ბლოგი
კატეგორია - ბლოგი
საქართველოში სასტიკად მოკლული ბევრი ცოლის სახელი დაგვამახსოვრდა. მედიიდან გვახსოვს სალომე ჯორბენაძე და მაკა წივწივაძე, მაგრამ თითქმის არავის გვახსოვს მკვლელები, შევრაცხეთ ისინი ეჭვიან, ავადმყოფ კაცებად და დავივიწყეთ. სამაგიეროდ ყველამ კარგად ვიცით მაგდა პაპიძის სახელი: ის საკუთარი ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული ქალია. ამ საზარელი დანაშაულის ჩამდენი ჯერ არ გამოუვლენია სასამართლოს. პაპიძემ ნაფიცი მსაჯულები მოითხოვა საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად. მის ბედს არა პროფესიონალი მოსამართლე, არამედ 12 ჩვეულებრივი ადამიანი გადაწყვეტს. ნაფიცი მსაჯულები გადაწყვეტილებას მხოლოდ სასამართლო დარბაზში მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით უნდა იღებდნენ, მაგრამ ინტერნეტის და სოციალური ქსელების ეპოქაში შეუძლებელია გვერდი აუარო მაგდა პაპიძეზე დაწერილ სტატიებს.

მხოლოდ სათაურებიც კი კმარა შთაბეჭდილების შესაქმნელად, ასე მაგალითად:

“ლანა ხმამაღლა ამბობდა ჩემ დას საყვარელი ჰყოლიაო” - მაგდა პაპიძის მეზობლების სკანდალური დეტალები”


“მოწმე - ქორწილამდე რამდენიმე კვირით ადრე მაგდა პაპიძეს სხვა მამაკაცთან ჰქონდა ურთიერთობა”


“ოთარ ბერძენიშვილმა დაადასტურა, რომ მაგდა პაპიძესთან არაერთხელ ქონდა ინტიმური ურთიერთობა - პროკურორი”;


“მოწმე: "მაგდას შვილი სასტიკად არ უნდოდა... ამბობდა, ერთის გაჩენას სიცოცხლე შევწირეო"”;


"ქმარს რომ ღალატობდი, მაშინ სად იყავი" - დედამთილთან მორიგი დაპირისპირების გამო პაპიძეს სხდომა დაატოვებინეს”;


“მოწმის განცხადებით, მაგდა პაპიძე ბოლო პერიოდში ეშმაკებზე ვიდეოებს უყურებდა; “


"უშუალოდ სატანა დიდდება მათი საქმეებით"მაგდა პაპიძისა და მისი დის დიალოგი მკვლელობამდე ერთი თვით ადრე”


ამ სათაურებიდან ჩანს, რომ ყვითელი და არაყვითელი მედიასაშუალებები ავრცელებენ სასამართლო სხდომაზე თქმულ ისეთ ფრაზებსა და შეფასებებს, რომელთა დიდი ნაწილი ან უბრალოდ მეზობლების მიერ ყურმოკრული ჭორია, ან მათივე შთაბეჭდილება და მოსაზრებაა, ან საერთოდ არ არის დაკავშირებული მოცემულ საქმესთან. თუმცა მედიას ისე ხიბლავს მაგდა პაპიძის ალქაჯ კუდიანად წარმოდგენა, რომ სულ არ აინტერესებს სასამართლო პროცესზე თქმული მოსაზრებების სისწორე და რელევანტურობა საქმესთან.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ათობით მკვლელი ქმარი ვიხილეთ, არც ერთი საქმის შემთხვევაში მედიას არ უცდია ბრალდებულების პირადი ცხოვრების ამოქექვა და ამ კაცებისაგან განსაკუთრებული მონსტრის შექმნა. თუ პირადი ცხოვრებით ინტერესდებოდნენ, ისევ იმის ძიებაში იყვნენ, ხომ არ ღალატობდა მოკლული ცოლი ქმარს.

რა ვნებაა არკვიო მაინცდამაინც ქალის პირადი ცხოვრება, მიუხედავად იმისა ეს ქალი მსხერპლია თუ ბრალდებული? რა ვნებაა მაინცდამაინც ქალისგან, რომელსაც ისედაც მძიმე დანაშაულში ედება ბრალი, წინასწარ შექმნა სასტიკი მკვლელისა და კუდიანის ხატი? რატომ უსპობს მედია ამ ქალს საზოგადოებაში დაბრუნების შესაძლებლობას? რას იზამს მედია თუ მაგდა პაპიძე უდანაშაულო აღმოჩნდება?

მედია დღეს მკვლელობის გაშუქების ორმაგ სტანდარტს გვთავაზობს: თუ ბრალდებული კაცია, საქმის შესახებ ინფორმაცია შედარებით მწირია, არ ეხება მის პირად ცხოვრებას და სექსუალურ გამოცდილებას; თუ ბრალდებული ქალია, ზედმიწევნით გვაწვდიან ინფორმაციას მის ქორწინებამდელ თუ ქორწინების შემდგომ ურთიერთობებზე, დახურული პროცესებიდანაც კი გამოაქვთ ინფორმაცია. პროცესები კი პირადი ცხოვრების საიდუმლოების პატივსაცემად იხურება, თუმცა ამას აღარც პროკურატურა დაგიდევთ პაპიძის საქმეში და აღარც მედია. ზემოთ ჩამოთვლილი სტატიები ირიბად მიგვანიშნებს, რომ ქალის თავისუფალი სექსუალური ცხოვრება “საშიშია”, იმდენად “საშიში”, რომ ის შესაძლოა მკვლელობას უკავშირდებოდეს.

მკვლელობების გაშუქების ეს ორმაგი სტანდარტი რეალურად გენდერულ უთანასწორობაზე დგას, იმ უთანასწორობაზე, რომელიც სექსუალურ თავისუფლებას კაცისთვის დასაშვებად მიიჩნევს, ქალისთვის კი არა: ქორწინებამდელი სექსი კაცისთვის სავალდებულოც კია, ქალისთვის - აკრძალული; ქორწინების გარეთ სექსი კაცისთვის გავრცელებული პრაქტიკაა, საზოგადოებაც თვალს ხუჭავს ამაზე, ქალისთვის კი სრულიად მიუღებლად მიიჩნევს. კაცების სექსუალურ ცხოვრებას ტაბუ არ ადევს (ჰომოსექსუალობა გამონაკლისია). ქალებისათვის სექსუალური თავისუფლების არარსებობის გამო იქცევა ხოლმე ქალების პირადი ცხოვრება საყოველთაო განსჯისა და გაკიცხვის საგნად. და ჩვენი მედიაც გამალებით ხელს უწყობს ქალების წინააღმდეგ მიმართულ ამ მორალურ ტერორს.

არადა თუ გენდერული თანასწორობა გვინდა, კაცებს და ქალებს ერთნაირი უფლებები და თავისუფლებები უნდა მივცეთ არა მარტო კანონით, არამედ მორალურადაც. მედიის როლი კი საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში უმნიშვნელოვანესია. მას შეუძლია ებრძოლოს გენდერულ სტერეოტიპებს ან გაამყაროს ისინი. თანასწორობა კი ყველას გვჭირდება: ჟურნალისტებსაც და მკითხველსაც, ქალებსაც და კაცებსაც.

და ბოლოს, რასაც არ უნდა წერდეთ, პატივი ეცით ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფციას.
კატეგორია - ბლოგი
საქართველოს, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს ევროინტეგრაციის მიმართულებით. ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად, ქვეყანამ 2014 წელს გააფორმა ასოცირების ხელშეკრულება და უზრუნველყო ევროკავშირის ინსტიტუციური და ეკონომიკური დაახლოება. ღრმა და ყოვლისმომცველმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ ევროკავშირის 500 მილიონიანი ბაზარი გახსნა, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის წინგადადგმული დიდი ნაბიჯია. 2017 წელს კი ძალაში შევიდა რეგულაცია უვიზო მიმოსვლის შესახებ, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის წევრ ქვეყნებში მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტით შეუძლია გადაადგილება. ამ შესაძლებლობით, დღეისათვის უკვე ისარგებლა 12ათასზე მეტმა ადამიანმა.

ამ მიმართულებით, დღეს მთავარი კითხვაა - რა იქნება საქართველოს შემდეგი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე, უნდა ველოდოთ თუ არა გაწევრიანებას ახლო მომავალში?

2017 წელს დაგეგმილია მრავალი ღონისძიება, რომელთა თემატიკა საქართველოს ინტერესებში პირდაპირ შედის. მნიშვნელოვანია, რომ ყურადღების მიღმა არ დარჩეს ისეთი აქტივობის გაშუქება, სადაც მედიას პირდაპირ შეეძლება მიიღოს საჭირო პასუხები ევროინეტგრაციის შესახებ .

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება. სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში შეთანხმებით მივიღეთ ასოცირების ხელშეკრულება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და უვიზო რეჟიმი. წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროცესების დაწყებიდან 7 წელი გადის და დაგეგმილია მისი შეფასება - მოდიფიცირება. სწორედ ეს ცვლილებები გადაწყვეტს, როგორი იქნება საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობები და გახდება თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრი უახლოეს მომავალში.

მოვლენები, რომელთაც თვალი აქტიურად უნდა მივადევნოთ, არის:

1. ლუქსემბურგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, 19 ივნისი

სამიტზე გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. საქართველოდან მიხეილ ჯანელიძე და მისი კოლეგები უკრაინიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ბელარუსიდან, იმსჯელებენ 2016 წლის 14 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო კომიტეტის მიერ მიღებულ დასკვნით დოკუმენტზე აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) განვითარების შესაძლებლობის შესახებ. აღნიშნულ დოკუმენტში ხაზგასმულია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში EaP-ის მნიშვნელობა და გამოკვეთილია ეკონომიკის, ვაჭრობის , ტრანსპორტისა და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშემწყობი პროგრამების განვითარების აუცილებლობა. განსაკუთრებით დიდი ყურადღება ეთმობა ხელშესახები, კონკრეტული შესაძლებლობების შექმნის აუცილებლობას ქვეყნების განვითარებისათვის.

აღნიშნული სამიტი EaP-ის ქვეყნებისათვის ერთ-ერთი შესაძლებლობაა, ბრიუსელის სამიტის წინ დააფიქსირონ თავიანთი დღის წესრიგი. ამიტომ Follow on Twitter MikheilJanelidze; MFA Luxembourg;

თუმცა აღსანიშნავია, რომ საბოლოო სიტყვა პარტნიორობის მომავალზე ბრიუსელის სამიტზე გადაწყდება.

2. ბრიუსელის აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-5 სამიტი, 24 ნოემბერი, 2017

სამიტზე ევროკავშირის ყველა წევრი და აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობა შეიმუშავებს ინიციატივებს თანამშრომლობის შემდგომ მიმართულებებზე. შეხვედრაზე, გარდა ზოგადად EaP-ის მომავლისა, გადაწყდება სამი ასოცირებული წევრის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის პერსპექტივაც. ფოკუსი გაკეთდება რიგის სამიტის ოთხი პრიორიტეტის ფარგლებში მიღებულ შედეგებზე. ეს პრიორიტეტებია :

ძლიერი ეკონომიკა - ეკონომიკური განვითარება და უკეთესი საბაზრო შესაძლებლობები.

ძლიერი მმართველობა - ინსტიტუტების გაძლიერება და კარგი მმართველობა.

ძლიერი ურთიერთდაკავშირებულობა - ურთიერთკავშირების გაძლიერება. განსაკუთრებით ენერგიისა და ტრანსპორტის საკითხებში.

ძლიერი საზოგადოება - მობილობის გაძლიერება და ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავება.

სამიტი რამდენიმე სამუშაო დოკუმენტით იხელმძღვანელებს, მათ შორის, 2020 წლისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის 20 კონკრეტული შედეგის მიწოდების (deliverables) პოლიტიკის დოკუმენტით.

ამიტომ Follow on Twitter EU NEAR; Johannes Hahn; Federica Mogherini).

სამიტის შედეგებზე დიდი გავლენა ექნება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის დღის წესრიგსა და მის მიერ ინიცირებული საკითხებს.

3. ესტონეთის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობის დღის წესრიგი

ზოგადად, ევროკავშირის საბჭოს 6 თვის ვადით ხელმძღვანელობს ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო წინა და მომდევნო ხელმძღვანელებთან ერთად. ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით პრეზიდენტი ქვეყანა ხდება ესტონეთი, რომელმაც უკვე წარმოადგინა 6 თვიანი სამუშაო გეგმა, რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობა ხაზგასმულია, თუმცა, უფრო მკაფიოდ, სამიტისთვის კონკრეტულ ინიციატივებზე მიმდინარე პერიოდში ესტონეთის მთავრობის აქტივობებით გახდება ცნობილი ამიტომ Follow on Twitter: eesistumine2017; EU2017EE; Estonian Embassy in Tbilisi; Google alert: www.eesistumine.ee;www.eu2017.ee

ესტონეთის ევროკავშირის პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით, ესტონეთი მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობას ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში. ევროინტეგრაციის გზაზე ასოცირებული ქვეყნებისათვის საშუალოვადიან პერიოდში, ოთხ თავისუფლებასთან ერთად, უნდა მოხდეს მეხუთეც: ინფორმაციის თავისუფალი გადაადგილების მინიჭება.

„ესტონეთი მხარს უჭერს ამ ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას.“(მუხლი 242)

ევროპული პერსპექტივა, ეს არის შესაძლებლობა, მოგვენიჭოს წევრობის პოტენციური კანდიდატის სტატუსი. ასოცირების ხელშეკრულება აღიარებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს, მაგრამ არ მოიცავს გაწევრიანების პირობას. ევროპული პერსპექტივა კი შესაძლებლობას გვაძლევს, გავხდეთ გაწევრიანებამდე დახმარების ინსტრუმენტის (IPA II)-ის ბენეფიციარი; შემდეგი ნაბიჯი კი იქნება საქართველოს მიერ წევრობაზე ფორმალური განაცხადის შეტანა და ოფიციალური კანდიდატის საჭირო სტატუსის მინიჭება.

4. კიშინიოვის აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტრების არაფორმალური სავარუდო შეხვედრა, ივლისში

აღნიშნული მინისტერიალი დამატებითი შესაძლებლობა იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის, შეათანხმონ საერთო პოლიტიკური დღის წესრიგი და ბრიუსელის სამიტის წინ ერთობლივი, ძლიერი მესიჯი გაუგზავნონ ევროკომისიას. 2016 წელს, ერევანში გამართულ მსგავს შეხვედრაზე “ EU4Inovation“ შეთანხმდნენ ახალ ინიციატივაზე, რომელიც EaP-ის ქვეყნების ადმინისტრაციული სამსახურების, ბიზნესის, სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის კვლევითი პარტნიორობის ჩამოყალიბებისა და მობილობის შესაძლებლობას ქმნის.

ამიტომ Follow on Twitter: Andrei Galbur; MFA Moldova

5. ტალინის მე-9 ყოველწლიური აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმის სამოქალაქო საზოგადოების კონფერენცია, 25-27 ოქტომბერი,2017

წელს ფორუმის ასამბლეა და კონფერენცია ერთად გაიმართება და ეს იქნება ბრიუსელის სამიტისთვის გაგზავნილი სამოქალაქო საზოგადოების მოლოდინები და რეკომენდაციები.

2017 წელს ასამბლეა იმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმისა და ესტონეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის ერთობლივი ორგანიზებით. მასზე წარმოდგენელი იქნება საქართველოს 22 არასამთავრობო ორგანიზაცია და მნიშვნელოვანია, თუ რა მოხვდება საბოლოო რეკომენდაციებში. შედარებისთვის, გასულ წელს საქართველოზე რეკომენდაციის ჩანაწერში იყო უვიზო რეჟიმის მინიჭება, ვინაიდან ყველა არსებული მოთხოვნა უკვე შესრულდა, თუმცა, ამავე დროს, დაფიქსირდა სექტორული გაუმჯობესების აუცილებლობა:

სიძულვილის ენა და უმცირესობების უფლებების დაცვის, პოლიციის კვალიფიკაციის, გენდერული საკითხების მეტად წინ წამოწევის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინტეგრაციისა და რუსული პროპაგანდისადმი მოწყვალადობის, დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმართველობის ხარჯების მონიტორინგის მიმართულებებით.

ამიტომ Follow on Twitter: Civil Society Forum; KakhaGogolashvili

მნიშვნელოვანია, რომ თემები, რომელთაც ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები ფარავენ, მოიცავს პასუხებს ყველა იმ კითხვასა თუ მოლოდინზე, რომელიც შეიძლება ამ ეტაპზე გვქონდეს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. საინტერესო იქნება, მედიასაშუალებების აქტიური ჩართულობა და ძალისხმევა ამ პროცესების გაშუქებასა და ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით. თუ ფიქრობთ, რომ ამ თემებზე კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია უნდა გაშუქდეს ქართულ მედიაში FOLLOW on twitter Giorgi Jangiani

გიორგი ჯანგიანი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, კონფლიქტებისა და ევროინტეგრაციის ანალიტიკოსი
კატეგორია - ბლოგი
,,ზედმეტად კრიმინალები” - ასე თარგმნა ევროპულმა, უმეტესად, გერმანული მედიის, ნაწილმა რუსული გამოთქმა „Лицо кавказской национальности“ საკუთარ ენებზე და ამგვარ კონტექსტში საქართველოსთვის თავისუფალი სავიზო რეჟიმის მინიჭების თემას არაერთი მასალა მიუძღვნა .

ამგვარმა მედიებმა პროპაგანდისთვის (იარლიყის არ იყოს) რუსული, თან მარტივი რეცეპტი გამოიყენეს:

ვერსია 1:

  • სტერეოტიპიზირებისთვის გამოსადეგ იარლიყთან ერთად საჭიროა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფაქტები - გემოვნებით;
  • ციფრი მანიპულირებისთვის - რაც მეტი, მით უკეთესი;
  • სტატუსის მქონე ექსპერტის (ნიშა თემატურად უნდა უკავშირდებოდეს სათქმელს) მოსაზრება - რაც შეიძლება ბლომად;
  • ვიზუალიზაცია (ეფექტის გასაძლიერებლად) - მინიმუმ ერთი;
  • მეტყველი სათაური (დასკვნის კარნახისთვის )- 1 ც.
  • ქვესათაურები (დასკვნის გასამყარებლად) – 3-4 ც.

კიდევ უფრო მარტივი რეცეპტია (ვერსია 2), ავიღოთ მეტყველი სათაური და ლიდი და დავეყრდნოთ სხვა მედიის უკვე გამოქვეყნებულ პროპაგანდას.

გუგლის გერმანულენოვანი სივრცე - google .de მხოლოდ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ანუ იმ პერიოდში, როცა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის თავისუფალი სავიზო რეჟიმის დაწესების განხილვა აქტიურ ფაზაში შევიდა, ასეულობით პუბლიკაციას ითვლის, სადაც კონტექსტურად ლაგდება ,,ქართველი, მაშასადამე კრიმინალი”.

ყველაზე პოპულარული (როგორც გუგლი ამბობს) ამ მასალებიდან გერმანული ტაბლოიდი BILD -ი -ის სტატია აღმოჩნდა, რომლის დასამზადებლად გამოცემამ აქ მოყვანილ პირველ რეცეპტს მიმართა:

  • იარლიყი: ,,ზედმეტად კრიმინალი”, ,,მაფიოზური”
  • სათაური: ,,ზედმეტად კრიმინალური. კავშირი (ქდკ) საქართველოსთვის ვიზა-თავისუფლების მინიჭების წინააღმდეგია!”
  • ლიდი (ც ასეთი უნდა): ,,ექსპერტი გვაფრთხილებს: „ქართველი თავშესაფრის მაძიებლები ისეთი კრიმინალურები არიან, როგორც არც ერთი სხვა უცხოელთა ჯგუფი.“
  • ექსპერტი, როგორც ძირითადი წყარო: არმინს შუსტერი. გამოცემა მას ,,შინაგან საქმეთა ექსპერტს” უწოდებს, თან აღნიშნავს, რომ შუსტერი ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს წარმოადგენს და თან იმასაც, რომ შუსტერი ,,თავად არის პოლიციის მოხელე”. ცხადია, ამდენი წოდების შემდეგ მის ანალიზს აუდიტორიისთვის ,,წყალი არ გაუვა”.
  • ციფრი: ,, 2015 წელს განხორციელებული ბინების ძარცვის 167000 ფაქტის ლომის წილი ქართული მაფიის სინდისზეა. “ ციფრი სწორია, 2015 წელს ძარცვების საერთო რაოდენობაზე არაერთი გერმანული გამოცემა წერდა. თუმცა იმ ოფიციალურ სტატისტიკაში, რომელსაც ეს ციფრი ეყრდნობა, ასევე აღნიშნულია, რომ არაგერმანელთა მიერ ჩადენილ დანაშაულთა შორის ქართველების წილი მხოლოდ 0,9% და ის წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით (1.1%) შემცირებულია. ეს სწორედ ის დეტალია, რომელიც ბოლდმა უნდა დამალოს, რადგან ბილდისთვის ,,ლომი”, შეიძლება იყოს მცირე რაოდენობის, მაგრამ მაინც ლომია და წილიც მეტი აქვს.
  • ვიზუალიზაცია: სტატიის ირგვლივ სხვა მსგავსი მასალებია მიმობნეული, ფოტოილუსტრაციებით, რომლებიც კრიმინალს ასახავს.

ფავორიტულია (ჩემთვის) პირველი აბზაცი: ,, სულ უფრო მეტი ბანდა ჩამოდის საქართველოდან გერმანიაში ბინების გატეხვის ტურით! მიუხედავად ამისა, ევროკავშირს სურს ამ ქვეყანას ვიზათავისუფლება მიანიჭოს.”

ამბობენ, რომ BILD -ზე, როგორც ტაბლოიდზე, სწორება ზოგად ტენდენციებზე აზრის გამოსატანად ჩვენგან არასწორია. სოციალურ ქსელში უკვე არაერთგზის შემხვდა ზეიმი იმის გამო, რომ ავტორიტეტულმა ,,SPIEGEL”-მა ამავე თემაზე, ამავე პათოსით გამოქვეყნებული მასალა ჩაასწორა. ჩასწორებული სტატია კიდევ უფრო ნათელყოფს იმას, რა მძლავრია ანტიქართული კამპანია გერმანულ მედიაში. სტატია დღესაც სრულად იმეორებს აქ მოყვანილი პროპაგანდის მეორე რეცეპტს:

  • სათაური: ,,კრიმინალთან კავშირის შიში”
  • და წყარო, არც მეტი არც ნაკლები, BILD -ის შესაბამისი სტატია. მორჩა, მასალა- მზადაა.

ძნელია გაარკვიო - რა შეცვალა ,,შპიგელმა” მასალაში, ამაოა ელოდო ბოდიშს. მაგრამ იმისთვის, რომ გერმანული მედია მცირედად მაინც განვკურნოთ შეყრილი რუსული პროპაგანდისგან, ისღა დაგვრჩენია, მივმართოთ გერმანიის პრესის საბჭოს, რომლის მე-11 პრინციპი ამბობს, რომ პრესამ თავი უნდა შეიკავოს უსაფუძლო სენსაციური მასალების გამოქვეყნებისგან, ხოლო მე-12 მუხლი დაუშვებლად მიიჩნევს დისკრიმინაციას.

ერთი ქართული ფილმის პერსონაჟისა არ იყოს, უნდა ჩავიდე და ადგილზე ვუთხრა გერმანული პრესის საბჭოს,: ,,ვას ისტ დას? დას ისტ კვას! მე თქვენ გასწავლით ჭკუას!”.
კატეგორია - ბლოგი
დიდი ხანია ბიზნესმენებმა და პოლიტიკოსებმა ბავშვებს 1-ლი ივნისი მოპარეს. მათ მთავარ თანამზრახველად კი არც მეტი, არც ნაკლები მედიასაშუალებები იქცნენ.

უკვე სამი წელია, UNICEF-ისა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ქართულ მედიაში ბავშვთა საკითხების გაშუქების მონიტორინგს ვაკეთებთ. წლიდან წლამდე ტენდენციები უმნიშვნელოდ იცვლება, თუმცა უფრო მსხვილი მასშტაბით თუ შევხედავთ, სიტუაცია ცალსახად გამოსწორებულია. მაგალითად, თუკი 10 წლის წინ რთული იყო იმის ახსნა თუ რატომ არ უნდა გაამხილო, რომელი რაიონის რომელ სოფელში კონკრეტულად რომელი მცირეწლოვანი გააუპატიურეს ან რატომ არ შეიძლება, რომ ომის მსხვერპლ ბავშვს თავიდან გაახსენებინო როგორ დაეღუპა თვალწინ დედა, თავად კი კიდურები დაკარგა, დღესდღეობით ასეთ გამიზნულ თუ უნებლიე ბოროტებას ქართულ მედიასივრცეში იშვიათად შეხვდებით. იშვიათია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს „ინვალიდებს“, „დებილებს“, „დაუნებს“ და „აუტისტებს“ უწოდებდნენ. თუმცა ამ ყველაფრის პარალელურად, თავი იჩინა ახალმა პრობლემებმა. პროფესიული სტანდარტის შიშით, ჟურნალისტები ან საერთოდ თავს იკავებენ ბავშვთა საკითხებზე მასალების მომზადებისაგან ან ისე ამზადებენ, რომ არასრულწლოვნის ნაცვლად კადრში მხოლოდ ე.წ. „ბლარები“ მოძრაობენ.

ბავშვთა საკითხების გაშუქების კუთხით, გამოსწორებულ და ახლად გაჩენილ პრობლემებთან ერთად არსებობს საკითხები, რომლებიც თითქმის არ იცვლება. ამის საუკეთესო მაგალითია ყოველი წლის 1-ლი ივნისი. გია ვოლსკიდან დაწყებული, „ვენდისითა“ და „ჯინო ფერედაისით“ დამთავრებული, ყველა პოლიტიკოსი, ყველა სახელმწიფო უწყება, ყველა ბიზნესმენი თუ კომპანია სწორედ 1-ლ ივნისს გარდაისახება სანტა-კლაუსად. მათი პიარ სამსახურები წერენ გრძელ-გრძელ პრესრელიზებს, რომლებიც შემდეგ უაპელაციოდ ხვდება ქართულ მედიასაშუალებებში. პრესრელიზებში წაიკითხავთ ამბებს, თუ როგორი კეთილები არიან ქართველი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები; რამდენი კილოგრამი ნუგა-კანფეტი დაარიგეს ამა თუ იმ თავშესაფარში; რამდენი ჰამბურგერი შეიჭამა ამა თუ იმ სწრაფი კვების ობიექტში; რამდენი ბუშტი გაბერა რომელიღაც გამგებელმა და რამდენი ხელი ტანსაცმელი მიუტანა რომელიღაც პარლამენტარმა სოციალურად შეჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახს. საბოლოოდ, 1-ლი ივნისის მოგონებად მომავალი წლის 1-ლ ივნისამდე რჩებიან პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, მერები, გამგებლები, მარკეტინგი, პიარი, ბუშტები, საქანელები და „მეტი პოზიტივი“, ფონად კი ბავშვები.

სინამდვილეში ამ დღის სრული სახელია - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ქვეყანაში, სადაც ყოველი მე-4 ბავშვი შიმშილობს და უფრო მეტი სრულფასოვან კვებას ვერ იღებს, სადაც განათლების სფერო ფაქტობრივად ჩავარდნილია, სადაც ბავშვები კვლავაც ჯეინ ეარის დროინდელ თავშესაფრებში ცხოვრობენ, ვერაფერს გეტყვით, რისგან იცავენ ამ ბავშვებს პოლიტიკოსები და ბიზნესები ერთი დღისთვის მიძღვნილი ღონისძიებებით. მაგრამ იმას, რისი მომსწრენიც 1-ლ ივნისს (და არა მხოლოდ ამ დღეს) მედიაში ვართ, პროფესიულ ლექსიკონში თავისი სახელი ჰქვია - ჩურნალიზმი. ეს ტერმინი პირველად BBC-ის ჟურნალისტმა ვასიმ კარიმმა გამოიყენა და ის ჟურნალისტიკის იმ მიმართულებას აღწერს, რომელმაც ზენიტს ინტერნეტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების ზეობის ხანაში მიაღწია. საუბარია ჩვენშიც ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკაზე, როდესაც რეპორტიორებს ფაქტობრივად „მაუსის“ ფუნქცია აკისრიათ და ვებგვერდებზე მხოლოდ პრესრელიზებიდან თუ ოფიციალურად წინასწარ გამზადებული მასალებიდან „დაკოპირებულ“ ამბებს შეხვდებით.

სწორედ ჩურნალისტები გახდნენ ქართველი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების მთავარი თანამზრახველები 1-ლი ივნისის ბავშვებისთვის მოპარვისა და პიარის კეთების საერთაშორისო დღედ ქცევაში. რა თქმა უნდა, სიმარტივე მიმზიდველია, არაფერი უდგას წინ პიარში წასული ყოფილი ჟურნალისტის დაწერილი ტექსტის საიტზე გადატანას, თუმცა დროდადრო, ალბათ საკუთარ თავებს უნდა შევახსენოთ, რომ სწორედ 1-ლ ივნისს მოტინგიცე პოლიტიკოსების უპასუხისმგებლობის გამო იშიმშილებენ ბავშვები 2 ივნისს, რომ მომავალ წელსაც, სწორედ ეს ბიზნესმენები შემოგვასაღებენ ქველმოქმედებას სოციალურ პასუხისმგებლობად, რის ხარჯზეც მხოლოდ მათი კომპანიების შემოსავლები გაიზრდება. 1-ლი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის ნაცვლად, ისევ ბავშვთა ზოოპარკში წაყვანის დღე გვეგონება. ჩვენ კი ისევ „მაუსებად“ დავრჩებით.
კატეგორია - ბლოგი
8 ივნისს ოფიციალურად გაიხსნა წინასაარჩევნო მარათონი. ერთი დღით ადრე საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს პრესკონფერენციაზე დაუძახა. ბუნებრივია, უბრალო დამთხვევა არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილი სწორედ წინასაარჩევნო კამპანიამდე ისევ გამოდის სცენაზე. გამოდის, რადგან თვლის, რომ “ქართულ ოცნებას” მისი დახმარება სჭირდება. სინამდვილეში კი მას სჭირდება “ქართული ოცნების” გამარჯვება.

ცხადია, ჩვენი საუბრის თემა არ გახლავთ ყოფილი პრემიერი. ჩვენ ვსაუბრობთ მედიაზე, რომელიც უდიდესი დილემის წინაშეა - დაექვემდებაროს თუ არა ივანიშვილის პირობებს და ითამაშოს თუ არა მისი წესებით?!

საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე აღიარებს, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას მართავს ბიძინა ივანიშვილი. ფორმალურად დღეს მას ერთადერთი სტატუსი აქვს - მოქალაქე, რომელიც იმავდროულად არის არსამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქისა” და თანაინვესტირების ფონდის დამფუძნებელი. თავად ის აღნიშნავს, რომ მისი ძირითადი კაპიტალი ქართველი ხალხის „ჭარბი“ ნდობაა. ამბობს, რომ აწარმოებს შიდა კვლევებს, გააჩნია ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით სტატისტიკა, მაგრამ არ ასახელებს არც მკვლევართა ვინაობას და არც მეთოდოლოგიას. ჩვენ კი ვიცით, რომ ის მართავს პოლიტიკურ გაერთიანება “ქართულ ოცნებას”, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას წარმოადგენს. ხელისუფლების წევრები ემორჩილებიან მას, მაგრამ ამას ხელს ვუწყობთ ჩვენც, როდესაც მას ვექცევით ისე, როგორც მოქმედ პრემიერ-მინისტრს.

ივანიშვილი მუდმივად საუბრობს პირველ პირში, როდესაც ხელისუფლების მიღწევებს ასახელებს, პირდაპირ აღიარებს, რომ პრემიერი მას ეკითხებოდა, როდის უნდა წასულიყო, აღიარებს, რომ მასთან გადიან კონსულტაციებს და ა.შ. ჩვენ მას ვაძლევთ ლეგიტიმაციას, რომ მართოს ქვეყანა კულისებიდან. სამწუხაროდ, ამის საშუალებას მას ასევე აძლევს მედია, რომელიც, თავის მხრივ, დიდწილად განსაზღვრავს ქვეყნის მოსახლეობის ცნობიერებას.

რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ მედია უარს იტყვის ბიძინა ივანიშვილის მთავარ ფიგურად პრეზენტირებაზე და მუდმივად შეგვახსენებს, რომ არაფორმალური მმართველობა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ნონსენსია? გავუკეთოთ მას იგნორირება და თუკი ვახსენებთ, მოვიხსენიოთ, როგორც ყოფილი პრემიერი და მოქმედი მმართველი, რომელმაც საკუთარი წასვლით ჩამოიხსნა პასუხისმგებლობა, რომ არ დაეკარგა ხალხის ნდობა - კაპიტალი, რომელიც, მისი თქმით, ყველაზე დიდი ძალაა მისთვის.

რისი საშუალება მივეცით მას გუშინ?

გასულ ხუთშაბათს ის მივიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიაში სტუმრად სალომე ასათიანთან. მას იქ არ დახვდა ის გარემო, რომელსაც ელოდა. ის ელოდა, რომ ისაუბრებდა საკუთარ წერილზე, რომელიც რამდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნა. „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტმა კი მას დაუსვა კრიტიკულ შეკითხვები და არ მისცა საშუალება, თავიდან აერიდებინა ეს კითხვები. პასუხის არგაცემის შემთხვევაში ჟურნალისტი აღნიშნავდა, რომ ივანიშვილი შეკითხვას არ პასუხობდა. ამიტომ ივანიშვილი „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტს ელაპარაკა ისე, როგორც ნაციონალს (ანუ, მისი გაგებით, ქვეყნის მთავარ მტერს) და ვერ დაფარა გაღიზიანება, ბრაზი, განრისხება.

ამ ინტერვიუში ნათლად გამოჩნდა, რომ ის ვერ იტანს უმცირეს წინააღმდეგობასაც კი და მით უმეტეს არ უყვარს წინააღმდეგობა იქ, სადაც ამას არ ელის. ამიტომ სალომე ასათიანთან ინტერვიუში ის პრაქტიკულად გაშიშვლდა და დამარცხებულმა დატოვა სტუდია.

ამ სურათის გამოსასწორებლად ივანიშვილი იღებს გადაწყვეტილებას, რომ დებატები გამართოს მისდამი კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებთან ( “რუსთავი 2” და “ტაბულა”), მაგრამ უკვე წინასწარ გაწერილი ფორმატით.

„ჟურნალისტები რიგრიგობით სვამენ კითხვებს, რესპონდენტი პასუხობს, კითხვების თანმიმდევრობას და რეგლამენტს უზრუნველყოფს მოდერატორი”, - ამონარიდი უძილაურის მიერ გამოგზავნილი წინასწარი შეთანხმებიდან.

ერთი სიტყვით, ივანიშვილი ცდილობს, ერთი მხრივ, ეპაექროს ოპონენტებს მოდერატორის დახმარებით, რომელიც მის კომფორტს უზრუნველოყოფს და, მეორე მხრივ, გადაფაროს გასული კვირის მარცხი. ამის საშუალებას მას არ აძლევს “რუსთავი 2”, რომელიც აცხადებს, რომ არ ექვემდებარება მის მოთხოვნებს და თუ სურს ინტერვიუ, ეპატიჟება საკუთარ სტუდიაში, ტოკ-შოუ “არჩევანში”, წამყვანის პირისპირ, ყოველგვარი მოდერატორის გარეშე.

ბუნებრივია, ივანიშვილი არ თანხმდება ამ ფორმატს. ამიტომაც სცენარი იცვლება და 7 ივნისს ტარდება პრესკონფერენცია, სადაც ივანიშვილი სასიამოვნო კითხვებს 15-20 წუთი პასუხობს მშვიდად, ხოლო უსიამოვნო კითხვების შემთხვევაში საქმეში ერთვება მოდერატორი უძილაური და აჩერებს ჟურნალისტს, როგორც ეს ეკა კვესიტაძის შემთხვევაში იყო.

ასე რომ, ნებსით თუ უნებლიეთ, გუშინ მედიამ ბიძინა ივანიშვილს მისცა საშუალება, განეხორციელებინა საკუთარი გეგმა. მას არაფერი უთქვამს ახალი, მაგრამ გამოვიდა დიდ სცენაზე და სტარტი აიღო დიდი წინასაარჩევნო მარათონის წინ.

თუკი მომდევნო 4 თვის განმავლობაში მედია დაექვემდებარება ივანიშვილის პირობებს, ის უზრუნველყოფს, რომ საქართველოს მოსახლეობამ უკვე ფორმალურად აირჩიოს არაფორმალური მმართველი. ივანიშვილი არ იღებს მონაწილეობას არჩევნებში, ის „ეხმარება“ მისდამი უპირობოდ დაქვემდებარებულ პოლიტიკურ პარტიას იმისთვის, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ისევ კულისებიდან მართოს ქვეყანა.

და ამაზე პასუხისმგებლობას პირველ რიგში აიღებს მედია.
კატეგორია - ბლოგი
ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპების მიხედვით, საინფორმაციო გამოშვებაში გასული ყველა ამბავი შერჩეული უნდა იყოს რედაქციის მიერ, მედიასაშუალება თავად უნდა წყვეტდეს, რომელი მოვლენა არის საზოგადოების ინტერესის საგანი და საკუთარი სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისად წყვეტდეს რა გავიდეს ეთერში და რა - არა. სწორედ ამას ისახავს მიზნად „მაუწყებლობის შესახებ კანონის 661-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება”.

მაუწყებელმა აუდიტორია შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს. მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ კონკრეტული ინფორმაცია იმიტომ მოხვდა საინფორმაციო გამოშვებაში, რომ მას აქვს საინფორმაციო ღირებულება და არა იმიტომ, რომ რომელიმე უწყებამ თანხა გადაიხადა ეთერში მოსახვედრად.

თუმცა, საქართველოს კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს და ამბობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება „საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით“. სწორედ ამ ჩანაწერით ხდება გამართლება ეთერში დაფინანსებული სიუჟეტების გაშვებისას.

2016 წლის 28 მარტს „მედიაჩეკერმა“ გამოაქვეყნა სტატია “კონტრაქტები ტელემედიას ხელისუფლებისგან”, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ რეგიონული ტელევიზიებისგან მომსახურებების შესყიდვას ეხებოდა. სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მუნიციპალიტეტები მედიასაშუალებებისგან საინფორმაციო გამოშვების დროსაც ყიდულობენ. მაგალითად, რუსთავის გამგეობამ „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ (რუსთავი) საინფორმაციო გამოშვებების საეთერო დრო შეიძინა. ხელშეკრულება სენაკის გამგეობასა და ტელეკომპანია „ეგრისს“ შორისაც დაიდო. ტელეკომპანიის ხელმძღვანელი მედიაჩეკერთან საუბარში ამბობდა, რომ ხელშეკრულების ფარგლებში სიუჟეტები საინფორმაციო გამოშვებებშიც გადიოდა.


მაშინ „მედიაჩეკერთან“ საუბრისას კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაადასტურა, რომ კანონით დაუშვებელია საინფორმაციო გამოშვებების და საზოგადოებრივ პოლიტიკური გადაცემების ნებისმიერი ფორმით დაფინანსება მესამე პირების მიერ. იქვე დაგვპირდა, რომ ამ საკითხს შეისწავლიდნენ.

მოგვიანებით, მარეგულირებელმა საკითხი მართლაც შეისწავლა და დასკვნაში მხოლოდ კანონის მუხლი გაიმეორა, აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ „ეგრისისა“ და „ქვემო ქართლის ტელერადიო კომპანიის“ სატელევიზიო მომსახურების შესყიდვა „არ ჩაითვლება კანონდარღვევად თუ აღნიშნული მოხდა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით“.

რამდენად არის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია რაც ამ კონტრაქტის ფარგლებში ეთერში რეალურად გადის?

„ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის" გენერალური დირექტორი გიორგი მგალობლიშვილი „მედიაჩეკერთან“ საუბარისას ამბობდა:

“ვაშუქებთ, მაგალითად მერი გავიდა და მოსახლეობას შეხვდა. ვწერთ მერს და ვწერთ კმაყოფილ ან უკმაყოფილო მოსახლეობას. ძირითადად ასეთია. ასევე ტოკ-შოუში დროს ყიდულობენ და მოდიან”.

სენაკის მუნიციპალიტეტთან 20 ათას ლარიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ „ეგრისის“ დირექტორი მერაბ ჩიქობავა ამბობს, რომ გამგეობამ ამ ტენდერით საინფორმაციო გამოშვებაში სიუჟეტების გაშვებაც შეისყიდა:

“ვაშუქებთ რაღაც-რაღაცებს რაც ხდება სენაკში, საინფორმაციოში სიუჟეტებს ვაკეთებთ. ყველანაირი სიუჟეტი შეიძლება იყოს. მაგალითად, გზები რომ კეთდება, ახალი რამე რომ გაიხსნება, სტუმარი ჩამოვა და ა.შ. საინფორმაციოში ვუშვებ და ისედაც ვუშვებ, თვითონ აკეთებენ, თავისი გადაცემები მოაქვთ”,- ამბობს ჩვენთან საუბარში ჩიქობავა.

არის თუ არა მოსახლეობასთან მერის შეხვედრა, გზების გაკეთება, სტუმრის ჩამოსვლა და რეგიონში მომხდარი „რაღაც-რაღაცეები“ საზოგადოებრივად იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი, რომ მის გასაშუქებლად მართებულია კანონის გამონაკლისის გამოყენება? - კომისიის დასკვნის მერეც გაუგებარი რჩება.

როგორ სრულდება კანონი პრაქტიკაში, ასრულებს თუ არა მიზანს და რა გავლენას ახდენს მედიაბაზარზე ამგვარი კონტრაქტების ფარგლებში მომზადებული მასალები, ეს ჯერ არ შესწავლილა.

მანამდე კვლავ ფორმდება სახელმწიფო სტრუქტურებთან „მომსახურების შესყიდვით“ დასათაურებული ხელშეკრულებები სადაც ასეთ პირობებსაც ამოიკითხავთ:

„მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს საქმიანობის ამსახველი სიუჟეტების საინფორმაციო გამოშვებაში გაშვება; ტელეკომპანიის საეთერო ბადეში არსებულ თოკ შოუებში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლების მიწვევა (პირდაპირი ეთერი ან ჩანაწერი); ტელეკომპანიის ეთერში, თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ გასულ გადაცემებში თვითმმართველობის თანამშრომლების არაქონებრივი უფლებების (პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია ან პირადი ინფორმაციის შემლახავი ცნობა) დაცვა“.

მაყურებელს კვლავაც ეგონება, რომ თავად ტელევიზიამ გადაწყვიტა მაგალითად ტოქ-შოუს თემა, სტუმრები და ეთერში გადაცემული ინფორმაციაც საზოგადოების ინფორმირებისთვის მნიშვნელოვანია. დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, წარწერა დაფინანსების შესახებ ეკრანზე არსად ჩანს.
კატეგორია - ბლოგი
ამ, ან მსგავსი სათაურით გამოქვეყნებული განცხადების რაოდენობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ათეულობითაა, ასე იყო წინა წლებშიც, სულ ასეა: ვაკანსიებისა თუ განცხადებების, კერძო სტრუქტურებისა და სახელმწიფო დაწესებულებების ვებებზე, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ყველაზე ხშირად სწორედ პროფესიით ჟურნალისტებს ეპატიჟებიან. საძიებო სისტემებს უჭირთ მოიძიონ განცხადება ექიმების, ფერმერების, ინჟინრების და სხვა პროფესიებისთვის გამოცხადებული კონკურსების შესახებ.

მედიაკონკურსების უმეტესი ნაწილი თემატურია და ჟურნალისტებს თემასთან ერთად მასზე მუშაობისთვის გარკვეულ პერიოდს უწესებს, კონკურსის ორგანიზატორთა ნაწილი უფრო შორსაც მიდის და საკითხის გაშუქების კონტექსტსაც განსაზღვრავს.

კაცმა არ იცის, გააშუქებდა თუ არა ქართული მედია წელს - თუ რას ცვლის შენობების დათბუნება და კარ-ფანჯრის გამოცვლა ენერგოეფექტურობის კუთხით, რომ არა შესაბამისი კონკურსი, რომლის მიზანი საზოგადოების ფართო ფენებში მდგრადი ენერგეტიკული ტექნოლოგიების გამოყენების პოპულარიზებაა. ან ეცდებოდა თუ არა მედია შშმ პირთა დისკრიმინაციის შემცირებას; დაუთმობდა თუ არა დროს ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს; აქტიურად მიაწვდიდა კი ინფორმაციას აუდიტორიას ბუნებრივი კატასტროფების შესახებ რისკების შესამცირებლად; ჩათვლიდა თუ არა მასალის ავტორი, რომ ,,თანამედროვე კონტრაცეფცია აბორტის ალტერნატივაა” რომ არა შესაბამისი კონკურსი.

კითხვები და პრობლემები სახელმწიფო უწყებების მიერ გამოცხადებულ კონკურსებთან დაკავშირებით უფრო ღრმავდება. შეძლო, ან შესაძლებელია კი მედიამ ტრეფიკინგის საკითხები ისე გააშუქოს, რომ რეალურად იკვლიოს - რამდენად ეფექტურია სახელმწიფოს მუშაობა ამ მიმართულებით, ან შეძლოს ოჯახში ძალადობის კუთხით სამართალდამცავი სისტემის ეფქტურობის ობიეტური მონიტორინგი, მაშინ როცა მასალას სამინისტროების მიერ გამოცხადებული კონკურსების ფარგლებში ამზადებს.

არადა, ყველა ის ,,საკონკურსო თემა”, რომელიც ჩამოვთვალეთ და არ ჩამოგვითვლია, ბუნებრივადაც, კონკურსების გარეშეც უნდა გამხდარიყო მედიის ინტერესის საგანი.

ამგვარი კონკურესების კარნახის გარეშე შექმნილი მედიაპროდუქტისთვის კი გვაქვს სხვა - იშვიათი კონკურსები, რომელიც ყოველგვარი თემის კონკრეტიკისა და აქცენტების კარნახის გარეშე უფასებს მედიას პროფესიონალიზმს, გამბედაობას, ოპერატიულობას, გულწრფელობას, პატიოსნებას, ყველა იმ თვისებას, რაც სულ უფრო და უფრო იშვიათი ხდება სივრცეში, სადაც მედიის დღის წესრიგსა და შინაარსს დაწესებული ჯილდოს მოცულობა და წონა განსაზღვრავს.
კატეგორია - ბლოგი
ის, რომ ძველი თაობა ახალი თაობით უკმაყოფილოა, მხოლოდ დღევანდელი პრობლემა არ არის. ასე იყო ყოველთვის და, ალბათ, მომავალშიც ასე იქნება.

არ ვაპირებ იმის მტკიცებას, თუ როგორი კარგი თაობა ვართ, რომ ჩვენც ბევრს ვაკეთებთ – ეს ისედაც კარგად დაინახეს 13 ივნისის ტრაგედიის დროს, მაგრამ, როგორც ყოველთვის, უცბად ატაცებულ თემებს მალევე ივიწყებენ, იმის მიუხედავად, მნიშვნელოვანია თუ არა. და, ალბათ, ვერც ვერასდროს დააფასებენ ჩვენს თაობას, თუ ვინმე არ დაგვეხმარა თვითრეალიზებაში, თუ ვინმემ არ მოგვცა სტიმული, თუ ვინმემ არ დაგვინახა და წაგვახალისა ან, უბრალოდ, სწორად შეგვაფასა.

ამ მხრივ დიდი როლი აქვს მედიას.

მე, პირადად, თითქმის არ მახსენდება პოზიტიური რეპორტაჟი ჩვენს თაობაზე. რატომღაც, ჩამოყალიბდა ტენდენცია, რომ ბავშვებმა არაფერი იციან და მათ მხოლოდ მარიონეტებად თუ გამოიყენებენ ისევე, როგორც თოჯინების თეატრში – თოჯინას, რომელსაც ყურადღებას არავინ აქცევს, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ის არის მნიშვნელოვანი ფიგურა. საუბრობენ ჩვენი თაობის „პრობლემებზე” (დიახ, ეს სიტყვა ბრჭყალებს მოითხოვს, რადგან ის, რაზეც უფროსები მედიაში საუბრობენ, ჩვენი თაობის პრობლემა კი არა, მათი პრობლემებია ჩვენთან ურთიერთობაში) და არასდროს კითხულობენ, რა გვაწუხებს სინამდვილეში, რაზე გვინდა საუბარი, რატომ ვართ განმსჭვალულნი ასეთი პროტესტის გრძნობით ან, იქნებ, პრობლემების გარდა იმით დაინტერესდნენ, თუ რა მოგვწონს, რას ვაპირებთ მომავალში, იქნებ ჩვენი გეგმები უფრო პერსპექტიული, ორიგინალური და თანამედროვეა, ვიდრე უფროსი თაობისა.

ბოლო დროს მედიაში არასწორად და დამახინჯებულად გავრცელებულმა ინფორმაციამ ჩვენი თაობის ზოგიერთ წარმომადგენელზე ბევრი პრობლემა შეუქმნა როგორც ბავშვებს, ასევე უფროსებს, შიშის გრძნობა ჩანერგა ჩვენი თაობის მიმართ. ვიცი, მესმის, რომ ჟურნალისტმა მაყურებელს, მსმენელს, მკითხველს აუცილებლად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჟურნალისტმა დაზუსტებული ინფორმაცია უნდა გაავრცელოს და არა ჭორის დონეზე გაგონილი მასალა.

ყველას გვაქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება და სხვა ვალდებულია, პატივი სცეს ჩვენს აზრს. მე ჟურნალისტებს მინდა მივმართო:

გამარჯობა, მე ელენე ვარ, 15 წლის. მომავალში ჟურნალისტობას ვაპირებ. იმისთვის, რომ წარმატებული და პროფესიონალი ჟურნალისტი ვიყო, ყველაფერს ვაკეთებ: დავდივარ მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, ვარ სასახლის ჟურნალის – „Online თაობის” კორესპონდენტი, ვცდილობ, მონაწილეობა მივიღო სხვადასხვა აქტივობაში... მაგრამ ჩემ გარშემო არიან ბავშვები, რომლებიც ასე აქტიურად ცხოვრებას ვერ ახერხებენ, ძირითადად, ინფორმაციის არქონის გამო.

მოგმართავთ თქვენ, ჟურნალისტებო! ჩვენც გვკითხეთ აზრი, მოგვეცით საშუალება, ფართო საზოგადოებას გავაცნოთ თავი, ჩვენთან ერთად იმსჯელეთ ამა თუ იმ საკითხზე, ჩვენთან ერთად ან ჩვენი დახმარებით გაიგეთ, რა არის ჩვენი პრობლემა და, იქნებ, ერთად უკეთესი გამოსავალი ვიპოვოთ.

მოგვეცით შესაძლებლობა, დაგეხმაროთ!

ელენე ტუშური, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მედიასტუდია „დრო“
კატეგორია - ბლოგი
„რომელ საუკუნეში მეფობდა დავით აღმაშენებელი?“, „რა მოხდა 9 აპრილს?“, „ვინ გაიმარჯვა საქართველო - ვიეტნამის ომში 1956 წელს?“ „საქართველოს რიგით რომელი პრეზიდენტი იყო კონსტანტინე გამსახურდია?“ „რელიგიური ხართ?“ „რას ფიქრობთ ერთსქესიანთა ქორწინებაზე?“,„კაი ბიჭობა გირჩევნიათ თუ ტორტი?“ - ამ და სხვა ამგვარ კითხვებზე მომზადებული ე.წ. ვოქს-პოპები, იგივე ქუჩის გამოკითხვები ჩვენი მედიის ჰობი და ამავდროულად, საეთერო ბადის შესავსები ერთ-ერთი ფავორიტი ტექნიკაა. დროთა განმავლობაში, სიმარტივის, დროისა და ენერგიის ეკონომიის თუ უბრალოდ არცოდნის გამო, ტელეეთერებსა თუ ვებ-გვერდებზე „ვოქს-პოპებმა“ თავიანთი პირვანდელი დანიშნულება დაკარგეს და საერთოდ აღარაფერი აქვთ საერთო იმასთან, რასაც გულისხმობს სიტყვა Vox populi(ლათ. ხალხის ხმა).

ცნების უკეთ გასაგებად, ზოგჯერ უმჯობესია უკუღმა ლოგიკით სვლა და საუბარი იმაზე თუ რას არ გულისხმობს ეს ცნება. მაგალითად, თუკი ჟურნალისტი დადგება ქუჩაში, გაიშვერს მიკროფონს, დასვამს შეკითხვას და ჩაწერს 15 შემთხვევით გამვლელს, შემდეგ ღმერთმა-უწყის-რა-ლოგიკით ან როგორც-მოუნდება-იმ-ლოგიკით დაამონტაჟებს და ეთერში გაუშვებს მას, ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ ეთერში ვოქს-პოპი გავიდა. ქუჩის გამოკითხვას ქუჩის გამოკითხვად, სინადვილეში, მასალის მომზადების ტექნიკაზე მეტად, მასალის (დასმული შეკითხვის) შინაარსი აქცევს.

ქართული ენის მოუხეშაობის ან პროფესიული ტერმინოლოგიის განუვითარებლობის ან რამე სხვა მიზეზით, ტერმინ ვოქს-პოპის დამკვიდრებული ქართულენოვანი თარგმანი („ქუჩის გამოკითხვა“) უსიამოვნოდ ახლოს დგას ტერმინ „სოციოლოგიურ გამოკითხვასთან“. სავარაუდოა, რომ სწორედ ეს აჩენს არამოტივირებულ სურვილს ჟურნალისტებში, რომ მათ მიერ მომზადებულ ვოქს-პოპებს სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების ამბიცია ჰქონდეთ. მაგალითად, გაზომონ ზოგადი განათლების დონე თბილისის, ლაგოდეხის ან ლეჩხუმის მოსახლეობაში, დაადგინონ სკოლაში ისტორიისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებში წაკითხული ტექსტებიდან 15-20 წლის შემდეგ დამახსოვრებული ინფორმაციის მოცულობა, ან გაარკვიონ მოსახლეობის რა პროცენტს სჯერა რომ კვერცხი უფრო ადრე გაჩნდა ვიდრე ქათამი. საბოლოო ჯამში, ასეთი გამოკითხვებიდან, ქართველი ერის დეგრადირებაზე, ახალგაზრდა თაობის უცოდინრობაზე გულისტკივილი და ვირუსული ვიდეოების კატეგორიაში დასახარისხებელი რამდენიმე სახალისო პასუხი შერჩება ხოლმე ინფორმაციის მომხმარებელს. ყველაზე ტრაგიკული კი ის არის, რომ რამდენიმეწლიანი ტრადიციის შემდეგ, თითქმის არ დარჩა მეინსტრიმული მედიასაშუალება ერთი ასეთი ფსევდო ვოქს-პოპი რომ არ მოიძიებოდეს მის არქივში.

ეს პროფესიული გაუგებრობა იოლად მისატევებელ ნაკლად შეიძლება გამოჩნდეს მეორე მანკიერ „ტრადიციასთან“ შედარებით, რომელიც ასევე ხშირია ვოქს-პოპებში -ეს არის წინასწარგანწყობით დასმულ შეკითხვებზე, სასურველი პასუხების მოლოდინით მომზადებული ქუჩის გამოკითხვები. ქრესტომათიულ ნიმუშად GDS-ის გადაცემა „ბინა 18“-ში რამდენიმე კვირის წინ გასული გამოკითხვა უნდა ჩაითვალოს. გადაცემის გუნდმა მძვინვარე ჰომოფობი მიავლინა ქუჩაში, რათა გაერკვიათ მოსწონთ თუ არა თბილისის მაცხოვრებლებს ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ქორწინების იდეა და საერთოდ რა დამოკიდებულება აქვთ მათ კონკრეტული სოციალური ჯგუფის მიმართ. შედეგი მოსალოდნელი, ბოროტი და ეჭვი მაქვს, გადაცემის გუნდისათვის სასურველი დადგა.

უახლეს მაგალითად „იმედის დილის“ 13 მაისის გამოშვებაში გასული ვოქს-პოპი შეგვიძლია ჩავთვალოთ. გადაცემის მთავარი თემა, ალბათ, უკვე დიაგნოზი იყო („მოდად ქცეული ათეიზმი“), თუმცა კულმინაციად ლაღმა გოგონამ ჩამოირბინა რუსთაველის გამზირზე და გამვლელებს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა. გაარკვევდა რა, რომ გამვლელებს რელიგიისადმი კარგი ან ნეიტრალური დამოკიდებულება ჰქონდათ, შემხვედრი შეკითხვა მზად იყო: „- ეკლესიური ხართ?“ აბა როგორ შეიძლება რომ თბილისის ქუჩებში გამვლელი რელიგიური, მაგრამ არაქრისტიანი აღმოჩნდეს? თან გაითვალისწინეთ, გადაცემის თემა პირდაპირ ამტკიცებდა, რომ ათეიზმი მოდად იქცა. რაც არ უნდა მოულოდნელი იყოს, ჟურნალისტს არ გაუმართლა და რუსთაველის გამზირზე მუსლიმსაც კი გადააწყდა (მისი კლასიფიკაციით რესპონდენტი ალბათ მეჩეთური გახლდათ.)

სინამდვილეში, ზემოთ ნახსენებ პროფესიულ პრაქტიკას იმდენივე აქვს საერთო ვოქს-პოპებთან, რამდენიც მე მოლეკულურ ბიოლოგიასთან. ქუჩის გამოკითხვების არსი, არა სოციოლოგიური გამოკითვის ჩატარება ან საკუთარი გამრუდებული წარმოდგენების პროეცირება, არამედ უბრალო მოქალაქეების განწყობ(ებ)ის დაბალანსებული, სამართლიანი და პატიოსანი ასახვაა. ეს ყველაფერი კი იმის საპასუხოდ, რომ ტრადიციულად, მედია ინტერესდება პოლიტიკოსებით, ჩინოვნიკებით, სელებრითებით, სხვადასხვა უკიდურესობებთან ასოცირებული ადამიანებით, მსხვერპლებით, მოძალადეებით, ხოლო ე.წ. „ჩვეულებრივი მოქალაქეების“ ხმა იშვიათად ისმის. სწორედ ამ „ზე-მიზნიდან“ გამომდინარე, ვოქს-პოპები, ჩვეულებრივ, სამ კატეგორიად იყოფა:

·ხალხის აზრის კვლევა (Public opinion survey) - როგორც წესი, ატარებს კვლევითი, სპეციალიზირებული კომპანია (და არა მედიაკომპანია). მონაცემები გროვდება საგულადგულოდ დამუშავებული კითხვარებით და ხდება მონაცემების სიღრმისეული, პროფესიონალური ანალიზი;

·შეზღუდული კვლევა (Limited survey) - ტარდება ჟურნალისტების მიერ, წინასწარ დამუშავებული კითხვარებით, თუმცა იგი არარეპრეზენტაციულია და შესაბამისად, საფრთხილოა გამოტანილი დასკვნების განზოგადება;

·ქუჩის გამოკითხვა (Street poll)- არ აქვს პრეტენზია სტატისტიკური მონაცემების მიღებაზე და მთავარი მიზანი კონკრტული თემის გარშემო საინტერესო მოსაზრებების, ციტატების მოძიება და მათი მაყურებლამდე/მსმენელამდე მიტანაა.

კლასიფიკაციაზე საკუთარი მიზნის მორგება მხოლოდ ნაწილია იმისა, რაც კარგ ვოქს-პოპს სჭირდება. არ გაგიჩნდეს კვლევის ამბიცია ქუჩის გამოკითხვის ჩატარებისას - ამას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება. გაცილებით უფრო დიდი თავის ტკივილია კითხვის დასმის ფორმა. თუკი ჟურნალისტი იკითხავს, „უნდა არსებობდეს თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახური?“, დიდია ალბათობა, რომ რესპონდენტი იმას უპასუხებს რასაც ფიქრობს. მაგრამ, თუკი იგი დასვამს შეკითხვას ფორმულირებით: „უნდა ვაიძულოთ თუ არა ახალგაზრდები რომ ჯარში წავიდნენ?“ ანდა „უნდა ჰქონდეთ თუ არა ახალგაზრდებს ახალწვეულების რიგებში დისციპლინირებისა და ვარჯიშის საშუალება?“ დიდია იმის ალბათობა, რომ პირველ შეკითხვაზე პასუხად „არას“ მიიღებთ, მეორე შეკითხვაზე კი „დიახს“, რაც განპირობებული იქნება ერთ შემთხვევაში „იძულების“ ნეგატიური და მეორე შემთხვევაში „დისციპლინირებისა და ვარჯიშის“ პოზიტიური გაგებით.

დანარჩენი კი უკვე ლირიკაა - მათ შორის, რესპონდენტების სამართლიანი შერჩევა, ბალანსი, შეკითხვებისა და მიღებული პასუხების პატიოსნად გაშუქება და ა.შ. ეს უკვე ამ სვეტის ფარგლებს სცდება და მორალის ან ჟურნალისტური სკოლების პირველი კურსის სილაბუსების ფარგლებს უახლოვდება.
კატეგორია - ბლოგი
სააღდგომოდ სხვადასხვა რაიონის გამგეობების მიერ მოსახლეობისთვის გაფუჭებული ქათმების დარიგების შესახებ ეთერში რამდენიმე სიუჟეტი ვიხილეთ. ერთ-ერთ სიუჟეტში ხალხი პროტესტის ნიშნად აივნებიდან ქათმებს ყრიდა. ჟურნალისტი შეკითხვებით მთაწმინდის გამგეობის წარმომადგენელს მიმართავს “ყველაფერში დამნაშავე ტენდერში გამარჯვებული კომპანია აღმოჩნდა, რომლის სახელწოდებაც მოადგილეს, რომლიც სოციალურ სფეროს კურირებს, არ ახსოვდა, ისევე როგორც არ ახსოვდა, რა თანხა დაუჯდა გამგეობას სოციალურად დაუცველებისთვის ამ საჩუქრების დარიგება”, - ამბობს სიუჟეტში ჟურნალისტი.

გაგიკვირდებათ და დახარჯული თანხისა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჟურნალისტსაც შეეძლო მოეპოვებინა და ამისათვის გამგეობიდან ინფორმაცია საერთოდ არ სჭირდებოდა. სულ რამდენიმე წუთია საჭირო იმისათვის, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე შეხვიდეთ და სასურველი შესყიდვა იპოვოთ. ვებგვერდზე ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის შესახებ ყველა ინფორმაცია დევს იმის მითითებით, რომელ კომპანიას რა თანხა რის შესასრულებლად მისცა სახელმწიფომ.

სწორედ აქვე შეეძლო ჟურნალისტს ენახა, რომ მთაწმინდის გამგეობამ სააღდგომოდ 2768 სოციალურად დაუცველი ბენეფიციარისთვის და 50 უსინათლოსთვის გადასაცემი ნობათი შეიძინა, რაც ჯამში ბიუჯეტს 35 710 ლარი დაუჯდა. აქვე უფრო ჩაშლილი ინფორმაციის მოძიებაცაა შესაძლებელი. კონკრეტულად ის, რომ ტენდერში კომპანია “ნილიმ” გაიმარჯვა, ქათმები “სავანეთის” იყო, 900 გრამს იწონიდა და ცალში 3 ლარი და 85 თეთრი გადაიხადეს.

თუ ამ კომპანიის შესახებ დაგაინტერესებთ ინფორმაცია, იმავე ვებგვერდზე შეგიძლიათ ნახოთ, რა დროს და რა სახელმწიფო ტენდერი მოუგია, ხოლო ბიზნესის რეესტრი გაძლევთ შესაძლებლობას კომპანიის დაარსებიდან დღემდე მათი ყველა დირექტორის/მეწილის ვინაობა გაიგოთ და თუ მაინცდამაინც კომპანიის მისამართზე არავინ დაგხვდებათ (კომპანიის მისამართი საჯარო რეესტრის ამონაწერშივე შეგიძლიათ იპოვოთ), პირადი ნომრით (რომელიც ამავე ამონაწერშია მითითებული) ამომრჩეველთა ერთიან სიაში კომპანიის მფლობელის/დირექტორის იურიდიული მისამართიც კი შეგიძლიათ გაიგოთ.

ტექნოლოგიურმა მიღწევებმა ინფორმაციის მოძიების მხრივაც გაუმარტივა ჟურნალისტებს საქმე. ეს ელექტრონული ბაზები შესაძლებლობას გაძლევთ უმოკლეს დროში კონკრეტული კომპანიების მფლობელების შესახებ ინფორმაცია მსოფლიოს მეორე ბოლოშიც კი აღმოაჩინოთ. ამისთვის საჭიროა იცოდეთ იმ ელექტრონული ბაზების შესახებ, რომელიც არსებობს და გქონდეთ ამ ზღვა ინფორმაციასთან მუშაობის ელემენტარული უნარები.

მგონი, უკვე დიდი ხანია დროა, ჟურნალისტებმა ახალ ერაში შევაბიჯოთ - ამისათვის საჭიროა სურვილი იმისა, რომ გავცდეთ ზონას, რასაც “ამან ეს თქვა, იმან ის თქვა, ექპერტები ასე ამბობენ” ჰქვია, და გარდა კომენტარებისა და შეფასებებისა, თავადაც ვეძებოთ ფაქტობრივი ინფორმაცია.
კატეგორია - ბლოგი
“ნანუკა ჟორჟოლიანის შოუმ” ისევ “ამინდივით რეიტინგი” დადო. მაყურებელი, სავარაუდოდ, არც “სხვა რაკურსს” მოაკლდებოდა. არ გაგიკვირდებათ, ალბათ, თუ ვიტყვი, რომ ორივე გადაცემა ერთსა და იმავე თემას - “სექტაში” გაერთიანებულ, “სატანისტ” ბავშვებს მიეძღვნა და მთავარი პერსონაჟიც კი ერთი და იგივე ჰყავდათ ( ქართულ შოუებში ეს ხშირად ხდება): ახალგაზრდა ქალი, რომელიც “ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში” აცხადებდა, რომ “სექტის” არსებობის შესახებ შემთხვევით გაიგო, ისიც მაშინ, როცა ნაცნობის არასრულწლოვან შვილს ეძებდნენ, “სხვა რაკურსში” სიუჟეტის ერთ-ერთ მთავარ მოქმედ გმირად და 2 დღის განმავლობაში გაუჩინარებული გოგონას ახლო ნათესავად მოგვევლინა. თუმცა, ეს მთავარი არ არის. მთავარი ის არის, რაც ამ გადაცემებიდან “უცნაურ ერთობაში” გაერთიანებული და "სატანისტი" ბავშვების შესახებ გავიგეთ.


კერძოდ, გავიგეთ, რომ: თბილისის ცენტრში, ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში არის ბავშვების გარკვეული წრის მუდმივი თავშეყრის ადგილი, ე. წ. მორგი, სადაც ანტისანიტარია მეფობს და თავმოჭრილი კატები, ძაღლები და გაპუტული ინდაურები ყრია.

ამ არაფორმალურ გაერთიანებაში ძირითადად 13-15 წლის ასაკის არასრულწლოვნები არიან. მათი უმეტესობა გოგონაა. "სექტაში" ხვდებიან ის ბავშვები, ვისი მშობლებიც ბევრს მუშაობენ და შვილებისთვის არ სცალიათ, ან საზღვარგარეთ არიან წასულები. ისინი სკოლას ხშირად აცდენენ. მათი გავლენის არეალში კი განათლებული, ნიჭიერი და დეპრესიული ბავშვები ხვდებიან.

გადაცემებიდან გავიგეთ, რომ არასრულწლოვნები, რომლებიც “მორგში” იკრიბებიან, გარეგნობით დ ჩაცმის სტილით ერთმანეთს ჰგვანან: აქვთ მუქი შავი თმა, დაკაწრული ხელები, შავად შეღებილი თვალები, პირსინგები და სვირინგები.

არიან დეპრესიულები და ყველა მათგანს აქვს ოჯახური პრობლემა. სულიერი ტკივილის შესამსუბუქებლად იყენებენ ფიზიკურ დაზიანებებს. ხოცავენ კატებს და ძაღლებს და სასტიკი ფორმებით ერთობიან.

მათ ერთობას თურმე “რიტუალური ელფერი” აქვს, რისთვისაც საკუთარ და ცხოველთა სისხლს იყენებენ და ხშირად მსხვერპლთშეწირვის რიტუალსაც ატარებენ.

აწყობენ სექსუალურ ორგიებს და არასრულწლოვანთა სუიციდიც სწორედ ამ ჯგუფს უკავშირდება.

“ძალიან ბევრი ინციდენტია უკვე სუიციდის და ყველას უკავშირებენ ამ ამბავს. რაღაცა ძალიან ბევრი ფაქტია ამ ბოლო დროს, რაც მანამდე არ ყოფილა, რომ “მორგის” წევრები თავს იკლავენ,” - აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი. ის დიდი მონდომებით ცდილობს, რომ სტუდიაში მიწვეული სტუმარი, რომელიც ამბობს, რომ ეს ბავშვები არაერთხელ ჰყავს ნანახი და მათ სატანისტების სექტასთან და სუიციდთან არაფერი აქვთ საერთო, როგორმე მის მოსაზრებას დაეთანხმოს.

ამ ისტორიაში, რომელიც არც სატანისტური და არც ზოგადად არანაირი სექტის არსებობის დამადასტურებელ არცერთ ფაქტს და მტკიცებულებას არ ეფუძნება, ერთადერთი დადებითი ის იყო, რომ ადგილი, სადაც არასრულწლოვნები იკრიბებიან, ნანუკა ჟორჟოლიანმა არ დაასახელა.

სამაგიეროდ, “მოწოდების სიმაღლეზე” აღმოჩნდა “სხვა რაკურსი” და “მორგის” ადგილმდებარეობა გრძედის და განედის კოორდინატების დონეზე დააზუსტა, დუღილის ტემპერატურის აწევის მიზნით კი ამ თემაზე მსჯელობისთვის სტუდიაში საქმის არსში ყველაზე ჩაუხედავი ადამიანები - შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები მიიწვია. ის, რაც ამ გადაცემაში ხატია სიჭინავამ ისაუბრა არაკომპეტენტურობისა და დილეტანტიზმის მრავლადმნახველ ქართველ მაყურებელსაც კი გააოცებს.

სიმართლე ითქვას, სატანისტთა სექტის ძიება ქართული მედიის საყვარელი საქმეა. სულ მცირე წელიწადში ერთხელ, ამ თემაზე ყველა სატელევიზიო შოუ მსჯელობს და ჭორებზე დაყრდნობით, ეთერში დიდ ტრაგედიასაც აწყობს.

არ დაუჯეროთ ნანუკა ჟორჟოლიანს, როცა ამბობს, რომ სიტყვა სექტასთან ყოველთვის ფრთხილობს და ამ თემაზე აქცენტი აქამდე არასოდეს გაუკეთებია.

გახსოვთ, ალბათ, გასულ წელს, " რუსთავი 2-ის" ეთერში გასული “ნანუკა ჟორჟოლიანის” შოუ, სადაც 15 წლის გარდაცვლილი გოგონა სატანისტების ჯგუფის წევრად გამოაცხადეს. შოუს წამყვანი მაშინაც ამბობდა, რომ სატანისტური სექტის საქმიანობაში ბავშვები იყვნენ ჩართულნი, რომლებიც რიტუალების ჩასატარებლად სასაფლაოზე იკრიბებოდნენ. მეათეკლასელი მოსწავლის გარდაცვალება კი "ჩვეულებრივი თვითმკვლელობა" არ იყო და არც მარიამი იყო “ჩვეულებრივი” გოგონა, რადგან მას შავი კატები და მერლინ მენსონი უყვარდა.

რა თქმა უნდა, მაშინ თავი არავის შეუწუხებია იმის გარკვევით, მართლაც არსებობდა თუ არა დუშეთში სატანისტური სექტა. მოგვიანებით გაირკვა, რომ არასრულწლოვნები, რომლებსაც განსახვავებული ჩაცმულობის და მაკიაჟის გამო სატანისტური სექტის წევრობაში ადანაშაულებდნენ, ემოები იყვნენ.

სუიციდის და განსხვავებული ჩაცმულობის, გარეგნობის და გემოვნების მქონე ბავშვების რაიმე გაერთიანების სენსაციურ და სტერეოტიპულ ჭრილში გაშუქება რომ არ შეიძლება, ამაზე მაშინაც ბევრი დაიწერა და ითქვა.

თუმცა, მედიამ სათანადო სიფრთხილე არც ამჯერად გამოიჩინა. ამიტომ, ასეთი სტილის გადაცემების თანმდევ საფრთხესა და უარყოფით შედეგებზე კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ:

ძალიან არაეთიკური და უპასუხისმგებლო საქციელია, რომ სუიციდის ყველა არასრულწლოვანი მსხვერპლი სატანისტური სექტის წევრად შერაცხო და პირდაპირ თქვა, რომ ის, ვინც თავს იკლავს, “მორგის” წევრია.

არ არის საჭირო, სუიციდის მსხვერპლთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს დამატებითი ტკივილი მივაყენოთ და თან საზოგადოებისგან გარიყვაში შევეშველოთ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მასმედიის მიერ მომზადებული უპასუხისმგებლო სტატია და სიუჟეტი, რომელიც თვითმკვლელობას სენსაციურ ან გლამურულ შეფერილობას აძლევს, ე.წ. „გადამდები სუიციდის“ რისკის ზრდას იწვევს - ევროპის „დარტ ცენტრის“ კვლევებმა აჩვენა, რომ მას შემდეგ, რაც სუიციდის შესახებ ისტორია საზოგადოების ფართო განხილვის საგანი ხდება, თვითმკვლელობების რაოდენობა დაახლოებით 2,5%-ით იზრდება.

ასეთი გადაცემები ამყარებს სტერეოტიპს, რომ განსხვავებული ჩაცმულობის და გარეგნობის მქონე ადამიანები - ადამიანები მძიმე მაკიაჟით, განსხვავებული ვარცხნილობით, სვირინგებით, პირსინგებით და ხელებზე არსებული ნაკაწრებით სატანისტური სექტის წევრები არიან.

ასეთი განზოგადებით, შესაძლოა, საზოგადოებაში ნეგატიური განწყობა და აგრესია გაჩნდეს ისეთი სუბკულტურის წარმომადგენლების მიმართ, როგორებიც ემოები, გოთები და პანკები არიან. სუიციდთან და სატანისტურ სექტებთან მათ კავშირს კი არაფერი ადასტურებს.

მოზარდებს, რომლებსაც ოჯახური და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ, "მორგის" ადგილმდებარეობის და საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების მეთოდების აღწერით, პირდაპირ ვუთითებთ, სად უნდა მივიდნენ და “სულიერი ტკივილების შესამსუბუქებლად“ რა გააკეთონ.

არასრულწლოვნებს მთელი ცხოვრების განმავლობაში სატანისტის და სექტანტის იარლიყის ტარებისთვის ვწირავთ და დარტყმის ქვეშ ვაყენებთ მათ უსაფრთხოებას.

ერთი ბავშვის სიცოცხლე და უსაფრთხოება კი ყველანაირ რეიტინგზე ძვირფასია!
კატეგორია - ბლოგი
მედია, ხშირ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყაროა მიგრანტებისათვის. იგი წარმოაჩენს ცხოვრების პირობებს მიმღებ ქვეყნებში, ასევე, აღწერს სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ვითარებას ამ სახელმწიფოებში; მედიამ შეიძლება იმოქმედოს კონკრეტულ ქვეყანაში ან რეგიონში ადამიანის წასვლის გადაწყვეტილებაზეც. მიგრანტების მოთხოვნა ინფორმაციაზე (პოტენციური მიგრანტების ჩათვლით) შეიძლება განპირობებული იყოს კონკრეტული ქვეყნის, საცხოვრებელი და სამუშაო/დასაქმების პირობების, ცხოვრების სტანდარტების, თვითრეალიზაციისა და თვითდამკვიდრების შესახებ ცნობების მიღების სურვილით.

პოტენციური მიგრანტები მომავალი საცხოვრებლის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა საშუალებით (მათ შორის, ადგილობრივი მედიით) იღებენ და სამომავლო გეგმებს ერთგვარი „ფსევდორეალობების“ კონსტრუირების საფუძველზე ადგენენ. აღნიშვნის ღირსია ტელევიზიის, ფილმების, ბეჭდური მედიის, ინტერნეტის, სოციალური ქსელების და რეკლამის ზეგავლენა იმ ცოდნაზე, რასაც მიგრანტები და პოტენციური მიგრანტები იღებენ ამა თუ იმ ქვეყნის და კულტურის შესახებ. სწორედ ამ ეფექტებზე დაყრდნობით ხდება იმ ე.წ. ფსევდორეალობის კონსტრუირება, რის შესახებაც მიგრანტის პირადი გამოცდილება ძალიან მწირია.

თავის მხრივ, მიგრანტების მიმღებ ქვეყანაში, საზოგადოება მედიის საშუალებით ცდილობს გაარკვიოს, ვინ არიან მათ ქვეყანაში ჩასული ადამიანები და რატომ აირჩიეს სწორედ ეს ქვეყანა საკუთარი მიზნებისთვის, რამდენ ხანს დარჩებიან და როგორ მოქმედებს ეს ამ ქვეყნის ცხოვრებასა და საზოგადოებაზე. ამ მხრივ კი, მიგრანტების საკითხების გაშუქებისას, მედიას შეუძლია როგორც მიგრაციის დადებითი იმიჯის შექმნა, ასევე მიგრანტთა მიმართ შიშის გაღვივება და ქსენოფობიის ხელშეწყობა.

მკვლევრები თანხმდებიან, რომ „მიგრაციის ნარატივი“ და გაბატონებული ქარგები/პატერნები განსაზღვრავს მიგრანტებისადმი დამოკიდებულებას, სტერეოტიპთა ფორმებს და ამყარებს მედიასტიგმებს.

მედიაში სტერეოტიპების დადებითი ან უარყოფითი ასახვა უდავოდ იწვევს სოციალურ ეფექტს (ბრაიანტი და ოლივერი, Bryant and Oliver, 2009, p. 336). მედია ეფექტების როლი შესწავლილია სოციალური კოგნიტიური თეორიის, კულტივირების, პრაიმინგის, დღის წესრიგისა და სხვა თეორიების ჭრილში.

ევროპის ქვეყნების ზოგიერთი მედიის კვლევა მიუთითებს, რომ თუ მედია წამოიწყებს უარყოფით დისკურსს მიგრანტებსა და ეთნიკურ უმცირესობებზე, იგი დომინანტური რჩება (ბრაიანტი და ოლივერი, Bryant and Oliver, 2009, p. 15). უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, მედია ქმნის ადამიანთა პორტრეტებს, აღწერს მათ საცხოვრებელ პირობებს, რაც არსებითია ასეთ სენსიტიურ საკითხებზე რეპორტაჟების მომზადებისას. ამ შემთხვევაში, მედიას შეუძლია ხელი შეუწყოს სტიგმატიზაციას ან/და მიგრანტების კრიმინალურ კონტექსტში აღქმას (ბრაიანტი და ოლივერი, Bryant and Oliver, 2009, p. 8-10). გაბრიელა ჯაკომელა აღნიშნავს, რომ სასურველია არა მხოლოდ პრობლემების გაშუქება, არამედ მიგრანტთა წარმატებულ ისტორიებზე ფოკუსირება (ბრაიანტი და ოლივერი, Bryant and Oliver, 2009, p. 79). თუმცა, მედიის მიერ ამ ისტორიების წარმოჩენამ შეიძლება ხელი შეუწყოს მიგრაციის შესახებ მითების დამკვიდრებას პოტენციური მიგრანტის აზროვნებაში.

რასელ კინგი და ნენსი ვუდი ამბობენ, რომ მედიას შეუძლია მიგრაციის პროცესებში ჩარევა შემდეგი სამი ხერხით:

  • მიგრანტების დანიშნულების ადგილებიდან/ქვეყნებიდან ან მიგრანტებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიმწოდებელი გლობალური მედიიდან მოპოვებული გამოსახულებების/იმიჯების საშუალებით; ასეთი ინფორმაცია - მიუხედავად იმისა, სწორია თუ მცდარი - შეიძლება გახდეს მიგრანტთა გადაადგილების ძლიერი მასტიმულირებელი ფაქტორი (კინგი და ვუდი, King and Wood, 2001, p. 1). კვლევაში განსაკუთრებით აქცენტირებულია ის ზეგავლენა, რომელიც ახლავს გლობალური მედიის და მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების მიერ განვითარებად ქვეყნებში გავრცელებულ კეთილდღეობის ამსახველ იმიჯებს.
  • მიგრანტთა გამოსახულებების წარმოჩენა მიმღები ქვეყნის მიერ, რაც განსაზღვრავს ინკლუზიას ან გარიყვა/გაუცხოებას; ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ გავლენიანი ჯგუფები მიგრანტებს წარმოაჩენენ, როგორც „სხვებს/უცხოებს“, მაგალითად, კრიმინალებს ან არასასურველ ადამიანებს.
  • მიგრაციის ქვეყნებში შექმნილი მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებით (არქივების, თანამგზავრული ტელევიზიისა და ინტერნეტის ჩათვლით), რომლებიც დინამიკურ როლს ასრულებს დიასპორის კულტურულ იდენტიფიკაციაში (კინგი და ვუდი, King and Wood, 2001, p. 2).

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხარისხიანი მედიაპროდუქტის შესაქმნელად, პროფესიული სტანდარტების დაცვის პირობებში, მიგრაციის საკითხების გაშუქება თანამედროვე ჟურნალისტიკისთვის ნამდვილი გამოწვევაა. ამას ისიც ემატება, რომ “(მიგრაციის) ფაქტებისა და მასშტაბების გათვალისწინებით, არცერთ ისტორიულ პერიოდში არ მომხდარა ადამიანების ამგვარი გადაადგილება“ (კინგი და ვუდი, King and Wood, 2001, p. 3).

მიგრაციის საკითხებზე საუბრისას, სხვადასხვა ქვეყნის მედიასაშუალებები განსხვავებულ აქცენტებს აკეთებენ, რაც განპირობებულია კულტურის მრავალფეროვნებითა და ტრადიციებით, ისტორიული კონტექსტით, ვიზუალური/არავერბალური და ვერბალური ნარატივით და სხვ.

მედიაში მიგრაციის საკითხების განხილვა საყურადღებოა ეთიკისა და ჟურნალისტური სტანდარტების ჭრილშიც. მედიაში დაუშვებელია ისეთი ქსენოფობური და რასისტული დამოკიდებულების პროვოცირება ნეგატიური მითების გამოყენებით, რაც ხელს უწყობს სიძულვილისა და აგრესიის გაღვივებას. სამწუხაროდ, ამ მხრივ ქართულ მედიაში ნაწილობრივ არასასურველი სიტუაციაა.

მომავალი ჟურნალისტებისთვის შეიძლება რამდენიმე რეკომენდაციის ჩამოყალიბება:

  • იყავი მკითხველზე ორიენტირებული. არ გამოაქვეყნო ისეთი რამ, რაც მხარს უჭერს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას ან სტიგმატიზაციას; მაგალითად, თუ მოცემული სტატიის მიზნებისათვის აუცილებელი არ არის, ხაზს ნუ გაუსვამ პირის მოქალაქეობას და ნუ დაასახელებ მის ეთნიკურ კუთვნილებას, რადგან ეს სტერეოტიპების ჩამოყალიბების მცდელობაა (ჯაკომელა, Jacomella,2010, p. 59);
  • ყურადღება მიაქციე, რომ მასალაში (განსაკუთრებით სათაურებში) არ მოახდინო სტერეოტიპების გაძლიერება, ვინაიდან „სათაურები მიგრაციის ნარატივის ერთ-ერთი, მნიშვნელოვანი ინდიკატორია (განსაკუთრებით, საგანგებო სიტუაციების გაშუქებისას). იგი შეიცავს საკვანძო ემოციური დატვირთვის ფრაზებს“ (ჯაკომელა,Jacomella,2010, p. 49); გახსოვდეს, რომ კულტურული კონტექსტი განსაზღვრავს მედიაენის თავისებურებებს.
  • გაეცანი მიგრაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებს. ამ საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტმა სასურველია კონსულტაცია გაიაროს იურისტთან, ექსპერტთან;
  • მოიძიე კომპეტენტური პირებისა და მიგრაციის ექსპერტების საკონტაქტო ინფორმაცია.
  • გადაამოწმე მასალაში გამოყენებული ტექნიკური ტერმინები, მათ შორის, დაიცავი სიზუსტე მიგრაციის ტერმინოლოგიის გამოყენებისას. დააზუსტე მიგრანტთა სახეობები (დევნილი, ლტოლვილი, ემიგრანტი, იმიგრანტი, ნებაყოფლობით/იძულებითი მიგრაცია, ა.შ.). ეს შეიძლება ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს მასალის გამოქვეყნებისას; აღსანიშნავია, რომ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს მიერ ახლახან ითარგმნა მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი, რომელიც ძალიან კარგი რესურსია ჟურნალისტებისთვის, რომლებიც მიგრაციის საკითხებზე მუშაობენ (იხილეთ ბმული: http://migration.commission.ge/index.php?article_id=129&clang=0).

დასასრულ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის (http://qartia.org.ge;) მე-7 პრინციპის თანახმად, “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”. მიგრაციის საკითხების გაშუქებისას, ვისურვებდი სწორედ ამ პრინციპების დაცვას და პრაქტიკაში დამკვირდებას.

პ.ს. საქართველოში მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD), პროექტის „ENIGMA” (http://www.enigmma.ge) ფარგლებში მომზადდა სახელმძღვანელო მიგრაციის შესახებ, რომელშიც შესულია თავი მედიის და მიგრაციის შესახებ (თავის ავტორი: მარიამ გერსამია).

ბიბლიოგრაფია

  • Jennings, Bryant and Oliver, Mary Beth. Media Effects. Routledge, 2009.
  • King, Russell and Wood, Nance (edited). Media and Migration, Constructions of Mobility and Difference. Routledge, 2001.
  • Jacomella, Gabriela. Media and Migrations: Press Narative and Country Politics in Three European Countries. Reuters Institute for the Study of Journalism, University of Oxford, 2010.
  • მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი, http://migration.commission.ge/index.php?article_id=129&clang=0, ბოლო ნახვა 12 მაისი, 2016
  • ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ვებგვერდი: http://qartia.org.ge; ბოლო ნახვა 12 მაისი, 2016

მარიამ გერსამია, პროფესორი, მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის თავმჯდომარე

linked icon styling WI