პოლიტიკოსების თავდასხმა მედიაზე - რა მნიშვნელობა აქვს ჟურნალისტურ სოლიდარობას?
22.11.2019

“ჟურნალისტები მტრები არ არიან” - ამ გზავნილით უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების 300-ზე მეტმა გამოცემამ 2018 წლის აგვისტოში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან მედიაზე გახშირებულ თავდასხმებს. გაზეთ “Golden Globe-ის” ინიციატივით, პროტესტის ნიშნად ქვეყნის მასშტაბით დიდმა და მცირე ზომის რედაქციებმა იდენტური შინაარსის სარედაქციო სვეტები დაბეჭდეს, რომელშიც საზოგადოების განვითარებაში მედიის დადებით როლსა და მნიშვნელობაზე საუბრობდნენ.

ჟურნალისტების კორპუსი ერთიანი იყო მაშინაც, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა 2018 წლის ივლისში მისთვის არასასიამოვნო კითხვის დასმის გამო, CNN-ის რეპორტიორი კეიტლენ კოლინზი ჯერ პრესკონფერენციის ოთახიდან გააძევა, შემდეგ კი, თეთრი სახლის მიერ ორგანიზაებული ღონისძიებების გაშუქება აუკრძალა. მაშინ თეთრ სახლში მომუშავე ჟურნალისტების მთელმა კორპუსმა, მიუხედავად მათ შორის არსებული დიდი კონკურენციისა, ტრამპის მიერ დაბლოკილი ჟურნალისტისადმი ღია მხარდაჭერა ერთობლივი განცხადებით გამოხატა. CNN-ისადმი სოლიდარობა პირდაპირ ეთერში კონკურენტი არხის Fox News-ის წამყვანმაც დააფიქსირა. კოლეგებისადმი სოლიდარული იყო NBC News-ც.

 

რა ხდება საქართველოში - ბოლო ერთი კვირის ქრონოლოგია


კრიტიკული კითხვების საპასუხოდ, პოლიტიკოსების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმა, უცხო არც ქართული სინამდვილისთვისაა. ამას მხოლოდ გასული კვირის მოვლენების ანალიზიც ადასტურებს, რომ არაფერი ვთქვათ, უფრო შორეულ გამოცდილებაზე.

უფრო კონკრეტულად, მას შემდეგ, რაც 14 ნოემბერს “ქართულმა ოცნებამ” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ მის მიერვე ინიცირებული კანონპროექტი ჩააგდო, “ქართული ოცნების” ლიდერებმა ჟურნალისტებთან ურთიერთეობის ხისტი ფორმა აირჩიეს. დეპუტატებმა მათთვის არასასიამოვნო კითხვების პასუხად ჟურნალისტების კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან გაიგივება დაიწყეს.

მაგალითად,19 ნოემბერს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ “მთავარი არხის” ჟურნალისტს კითხვის დასმის უფლება არ მისცა და უთხრა: “თქვენ არაფერი მკითხოთ ძაან გთხოვთ, თქვენ არ ხართ ტელევიზია, ეგ არის ხეპრე ადამიანების თავყრილობა, რომლებიც გხელმძღვანელობენ თქვენ და ვერ არჩევენ, რას ნიშნავს მედია და რას ნიშნავს პარტიული ქვედანაყოფი”.

იქამდე კი, დასმული კითხვებით უკმაყოფილო გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტთა კორპუსი “ნაციონალური მოძრაობის ქვედანაყოფად” გამოაცხადა.

იმავე დღეს, “ქართული ოცნების” მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა ჟურნალისტებისთვის შეურაცხყოფის მისაყენებლად ისეთი სიტყვა გამოიყენა, რომელიც თავისი არსით შეურაცხმყოფელი არ არის, მაგრამ მისი დეპუტატისეული კონტექსტით გამოყენება მიუღებულია და საზოგადოების გარკვეული ჯგუფის დისკრიმინაციას ახდენს: “დებილები ყველგან არიან, ჟურნალისტებშიც ბევი დებილი მინახავს”, - თქვა მან მედიასთან საუბრისას.

ჟურნალისტებისადმი შეურაცხმყოფელი მიმართვებით, ხელისუფლებას არც ოპოზიცია ჩამორჩა.

18 ნოემბერს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეების დაშლისას, ოპერატორებს მიმართა უცენზუროდ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ: “კამერები იქით მიატრილეთ თქვე ჩემისებო”, - უთხრა მან ოპერატორებს.

ამავე დღეს, ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი ლიდერი ნიკა მელია და მას უთხრა, რომ “იდიოტურ” კითხვას სვამდა.

ჟურნალისტებისადმი არაეთიკური მიმართვის რეკორდი გასულ კვირას, საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მოხსნა. 14 ნოემბერს, იგი პირდაპირ ეთერში ჩაერთო ექვს ტელევიზიას: “ტელეკომპანია პირველს”, “აჭარის ტელევიზიას”, “იმედს”, “ფორმულას”, “მაესტროს” და “რუსთავი 2-ს”. აქედან, ორი არხის, “ტელეკომპანია პირველისა” და “აჭარის ტელევიზიის” ჟურნალისტების მიერ დასმულმა კითხვებმა იგი განსაკუთრებულად გააღიზიანა.

მაგალითად, “ტელეკომპანია პირველის” წამყვანის ნინო ჟიჟილაშვილის კითხვებით უკმაყოფილო პარალმენტის ყოფილმა თავმჯდომარემ წამყვანი პირდაპირ “ნაციონალურ მოძრაობასთან” გააიგივა. არასასიამოვნო კითხვების პასუხად, იმავე დღეს “ნაციონალური მოძრაობისგან” გამიჯვნისკენ მოუწოდა “აჭარის ტელევიზიის” წამყვანს თეონა ბაკუირიძეს.

 

რატომ არ არის საქართველოში მედია სოლიდარული

იმ დროს, როდესაც დასავლური მედია პოლიტიკოსების მხრიდან გამოვლენილ თავდასხმებს გაერთიანებითა და კოორდინირებული პროტესტით პასუხობს, კოლეგების მიმართ ჩინოვნიკების კრიტიკას უმეტესად დუმილით ხვდებიან საქართველოში.

“მედიაჩეკერი” დაინტერესდა, შესაძლებელია თუ არა ჟურნალისტების ერთიანი პროტესტი პოლიტიკოსების თავდასხმების საპასუხოდ საქართველოშიც ვიხილოთ.

“დღეს ჩვენ გვყავს მძლავრი სახელისუფლებო მედია, რომელთა ჟურნალისტები ვერასდროს გაბედავენ მაგალითად მსგავსი სოლიდარულობის აქციაში მიიღონ მონაწილეობა და არ ჩაწერონ რომელიღაცა რესპონდენტი, რომელიც თავს ესხმის თავისუფალ მედიას. მათ ეს დაუჯდებათ სამსახურის დაკარგვის ტოლფასი. შეიძლება ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი მედია გაერთიანდეს და მათ მოაწყონ მსგავსი კამპანია”,- ამბობს ტელეკომპანია “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და ამატებს, რომ მედიის სოლიდარობა ასეთ დროს არის ძალიან კარგი იდეა.

მსგავს სოლიდარობის კამპანიაზე აქამდე არ უფიქრია, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გადაცემის წამყვანს თეონა ბაკურიძეს, რომელიც არაერთხელ გახდა მსგავსი თავდასხმის მსხვერპლი პირდაპირ ეთერში.

“დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მედია არის ხოლმე სოლიდარული ერთმანეთის მიმართ, მაგრამ ეს ცოტა ფრაგმენტულია. ცოტა რთულია ჩვენს ქვეყანაში ერთიანი კამპანია, იმიტომ რომ ძალიან პოლარიზებულია მედია გარემო და არის მედიები, რომელსაც სულ არა აწუხებს ეს ამბავი”, - ამბობს იგი.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ