არაყოველდღიურობის ფსიქოლოგია
21.03.2020
მომზადებულია SAFE ინიციატივა, IREX ის მიერ

გლობალური კატასტროფების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი უნივერსალობაა. ადამიანები პანდემიის შედეგებს მსოფლიოს მასშტაბით ერთდროულად განიცდიან. ეს ერთი მხრივ, გვაძლევს ძალას რადგან ჩვენ მარტო არ ვართ ამ გამოწვევის წინ და სამყარო ერთიანია „ისე როგორც არასდროს“, მეორე მხრივ, ბიოლოგიურ დონეზე, გვიაქტიურდება თვითგადარჩენის რეჟიმი, რომლის ქცევითი და ემოციური გამოხატულებაც ყველას ინდივიდუალური ელფერებით გვაქვს შეფერადებული. ერთი „ღლიცინებს“, მეორე „პანიკიორობს“, მესამე „სასოწარკვეთაშია“, მეოთხე „მოხალისეობისათვის“ ემზადება რომ სამყარო გადაარჩინოს და ა.შ. მარტივია ამ მრავალფეროვნებაში საკუთარი ელფერების დანახვა, რომელიც ერთი ადამიანის შიგნით სხვადასხვა დოზით შეიძლება იყოს გამოხატული.

altასეთ სიტუაციაში ჟურნალისტები და მედია პროფესიონალები მოწინავე ხაზზე არიან, რათა დროულად მიაწოდონ საზოგადოებას სანდო პირველწყაროებიდან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მოწინავე ხაზზე ყოფნას კი თავისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური რისკები აქვს. ერთი მხრივ, ჟურნალისტებიც იგივე ადამიანები არიან, ვისაც თოთოეული ჩვენთაგანივით გადარჩენის რეჟიმში უწევს ამჟამად არსებობა - შფოთვასა და ფიზიკურ საფრთხეებთან გამკლავება; ხოლო მეორე მხრივ, ეს ის პროფესიონალები არიან, ვისი ცხოვრების არსი ხშირ შემთხვევაში საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებაა და ეს პოზიტიურად, გამბედაობად, თავდადებად აღიქმება.

გადარჩენის რეჟიმში, შფოთვით და ფიზიკური საფრთხით გაჯერებულ სიტუაციაში, ადამიანის ტვინს არ შეუძლია ზედმეტი ენერგია ხარჯოს განსჯაში, აწონ-დაწონვაში, რთული ჩახლართული და მაღალფარდოვანი ნააზრევების გაგებაში, ამიტომ ამ დროს მოკლე კონსტრუქციული რჩევები და მარტივად შესასრულებელი ქცევითი წესები (ინსტრუქციები) გვჭირდება, რომელსაც ერთხელ გავიაზრებთ, გავითავისებთ და მარტივად მივყვებით. სასურველია, ეს წესები თვალსაჩინო იყოს - სამუშაო მაგიდასთან გაკრული სტიკერის და ტელეფონში შენახული ფოტოს სახით. მოკლედ, გთავაზობთ რამდენიმე საეთაშორისოდ აღიარებულ რეკომენდაციის, შესაბამისი ახსნით რათა უკეთ გავითავისოთ ეს წესები .


⇒ საკუთარი თავის მოკითხვა - ყოველდღე, შეეკითხეთ საკუთარ თავს: როგორ ვარ? რას ვგრძნობ სხეულში? რა წუხილებზე მეფიქრება ხშირად? 


როდესაც გადიხართ პოტენციურად მაღალი რისკის პირობებში სამუშაოდ, ბუნებრივი და ნორმალურია გრძნობდეთ შფოთვას და შიშს. თქვენზეა დამოკიდებული აქციოთ ეს შიში და შფოთვა თქვენს მეგობრად და გადამრჩენელად - მიიღეთ იგი, როგორც არსებული კრიზისული, გაურკვეველი სიტუაციის განუყრელი ნაწილი. გაითვალისწინეთ, თუკი ამ შფოთვას უყურადღებოდ დატოვებთ, თუკი თქვენს სხეულს არ მოუსმენთ, ამან შეიძლება ასახვა ჰპოვოს თქვენ მომზადებული მასალის ხარისხზე, თქვენ მიერ პანდემიის საკითხისგან დამოუკიდებელ, სხვა ემოციებზე, ქცევებზე, აზრებსა და ურთიერთობებზე. 


⇒  სოციალური მედია და ვირტუალური ურთიერთობები - ყველას გვინდა ვიყოთ მოვლენების ეპიცენტრში, არაფერი გამოგვრჩეს და არსებული ვითარების გამო ყველა ჩვენმა კომუნიკაციამ გადაინაცვლა ონლაინ, შესაბამისად, უამრავი „ჩათ“ ჯგუფების წევრები ვართ და ვცდილობთ არაფერი გამოგვრჩეს.

alt

 

ზომიერება აქაც ოქროს წესია, ეცადეთ განსაზღვროთ პრიორიტეტები ვირტუალურ ცხოვრებაში და გამოითავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი თავის გასანებივრებლად.




⇒ 
ფიზიკური უსაფრთხოება და სოციალური დისტანციის დაცვა -
ეს შესაძლოა გადამრჩენელი აღმოჩნდეს ველზე ყოფნისას, ინტერვიუს ჩაწერისას, დაინტერესებულ ცნობისმოყვარე ადამიანებთან ურთიერთებისას ველზე, კოლეგებთან თუ უბრალოდ მაღაზიას და აფთიაქში რიგში დგომისას. 


გაითვალისწინეთ, რომ უსაფრთხოების მიმდინარე რეკომენდაციების შეძლებისდაგვარად დაცვა სხვადასხვა კონტექსტში, გარდა ფიზიკური დაცულობასა გააუმჯობესებს თქვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და შრომისუნარიანობას, რადგან როდესაც იცი რომ დაუცველი ხარ, ბევრი სხვადასხვა აზრი და განცდა მოდის თავში ერთდროულად, რაც გავლენას ახდენს პროფესიულ საქმიანობაზეც.


თუ თქვენ მენეჯერი ხართ, გაითვალისწინეთ, როგორ გავლენას ახდენს ფიზიკური რისკი თქვენი თანამშრომლების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და პროფესიონალიზმზე, უზრუნველვყავით სახლიდან მუშაობის პირობების ხელშეწყობა როდესაც არ არსებობს განსაკუთრებული აუცილებლობა სხვადასხვა თავშეყრის ადგილებზე და ღონისძიებებზე თქვენი თანამშრომლების გასაგზავნად. დამატებითი რჩევები ჟურნალისტებისა და მედია მენეჯერებისთვის ფიზიკურ უსაფრთხოებასა და პანდემიის დროს მოქმედებაზე, შეგიძლიათ მოიძიოთ აქ.


⇒  მხარდაჭერა, თანადგომა, ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პლატფორმები - ყოველდღიურ წესად აქციეთ თქვენი განცდების და შეგრძნებების შესახებ საუბარი და ემოციების გაზიარება კოლეგებთან და მეგობრებთან, რომლებიც თქვენი მხარდამჭერები არიან აქ და ახლა.

alt

ნუ გამოუკეტავთ კარს საკუთარ თავს - ეკონტაქტეთ ადამიანებს, რომლებთანაც თავს უსაფრთხოდ გრძნობთ, რომლებთანაც შეინარჩუნებთ კომუნიკაციას სოციალური ქსელის ან პირადი შეხვედრის საშუალებით. დისტანციურად დარეგისტრირდით და დაესწარით ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პლატფორმების მიერ წარმოდგენილ ჯგუფურ სეანსებს. 


თუ თქვენ მენეჯერი ხართ,
გაითვალისწინეთ, რომ შეუქმნათ თანამშრომლებს მიმღებლური და დაცული გარემო საკუთარ ემოციებზე და პრობლემებზე საუბრისათვის, რათა დროულად შესძლოთ მათი დახმარება. ეცადეთ წაახალისოთ გუნდი, ხშირად უთხარით კომპლიმენტები, თითოეულ დღეს აღნიშნეთ პოზიტიური მომენტები მათ შესრულებულ საქმეში - ეს მოქმედებს როგორც მათ, ასევე თქვენს, სტრესისგან გათავისუფლებაზე. გაითვალისწინეთ, რომ პანდემიის პირობებში თითოეული თქვენი თანამშრომელი ოქროდ ფასობს, რადგან მან პროფესიის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი გადარჩენის რეჟიმის დროს. ისინი გამოფიტვის მაღალი რისკის წინაშე არიან და სჭირდებათ როგორც მხარდაჭერა, ასევე იმის შეხსენება, რომ დაიცვან მუშაობის და დასვენების სწორი რეჟიმი. 


⇒   ბრაზი და აგრესია - დააკვირდით საკუთარ ქცევებს და გულწრფელად აღიარეთ საკუთარ თავთან თუ ამგვარი რეაქცია „ზედმეტი“ იყო. ეცადეთ, მუდამ შეახსენოთ თავს რომ უსუსურობის განცდა ბოლომდე ამოუცნობ და უჩვეულო სიტუაციაში, ადამიანის ნორმალური რეაქციაა. 

გააცნობიერეთ, რომ არსებული სიტუაციაში თქვენი შიში, ზრუნვა საკუთარ და სხვების ჯანმრთელობაზე, პასუხისმგებლობის გაძლიერებული გრძნობა შვილების და მშობლების უსაფრთხოების მიმართ, საქმის ზედმიწევნით შესრულების მიმართ შესაძლოა გამოიხატოს საკუთარის თავის ან სხვების მიმართ ბრაზსა და აგრესიაში. ეს ემოციური იმპულსური რეაქცია თქვენი პიროვნების ნაწილი არაა, მისგან გათავისუფლება შეგიძლიათ სწორედ მის მიღმა მდგარი შფოთვის გაცნობიერებით, რათა არ დააზიანოთ საკუთარი თავი, იმიჯი, ახლობლები და თანამშრომლები. 


⇒   
წახალისება, პოზიტიური აქტივობები, ჰობი -
მაგ. მარტივი სპა პროცედურა, 5-10 წუთიანი მედიტაცია, სამუშაო გარემოში გამოკრული ან ჟურნალში აღრიცხული მოკლე შემახსენებლები თქვენი დაძლეული სირთულეების შესახებ, რის გამოც საკუთარი თავის მადლიერი ხართ, და ა.შ 

alt

სტრესის და ნეგატივის საპირწონედ საჭიროა დავნერგოთ მარტივი ყოველდღიური პოზიტიური აქტივობები, ეს შეიძლება იყოს დროის მონაკვეთის გამოყოფა საკუთარი თავის გასანებივრებლად. ზრუნვის ეს ფორმა, ისევე როგორც მადლიერება ქიმიურ დონეზე მოქმედებს სტრესისგან გასათავისუფლებლად. 


⇒   
ნუ დაიდანაშაულებ თავს თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგიუარესდეთ
ან აღმოჩნდა, რომ ამჟამად ვირუსი თქვენს ორგანიზმს ებრძვის. 

გახსოვდეთ, რომ დამოკიდებულება ვითარების მიმართ დიდ წილად განსაზღვრავს ჩვენი ორგანიზმის ოპტიმალური რეაგირების რესურსებს. ეცადეთ დაეხმაროთ მას ვირუსთან ბრძოლაში რეკომენდაციების დაცვით და საკუთარი სხეულის და განცდების მუდმივი მოსმენით - „მაინდფულნესის“ (საკუთარი თავის გაცნობიერება შეფასების გარეშე, აქ და ამჟამად) გავლენა ორგანიზმის ბიო-ქიმიურ დონეზე თანდათან უფრო მეტ კვლევებშია დადასტურებული. 


⇒   
ჩვენი გამოცდილებები -
გაითვალისწინეთ, რომ ზოგჯერ არსებულ ვითარებაში თქვენი გადაჭარბებული შფოთვა, ზრუნვა ან ემოციურობა შესაძლოა თქვენი ძველი გამოცდილებების გამოძახილია და სრულიადაც არაა დაკავშირებული არსებულ რეალობასთან. 

ეცადეთ დააკვირდეთ, გააცნობიეროთ და გამიჯნოთ ისინი, რათა შეინარჩუნოთ ადეკვატურობა და შეამციროთ შფოთვის ხარისხი. შესაძლოა „ძველი ჭრილობების“ გაცოცხლებამ ხელი შეგვიშალოს გადარჩენისათვის ბრძოლაში. ეცადეთ გულწრფელები იყოთ საკუთარ თავთან და მტკივნეულ ან დაუძლეველ გამოცდილებებში გასარკვევად პროფესიონალს მიმართოთ. 


⇒   რუტინა, ჩვევები და ორგანიზებულობა - ეს ყოველდღიურობის, ჩვენი პიროვნების მნიშვნელოვანი ნაწილებია. ორგანიზება და გეგმა გვეხმარება ენერგიის და პრიორიტეტების განაწილებაში. 

altგაურკვევლობისას, სტრესულ და უჩვეულო გარემოში, სადაც განცდა გვაქვს რომ კონტროლი დავკარგეთ სიტუაციაზე, სწორედ ეს რუტინა და ჩვევები არის ის კუნძული, რომელიც უცვლელია და მაგრძნობინებს თავს ჩვეულ ადამიანად, მამთლიანებს და თავდაჯერებულობას მმატებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩვევები და რუტინები შევინარჩუნოთ, მაგრამ ვიყოთ რაციონალურები და არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებით შევუსაბამოთ რეალობას - კაფეში ყავის დასალევად წასვლა იქნება თუ დილის სირბილი - მოვიწყოთ ამ რიტუალის შესაბამისი გარემო შინ, თუ ასეთია რეკომენდაცია. მაგალითად, გავიხსენოთ ის მომენტები რაც თან ახლდა კაფეში ყავის დალევას ან გარეთ სირბილს და ვირტუალურ რეალობაში ვეცადოთ აღვადგინოთ ის ხმები, ჩავრთოთ იგივე მუსიკა ყურსასმენში, გავიხსენოთ ის სურნელები და ასე შემდეგ. 


⇒   
პოზიტიურის აღიარება -
აწარმოეთ დღიური, სადაც ყოველდღიურად მოინიშნავთ, თუნდაც მცირედ პოზიტიურ განცდას, რაც რომელიმე მოვლენამ ან მოვლენასთან დაკავშირებულმა მოგონებამ გამოიწვია.

სტრესულ სიტუაციაში, გადარჩენის რეჟიმში არსებობისას ადამიანის ტვინი მიდრეკილია პრობლემის, რისკის, ნაკლოვანების აღმოჩენისაკენ, რათა სწრაფად ირეაგიროს საფრთხეზე, მაგრამ როდესაც სტრესული სიტუაცია დროში გახანგრძლივებულია, ამგვარი რეაგირება ორგანიზმის გამოფიტვას იწვევს, საჭიროა პატარა ნაბიჯებით ვასწავლოთ ჩვენს ტვინს დაფიქრდეს, დაინახოს და შეამჩნიოს პოზიტიური ნიუანსები. ეს ტვინის სტრუქტურულ დონეზე ისეთი გზების (ნეირონული კავშირების) გააქტიურებას და ენერგიით უზრუნველყოფას მოახდენს, რომელიც დაგვეხმარება სტრესიდან გამოსვლაში, გაძლიერებაში და არამხოლოდ გადარჩენაში.


⇒   მოუსმინეთ სხეულს - დააკვირდით სხეულის შეგრძნებებს და გაითვალისწინეთ ისინი ყოველდღიურ რეჟიმსა და რიტუალებში. ორგანიზმისათვის წყლის საჭირო რაოდენობით მიწოდება სტრესთან და გაურკვევლობასთან გასამკლავებლად უმნიშვნელოვანესია. დროულად მიიღეთ საკვები და ეცადეთ დაიცვათ თქვენი ორგანიზმის აუცილებელი ძილის რეჟიმი. ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების სწორად და დროულად დაკმაყოფილება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია გადარჩენის რეჟიმში, რადგან თქვენი სხეულის გარეშე თქვენ არც გადაღებაზე გასვლა შეგიძიათ და არც პროფესიული მასალის მომზადება, ხოლო პანდემია პირველ რიგში სწორედ ფიზიკური (სხეულის) რისკ-ფაქტორია. 


⇒   ზრუნვა მშობლებზე და ოჯახის წევრებზე - მიაწოდეთ მათ ზუსტი ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ, ურჩიეთ მედიასაშუალებები, რომლებიც არ ავრცელებენ მცდარ ინფორმაციას და გაათვითცნობიერეთ ვირუსის ირგვლივ არსებულ მითებში.

alt
გაურკვევლობის და უჩვეულო ვითარების პირობებში ადამიანის ტვინი ეძებს ჩვეულ ლოგიკურ მიმართებებს - მიზეზ-შედეგობრიობას. ეს ცოდნა მას განცდას აძლევს რომ აკონტროლებს სიტუაციას, რაც თავის მხრივ ამცირებს შფოთვას. იმისათვის, რათა თქვენი ოჯახის წევრების შფოთვა შემცირდეს და მოქმედებები სიტუაციის ადეკვატური იყოს, მიაწოდეთ მუდამ განახლებადი სწორი და ემოციებისგან დაცლილი ფაქტობრივი ინფორმაცია. ისინი თქვენზე ზრუნავენ და ღელავენ, ამიტომ აუხსენით თქვენი პროფესიის მნიშვნელოვნება და შეატყობინეთ თუ რა ღონისძიებებს მიმართავთ არსებულ სიტუაციაში თავის დასაცავად. აუხსენით, რომ გარკვეულ მომენტში პროფესიონალური საქმიანობიდან გამომდინარე, შესაძლოა დაგჭირდეთ თვითიზოლაცია და ამ პროცესში მათი მხრიდან გაგებით მოკიდება თქვენს მდგომარეობას გააუმჯობესებს. 


⇒    ბავშვზე ზრუნვაომ დამატებით სტრესული ფაქტორი არ გახდეს თქვენს ყოველდღიურობაში: 

აუხსენით მათ ასაკის შესაბამის გასაგებ ენაზე, შესაბამისი მეტაფორების გამოყენებით, როგორ ხდება ვირუსის გავრცელება; როგორ გაუფრთხილდნენ მათზე მზრუნველ ადამიანებს, ბებია-ბაბუებს; რა როლი აქვს ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვას (გამოიყენეთ ბავშვთა დაცვის ორგანიზაციების მიერ აღიარებული ინტერნეტ რესურსები და გავრცელებული ვიდეოები სადაც თანატოლები ერთმანეთს უხსნიან ვირუსის შესახებ).

ასევე გამოიყენეთ ფიზიკური ვარჯიშები და ინტელექტუალური აქტივობები რათა მათი ენერგიის სწორი ხარჯვა უზრუნველყოთ, განსაკუთრებით, სახლში დარჩენის რეჟიმში. გაითვალისწინეთ, რომ არ დააშინოთ ზედმეტად, რათა უკეთ დაიცვან თქვენი მითითებები. ამან შეიძლება მათი წუხილი და შფოთვა ზედმეტად გაზარდოს. აუხსენით რომ მათ გვერდით ხართ, იზრუნებთ მათზე და დაიცავთ მათ. გახსოვდეთ, რომ წუხილი და შფოთვა ბავშვის იმუნიტეტზეც ცუდად აისახება. ბავშვებს აქვთ უფლება იყვნენ ინფორმირებულები და დაცულები. 


⇒    
დასასრულს, ყველაზე მნიშვნელოვანი -
ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული და ეს პანდემიაც გაივლის. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ვენ ვაკეთებთ არჩევანს როგორი ხარისხის იქნება ეს გასავლელი პერიოდი. ყველას ჩვენი სხეული გვაბარია, ზოგს კი სხვისიც!

ჯანმრთელობას გისურვებთ!


 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ