოახერხე, ხელშეშლა აღარ არის, ცემის მუხლით უნდა დაიწყოს გამოძიებაო, იმ თემაზე მუშაობის შიში თუ გაგიჩნდა, საერთოდ ჟურნალისტობა თუ აღარ მოგინდა ამ ამბის მერე, აღარავის აინტერესებს. სხვანაირად მოაზროვნე ხალხია იურისტები.

ამასწინათ მირჩიეს, გზამკვლევი გააკეთე სამართალდამცავებისთვის როგორ ეურთიერთონ მედიას. დავფიქრდი, რა შეიძლება ჩამეწერა ამ დოკუმენტში გარდა ერთისა - ჟურნალისტები საზოგადოებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად იმყოფებიან ადგილზე და არა პირადი ინტერესის გამო, ისინი ისევე ასრულებენ პროფესიულ მოვალეობას როგორც თქვენ, თუ კანონს არღვევენ, ხელს გიშლიან, არ შეიძლება გადაღება, მაშინ აუხსენით, არ დაუყვირთო და არ ჩაარტყათ - მეთქი, სხვა რა უნდა დამეწერა.

ძალიან სევდიანი ამბავია, ეს ძალიან ლოგიკური რამე რომ ასახსნელი გვაქვს ვინმესთვის. საჯარო მოხელეებისთვის რომ გვაქვს სათქმელი მედიის კითხვებზე პასუხის გაცემის ვალდებულების შესახებ, მოქალაქეებს რომ უნდა გავაგებინოთ, მედიის ბრალი არ არის მათი პრობლემები. არადა რამდენჯერ მოუსმენიათ კრიმინალი კი არ გაიზარდა, მედია აშუქებს ასე, ნეპოტიზმი არ ყოფილა, ინტრიგანმა ჟურნალისტმა მოიგონა, ტენდერი წესის მიხედვით ჩატარდა, მედია ვიღაცის ინტერესს ატარებს, იმიტომ გამოჩხრიკა ეს ამბავი და ასე დაუსრულებლად. ყველაფერი ხშირად ჟურნალისტებს ბრალდებათ. მოდი და გაგიკვირდეს ახლა მათ მიმართ წასული აგრესია.

ამიტომაც სანამ ამგვარი რიტორიკა მედიის მიმართ არ შეიცვლება, სანამ ძალიან ცალსახა და მკაფიო მესიჯი არ მივა საზოგადოებამდე, რომ ჟურნალისტისთვის ხელშეშალა არ შეიძლება არამხოლოდ იმიტომ, რომ კანონით არის აკრძალული, არამედ იმიტომ რომ ინფორმაციის მიღების გარეშე უბრალოდ ვერ ვიარსებებთ, რომ ეს ინფორმაცია მხოლოდ პოზიტივი არ არის და შესაძლებელია მავანთათვის უსიამოვნოც იყოს, მანამდე ყოველთვის იქნება კამერის დამტვრევის და დარტყმის არც თუ იშვიათი შემთხვევები.

იყო ერთი ამერიკელი სოციოლოგი და პოლიტიკოსი - დანიელ მოინიჰანი, რომელმაც თქვა - „თუ ქვეყნის გაზეთები ივსება კარგი ახალი ამბებით, იმ ქვეყნის ციხეები ივსება კარგი ადამიანებით“. ჭკვიანი კაცი იყო დანიელი.
კატეგორია - ბლოგი
მინდა აზერბაიჯანელ კოლეგას აზერბაიჯანის პრესის დღე მივულოცო, მაგრამ სიტყვებს ვერ ვპოულობ, ან კი რაა მისალოცი. ხუთი დღის წინ, ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ეროვნულმა საბჭომ ტელეარხ ANS -ის მაუწყებლობა შეაჩერა. გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ ANS-ის პოზიცია ,,ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არსებული ძმობისა და სტრატეგიული პარტნიორიბის იდეას”.

,,აზერბაიჯანულმა საზოგადოებამ, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებმა თურქ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს და მკაცრად დაგმეს კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა” , რასაც თურმე მხოლოდ ANS -ის მიერ ფათულლაჰ გიულენთან აღებული ინტერვიუს შესახებ გადაცემულმა ანონსმა ,,მიაყენა ჩრდილი”.

კოლეგისთვის მისაწერ სიტყვებზე ფიქრში ვნახე კადრები როგორ არბევენ თურქეთში ბიბლიოთეკას, წვავენ ,,საშიშ წიგნებს”. ცხადია, დღეს ვიკილიქსის დაბლოკვა ერდოღანის მთავრობის მიერ აღარც გამკვირვებია.

რაღა თურქეთი, ორი დღის სომხეთშიც შეიზღუდა დროებით facebook-ი. სომეხი კოლეგა წერდა ტვიტერზე, რომ სოციალური ქსელი, რომელსაც ოპოზიცია ინფორმაციის გასავრცელებლად ხშირად იყენებს, ძირითადმა პროვაიდერებმა დაბლოკეს.

სოციალური ქსელიდან ვიგებ, რომ კიევში პაველ შერემეტი ააფეთქეს, მინსკში დაბადებული ჟურნალისტი, რომელიც გამოექცა რეპრესიებს ჯერ ბელორუსიდან, შემდეგ რუსეთიდან. ბოლოს კიევში ცხოვრობდა და რუსეთთან და ბელორუსთან ერთად, უკრაინის მთავრობას აკრიტიკებდა.

ეს ყველაფერი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ხანგრძლივ სხდომაზე ყოფნისას მომიწია გამეგო და მეფიქრა. სხდომაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტელეარხ ,,მაესტროს” ედავებოდა - სოციალური რგოლის უსასყიდლოდ განთავსებაზე უარის გამო. ,,მაესტროს” წარმოამდგენელი კარგა ხანს ამტკიცებდა, რომ კლიპში ადრეული ქორწინებით დაზარალებულად მხოლოდ გოგონები არიან გამოყვანილნი, რაც ვაჟების მიმართ დისკრიმინაციულია, კლიპსაც ამიტომ არ ვუშვებთო ეთერში.

ერთი წლის წინაც კი გამიჭირდებოდა მეფიქრა, რომ ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო მედიისთვის ივლისის ერთი დღე ჩვენს სამეზობლოში. შარშანდელ ნახევრადთავისუფალ მედიაგარემოს საქართველოში Freedom House-ს მონაცმეებით უკრაინა 33, სომხეთი 43, თურქეთი 51, რუსეთი 88, აზერბაიჯანი კი 95 ქვეყნით ჩამორჩებოდა, 199 ქვეყანას შორის.

ეს პოსტი მედიაზეა, თუმცა მასში ადამიანის უფლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა სფეროც შეიძლება თავისუფლად ჩავანაცვლოთ. საქართველო ალყაშია და წრე, ჩვენი ქვეყნის ირგვლივ, უფრო და უფრო ვიწროვდება, თავისუფელბის კისერზე მოხვეული ყულფივით.
კატეგორია - ბლოგი
ჯერ კიდევ 1975 წელს ტერორიზმის სფეროს კვლევების ერთ-ერთ მამად წოდებულმა ბრაიან ჯენკინსმა აღნიშნა, რომ ტერორისტისთვის მთავარია ბევრი მაყურებელი და არა მსხვერპლი. მათი მიზანია ჩვენში, როგორც მაყურებელში, ჩანერგონ შიშის მარცვალი, გადავიფიქროთ დასასვენებლად ან სამოგზაუროდ იქ წასვლა, სადაც უკვე „მაღალია“ ტერორიზმის საფრთხე, გაგვიჩნონ დაუცველობის შეგრძნება და რაც მთავარია, დავიწყოთ ყველაფრის კონტროლი.

ფართო დისკუსიის საგანი არაერთხელ გამხდარა პასუხის ძიება კითხვაზე, თუ რატომ პარიზი, ბრიუსელი, სტამბული, აეროპორტები, ყველასათვის საყვარელი ქუჩები და ადგილები. იმიტომ, რომ ტერორისტები მუდამ ირჩევენ ისეთ ადგილს, რომლისკენაც უფრო მეტი ვიდეოკამერაა მიმართული.

წარმოიდგინეთ, რომ ჯენკინსმა ეს აზრი 1975 წელს გამოთქვა, მაშინ როცა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს არ ჰქონდა ისეთი ძალაუფლება, როგორიც დღეს აქვთ, არ არსებობდა სოციალური ქსელები. ტერორისტებს არ გააჩნდათ „WhatsApp”, „ტელეგრამი“ და სხვა აპლიკაციები რომლის მეშვეობითაც ყოველდღიურად ავრცელებენ პროპაგანდისტულ გზავნილებს და პოპულარიზებას უწევენ საკუთარ საქმიანობას.

ტერორისტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მედიამ მათი ქმედებები გააშუქოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ტერორიზმისვთის, მედია ძირეული პლატფორმაა, რომელზეც მუშაობის ტაქტიკასა და მეთოდებს გამუდმებით ხვეწს. ყველა დიდ ტერორისტულ ორგანიზაციაში გვხვდება, „მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის“ სტრუქტურები. მაგალითად, „ისლამურ სახელმწიფოს“ ჰყავს მოქნილი მედია აპარატი/ადმინისტრაცია, რაც გულისხმობს სპიკერის, მედიასთან ურთიერთობების ხელმძღვანელის და „PR“ ჯგუფის არსებობას. მათი მთავარი ამოცანა საკუთარი აქტივობების თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად შეფუთვაა ( მაღალი ხარისხის ვიდეობი, მოკლემეტრაჟიანი ფილმები, სიუჟეტები და ა.შ).

რა გამოწვევების წინაშე დგას მედია ტერორიზმის გაშუქებასთან დაკავშირებით? ყველასათვის გასაგებია, რომ მას სურს პირველმა მოგვითხროს ამბავი, რაც შეიძლება დრამატულად და „მიმზიდველად“. ამასთანავე, საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, თუ რა მოვლენები ვითარდება საერთაშორისო ასპარეზზე, ვინ და რა მიზნით ახორციელებს ტერორისტულ შეტევებს. მედიისთვის ჰაერივით მნიშვნელოვანია ინფორმაციისა და სიტყვის თავისუფლება. თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს მოთხოვნები, მას უკარგავს უნარსა და ძალას დაიცვას ბალანსი ტერორისტული აქტების გაშუქების პროცესში. ხშირად ქრება ზღვარი და მედია ტერორისტთა ხელში იარაღად იქცევა ხოლმე.

ტერორიზმთან ბრძოლა არ არის მხოლოდ სახელმწიფოზე დამოკიდებული, ამ მხრივ მედია მნიშვნელოვან როლს ასრულებს. განსაკუთრებით დასავლურ დემოკრატიებში, სადაც საჭიროა მყარი საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია და არგუმენტები იმისათვის, რომ ამა თუ იმ გზით დაიწყო სამხედრო შეიარაღებული კამპანია ორგანიზაციის წინააღდმეგ, განსაკუთრებით თუ მას სხვა სახელმწიფოს საზღვრებში აქვს ფესვები გადგმული. მედიას შეუძლია საზოგადოებრივი აზრის მობილიზება. ყველას გვახსოვს 9/11 ტერაქტი. პირდაპირ ეთერში გადმოცემულმა კადრებმა და რეპორტაჟებმა („ტყუპების“ ჩამონგრევა, სასიკვდილოდ განწირული ადამიანების ყურება ცათამბჯენის მაღალ სართულებზე და ა.შ) მნიშვნელოვნად განაპირობა აშშ-ში საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და იმდროინდელი ადმინისტრაციის მხარდაჭერა ფართო სამხედრო ოპერაციის დაწყებაში.

1985 წელს, მარგარეტ ტეტჩერმა ერთ-ერთ გამოსვლაში ახსენა, რომ მედია ტერორისტებისთვის ერთგვარი ჟანგბადია. შესაბამისად, მისთვის ჟანგბადთან წვდომის შეზღუდვა ბრძოლის ეფექტურ რეცეპტამდე მიგვიყვანს. ეს კი, მხოლოდ მეტი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობის გრძნობით, საკითხის ცოდნითა და რაც მთავარია, ბალანსის დაცვით მიიღწევა.

გიორგი გოგუაძე, საქართველოს რეფორმების ასოციაცია
კატეგორია - ბლოგი
დილით ჩემი მეგობარი ბექა მაღვიძებს პატარა და მნიშვნელოვანი სიახლის სათქმელად, თუმცა სანამ რამეს მეტყვის, ვაფრთხილებ, რომ უმჯობესია, კარგი მიზეზი ჰქონდეს გაღვიძებისთვის.

- ტბელ, ჯეიმს ვების ტელესკოპს სარკეები შეემატა და იმედია, ძალიან მალე გაუშვებენ ჰაბლის მაგივრად, აი, მერე ნახე შენ სამყაროს დეტალური შესწავლები.

მეც ამოვიღე ტელეფონი ამ სიახლის გადასახედად და ვთხოვე ჩაესვა წყარო, სადაც უფრო მეტს გავიგებდი. რა თქმა უნდა, ისიც ნასას ლინკს მაძლევს. ცხელ-ცხელი ინფორმაცია იყო და მეც დავჯექი წასაკითხად. გავიდა ხანი, ფეისბუკის ვირტუალურ ჰორიზონტზე ამის შესახებ არც ერთი სიახლე არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მეგობრის მიერ გაზიარებულ ლინკებს. თემით არც მედიაგამოცემები დაინტერესებულან.

მომხმარებლებს თითქმის ყოველდღიური შეხება გვაქვს მედიასაშუალებებთან, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, ჩვენ არ გვყავს ჟურნალისტები, რომლებიც თავიანთ საქმიანობას მეცნიერებას მიუძღვნიან და ამ ნაწილში იქნებიან აქტიურები. ე.წ. „სამეცნიერო ჟურნალისტიკას“ არც თუ ისე დიდი ისტორია აქვს, მას უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია ნებისმიერი საზოგადოების განვითარებისთვის. სამეცნიერო ენა ყველასთვის გასაგები არ არის. თუკი მიღწევებისა და სიახლეების შესახებ არამეცნიერებს პოპულარულ ენაზე არ მოვუყვებით, ეს ადამიანები იმ სივრცის გარეთ დარჩებიან, სადაც მეცნიერები სამყაროს (და არა მარტო) იკვლევენ. ჩვენთან, სამწუხაროდ, მედიაში მეცნიერების შესახებ არაფერი იწერება, ამ მხრივ, დიდი ინფორმაციული ვაკუუმია, შედეგად, ან ერთი თვის შემდეგ შემთხვევით იგებ, რომ გრავიტაციული ტალღები აღმოაჩინეს, ან ჩვენი მედიის დიდი ნაწილი იმდენად გაუგებრად და შეცდომით გიყვება სიახლის შესახებ, სჯობს, ისევ მშვიდად გეძინოს და არაფერი იცოდე გრავიტაციული ტალღების შესახებ.

მერე აღმოჩნდება, რომ ის საზოგადოება, რომელიც პოპულარულ ენაზე იღებს ადეკვატურ, ამომწურავ ინფორმაციას მეცნიერების შესახებ, ჩვენზე გაცილებით წინ არის ინფორმირებულობის თვალსაზრისით. აი, ეს რომ არ მოხდეს, ჩვენც ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ფეხი უნდა ავუწყოთ პროგრესს, ამაში კი, ე.წ. „სამეცნიერო ჟურნალისტიკამ“, სპეციალურმა გამოცემებმა, გადაცემებმა საკვანძო როლი უნდა ითამაშოს.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო ჰაერის დაბინძურების ხარისხით პირველია და უსწრებს ისეთ ქვეყანას, როგორიც ჩინეთია. აიტაცა ეს ქართველმა მკითხველმა, ამბავს უამრავი გაზიარება და კრიტიკული წერილები მოჰყვა - აი, რა მძიმე მდგომარეობაში ვცხოვრობთო. მხოლოდ რამდენიმე მკითხველმა დასვა დამაზუსტებელი კითხვები. სწორედ აქ იკვეთება ჟურნალისტიკის როლი. კითხვები კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ, რამდენად სარწმუნოა ეს კვლევა, უნდა ვინერვიულოთ თუ არა, რა შეიძლება იყოს ამის საპირწონედ მოყვანილი, არსებობს თუ არა რამე სხვა კვლევა და ასე შემდეგ -ეს საკითხები სწორედ მედიამ უნდა წამოწიოს წინ და მიაწოდოს საზოგადოებას.

მეცნიერებით ჟურნალისტების დაინტერესება დაგვეხმარება, რომ განვასხვავოთ ფსევდომეცნიერება რეალური მეცნიერებისაგან. ადამიანისთვის, რომელიც ვერ ერკვევა მეცნიერებაში და საკითხისადმი არამეცნიერული მიდგომა აქვს, რთულია განასხვავოს - რა არის მართალი და რა - არა. ასეთი ადამიანის შეცდომაში შესაყვანად ტექსტში 3-4 რთული სამეცნიერო სიტყვის ჩართვაა აუცილებელი და ნებისმიერი დაიჯერებს, რომ მაგალითად კლიმატის ცვლილებაში ადამიანს არანაირი წვლილი არ მიუძღვის, ან რომ თითქოს იგი მუდმივი პროცესია და ახლა ჩვენ არაფერი არ უნდა ვაკეთოთ შესაჩერებლად. ამის კარგი მაგალითი 2016 წლის 14 იანვარს Forbes-ში გამოქვეყნებული სტატიაა, რომლის მიხედვითაც 2015 წელი არც კი ყოფილა ახლოს ყველაზე ცხელ წელთან. მისი ავტორი კი ჯეიმს ტეილორია, რომლის ნამოღვაწარს რომ გადახედო, ერთი შეხედვით, საკმაოდ კომპეტენტური პიროვნება ჩანს, ატმოსფერულ მეცნიერებებს სწავლობდა და ამ კუთხით შრომობს კიდეც დღემდე, თუმცა ძლიერმა ჟურნალისტებმა, რომლებიც კარგად ერკვევიან ამ საკითხში, ზოგადად მეცნიერებაში და რომლებსაც დეტალებში „ხეტიალი“ უყვართ, აღმოაჩინეს, რომ ჯეიმს ტეილორის შემოთავაზებული ინფორმაცია არაზუსტი და დამაბნეველი იყო, რადგან ის ტროპოსფეროს ტემპერატურაზე საუბროდა და არა უშუალოდ დედამიწაზე, სადაც ხალხი ცხოვრობს, ფაქტზე დეტალურად და ვრცლად Bigthink წერს. ამ სფეროს განვითარება აღმოფხვრის მითს, რომ თითქოს მარსს „პლიონკა“ აქვს გადაფარებული, ან თუნდაც, რომ სადღაც კოსმოსში ღმერთის სახლი აღმოაჩინეს. სამეცნიერო ჟურნალისტიკის თითქმის არარსებობა და ამ საკითხზე ნაკლები საუბარი ქვეყანაში იწვევს ისეთი მითების გავრცელებას, როგორებიც ზემოთ ჩამოვთვალე, ამ ყველაფრის დაძლევაში კი გვეხმარება ის ადამიანი, რომელიც კრიტიკულად მოაზროვნეა და ეყრდნობა ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც სვამს კითხვებს, რომელსაც უყვარს ემპირიკა და მეცნიერული მეთოდი.

ჩვენთანაც ნელ-ნელა, თუმცა, ძალიან რთულად მიიწევს წინ ამგვარი მიდგომა. მნიშნელოვანია მონდომება და ძიების სურვილი, რათა უტყუარი ინფორმაცია მიიღო. საქართველოში გვაქვს სულ რამდენიმე სამეცნიერო ჟურნალი, ასევე ენთუზიასტების მიერ შექმნილი საიტი ასტრონეტი, სადაც მეცნიერებაზე იწერება. ბუნებრივია, ეს რამდენიმე „ოაზისი“ ზოგად სურათს ვერ ცვლის.

და ბოლოს, მინდა წარმოიდგინოთ საზოგადოება, რომელიც ერთმანეთისგან ასხვავებს ასტრონომიასა და ასტროლოგიას, საზოგადოება, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს თმას კენტ რიცხვში შეიჭრის თუ ლუწში, რადგან იცის, რომ თმის შეჭრა საერთოდ არ უკავშირდება მისსავე კარიერულ წინსვლას ან პირად ცხოვრებაში გამართლებას. საზოგადოება, რომელსაც NASA ამერიკის კონსპირაციული გეგმა არ ჰგონია, რომელშიც უცხოპლანეტელბზე ექსპერიმენტებს ატარებენ და ჩვენ ამაზე არაფერს გვეუბნებიან. საზოგადოება, რომელიც სვამს კითხვას და ეფუძნება ცოდნას, რომელიც ემპირიკით, სტატისტიკითა და კვლევებითაა გამყარებული და იცის მეცნიერების მნიშვნელობა. ასეთი საზოგადოების ფორმირებისთვის უმიშვნელოვანესია, მედია დაინტერესდეს მეცნიერებით...
კატეგორია - ბლოგი
2 ივნისს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასული ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან, გადაცემის შინაარსზე მეტად, ჟურნალისტისა და რესპონდენტის ინტერაქციაზე მოქალაქეების რეაქციის გამო იყო მნიშვნელოვანი. ზუსტად 1 კვირის თავზე, ამავე გადაცემაში, გავიდა ინტერვიუ გიგა ბოკერიასთან. თუკი პირველ შემთხვევაში, ძირითადად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები აღშფოთდნენ იმის გამო, რომ მათ ლიდერს არ მიეცა საშუალება, ესაუბრა „სისხლიან 9 წელსა“ და “აყვავების 4 წელიწადზე”, მეორე შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები გაბრაზდნენ. აღშფოთება, მეტწილად, წამყვანის არჩევანმა გამოიწვია - მან გადაწყვიტა, ყურადღება გაემახვილებინა ნაციონალური მოძრაობის, როგორც ყოფილი მმართველი პარტიის, პასუხისმგებლობაზე ნაცვლად იმისა, რომ გიგა ბოკერიას „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე“ ესაუბრა.

ორივე შემთხვევაში გაბრაზებული მოქალაქეები ჟურნალისტს ობიექტურობას უწუნებდნენ და ის 2 ივნისს „ნაცად“, ხოლო 9 ივნისს „ქოცად“ მონათლეს. ზოგიერთმა, მაგალითად, წამზომითაც დაითვალა რესპონდენტისთვის დათმობილი დრო.

ქართული პოლიტიკური ველის პრიმიტიული დიქოტომია დროებით დავივიწყოთ და ამჯერად ყურადღება მივმართოთ ჟურნალისტიკასთან დაკავშირებულ ორ მითოსურ ცნებაზე - ობიექტურობასა და ბალანსზე. ეს ის ცნებებია, რომლებიც ჟურნალისტიკის სკოლებიდან და სახელმძღვანელოებიდან ჩვენს რეალობაში თავის ტკივილებად ტრანსფორმირდნენ, თუმცა არგუმენტები მათ გასაკრიტიკებლად კვლავაც რთულად მოსახელთებელი რჩება. ამ თემაზე დებატები დასავლურ პროფესიულ წრეებში დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა ჩვენს რეალობაში, სადაც მწყობრი მედიაკრიტიკა და მედიაკვლევები, უბრალოდ, ბუნებაში არ არსებობს, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია, ვინმემ დრო და რესურსი დაკარგოს ცნებების გადააზრებაში.

ობიექტურობის შეუძლებლობა, ალბათ, მედიის სფეროს სცდება და უფრო ფილოსოფიური დებატის საგანი შეიძლება გახდეს. თუმცა მედიასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა ითქვას, რომ იდეალურ შემთხვევაშიც კი, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც რედაქციის კედლებში მიიღება, სუბიექტურია. მათ შორის, შრიფტის ზომა და ციტატების ან ფოტოს ჩასმის სტილიც კი, როგორ ამას აღნიშნავს Rolling Stone-ის ჟურნალისტი მატ ტაიბი, გასულ წელს New York Times-ში გამოქვეყნებულ წერილში, სადაც ის „ობიექტური ჟურნალისტიკის“ ილუზორულობაზე წერს და ამტკიცებს, რომ კომიკოსი ჯონ სტიუარტი დღესდღეობით, ალბათ, ყველაზე სანდო რეპორტიორია აშშ-ში, ზუსტად იმის გამო, რომ მას ობიექტურობა არასდროს უცდია.

ჯულიეტა ვაშაყმაძის სტოიკური სტილი და სწრაფვა ობიექტურობის, რაციონალურობისა და უემოციობის ილუზიის შექმნისკენ თანაბრად ახასიათებთ ჩვენს ტელეწამყვანებს. სინამდვილეში ეს ყველაფერი მხოლოდ გადაცემების ფორმაში აისახება, საიდანაც დაძაბულსახიანი, თვალზე ლიბრგადაკრული და სკალპამძვრალი საინფორმაციოს/ტოკ-შოუს წამყვანი გელაპარაკება, საინფორმაციო გამოშვებების შინაარსი კი ხშირად არათუ ობიექტური არაა, არამედ არანორმალურობის ზღვარსაც უახლოვდება. სამაგიეროდ, მეორე წუთში, ვისაც არ ეზარება, ყველა ერთმანეთს ადანაშაულებს არაობიექტურობაში. შესაბამისად, ობიექტურობის ცნების ერთადერთ ფუნქციურ დანიშნულებად ჟურნალისტიკაში სხვისი „არაობიექტურობაში“ დადანაშაულება დარჩა.

როგორც მკვლევარი და ჟურნალისტიკის პროფესორი რიჩარდ სტრეკფუსი თავის ერთ-ერთ ნაშრომში წერს, მედიაში ობიექტურობის ცნება 1920-იან წლებში გაჩნდა და ის დაეფუძნა არა იმ ნაივურ წარმოდგენას, რომ ადამიანებს შეუძლიათ ობიექტურობა, არამედ იმის გაანალიზებას, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ ობიექტურობა. შესაბამისად, პროფესიულ წრეებში ერთგვარი კონსენსუსი შედგა, რომ ამ შინაგანი ნაკლის კომპენსირებისათვის მედიის მუშაკებს უნდა გაეწიათ ძალისხმევა, რათა მედიაში ფაქტს ფაქტის ადგილი ჰქონდეს მიჩენილი, მოსაზრებას - მოსაზრების. სწორედ ამ ძალისხმევას შეგვიძლია ვუწოდოთ ობიექტურობა და არამც და არამც არ უნდა ვიფიქროთ, რომ ობიექტურობისადმი კრიტიკა სრულად ათავისუფლებს ჟურნალისტებს პასუხისმგებლობისგან, პატიოსნად აკეთონ საკუთარი საქმე და არ გადაზარდონ ახალი ამბების გავრცელება პროპაგანდაში. განსაკუთრებით, თუკი საუბარი შეეხება ძალაუფლების ან პოტენციურად ძალაუფლების მქონე ადამიანებს, ადამიანთა ჯგუფებს თუ ინსტიტუციებს.

აქვე უნდა ვახსენოთ, ალბათ, ბალანსის ცნება და ჟურნალისტიკისადმი მათემატიკური მიდგომის ბოროტება და არაფრისმაქნისობა. წარმოიდგინეთ ნებისმიერი სიუჟეტი ან ტოკ-შოუ, სადაც აქტუალურ, დაძაბულ პოლიტიკურ ან სოციალურ თემაზეა საუბარი. სტანდარტი და ტრადიცია გვკარნახობს - ჩაწერ ერთ მხარეს, ჩაწერ მეორე მხარეს (ან მოიწვევ სტუმრებს ერთი მხრიდანაც, მეორე მხრიდანაც, სასურველია, თანაბარი ოდენობით, დასვამ შეკითხვას რომელიც იწყება სიტყვებით „რას ფიქრობ?“ ან მთავრდება შეკითხვით „როგორია თქვენი პოზიცია?“) და ბალანსი მიღწეულია. დესერტად, სასურველია, რომელიმე ექსპერტი, რომელსაც თანაბარი წარმატებით შეუძლია ისაუბროს ლარის ინფლაციაზეც, კავკასიაში ISIS-ის გააქტიურებაზეც და ავტომობილების ტექდათვალიერების ავკარგიანობაზეც. შედეგად, ვერავინ მოგედავება ბალანსის დარღვევაში, ვერავინ გეტყვის, რომ არაობიექტური იყავი და შეგიძლია მშვიდად შეუდგე მომავალი სიუჟეტისთვის/გადაცემისთვის რესპონდენტებისა და სინქრონების ქრონომეტრაჟის თვლას.

სინამდვილეში კი ჟურნალისტიკაში ბალანსი ხარისხობრივი ცნება უნდა იყოს და არა რაოდენობრივი. ბალანსის ძიებაში, ხშირად, ჩვენი ტელეწამყვანები და ჟურნალისტები მაყურებელს საცირკო სანახაობისთვის და უბრალოდ ეკრანიდან მომდინარე უშინაარსო ხმაურისთვის წირავენ. ქრესტომათიული მაგალითი,ალბათ, რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული დებატებია. ოჯახის ცნების კონსტიტუციურ დონეზე განსაზღვრისთვის რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ გადაცემაში წამყვანმა ინგა გრიგოლიამ, რა თქმა უნდა, უაპელაციოდ დაუთმო დრო და სივრცე რეფერენდუმის მომხრე ადამიანებს, რომელთა ფაშისტური, ქსენოფობიური და ჰომოფობიური განწყობებიც საყოველთაოდ ცნობილია. ერთხელაც არ უცდია, რომ ზემოთნახსენები ფობიების დეკლარირებისას რესპონდენტებისთვის გაეწია ოპონირება და თუნდაც მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტი (ის, რომ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა გასულ საუკუნემდე ეგონათ) დაეპირისპირებინა მათთვის. შედეგად მივიღეთ არხის მიერ „ხმაურიან დებატად“ სახელდებული გადაცემა, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა დებატთან და იყო მხოლოდ ხმაური. სამაგიეროდ!.. სამაგიეროდ - დაცული იყო ბალანსი. სამაგიეროდ, ჟურნალისტი იყო ობიექტური. ანუ ყველაფერი კარგად არის. საქმე ისაა, რა გაიგო მაყურებელმა? ის, რომ პოლიტიკოსები ამომრჩევლის მანიპულირებას ცდილობენ თუ ის რომ „სოდომია ცოდვაა“?

სწორედ ობიექტურობისა და ბალანსის ცნებისადმი ასეთი ბლანკეტური მიდგომის შესახებ წერს გამომცემელი და აღმასრულებელი რედაქტორი ტრეისი ბაიმი Hufingtonpost-ზე 2012 წელს გამოქვეყნებულ წერილში: „ობიექტურობის მითი არ არის მხოლოდ რიგითი ფილოსოფიური დებატის საგანი; მას მართლა შეუძლია მოიტანოს ზიანი. ამბავში სიმართლის ძიების სურვილი არ ნიშნავს, რომ ამ ამბის ორი ან ყველა მხარე თანასწორია“.

ტრეისი ბაიმის ეს წერილი CNN-ის ერთ-ერთი გამორჩეული ჟურნალისტის, ანდერსონ კუპერის, პროფესიონალიზმსა და რეპორტინგისადმი მის მიდგომას შეეხება. სულ რამდენიმე დღის წინ, ორლანდოს ტრაგედიის შემდეგ, ანდერსონ კუპერმა აშშ-ის იუსტიციის მინისტრს, პამ ბონდის, არ მისცა საშუალება მანიპულირება დაეწყო ტრაგედიით. პამ ბონდი სწორედ ის ადამიანია, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ დებატებისას არ მალავდა თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას ამ თემისადმი, რომელიც საჯაროდ ამბობდა, რომ ეს ინიციატივა ფლორიდის მოსახლეობას დააზარალებდა და რომელსაც თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში არაფერი სასიკეთო არ გაუკეთებია საზოგადოების ამ ჯგუფისთვის. ორლანდოს ტრაგედიის დროს კი გადაწყვიტა, რომ თავი ლგბტ ჯგუფის ინტერესთა დამცველად გაესაღებინა. ანდერსონ კუპერს მასთან საუბრისას არ დასჭირვებია ბალანსი, არ დასჭირვებია თავის ობიექტურად მოჩვენება, უბრალოდ უთხრა, რომ ქ-ნ ბონდის საქმიანობა ადამიანთა ინტერესთა დაცვაზე მეტად, ამ შემთხვევაში, თვალთმაქცობასთან იდგა ახლოს.
კატეგორია - ბლოგი
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი სოციალური რეკლამის დეფინიციასა და მოქმედების ფარგლებს განსაზღვრავს. დეფინიცია უცვლელად, ხოლო, მოქმედების ფარგლები გარკვეული თავისებურების გათვალისწინებით წესრიგდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში. ორივე მათგანის სიტყვასიტყვითი განმარტების საფუძველზე, სოციალური რეკლამისთვის დამახასიათებელია:

ა) საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობა - ასეთში შეიძლება მოიაზრებოდეს ნებისმიერი რამ, რაც საზოგადოებისთვის ღირებულ საკითხს ეხება. მაგალითად, ქართული ენის შესახებ ისტორიული მაგალითების მოყვანა, გარკვეული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციის გაცემა, ასევე, რეკლამა, რომელიც ამ ყველაფრის პოპულარიზაციას ეხება და სხვ.

ბ) საქველმოქმედო მიზნების მიღწევა - ნებისმიერი ქველმოქმედება, რომელიც შეიძლება ასევე სხვა მოქმედების განხორციელებაშიც გამოიხატოს. მაგალითად, ქველმოქმედების მიზნით გაერთიანებულ პირთა წრე ცალკე აორგანიზებს შეკრებას ქალაქის ერთ-ერთ უბანში. რეკლამაში შეიძლება ეს საკითხიც იყოს დაანონსებული, რათა უფრო ფართო საზოგადოებამ შეძლოს ქველმოქმედებაში მონაწილეობის მიღება.

გ) მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება - მაგალითად, კანონის დაცვის ან ჯანმრთელობისთვის საზიანო ქმედების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება. ასევე, ისეთი საკითხების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, რაც საზოგადოებისთვის უდიდესი დანიშნულების მატარებელია და სადაც შეიძლება მიიჩნეოდეს, საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება და ა.შ.

დ) საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობა - ასეთი შეიძლება იყოს გარკვეული წარმოდგენების შექმნა ქცევის კონკრეტულ წესზე. ასე მაგალითად, სასწრაფო დახმარების მანქანის როლი და დანიშნულების გაზიარება მოსახლეობისთვის, რომლის ფარგლებშიც ყველაა ვალდებული, გაატაროს იგი, რათა არ მოხდეს კონკრეტული პირის სიცოცხლის ხელყოფა და სხვ.

ე) არ უნდა იყოს სხვა რეკლამის შეცველი შინაარსის მქონე - სოციალური რეკლამა არ უნდა შეიცავდეს კერძო ან საჯარო პირის (მათი მომსახურების) რეკლამას, ასევე კომერციული ან პოლიტიკური რეკლამის ნიშნებს, არ უნდა იყოს მოხსენიებული კომერციული ორგანოზაციები, ინდ. მეწარმეები, მათი ლოგოები, საქონლის კონკრეტული მარკები, რომლებიც შეიცავენ არაკომერციული ორგანიზაციების დამხმარე სამეწარმეო საქმიანობის შედეგს.

ზემოაღნიშნული საკითხები შეიძლება როგორც ერთობლივად იყოს გააზრებული სოციალურ რეკლამაში, ისე ცალ-ცალკე. თითოეულის არსებობისას მნიშვნელოვანია, რომ სარეკლამო რგოლი არ შეიცავდეს კონკრეტული კერძო თუ საჯარო პირის საქმიანობის რეკლამას.

ვინაიდან სოციალური შინაარსის მქონე რეკლამის განთავსება უსასყიდლოდ უნდა მოხდეს (მისი მიზნებიდან გამომდინარე), მის გამავრცელებელს შეიძლება დაუწესდეს გარკვეული შეღავათები. აქვე აღსანიშნავია ერთი ფაქტორი, რომ მაუწყებელი სოციალური რეკლამის შინაარსში არ ერევა. სწორედ ამიტომაა, რომ ხშირად ასეთი რეკლამა შეიცავს ისეთ კადრებს, რომლის ნახვაც უსიამოვნო შეგრძნებასთანაა დაკავშირებული. მაგალითად, სიგარეტის მოწევის შემთხვევა, როდესაც აჩვენებენ, თუ რა მოსდის ფილტვებს და სხვ. ზოგიერთი სოციალური რეკლამისას მიიჩნევა კიდეც, რომ ასეთი კადრები უფრო მოახდენს გავლენას რეკლამის მაყურებელზე.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ სოციალურ რეკლამას გააჩნია საზოგადოებრივი ფუნქცია, რომელიც წარმოადგენს მოსახლეობის / საზოგადოების ერთგვარ ბერკეტს, საშუალებას, მოსახლეობამდე მიიტანოს თავისი სათქმელი და ამით ხელი შეუწყოს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების მოგვარებას / პოპულარიზაციას.

ავტორი: სერგი ჯორბენაძე
კატეგორია - ბლოგი
„ბრიტანელ მეცნიერებსაც“ კი გაუჭირდებათ ზუსტად დადგენა თუ რა მოტივაციით აიკვიატეს ქართულმა ტელეარხებმა ისეთი რესპონდენტები, როგორებიც არიან ლალი ბადურაშვილი, გიგა ნასარიძე, გურანდა გაბუნია, ქეთი დოლიძე, კორკოტა, გიორგი ნაზღაიძე, ხთუნა ბოკუჩავა და ა.შ. თუმცა ფაქტია, რომ ტელეეკრანებზე იმდენად ხშირად ხვდებიან ეს ადამიანები, კარდაშიანი-ვესტის წყვილს არ დაესიზმრება ამერიკულ ყვითელ მედიაში გამოჩენის ასეთი სიხშირე. ადამიანების კატეგორიზაცია ცუდი საქმეა, მაგრამ ჟურნალისტიკა იტანს რესპონდენტების კატეგორიზაციას. საქმის გამარტივების მიზნით, ეს ადამიანები შეგვიძლია ერთ კატეგორიაში მოვათავსოთ და ქართულ მედიაში არსებულ კოლექტიურ გურანდა გაბუნიაზე ან კოლექტიურ გივი სიხარულიძეზე ვისაუბროთ - სახელი და გვარი, რა თქმა უნდა, პირობითია.

სქემა მარტივია: მომავალი რჩეული რესპონდენტი უნდა იყოს საშუალო ან საშუალოზე მეტი ასაკის, მისი საქმიანობის ძირითადი სფერო უნდა შემოიფარგლებოდეს თეატრით ან კინოთი (გამონაკლისად ესტრადის მომღერლობა ან პოეტობაც შესაძელებელია), უნდა ჰქონდეს კავშირი ვაკე-ვერა-საბურთალოს ელიტასთან, საუბრისას ცოტა რუსულ სიტყვებსაც თუ შეურევს კიდევ უკეთესი, ხმარობდეს დიდთვლიან ბეჭდებს ან სხვა თვალშისაცემ სამკაულს, ორღობის დონეზე მაინც უნდა ერკვეოდეს ქართულ პოლიტიკაში, უნდა აღმერთებდეს ან სძულდეს ბიძინა ივანიშვილი, უნდა უყვარდეს პატრიარქი, გადაცემაში თითო მოსვლაზე ერთი-ორი, რბილად რომ ვთქვათ, სისულელის თქმის უნარი უნდა შესწევდეს, უნდა იყოს ოდიოზური ან ექსცენტრიული მაინც, უნდა შეეძლოს, რომ თანაბარი სერიოზულობით გესაუბროს „ქართული ოცნების“ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას სისტემურ ძალადობაზე, გასპარ ნოეს ფილმზე “LOVE”, მაგდა პაპიძის საქმეზე, ჰომოსექსუალების მიერ ქართველი კაცების მასიურად გადაბირების აშშ-ში შემუშავებულ გეგმაზე, ქალიშვილობის აპკის როლზე ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში, რუსულ ბალეტზე და ბულატ ოკუჯავას რომანსებზე, ბიძინა ივანიშვილის ზებრაზე ან მიხეილ სააკაშვილის და სანდრა რულოვსის მიერ ბავშვების ორგანოებით ვაჭრობაზე. თუკი ამ კრიტერიუმების ნაწილს მაინც აკმაყოფილებთ, ჩათვალეთ, რომ სატელევიზიო სივრცეში ვარსკვლავობის უდიდესი პოტენციალი გაქვთ.

რაც ყველაზე საინტერესოა, ასეთი რესპონდენტების ეთერებში ჩამორიგებით ტელეწამყვანები მაყურებლებს უმტკიცებენ, რომ ისინი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების აზრს და „ხალხის ხმას“ უთმობენ სატელევიზიო სივრცეს. არადა, საქმე რესპონდენტების რელევანტურობაზე თუ მიდგება, მათი მხრიდან ტოქ შოუს საცირკო წარმოდგენად გადაქცევის საფრთხეს თუ გავზომავთ, ეჭვი მაქვს ე.წ. უბრალო მაყურებლებმა როგორმე მოახდინონ საკუთარი თავის, საკუთარი სათქმელის ასოცირება კოლექტიური ლალი ბადურაშვილის ისტერიკასთან ან გივი სიხარულიძის 37-მანეთიან მაჩოიზმთან. როგორც წესი, ასეთი რესპონდენტები ადვილად გამოდიან წყობიდან, ხშირად ერთ ხმაში საუბრობენ, ლანძღავენ ერთმანეთს და ხშირად ამბობენ ფრაზებს, რომლებიც შემდგომში რეიტინგულ ვიდეოებად იტვირთება Youtube-ზე. მართალია მაყურებელი ვერაფერს ისმენს ღირებულს თავად გადაცემის თემაზე, მაგრამ მეორე დღეს ყველას შეუძლია დაასრულოს ფრაზა "გაჩუმდი, მე სახალხო არტისტი ვარ, ..... ......". ასეთია საჯაროდ გაჟღერებული სისულელის სოციალური ბუნება.

სინამდვილეში, პირველყოვლისა, ალბათ საზოგადოებრივი აზრი და საზოგადოებრივი უაზრობა უნდა გავმიჯნოთ. უბრალოდ უნდა ვაღიაროთ, რომ ჟურნალისტები ჩვენ თავად ვქმნით ე.წ. სელებრითებს, რომლებიც მერე ბედისწერად იქცევიან ხოლმე და რთული ხდება უარის თქმა ცდუნებაზე, კიდევ ერთი სისულელე დასტყუო ოდესღაც უბრალოდ მსახიობს ან რეჟისორს, ახლა კი უკვე პოლიტიკურ ექსპერტს. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ საზოგადოების აზრად შემოსაღებული საზოგადოებრივი უაზრობის ერთ-ერთი ბოლო მაგალითი, ნაწყვეტი ტ/კ „იბერიას“ ტოქ შოუ „პრიორიტეტიდან“:

- „მეც ქართველი ვარ ქალბატონო. რა ნახეთ ჩემში რომელიმე მთავრობისკენ მომხრე ვიყავი თუ მოწინააღმდეგე? რა ნახეთ ჩემში მოღალატეობის? ან რა ნახეთ რომ მე ჩავრეცხე ვინმე?“

- „თქვენ თვითონ ამბობთ, რომ იმიტომ ხართ გამწარებული რომ 3 სამსახურში მუშაობდი და დაკარგე სამსახური“.

- „ქალბატონო შეხედეთ რა კარგად გამოვიყურები, თქვენგან განსხვავებით. არ ვარ გამწარებული“

- „გიორგი, ვაიმე უხერხულია ...“

- „ვაიმე, მე შენზე უკეთესად გამოვიყურები, შენზე უკეთესად. 31 წლისა გავხარ 190 წლის ბებერს და მე ძაან ახალგაზრდა ვარ და ყოველთვის ახალგაზრდა ვიქნები“.

დიალოგში, რომელიც მოდელ გიორგი ნაზღაიძესა და მსახიობ ხათუნა ბოკუჩავას შორის გაიმართა და რომელმაც მეორე დღეს სოციალური მედია დაიპყრო, არაფერია ახალი. საერთოდ, ამ დიალოგში ძველიც კი არაფერია, გარდა ერთისა - მასში კარგად ჩანს „პრიორიტეტის“ პრიორიტეტები. ნაცვლად საგნობრივი დისკუსიისა, ეს გადაცემა საეჭვოდ ხშირად უთმობს ეთერს მსგავს რესპონდენტებს - ადამიანებს, რომლებიც საკუთარი თავის გარდა არავის გამოხატავენ, იშვიათად ამბობენ საზოგადოებრივად ღირებულ, საინტერესო სათქმელს, სამაგიეროდ, ხშირად ჩხუბობენ და ილანძღებიან პირდაპირ ეთერში.

თუმცა, მხოლოდ ამ არხის ამ გადაცემას ნუ ავკიდებთ მაყურებლების ცოდვას. საზოგადოებრივი უაზრობის საზოგადოებრივ აზრად შეფუთვის ტრადიციას დიდი ხნის წინ ჩაეყარა საფძველი ჩვენს ტელე სივრცეში. ახლა უკვე რთულია მიაკვლიო სათავეებს, მაგრამ „ლალი ბადურაშვილის სინდრომის“ დამკვიდრებაში არაერთ ქართველ ჟურნალისტს მიუძღვის წვლილი. მაგალითად, არ უნდა დავუკარგოთ წვლილი ინგა გრიგოლიას, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა მსგავსი „ორთა“ და „მრავალთაბრძოლების“ განვითარებაში. ასე იქმნებიან ცრურესპონდენტები, ცრუ ანტიგმირები და ცრუ ტოპ თემები. რა არის იმაზე ადვილი, რომ ნახევრად უსაქმოდ დარჩენილი არტისტები შემოსვა მაგიდების გარშემო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქ შოუ გასართობ შოუდ აქციო?!

საბოლოოდ კი ყველაფერი აი აქამდე მიდის ხოლმე:

კატეგორია - ბლოგი
მედია კლავს!

ეს ძალიან ღია და მყვირალა ფრაზა კარგა ხანს ეკიდა ჩემი კოლეგის სამუშაო მაგიდაზე. მგონი, უფრო გასაფრთხილებლად და გამოსაფხიზლებლად. ეს წარწერა საიაში მედიისათვის ყველაზე ხელმისაწვდომ ოთახში იყო და ჟურნალისტებიც ხშირად დაბნეულები გვიყურებდნენ მეც და ავტორსაც.

ბოლოს კი წარწერა გაქრა. ისე, რომ არავის უკითხავს, რას და როგორ კლავს მედია.

მე 10 წელზე მეტია მედიასამართლით ვარ დაინტერესებული, თუმცა ხანდახან მედიისაგან დაზიანებულ ადამიანებსაც ვიცავ ხოლმე (რადგან მედიასამართალი მედიისათვის უსამართლობაში ხელშეწყობას სულაც არ ნიშნავს). ჩემი ერთ-ერთი ემოციური საქმე ზურა ვაზაგაშვილის მშობლების, იური და ციალა ვაზაგაშვილების, წარმომადგენლობა იყო. 2012 წლის მაისში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეიარაღებული დაჯგუფების წევრად (ანუ დამნაშავედ) მოიხსენია გარდაცვლილი ზურა ვაზაგაშვილი, მე და ჩემი კოლეგა კი მის მშობლებთან ერთად სამართლიანად მოვითხოვდით გარდაცვლილის უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვას, რადგან ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. ზურა ვაზაგაშვილის საქმეზე კი მსგავსი რამ არ მომხდარა და ვერც მოხდებოდა, რადგან გარდაცვლილებს არ ასამართლებენ.

პირველ ჯერზე, საზოგადოებრივმა არხმა უარი განაცხადა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, არხის თვითრეგულირების სააპელაციო ორგანომ - სამეურვეო საბჭომ კი დააკმაყოფილა გარდაცვლილის მშობლების საჩივარი. მაშინ პირველი არხის საინფორმაციო სამსახურმა მოკლე პერიოდშივე გააშუქა სამეურვეო საბჭოს ეს გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ ის პროკურატურის მასალებს ეყრდნობოდა და იქ ზურა ვაზაგაშვილი შეიარაღებული დაჯგუფების წევრადაა მოხსენებული.

მოკლედ, ამ საქმეს არაფერი ეშველა.

ცხადია, ვერაფერი შეამსუბუქებდა შვილგარდაცვლილი მშობლების განცდებს, არაერთხელ მოყოლილ ისტორიას თავიანთ შვილზე, ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადადებულ შეხვედრებს. მაგრამ ჩვენს რჩევაზე, მიგვემართა მარეგულირებელი კომისიისათვის, მათ უარი განაცხადეს. თქვეს, რომ ძალა აღარ ჰყოფნიდათ...იურისტებს კი მათი მონაწილეობის და თანხმობის გარეშე არაფერი შეგვეძლო.

სწორედ მაშინ მივხვდი, როგორ კლავდა მედია ადამიანებს.

შვილის უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის პროცესში დავინახე, როგორ მოკლა მედიამ იური ვაზაგაშვილი. მოკლა იქამდე, ვიდრე საკუთარი შვილის საფლავზე ვიღაც სხვა ააფეთქებდა...

არასოდეს დამავიწყდება, როგორ შეცვალა ბატონი ვაზაგაშვილის მკვლელობამ ჩემი ერთ-ერთი დაბადების დღე. არ დამავიწყდება იმიტომაც, რომ იმავე დღეს მედიას ვერ გადაურჩა გია სოსანაშვილის მამაც, რომელსაც კამერით და მიკროფონებით შეიარაღებულები დასდევდნენ. ეკითხებოდნენ და ეკითხებოდნენ, იყო თუ არა მკვლელი მისი შვილი. "ვერც ვეთანხმები და ვერც ვერაფერს ვფიქრობ. შოკირებული ვარ. თუ ჩემი შვილი მაგის ჩამდენია, მოკვდეს", - თქვა ბოლოს აკანკალებულმა მოხუცმა კაცმა.

ეს ამბავი არანაკლებ ემოციურმა პროცესმა გამახსენა. დღეს მედია მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესს აშუქებს და ყველა პროცესზე კლავს ამ ადამიანს, ადამიანის უფლებას - ჰქონდეს წარსული და მომავალი.

მედია დაუსაბუთებლად და გაუმართლებლად დაბალი სტანდარტით აწოდებს საზოგადოებას პროცესზე მომხდარ ამბებს, ავრცელებს იაფფასიან გადაუმოწმებელ ინფორმაციას მისი პირადი ცხოვრების თაობაზე და სასამართლოს მიერ საბოლოო განაჩენის გამოტანამდე ადანაშაულებს ქმრისა და შვილის მკვლელობაში ქალს, რომელსაც გამოპასუხებაც კი არ შეუძლია.

ისევე, როგორც ვაზაგაშვილის საქმეში, მედია პროკურატურის მხარესაა, რომელსაც საკუთარი ამოცანა - სახელმწიფო ბრალდების განხორციელება აქვს.

დღესაც მედიამ სრულად დაივიწყა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ან სასამართლო პროცესის გაშუქებისას, უნდა გააშუქოს საბოლოო განაჩენი და მიიღოს ყველა გონივრული ზომა ადამიანის რეპუტაციისათვის გაუმართლებელი ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით. დაივიწყა, რომ ხანდახან გამომძიებელიც ცდება, პროკურატურაც, სასამართლოც და სიმართლე შეიძლება სადღაც და ოდესღაც, „ზედა ინსტანციებში“, გამოაშკარავდეს...

მედია კლავს!

ამ ფრაზას თავისი ამოხსნა აქვს. დიახ, მედიას შეუძლია გაანადგუროს გაუმჭვირვალობა, ნეპოტიზმი, ძალადობრივი სტერეოტიპები...მედიას აქვს ძალა გაანადგუროს ადამიანიც, ადამიანის პიროვნული ღირსებები და თავისუფლებები... მოკლედ, მედია აუცილებლად კლავს, თუმცა მხოლოდ საკუთარი არჩევანის მიხედვით.

linked icon styling WI