ობიექტურობისა და ბალანსის მითოლოგია
30.06.2016
2 ივნისს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასული ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან, გადაცემის შინაარსზე მეტად, ჟურნალისტისა და რესპონდენტის ინტერაქციაზე მოქალაქეების რეაქციის გამო იყო მნიშვნელოვანი. ზუსტად 1 კვირის თავზე, ამავე გადაცემაში, გავიდა ინტერვიუ გიგა ბოკერიასთან. თუკი პირველ შემთხვევაში, ძირითადად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები აღშფოთდნენ იმის გამო, რომ მათ ლიდერს არ მიეცა საშუალება, ესაუბრა „სისხლიან 9 წელსა“ და “აყვავების 4 წელიწადზე”, მეორე შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები გაბრაზდნენ. აღშფოთება, მეტწილად, წამყვანის არჩევანმა გამოიწვია - მან გადაწყვიტა, ყურადღება გაემახვილებინა ნაციონალური მოძრაობის, როგორც ყოფილი მმართველი პარტიის, პასუხისმგებლობაზე ნაცვლად იმისა, რომ გიგა ბოკერიას „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე“ ესაუბრა.

ორივე შემთხვევაში გაბრაზებული მოქალაქეები ჟურნალისტს ობიექტურობას უწუნებდნენ და ის 2 ივნისს „ნაცად“, ხოლო 9 ივნისს „ქოცად“ მონათლეს. ზოგიერთმა, მაგალითად, წამზომითაც დაითვალა რესპონდენტისთვის დათმობილი დრო.

ქართული პოლიტიკური ველის პრიმიტიული დიქოტომია დროებით დავივიწყოთ და ამჯერად ყურადღება მივმართოთ ჟურნალისტიკასთან დაკავშირებულ ორ მითოსურ ცნებაზე - ობიექტურობასა და ბალანსზე. ეს ის ცნებებია, რომლებიც ჟურნალისტიკის სკოლებიდან და სახელმძღვანელოებიდან ჩვენს რეალობაში თავის ტკივილებად ტრანსფორმირდნენ, თუმცა არგუმენტები მათ გასაკრიტიკებლად კვლავაც რთულად მოსახელთებელი რჩება. ამ თემაზე დებატები დასავლურ პროფესიულ წრეებში დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა ჩვენს რეალობაში, სადაც მწყობრი მედიაკრიტიკა და მედიაკვლევები, უბრალოდ, ბუნებაში არ არსებობს, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია, ვინმემ დრო და რესურსი დაკარგოს ცნებების გადააზრებაში.

ობიექტურობის შეუძლებლობა, ალბათ, მედიის სფეროს სცდება და უფრო ფილოსოფიური დებატის საგანი შეიძლება გახდეს. თუმცა მედიასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა ითქვას, რომ იდეალურ შემთხვევაშიც კი, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც რედაქციის კედლებში მიიღება, სუბიექტურია. მათ შორის, შრიფტის ზომა და ციტატების ან ფოტოს ჩასმის სტილიც კი, როგორ ამას აღნიშნავს Rolling Stone-ის ჟურნალისტი მატ ტაიბი, გასულ წელს New York Times-ში გამოქვეყნებულ წერილში, სადაც ის „ობიექტური ჟურნალისტიკის“ ილუზორულობაზე წერს და ამტკიცებს, რომ კომიკოსი ჯონ სტიუარტი დღესდღეობით, ალბათ, ყველაზე სანდო რეპორტიორია აშშ-ში, ზუსტად იმის გამო, რომ მას ობიექტურობა არასდროს უცდია.

ჯულიეტა ვაშაყმაძის სტოიკური სტილი და სწრაფვა ობიექტურობის, რაციონალურობისა და უემოციობის ილუზიის შექმნისკენ თანაბრად ახასიათებთ ჩვენს ტელეწამყვანებს. სინამდვილეში ეს ყველაფერი მხოლოდ გადაცემების ფორმაში აისახება, საიდანაც დაძაბულსახიანი, თვალზე ლიბრგადაკრული და სკალპამძვრალი საინფორმაციოს/ტოკ-შოუს წამყვანი გელაპარაკება, საინფორმაციო გამოშვებების შინაარსი კი ხშირად არათუ ობიექტური არაა, არამედ არანორმალურობის ზღვარსაც უახლოვდება. სამაგიეროდ, მეორე წუთში, ვისაც არ ეზარება, ყველა ერთმანეთს ადანაშაულებს არაობიექტურობაში. შესაბამისად, ობიექტურობის ცნების ერთადერთ ფუნქციურ დანიშნულებად ჟურნალისტიკაში სხვისი „არაობიექტურობაში“ დადანაშაულება დარჩა.

როგორც მკვლევარი და ჟურნალისტიკის პროფესორი რიჩარდ სტრეკფუსი თავის ერთ-ერთ ნაშრომში წერს, მედიაში ობიექტურობის ცნება 1920-იან წლებში გაჩნდა და ის დაეფუძნა არა იმ ნაივურ წარმოდგენას, რომ ადამიანებს შეუძლიათ ობიექტურობა, არამედ იმის გაანალიზებას, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ ობიექტურობა. შესაბამისად, პროფესიულ წრეებში ერთგვარი კონსენსუსი შედგა, რომ ამ შინაგანი ნაკლის კომპენსირებისათვის მედიის მუშაკებს უნდა გაეწიათ ძალისხმევა, რათა მედიაში ფაქტს ფაქტის ადგილი ჰქონდეს მიჩენილი, მოსაზრებას - მოსაზრების. სწორედ ამ ძალისხმევას შეგვიძლია ვუწოდოთ ობიექტურობა და არამც და არამც არ უნდა ვიფიქროთ, რომ ობიექტურობისადმი კრიტიკა სრულად ათავისუფლებს ჟურნალისტებს პასუხისმგებლობისგან, პატიოსნად აკეთონ საკუთარი საქმე და არ გადაზარდონ ახალი ამბების გავრცელება პროპაგანდაში. განსაკუთრებით, თუკი საუბარი შეეხება ძალაუფლების ან პოტენციურად ძალაუფლების მქონე ადამიანებს, ადამიანთა ჯგუფებს თუ ინსტიტუციებს.

აქვე უნდა ვახსენოთ, ალბათ, ბალანსის ცნება და ჟურნალისტიკისადმი მათემატიკური მიდგომის ბოროტება და არაფრისმაქნისობა. წარმოიდგინეთ ნებისმიერი სიუჟეტი ან ტოკ-შოუ, სადაც აქტუალურ, დაძაბულ პოლიტიკურ ან სოციალურ თემაზეა საუბარი. სტანდარტი და ტრადიცია გვკარნახობს - ჩაწერ ერთ მხარეს, ჩაწერ მეორე მხარეს (ან მოიწვევ სტუმრებს ერთი მხრიდანაც, მეორე მხრიდანაც, სასურველია, თანაბარი ოდენობით, დასვამ შეკითხვას რომელიც იწყება სიტყვებით „რას ფიქრობ?“ ან მთავრდება შეკითხვით „როგორია თქვენი პოზიცია?“) და ბალანსი მიღწეულია. დესერტად, სასურველია, რომელიმე ექსპერტი, რომელსაც თანაბარი წარმატებით შეუძლია ისაუბროს ლარის ინფლაციაზეც, კავკასიაში ISIS-ის გააქტიურებაზეც და ავტომობილების ტექდათვალიერების ავკარგიანობაზეც. შედეგად, ვერავინ მოგედავება ბალანსის დარღვევაში, ვერავინ გეტყვის, რომ არაობიექტური იყავი და შეგიძლია მშვიდად შეუდგე მომავალი სიუჟეტისთვის/გადაცემისთვის რესპონდენტებისა და სინქრონების ქრონომეტრაჟის თვლას.

სინამდვილეში კი ჟურნალისტიკაში ბალანსი ხარისხობრივი ცნება უნდა იყოს და არა რაოდენობრივი. ბალანსის ძიებაში, ხშირად, ჩვენი ტელეწამყვანები და ჟურნალისტები მაყურებელს საცირკო სანახაობისთვის და უბრალოდ ეკრანიდან მომდინარე უშინაარსო ხმაურისთვის წირავენ. ქრესტომათიული მაგალითი,ალბათ, რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული დებატებია. ოჯახის ცნების კონსტიტუციურ დონეზე განსაზღვრისთვის რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ გადაცემაში წამყვანმა ინგა გრიგოლიამ, რა თქმა უნდა, უაპელაციოდ დაუთმო დრო და სივრცე რეფერენდუმის მომხრე ადამიანებს, რომელთა ფაშისტური, ქსენოფობიური და ჰომოფობიური განწყობებიც საყოველთაოდ ცნობილია. ერთხელაც არ უცდია, რომ ზემოთნახსენები ფობიების დეკლარირებისას რესპონდენტებისთვის გაეწია ოპონირება და თუნდაც მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტი (ის, რომ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა გასულ საუკუნემდე ეგონათ) დაეპირისპირებინა მათთვის. შედეგად მივიღეთ არხის მიერ „ხმაურიან დებატად“ სახელდებული გადაცემა, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა დებატთან და იყო მხოლოდ ხმაური. სამაგიეროდ!.. სამაგიეროდ - დაცული იყო ბალანსი. სამაგიეროდ, ჟურნალისტი იყო ობიექტური. ანუ ყველაფერი კარგად არის. საქმე ისაა, რა გაიგო მაყურებელმა? ის, რომ პოლიტიკოსები ამომრჩევლის მანიპულირებას ცდილობენ თუ ის რომ „სოდომია ცოდვაა“?

სწორედ ობიექტურობისა და ბალანსის ცნებისადმი ასეთი ბლანკეტური მიდგომის შესახებ წერს გამომცემელი და აღმასრულებელი რედაქტორი ტრეისი ბაიმი Hufingtonpost-ზე 2012 წელს გამოქვეყნებულ წერილში: „ობიექტურობის მითი არ არის მხოლოდ რიგითი ფილოსოფიური დებატის საგანი; მას მართლა შეუძლია მოიტანოს ზიანი. ამბავში სიმართლის ძიების სურვილი არ ნიშნავს, რომ ამ ამბის ორი ან ყველა მხარე თანასწორია“.

ტრეისი ბაიმის ეს წერილი CNN-ის ერთ-ერთი გამორჩეული ჟურნალისტის, ანდერსონ კუპერის, პროფესიონალიზმსა და რეპორტინგისადმი მის მიდგომას შეეხება. სულ რამდენიმე დღის წინ, ორლანდოს ტრაგედიის შემდეგ, ანდერსონ კუპერმა აშშ-ის იუსტიციის მინისტრს, პამ ბონდის, არ მისცა საშუალება მანიპულირება დაეწყო ტრაგედიით. პამ ბონდი სწორედ ის ადამიანია, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ დებატებისას არ მალავდა თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას ამ თემისადმი, რომელიც საჯაროდ ამბობდა, რომ ეს ინიციატივა ფლორიდის მოსახლეობას დააზარალებდა და რომელსაც თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში არაფერი სასიკეთო არ გაუკეთებია საზოგადოების ამ ჯგუფისთვის. ორლანდოს ტრაგედიის დროს კი გადაწყვიტა, რომ თავი ლგბტ ჯგუფის ინტერესთა დამცველად გაესაღებინა. ანდერსონ კუპერს მასთან საუბრისას არ დასჭირვებია ბალანსი, არ დასჭირვებია თავის ობიექტურად მოჩვენება, უბრალოდ უთხრა, რომ ქ-ნ ბონდის საქმიანობა ადამიანთა ინტერესთა დაცვაზე მეტად, ამ შემთხვევაში, თვალთმაქცობასთან იდგა ახლოს.

ბლოგის ავტორი : ლაშა ქავთარაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ